როგორ გარემოში მუშაობდა მაკა ცინცაძე ბერა ივანიშვილთან და რატომ დაშორდა ის მეუღლეს #17
მშვენიერი ტელეწამყვანის, მაკა ცინცაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ის რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლეს დაშორდა. დაიხურა მისი გადაცემა „20.30“, თუმცა, მაკას უყვარს ცხოვრებაში სარისკო სიახლეები და ის ახალი ძალებითა და შემართებით „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პოლიტიკური თოქ-შოუს გაკეთებას აპირებს. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ მაკას და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
მაკა ცინცაძე: გადაცემა „20.30“ დაიხურა. შემდეგ მქონდა შეხვედრები, იყო შემოთაზებები და შევჩერდი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“. ახლა იქ იწყება ახალი ეტაპი. სიახლეებში მონაწილეობა კი ძალიან მომწონს. ამ არხს ბევრი მიზეზის გამო, წლების განმავლობაში არ ეძლეოდა განვითარების საშუალება. ვხედავ, რომ ყველა იქ მომუშავეს გაუჩნდა ამბიცია, გახდეს პირველი და ლიდერი. მოტივაციისთვის არ კმარა? საზოგადოებრივზე ვაპირებ პოლიტიკური თოქ-შოუს გაკეთებას, რომელიც ახალ სეზონზე დაიწყება. რატომ მივიღე ამგვარი გადაწყვეტილება? პერსპექტივას ვხედავ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე სხვა, კერძო ტელევიზიებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა და, შესაბამისად, უმეტესობას იქ სურს მუშაობა. ვფიქრობ, პირველი არხი უახლოეს პერიოდში შეძლებს რეიტინგის ამაღლებას. ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ სწორედ საზოგადოებრივზე ვგეგმავ გადაცემის გაკეთებას, არამედ იმიტომ, რომ ვხედავ მიზანს, არხი მედია-ბაზარზე გახდეს ლიდერი და გაცილებით ყურებადი. მომისმენია შეფასება, რომ „20.30-ს” არ ჰქონდა რეიტინგი და ასე შემდეგ. რაზეც მეცინება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამგვარი კომენტარის ავტორები ან ტელევიზიის აზრზე არ არიან, ან მიზანმიმართულად ცრუობენ. თუმცა, ეს მათივე პრობლემაა. „20.30-ს” დაფარვის, ბადის, არხის ცნობადობის, საინფორმაციო გამოშვებების არარსებობისა და სხვა ბევრი მიზეზის მიუხედავად, ჰქონდა ძალიან კარგი, სხვა გადაცემებზე ბევრად მაღალი რეიტინგი.
– თქვი, რომ გიყვარს სიახლეები ცხოვრებაში. რაში გამოიხატება ეს?
– მიყვარს განსაკუთრებით რისკის შემცველი სიახლეები და არ მადარდებს, რას ფიქრობს რამდენიმე ანგაჟირებული სუბიექტი. მოჰყვა მითქმა-მოთქმა მაკა ცინცაძის საზოგადოებრივზე გადმოსვლას. ეს კარგია, ასეც უნდა იყოს. მთავარია, სახელი და გვარი არ შეეშალოთ. ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს და გამოხატოს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ჯანსაღ კრიტიკას და ლანძღვას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ, მაგრამ ესეც მათი პრობლემაა. რაც შეეხება, ამ, ეგრეთ წოდებული, „კლავიატურის ლომების“ ნაწილს, წლების განმავლობაში თავად მუშაობდნენ კონტროლირებად ტელევიზიებში და არა მხოლოდ ტელევიზიებში, აკეთებდნენ დაკვეთილ რეპორტაჟებს და არა მხოლოდ რეპორტაჟებს. ამ ყველაფრის შემდეგ კი, თავს უფლებას აძლევენ, გვლანძღონ და თან, რატომღაც ჰგონიათ, რომ ამნეზია გვაქვს. იმის გათვალისწინებით, რა გზაც ამ სუბიექტებმა გაიარეს, გასაგებია, რომ მათთვის წარმოუდგენელია, იმუშაო ყოფილი პრემიერის ტელევიზიაში ისე, რომ არ გიწერდნენ ტექსტებს და არ ერეოდნენ სარედაქციო პოლიტიკაში. მათივე გამოცდილებიდან გამომდინარე, მესმის ასეთი დამოკიდებულებისა და სკეპტიციზმის. კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო ფაქტორი, რომელზეც საზოგადოება, დარწმუნებული ვარ, დაფიქრდება. რამდენად ჯდება პროფესიული ეთიკისა და სოლიდარობის ფარგლებში ასეთი შავი პიარი მათი მხრიდან, ვინც მედიის გულშემატკივრობაზე დებს თავს და სინამდვილეში, რა ინტერესი დგას ამის უკან, ეს ცალკე საუბრის თემაა. ჩემი კარიერა, „20.30-დან“ არ დაწყებულა. ეს ისე, ობიექტურობისთვის და დიახ, ვამაყობ, რომ ბოლო ორი წელი ვიმუშავე ძალიან მაგარი, განათლებული, თავმდაბალი, ზრდილობიანი და კულტურული, ყოფილი პრემიერის შვილის – ბერა ივანიშვილის ტელევიზიაში. ზოგიერთის გულის დასაწყვეტად კი, გავიმეორებ – დამოუკიდებელ გარემოში.
– რისკის შემცველი სიახლეები თუ გიყვარს? საკმაოდ ძლიერი ქალი იქნები...
– არ ვიცი, რამდენად ძლიერი ვარ. ეს, ალბათ, ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხოთ. სარისკო ნაბიჯები გადამიდგამს, მით უფრო, თუ მეჩიჩინებოდნენ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვაო. მსგავსი პროგნოზი სურვილს აძლიერებს, რომ ყველაფერი ძალიან მაგრად გამოიყვანო. ინტუიციასაც ბოლომდე ვენდობი როგორც კარიერაში, ისე ადამიანების გაცნობისას. თითქმის არასდროს მოვუტყუებივარ...
– მაკა, სიახლეები შენს პირად ცხოვრებაშიცაა. შენ და შენი მეუღლე ერთად აღარ ხართ...
– კი, სამწუხაროდ, ასე მოხდა. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ – ერთად აღარ ვართ, ასე ჯობდა. მიჭირს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, თან პირველად ვამბობ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. რვა წელი ვიცხოვრეთ ერთად და გადაწყვეტილებაც ერთ დღეში არ მიგვიღია. ამ ადამიანის მადლობელი ვარ, მისი ძალიან ბევრი თვისების გამო. ამჟამად გვაქვს ჯანსაღი ურთიერთობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვყავს კესო, რომელზეც ვზრუნავ და რომელიც ჩემი ბედნიერებაც არის, მოტივაციაც და ყველაფერი. კესო ძალიან მაგარი გოგოა. ხუთი წლის არის. ანებივრებენ და ისეც ირგებს. არ მბაძავს, მაგრამ სხვა ბავშვებივით მოსწონს, მეგობარ გოგონებთან ერთად ჩემი გარდერობის დაპყრობა. იცვამენ, ისვამენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ. ჯიუტია და მის ჭკუაზე მარბენინებს. სხვა ბავშვების მსგავსად, რთულ შეკითხვებსაც სვამს. ვცდილობ, არაფერი მოვიგონო და მით უფრო, არ მოვატყუო. ვცდილობ, მისთვის გასაგებად ავუხსნა. ერთადერთი, რაც ვერ გავაგებინე, ვერ დავაჯერე და ვერ დავითანხმე, ეს ბაღში სიარულია. ყოველ წელს მიმყავს და ორ დღეში მომყავს. არა, კი არ მომყავს, მთხოვენ, რომ წავიყვანო. საბედნიეროდ, მაქვს იმის საშუალება, რომ დედაჩემთან დავტოვო და ამიტომ აღარ ვაწვალე. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მომიხდებოდა ბაღში დატოვება. არ ვიცი, როგორი დედა ვარ, მაგრამ მეც სხვა დედების მსგავსი დამოკიდებულება და შეგრძნებები მაქვს. კესო არის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, შევიცვალე, მეტია პასუხისმგებლობა. პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. რაც შეეხება გულს, მისთვის არ მცალია.
– რა არის საჭირო იმისთვის, რომ წყვილმა ურთიერთობა შეინარჩუნოს?
– უპირველესად, სიყვარული, პატივისცემა, ნდობა, რიდი. სიყვარული იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია და ისეთ ძალას გაძლევს, რომ პრობლემების რაციონალურად გადაწყვეტის სურვილიც გიჩნდება და მოტივაციაც გაქვს, რომ დაბრკოლებები გადალახოთ. როდესაც იცი, რომ სიყვარულსაც რაღაცეები აქრობს, ესე იგი, შეგიძლია გაუფრთხილდე და პრობლემები ძირშივე აღმოფხვრა. ცოტა ასაკიც გჭირდება – ის ასაკი, ემოციებისა და გონების კონტროლი რომ შეგიძლია და სურვილიც, შეინარჩუნო ის, რაც გაქვს. ჩემს პირად შემთხვევაში სიყვარულიც იყო და მოტივაციაც. დეტალებზე საუბარი არ მინდა, საბოლოოდ, ფაქტია, ასე გამოვიდა.
– როგორ გესმის „გენდერული თანასწორობა?“
– პირდაპირ. გენდერული თანასწორობა არ გულისხმობს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულება, საჭიროებები და ცხოვრების წესი. თუმცა, მათი ინტერესი თანაბრადაა გათვალისწინებული და სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობით. თანასწორობა გულისხმობს ქალისა და მამაკაცის პოტენციალის რეალიზაციის თანაბარ შანსს. მსმენია, ქალს ღალატი არ ეპატიება, კაცს – კი. რატომ ეპატიება? ან ეპატიება რას ნიშნავს? ღალატის და სხვასთან წოწიალის სურვილი თუ აქვს, ჩემთან რა უნდა? არ ვიცი, ალბათ, ბევრს არ მოეწონება ასეთი პასუხი, თუმცა სძლიე თავს, ეცადე, შეინარჩუნო ღირსება და არ უღალატო. თუ მაინც ღალატზე მიდგა საქმე, ესე იგი, რაღაც ვეღარ არის. ასეთ შემთხვევაში ან მივხედოთ პრობლემებს, ან ადექი და წადი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაცას განვიკითხავ ან მორალს ვუკითხავ და ეს არ მსიამოვნებს. თავის საქმის ყველამ თვითონ უკეთესად იცის. ხშირად ქალებს ჰგონიათ, რომ მათი „ქალური ბედნიერება“ მამაკაცზეა დამოკიდებული. არ ვიცი, ეს „ქალური” რას ნიშნავს, ბედნიერება ბედნიერებაა – ხარ ან არ ხარ. უფრო სწორად, გაქვს უნარი, იყო ბედნიერი ან არ გაქვს. არ მგონია, შენი ბედნიერება სხვა ადამიანზე იყოს დამოკიდებული. თუ ყველაფერი მეტ-ნაკლებად კარგადაა და გვინდა, ვიყოთ ბედნიერები, ამას ვახერხებთ. მოკლედ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. გონებას სურს ან არ სურს, იყოს ბედნიერი.