კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაბანა წითელი ღვინით უკრაინელ „ნაშას“ ფეხები ვახო ბიჭიკაშვილმა შუა ქუჩაში და რომელ ქვეყანაში შერცხვა მას ქართველობის #17

„კომედი შოუს“ მსახიობ ვახო ბიჭიკაშვილს ხშირად უწევს უცხოეთში ვიზიტები და ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე კარგი განტვირთვა და საშოპინგო ადგილია. ბოლო პერიოდში, მას და ნიკა არაბიძეს ხშირად იწვევენ ქართველი ემიგრანტები ისრაელსა და საბერძნეთში. ახლახან კი, მათ იტალიაშიც მოუწიათ კონცერტის ჩატარება.  როგორც ვახო ამბობს, უცხოეთში ყოველი ჩასვლა ერთი დიდი კომედიაა. იმდენად სახალისო და შთამბეჭდავია, რომ დიდხანს იმ ემოციების ქვეშ არის.
ვახო ბიჭიკაშვილი: სულ ჩემოდნებზე ვზივარ. ბევრი ქვეყანა მაქვს დალაშქრული. მოგზაურობა, განტვირთვის კარგი საშულებაცაა და იმავდორულად, საქმიანი ვიზიტიც. თან, იმდენად საინტერესო ხალხთან ერთად მიწევს უცხოეთში წასვლა, ნამდვილად არ ვიწყენ. ევროპას ხომ შევესიეთ, მერე მასაც გავცდით და ახლა აზიის დაპყრობასაც ვგეგმავთ. თქვენ თვითმფრინავის ბილეთი დამანახვეთ და ჩემოდანს წამში ჩავაბარგებ. სხვათა შორის, ჭკუა ვისწავლე – ადრე, გავძეძგავდი ჩემოდანს და ყველაფერს მივათრვდი.  ახლა კი, აქედან მიმაქვს 10 კილო ბარგი და იქიდან ჩამომაქვს – 80. მიყვარს უცხოეთში შოპინგი და ვცდილობ, მხოლოდ, ძირითადი ნივთები წავიღო. დანარჩენი კი იქ შევიძინო. ძალიან მიყვარს თვითმფრინავით მგზავრობა. მაშინაც კი მიყვარდა, ნაჯდომი რომ არ ვიყავი. არც „ჩარტყმა“ მჭირდება და არც დამამშვიდებლები. არ მინდა ჯერ სიკვდილი, მაგრამ, თუ ცაში, ღრუბლებში მომიწია, ახლოს ვიქნები და მალე მივალ (იცინის).
– ესე იგი, სიკვდილის შიში არ გაქვს?
– ნამდვილად, არა. ტურბულენტურ ზონაშიც მოვმხვდარვარ და ექსტრემალურ სიტუაციაშიც, მაგრამ, რაც მაწერია შუბლზე, არ ამცდება. მირჩევნია, ისევ ფრენისას მოვკვდე. კიდევ ვამბობ, უფრო მალე მივალ, თან სიკვდილიც საინტერესო იქნება (იცინის). ამსტერდამში მივფრინავდი, ცუდი ამინდი იყო. პილოტმა მაინც აწია თვითმფრინავი ცაში და ისე ვიმგზავრეთ, მთელი გზა პანიკა იყო სალონში. მე მშვიდად ვჯაყჯაყებდი და ყველას უკვრიდა, რა უემოციოაო (იცინის). ახლახან მე და ნიკა არაბიძე ვიყავით ფლორენციაში, ქართველ ემიგრანტებთან. ბოლონიაში რომ ჩავფრინდით, იქიდან სულ რაღაც ნახევარ საათში უნდა მივსულიყავით ფლორენციაში. დაგვხვდენენ, ჩაგვსვეს მანქანაში და წავედით. რაღაც საეჭვოდ გაიწელა გზა, დაახლოებით, ხუთი საათის მგზავრობის მერე გავარკვიეთ, რომ თურმე, ფლორენციას რამდენჯერმე დავარტყით წრე და უკანა „ზახოდზე” წავედით (იცინის). ფაქტობრივად, ამ ხუთ საათში დავათვალიერეთ ქალაქი. კარგი ნავიგაციის უნარი მაქვს, დეჟავუსავით მემართება. მგონია, ადრეც ვიყავი და არასდროს ვიკარგები უცხო ქალაქში. მაგრამ, ეს ჩემი ბრალი არ იყო.
– წარმომიდგენია, უცხოელების რეაქცია იქ ქართულად, მამაპაპურად რომ დაიწყებთ სმას...
– დუბაიში, აკრძალულია სასმელის დალევა, მშრალი კანონია. მე და ჩემი მეგობარი მივდიოდით და რომ ვიცოდით, იქ ვერ შევიძენდით სასმელს, აქედან წავიღეთ ექვსი დიდი ბოთლი „ვისკი“ და ას ოცაათი ბოთლი ლუდი. მოკლედ, როგორც იქნა ჩავათრიეთ და შევიტანეთ სასტუმროში. ორ დღეში ბრდღვნა ვუქენით. სასტუმროს დამლაგებელი ინდოელი იყო. რომ შემოვიდა ოთახის დასალაგებლად და დაინახა ჩამოლაგებული ამდენი ცარიელი ბოთლი, თვალები შუბლზე აუვიდა (იცინის). გაოგნებულმა მკითხა, ამდენი თქვენ დალიეთო? ისე შემრცხვა, ვუთხარი არა, კაცო, ამდენს მე რა დამალევინებდა-მეთქი (იცინის). აბა, როგორ მეთქვა, ერთ მოყუდებაზე დავლიე 120 ბოთლი-მეთქი (იცინის). მოკლედ, ფული ვაჩუქე და ასე მოვქრთამე. ქართული გენეტიკა უცხოეთშიც არ იცვლება. რა ვქნა, არ შემიძლია, მთელი დღე პლაჟზე ვიწვე, პაპანაქება სიცხეში და ვუყურო ზღვას. მირჩევნია, კომფორტული სასტუმროს ნომერში ლუდს და ვისკის მივირთმევდე. სხვათა შორის, ერთხელ ჩამეძინა დუბაის პლაჟზე და ისე დავიხრუკე, მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. ერთხელ კი,  საბერძნეთში, „ტრუსიკებით” ვიტანტალეთ ნომერ-ნომერ მე და ნიკა არაბიძემ. მთელი სასტუმრო გადავრიეთ (იცინის). ფოტოებიც გადავიღეთ, მაგრამ ეს კომპრომატები ნიკას აქვს და მემუქრება, თუ გამაბრაზებ, გამოვამზეურებო. ის კი არ იცის, მისი რა კომპრომატები მაქვს გადანახული შავი დღისთვის (იცინის). არ მიყვარს, როცა ქართველები ყურადღებას იქცევენ უცხოეთის ქუჩებში ან აეროპორტებში. თურქეთში ისეთ დღეში იყვნენ ქართველები და ისე იქცეოდნენ, ჩემი ვინაობა დავმალე. მესმის დასასვენებლად ხარ, მაგრამ ხომ შეიძლება, ცოტა კულტურულად მოიქცე?!
– ამბობენ, სტიუარდესების საყვარელი მგზავრი ხარ. ასეა?
– (იცინის). ერთი ამბავი გამახსენდა და მოგიყვებით: მოკლედ, თურქული ავიახაზებით მომიწია ფრენა. ლამაზი, თურქი სტიუარდესა ჩამომიჯდა – შეყვა, შეყვა ლაპარაკში და მთელი გზა მეპრანჭებოდა (იცინის). მართალია, იმისი გატეხილი ინგლისური მე არ მესმოდა და არც თურქული ვიცი, თანაც ფრენის დროს ყურები მიგუბდება და ნამდვილი ყრუ ვხდები, მაგრამ კი მივხვდი, რასაც ამბობდა. იმდენად მიყვარს მოგზაურობა, ხელის მაჯაზე  ამოვისვირინგე თვითმფრინავი და მთელი გალაქტიკა. ამით დაინტერესდა და რომ ჩამომიჯდა, ვეღარ მოვიშორე. რომ დაინახა, დაიყვირა, ვაიო. ვიფიქრე, დავიღუპე თვითმფრინავს აქვს პრობლემა-მეთქი (იცინის). აღმოჩნდა, ტატუთი მოიხიბლა და ვერ დამალა ემოცია, მე კი გადამრია შიშით. სხვათა შორის, ჩემი მაჯა პოპულარულია ამ ტატუს გამო და ყველა სტიუარდესა მაკვირდება (იცინის). ვიფიქრე, რადგან მოგზაურობა მიყვარს, თვითმფრინავს დავიხატავ-მეთქი, მაგრამ თუ ამით გადაირეოდნენ გოგონები, რა ვიცოდი? (იცინის).
– ვიცი, რომ აზარტული არ ხარ. მაგრამ, უცხოეთში რთულია, კაზინოს ისე ჩაუარო, იქ არ შეხვიდე და ბედი არ სცადო. თუ აჰყევი ამ ცდუნებას?
– მართალია, აზარტული არ ვარ და არც ფულის წაგება მიყვარს, მირჩევნია ის თანხა საყიდლებში დავხარჯო და ტყუილად არ გადავყარო. მაგრამ, ჰოლანდიაში ვერ გავუძელი ცდუნებას და ვიფიქრე, შევალ კაზინოში და როგორც მუზეუმს, ისე დავათვალიერებ-მეთქი. მეგობართან ერთად ვიყავი. დავდე „რულეტკაზე“ 300 ევრო და მოვიგე – 3 000. მეგობარი გადაირია, კიდევ გააგრძელეო. ვუთხარი, თუ ძმა ხარ, წამოდი: ერთხელ გავარტყი და შემარგე, კიდევ კი არ გამიღიმებს ბედი-მეთქი. ჩავიჯიბე ჩემი მოგებული 3 ათასი ევრო, წავედი და გემრიელად ვიშოპინგე. შოპინგზე გამახსენდა ერთი ისტორია. მოკლედ, მე და ჩემი მეგობარი ვახტანგი, ბერლინში წავედით შოპონგზე. ვიყიდეთ ტანსაცმელი და ვახო ატყდა, გინდა თუ არა, ერთი შეკვრა წინდა უნდა ვიყიდოო. ვეუბნები, ბიჭო, რად გინდა ამხელა შეკვრა შავი წინდა-მეთქი. მოკლედ, იყიდა. საღამოს გასართობად მივდიოდით. იბანავა ვახომ და გადაწყვიტა ახალი წინდების ჩაცმა. გახსნა შეკვრა და... აღმოჩნდა, ქალის მაღალი წინდები, თავისი პაჟებით (იცინის).
– უცხოეთში თუ გცნობენ ქუჩაში?
– კი, როგორ არა, ქართველები ხშირად მაჩერებენ და მესიყვარულებიან. მე და ნიკა გრიგოლია ამერიკაში ვიყავით. აქ ნაქეიფრებმა, 14 საათი  ხომ ვიფრინეთ, იქ დაგვხვდნენ ქართველები და ეგრევე ქართულ რესტორანში გაგვაქანეს. მოაყარეს ხინკალი და მწვადი. 14 საათი რომ გაქვს ნაფრენი და ვერ გაიგებ დიღმის ტრასაზე ხარ თუ ამერიკაში, აი, ეგ დაგვემართა. ერთი კვირა ხინკალი და მწვადი გვაჭამეს. ბოლოს ნიკა გადაირია: ე, ბიჭო, სირცხვილია, თბილისში რომ ჩავალთ, ერთი სურათი ხომ უნდა გვქონდეს მანჰეტენზე, „ჰოდ დოგით“ პირშიო (იცინის). მოკლედ, გავიპარეთ სასტუმროდან და უცბად, არ შეგვეფეთა ნიკას ახლობელი? აბა, წამოდით ახლა, უნდა დაგპატიჟოთ ქართულ რესტორანშიო. ვუთხარით, გაგვიშვი, თუ ძმა ხარ, მანჰეტენზე. ჭეშმარიტ ამერიკას ვეზიაროთ, რა ქართული, რის ქართულიო. (იცინის).
– ვერცერთი მამაკაცი ვერ დამარწმუნებს, ქალისკენ თვალი არ გამეპარაო. რომელი  ქვეყნის მანდილოსნებით მოიხიბლე ყველაზე მეტად?
– აი, თვალს რომ გააყოლებ და ულვაშები „აციმციმდება,“ ეგეთი ქალები ჰყავთ პოლონეთში, უკრაინაში, ჩეხეთსა და რუსეთში. თუმცა, რომ ვაკვირდები, ქართველები უფრო ეშხიანები არიან. ჩემს მეგობარს ჰყავდა ერთი ულამაზესი უკრაინელი „ნაშა“. იქ მივდიოდი და დამაბარა, ჩამომიტანე მამაპაპური, ნატურალური, წითელი „ხვანჭკარა“, ეს გოგო უნდა გადავრიოო. მოკლედ, ჩავუტანე, პოლიეთილენის სამლიტრიალი ჭურჭლით. მომადგა სასტუმროსთან იმ უკრაინელ „ნაშოჩკასთან“ ერთად და დაიჩემა, გინდა თუ არა, გადმოაგდე, დავიჭერო. იმ გოგომ რომ დაინახა წითელი ღვინო, თვალები გაუფართოვდა (იცინის). მეორე სართულიდან გადავაგდე, ხელი აუცურდა, ფეხებთან დაეცა და გასკდა. ასე რომ, კუჭში ვერ ჩაუშვა და ვერ დავალევინეთ, მაგრამ კარგად კი ჩავბანეთ ფეხები იმ გოგოს „ხვანჭკარაში“ (იცინის). მერე ვხუმრობდი, შავ ღვინოში მარტო ალუბლები კი არა, უკრაინელი „ნაშოჩკებიც“ ბანაობენ-მეთქი.
– ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი და სად თქვი: აი, აქ ვიცხოვრებ და აღარ წავალო?
– ასეთია ავსტრია, ვენა. ვიცხოვრებდი სიმშვიდეში, სიწყნარესა და „მოცარტებში“... ამერიკამ ნამდვილი შოკი მოახდინა. სულ კისერმოღერებული დავდიოდი ამ სიმაღლე შენობების ყურებით. მართლია, ის ქაოსიც კარგია, მაგრამ ავსტრიული სიმშვიდე მირჩევნია. ახლა დავფიქრდი: ახალგაზრდობას გავატარებ ამერიკულ ქაოსში და სიბერეს ავსტრიულ სიმშვიდეში. და...ვივლი ხშირად ჩემს ბერლინში. შვილი რომ შემეძინა, იმ დღიდან ვფიქრობ, განათლება უცხოეთში მივაღებინო და რასაკვირველია, მეც წავყვე.  სულ არ დავტოვებ ჩემს ქვეყანას და „ირმების გადმოსახედს“, მაგრამ უცხოეთში გადავცხოვრდები.

скачать dle 11.3