რატომ უკეთებდა ექოსკოპიას საკუთარ თავს ორსულობისას გენრიეტა გაგოშიძე და რის გამო ირჩევენ თბილისელი ქალბატონები ცნობილ ექოსკოპისტთან ვიზიტს #17
უკვე რამდენიმე წელიწადია ის დავით გაგუას სამშობიარო კლინიკის სახე და წამყვანი ექიმი-რადიოლოგია. მის კაბინეტთან დღის განმავლობაში რიგი არ წყდება. სულ ახლახან დავით გაგუამ უახლესი, ევროპულ დონეზე გადაიარაღებული კლინიკა გახსნა, სადაც უმაღლესი სტანდარტების ტექნიკაა დამონტაჟებული. ამ კლინიკის ექიმის, გენრიეტა გაგოშიძის სახელი თბილისში და არა მხოლოდ, თითქმის ყოველი მეორე ქალბატონისთვის ნაცნობია. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ორსული ქალბატონებისთვის გენრიეტა გაგოშიძესთან ვიზიტი ორმაგად სასიამოვნოა. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ქალბატონ გენრიეტასთან, ზუსტად იცის, რომ ის არა მხოლოდ სრულყოფილ ექოსკოპიურ გამოკვლევას უტარებს ორსულ ან გინეკოლოგიური პრობლემებით მასთან მისულ ქალბატონებს, არამედ მათი გულშემატკივარი და ნუგეშისმცემელიცაა. სხვათა შორის, ეს თვისება ქალბატონ გენრიეტას ბევრი ექიმისგან განასხვავებს. ალბათ, სწორედ ამიტომაც ჩვენი მკითხველების ლოკალური გამოკითხვის შედეგად, ქალბატონი გენრიეტა წლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ექოსკოპისტად სახელდება. ის გახლავთ სპეციალისტი, რომელიც ორსულობისას ადრეულ ვადაში ნაყოფის სქესს თითქმის შეუმცდარად ამოიცნობს.
მინი-დოსიე: დაამთავრა რუსეთში, კურსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, წითელ დიპლომზე. 1991-1997 წლებში იქვე, კურსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიარა ინტერნატურა, მეან-გინეკოლოგის სპეციალობით. 1998-1999 წლებში მუშაობდა უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, ¹1 საავადმყოფოში სამეანო-გინეკოლოგიის კათედრაზე, აკადემიკოს ვ.ი. გრიშენკოს ხელმძღვანელობით. წარმატებით აიმაღლა კვალიფიკაცია ხარკოვის კლინიკური გენეტიკისა და პერინატალური დიაგნოსტიკის ბაზაზე, აკადემიკოს ე.ი. გრეჩანინას ხელმძღვანელობით. დამთავრებისას მიენიჭა სერტიფიკატი. 2010 წელს მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სერტიფიკატი: „ზრდასრულთა ეფექტური სწავლება – თანამედროვე მიდგომები”.
სამუშაო გამოცდილება: 1. უკრაინა, ქ. ხარკოვი, კლინიკური გენეტიკისა და პრენატალური დიაგნოსტიკის ცენტრი, ექიმი-რადიოლოგი, ექიმი მეან-გინეკოლოგი, 1998-2002 წლები 2. თბილისი, ქალთა პირველი კონსულტაცია, ექიმი რადიოლოგი, პარალელურად ჩაჩავას სახელობის ინსტიტუტში ექიმი რადიოლოგი 2006-2007 წლებში. 2008 წლიდან კი გაგუას სამშობიარო სახლის წამყვანი რადიოლოგია.
თავად ქალბატონი გენრიეტა გაგოშიძე განვლილ პროფესიულ გზას ასე იხსენებს: „სამედიცინო განათლება რუსეთში მივიღე. თუმცა ჩემს პროფესიულ დახელოვნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩემმა მუშაობამ ხარკოვის კლინიკური გენეტიკისა და პრენატალური დიაგნოსტიკის ცენტრში. მოგეხსენებათ, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, ამ რეგიონში ძალიან მწვავედ დადგა სწორედ ორსულობის დროს გამოვლენილი პათოლოგიებისა და განვითარების თანდაყოლილი მანკების საკითხი. კლინიკა ემსახურებოდა ხარკოვის ოლქების 3-მილიონიან მოსახლეობას და ამ მხრივ, საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე. საქართველოში ერთ-ერთი შვებულების დროს ჩამოვედი და სიმართლე გითხრათ, დარჩენას არც ვაპირებდი. თუმცა, ჩემი დოსიე მაინც მოხვდა რამდენიმე კლინიკაში. შემოთავაზებები იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, საქართველოში გამეგრძელებინა პროფესიული საქმიანობა.
– ქალბატონო გენრიეტა, მიუხედავად, ერთი შეხედვით, საკმარისი საინფორმაციო უზრუნველყოფისა, ქალბატონების დიდმა ნაწილმა მაინც არ იცის, როდის უნდა მივიდეს ორსულობისას ექოსკოპიური კვლევების ჩასატარებლად?
– მენსტრუაციული ციკლის 7 დღით გადაცდენისთანავე მათ უნდა მიმართონ კვლევისთვის ექიმს, რათა ექოსკოპიურად დადგინდეს, ხომ არ გვაქვს შემთხვევა გარე ორსულობასთან და ნამდვილად საშვილოსნოს ღრუშია თუ არა ორსულობა. შემდგომი ვიზიტი უკვე ნაყოფის გულისცემის დადგენაა. ეს ორსულობის 4-5 კვირაზეა შესაძლებელი. შემდგომ უკვე 11-დან 14 კვირამდე ვიბარებთ ორსულ ქალბატონებს. ამ ვადაზე გამოკვლევა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება ქრომოსომული დაავადებების გამოსავლენი მარკერების შემოწმება. ეს გახლავთ კისრის ნაკეცის სიგანე, ცხვირის ძვლის სიგრძე და ასე შემდეგ. სხვადასხვა მარკერია, რომელთა დადგენა აუცილებელია ადრეულ ვადებში თანდაყოლილი მანკების გამოსავლენად. 18-22 კვირის ვადაში უკვე ჩამოყალიბებულია ნაყოფის ორგანოგენეზი და ჩვენ შეგვიძლია, ამის ზუსტი სურათი ვნახოთ. შემდგომ უკვე არის, 28-დან 32-ე კვირის ჩათვლით, ორსული ქალბატონის ვიზიტის აუცილებლობა, როცა ორგანოები იღებს დასრულებულ სახეს და გულსისხლძარღვთა სისტემა დაწვრილებით დათვალიერებას მოითხოვს. ამ დროს სასურველია, ფერადი დოპლერის საშუალებით, შევამოწმოთ საკმარისად მიეწოდება თუ არა ნაყოფს ჟანგბადი და საკვები ნივთიერება. მერე მოჰყვება უკვე მეანის მოთხოვნით, ექოსკოპიური კვლევა ნაყოფის ზუსტი მდებარეობის გამოსავლენად, წონისა და ჭიპლარის შემოხვევის დასადგენად და ასე შემდეგ, რაც ეხმარება მას სამშობიარო ტაქტიკის განსაზღვრაში.
– ქალბატონო გენრიეტა, თბილისში ცნობილი ხართ იმითაც, რომ ჯერ კიდევ ადრეულ ვადებში ახერხებთ ნაყოფის სქესის გამოცნობას.
– კი, ასეა, თუმცა ეს არაა განპირობებული სქესის სელექციის მოტივაციით. საერთოდ, ამ საკითხებში სქესის სელექციის მიზნით არ დავხელოვნებულვარ. მოგახსენეთ, რომ წლების განმავლობაში მომიწია მუშაობა უკრაინაში, სადაც ჩერნობილის კატასტროფის შემდგომ, დიდი იყო პათოლოგიების, ჰემოფილიისა და სქესთან შეჭიდული სხვა დაავადებების რიცხვი. ასეთ შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ზუსტად განმესაზღვრა სქესი. ამიტომაც, პრაქტიკამ მასწავლა, რომ უკვე 11 კვირასა და 4 დღეზე, ანუ როგორც იტყვიან, 2-თვენახევრის ორსულობისას, ვხედავდი ნაყოფის სქესს. საქართველოში რომ ჩამოვედი, გაოცებული დავრჩი სქესის დადგენის ხშირი მოთხოვნით. 11-12 კვირაზე რომ მეკითხებოდნენ, ნაყოფის სქესი დაინახეო, გაოგნებული ვიყავი, ნუთუ ჰემოფილია ამ დონეზეა საქართველოში გავრცელებული-მეთქი... უცხოეთში ყოფნამ, როგორც ჩანს, დამავიწყა, რომ ჩვენთან, წლების განმავლობაში ეს რაღაც გაუგებარი აკვიატებები ჰქონდათ მამაკაცის სქესის უპირატესობისა.
– თავად თქვენ ორსულობისას სად იკეთებდით ექოსკოპიას?
– პირადად ვიკეთებდი… სხვათა შორის, მინდოდა, სხვა რადიოლოგსაც გაესინჯა, მაგრამ არავის ეწყინოს და ვერ ვანდე სხვას ჩემი შვილები (იცინის). ვიჯექი აპარატის წინ და ვუყურებდი მონიტორს. არავითარი პრობლემა არ ყოფილა – ჩემი თავის დიაგნოსტირება თავად ვიკისრე. ჯანმრთელი ქალბატონები მყავს – მარიამ და ლიზი ჟორჟოლიანები.
– ქალბატონო გენრიეტა, თქვენი კაბინეტის კარებთან მუდმივად რიგია… როგორ ფიქრობთ, რა კრიტერიუმით განიჭებენ უპირატესობას თქვენი პაციენტები?
– ეს უპირველესად, როგორც წესი, ექიმის პროფესიონალიზმითაა განპირობებული. თუმცა, პაციენტს, გარდა იმისა, რომ კვალიფიციურად უნდა მოემსახურო, მაქსიმალური ყურადღება და ემოციური მხარდაჭერაც სჭირდება. ხშირად მითქვამს, რომ სიტყვაც კურნავს და კიდევ გავიმეორებ, თანაგრძნობა ექიმისთვის აუცილებელი პროფესიული თვისება უნდა იყოს. როცა ჩემთან პაციენტი მოდის, ვცდილობ, მის მდგომარეობაში შევიდე, ზუსტი მიმართულება ვუჩვენო. ძალიან უშუალო ურთიერთობები მაქვს მასთან და ამიტომაცაა, რომ ერთხელ მოსული პაციენტი ყველა ორსულობაზე ჩემთან მოდის. პაციენტების უმრავლესობას ვიცნობ, 10 წლის მერეც კი, დავინახავ თუ არა, ვიხსენებ მის ანამნეზს. ზერელედ მუშაობა არ მიყვარს… მეც ქალი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს: ორსულობა, შვილის მოლოდინი და შვილის გაჩენის სიხარული. მიუხედავად ბოლო დროს მედიაინფორმირებულობისა, ქალბატონებს მაინც ვურჩევ, რომ მხოლოდ ორსულობისას ან ორსულობის დაგეგმვისას კი არა, გინეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნისთანავე მიმართონ ექიმს. სირაქლემას პოზიცია მათთვის წამგებიანი იქნება. დროული დიაგნოსტიკა თავიდან აგვაცილებს შორს წასულ დაავადებას. მართალია, ზოგადად, ექსპერტული დონე არაა საქართველოში აღიარებული, მაგრამ კულუარებში ეს მაინც მუშაობს. ხალხი ხვდება, სადაა ექსპერტული დონე, სად არის მაღალი ხარისხი და ამიტომაც მიდის იქ, სადაც ასეთი მომსახურება ელოდება.