ეჭვიანობს თუ არა ჯასპერ ბლექზე ვერკა ჯაჯანიძის მეუღლე და რატომ ფიქრობს ჯასპერი საკუთარ თავზე მეტად ვერკაზე #17
21 აპრილს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი, მეშვიდე სეზონი დაიწყო, რომელსაც პროფესიონალი მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძეც შეუერთდა. ვერკას მეწყვილე მეექვსე მემილიონე ტურისტი, ჰოლანდიელი ჯასპერ ბლექია.
ვერკა ჯაჯანიძე: პირველ სეზონში ჩემს მეწყვილეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მოკლე დროში სხვა მეწყვილე ვერ შევარჩიეთ და გამოვეთიშე პროექტს. მეორე სეზონის დროს ჩინეთში ვმუშაობდი. მესამე სეზონში ვიცეკვე, მეოთხე სეზონში ფეხბურთელთან დამაყენეს, რომელსაც ფედერაციასთან გარკვეული პრობლემები შეექმნა. ლაივამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, როდესაც იძულებული გახდა, პროექტსა და ფეხბურთს შორის არჩევანი გაეკეთებინა. მოკლედ, ცოტა არ მიმართლებდა. მეხუთე სეზონში უკვე იოანე არაბულთან ერთად ვიცეკვე, მეექვსე სეზონის დროს კი ორსულად ვიყავი. ახლა მეშვიდე სეზონი დაიწყო და მეც შემოვუერთდი პროექტს.
– როგორი ემოცია გქონდა, როდესაც მეწყვილის ვინაობა გაიგე?
– მიხარია, რომ დავუბრუნდი პროექტს. ბავშვის გაჩენიდან 8 თვე გავიდა, უკვე მოვასწარი ფორმაში ჩადგომა. როდესაც მეწყვილეების გადასანაწილებლად შევიკრიბეთ, ნამდვილად არ ვიცოდი, ვისთან ერთად ვიცეკვებდი. არ მეგონა, ჯასპერთან თუ დამაყენებდნენ. ინგლისური იმ დონეზე არ ვიცი, რომ მასთან მეკონტაქტა. ამის შესახებ იცოდა ჩვენმა ქორეოგრაფმა, დიმამ და ვიფიქრე, გაახსენდებოდა. აღმოჩნდა, რომ მას ეს არ ახსოვდა და როდესაც წყვილები დაანაწილა, მე ჯასპერთან მომახვედრა. იმ დღეს ძალიან დავიძაბეთ. ჯასპერმა რომ გაიგო, ინგლისური ენა კარგად არ ვიცოდი, ძალიან განიცადა. ცოტა „დაგრუზული” დღე გვქონდა. ახლა თარჯიმანი გვყავს და ის გვეხმარება. სხვათა შორის, ვისთანაც ვთქვი, რომ ჯასპერთან დამაყენეს, გაუხარდათ. დადებითად არიან მის მიმართ განწყობილი, ბევრს უყვარს. ჯასპერი ძალიან კარგი ადამიანია, საყვარელი პიროვნება. უცხო ქვეყანაში რომ არის და არავის იცნობს, ამას განიცდის. ცუდია, რომ ენა არ ვიცი, თორემ უფრო მეტ რაღაცას ვაჩვენებდი, გავიყვანდი, ახლა კი ამას ვერ ვახერხებთ. თავიდან დაძაბული იყო, მკითხა კიდეც: ეს ყველაფერი ცეკვაში ხომ არ შემიშლიდა ხელს. რა თქმა უნდა, არ მიშლის, მე ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ.
– შეუძლია ცეკვა?
– თავიდან ძალიან შევშინდი, რადგან საკმაოდ მაღალია და მაღლებს ცეკვა უჭირთ. გარდა ამისა, ცოტა მსუქანია. თან, „ჯაივი“ შეგვხვდა, რომელიც ენერგიული მხიარული ცეკვაა. თვითონ აღნიშნავს, რომ ფეხბურთზე დადიოდა, ფეხის კუნთები ძლიერი აქვს და რაც მთავარია, „პადეშკებს“ მაკეთებინებს. რაც შეეხება მოძრაობებს, რაღაცას რომ ავუხსნი და ვერ გაიგებს, ან ვერ გააკეთებს, მერე ბრაზდება. მე მგონია, რომ ჩემზე ბრაზდება და მერე იწყებს ახსნას: კი ვცდილობ, მაგრამ ტანი არ მომყვება, იმაზე ვნერვიულობ, ხელი შენ არ შეგიშალოო. ამ ყველაფერს ძალიან განიცდის. სულ მეუბნება: მითხარი, რა შეცდომა მაქვს, რა გამოვასწოროო. ქართველებმა ცოტა ვირივით შრომა ვიცით, საკუთარ თავზეც ვამბობ: დილით რომ გავდივარ სახლიდან, არ ვიცი, როდის შემოვდივარ. მთელი დღე ვმუშაობ. ჯასპერში აღმოვაჩინე, რომ მას ამდენი ენერგია არ აქვს. რომ გაიგო, ამდენ ადგილას ვმუშაობ, გაუკვირდა. რეპეტიციაზე რომ მივდივარ, მეკითხება: გუშინ სად იყავი, სად გაერთეო და მეცინება. მერე მეუბნება, შენთან შედარებით თავი ძალიან ზარმაცი მგონიაო. ანუ, ფიზიკური დატვირთვა 3-4-5 საათი არ შეუძლია. მაქსიმუმ, ორსაათ-ნახევარი ივარჯიშოს, მერე დასვენება უნდა. ამიტომ, დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ.
– როგორ შეეწყვეთ, შედგა თქვენი წყვილი?
– ვიზუალური კუთხითაც გვეუბნებიან, კარგი წყვილი ხართო – ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წყვილი შედგეს. ჯასპერი ფიქრობს, რომ კარგი ხასიათი არ მაქვს. როცა ენა არ იცი, ვერ ეკონტაქტები ადამიანს და სულ ხომ ვერ იცინებ?! ჩემი მეუღლე, ირაკლი, გაიცნო და მეუბნება: ის ძალიან მხიარულია, შენ სერიოზული ხარო. როცა „პადეშკას“ ვაკეთებთ, მაგ დროს შეიძლება, გამეცინოს და ჯასპერმა მითხრა: თავდაყირა რომ დგახარ, მაშინ იცინი. ცუდ ხასიათზე რომ იქნები, მოვალ და ამოგატრიალებ, იქნებ კარგ ხასიათზე დადგეო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდ ხასიათზე ვარ, უბრალოდ, ენა რომ არ ვიცი კარგად, ვერ ვეკონტაქტები. რაც შეეხება შეჩვევას, ერთმანეთს შევეჩვიეთ და ასე მგონია, დიდი ხანია, ვიცნობ. ძალიან უბრალო ადამიანია და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს დიდი. თუ რამეს ეტყვიან, ამბობს: მთავარია, ამ გოგოს არ გავუცრუო იმედიო. საკუთარ თავზე ნაკლებად, ჩემზე უფრო მეტს ფიქრობს, არ უნდა რომ პროექტი მალე დავტოვოთ.
– კამათობთ ხოლმე?
– ცოტა წონასთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა. ვეუბნები: საღამოს არ ჭამო-მეთქი. მეთანხმება. მე რომ მომატყუა არ ვჭამო, ერთ დღესაც ჩაუშვეს: „მაკდონალდსში“ ყოფილა, ბიგმაკები მიურთმევია. ერთად რომ ვართ და მე გავივლი, მაშინვე მუცელს შეწევს ხოლმე. ერთი სული აქვს, როდის გავივლი, რომ ისევ გამოწიოს. თან, ეცინება. ხათრი აქვს ჩემი. თუმცა, მე რბილად მივუდექი. პატარა კამათი პირველივე კვირას გვქონდა. რაღაც მოძრაობა დაგვიდგა ქორეოგრაფმა, რომელიც ჩემთვის ძალიან იოლია და უბრალოდ მეჩვენებოდა. მერე უფრო რთული დაგვიდგა ქორეოგრაფმა და ის უკვე აღარ მოეწონა. პრეტენზია წამოვიდა მისგან: მე ამაში კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს, მე ის მინდაო. ამიტომ, ძველი ვერსია დავტოვეთ, რადგან მაინც ვარსკვლავის კონკურსია და მთავარია, მან იგრძნოს თავი კომფორტულად. ასე რომ, წავედი დათმობაზე. თუმცა, მარიტივი მოძრაობა კი არის, მაგრამ ძალიან საშიშია. ერთი არასწორი ნაბიჯი და შეიძლება, იატაკზე აღმოვჩნდე. ამიტომ, ცოტა დაძაბული ვარ. სხვათა შორის, იმ კუთხით გამიმართლა, რომ წინა სეზონშიც იაონეს ძალა ჰქონდა და ჩვენი „პადეშკებით“ გამოვირჩეოდით. ალბათ, წელსაც ასე იქნება, რადგან საკმაოდ დიდი ძალა აქვს. ერთი ისეთი მოძრაობა გვაქვს ჩასმული, სტუდიაშიც უჭირთ ამის გაკეთება. გოგონებს გვაბრალებენ ხოლმე: დიდები ხართ, მძიმე წონა გაქვთ და ვერ გწევთო. ჯასპერთან ამის პრობლემა არ მაქვს: ცალი ხელით შეუძლია, დამიჭიროს და გამაჩეროს. საკმაოდ დიდი ძალა აქვს. ძალიან ხშირად ახსენებს ხოლმე დედას. ჩემი ვიდეოები რომ ნახა, მერე დედამისისთვისაც უჩვენებია და ძალიან კმაყოფილები ვართო. ისიც მითხრა: ხალხს რომ ვეუბნები, შენ ხარ ჩემი მეწყვილე, ყველა დადებითად მპასუხობს. ეს ძალიან ხშირად იყოო და უხარია.
– ირაკლი გააცანი?
– კი, გაიცნეს ერთმანეთი აღდგომების პერიოდში ბავშვით მარტო დავრჩი და თან, ყველაფერი ერთად მქონდა. ირაკლი ძალიან დამეხმარა და ზოგჯერ ბავშვთან ერთად დავდიოდი რეპეტიციებზე. ჯასპერმა დააძინა კიდეც. ძალიან მოსწონს ირაკლი და სულ მადლობებს იხდის იმ სითბოსთვის, რასაც მის მიმართ ვამჟღავნებთ. გვითხრა: რომ მოვიცლით, ერთ საღამოს ორივეს ვახშამზე დაგპატიჟებთო. სხვათა შორის, უნდა, რომ ქართული ისწავლოს და მეუბნება: ქართულად მელაპარაკე და თან, ამიხსენი რა რას ნიშნავსო.
– ირაკლი ხომ არ ეჭვიანობს?
– არა, არ ეჭვიანობს, არ მაქვს მსგავსი პრობლემა. ძალიან მიწყობს ხელს. თავიდან, როცა გავიცანი, ცოტა არ მოსწონდა ჩვენი ჩაცმულობა. მაგრამ, მერე ავუხსენი და თვითანაც მიხვდა, რომ არასდროს ვიცვამ ვულგარულად. არ ვიქცევი ისე, რომ ჩემს ოჯახს რამე პრობლემა შევუქმნა, ან მეუღლესთან მქონდეს დაძაბული სიტუაცია. ირაკლი ძალიან ჩართულია და სულ მამხნევებს, მობილიზებულია, სამეგობროსაც ამზადებს.
– უსაყვარლესი პატარა ბიჭი გყავს.
– სულ შეცვალა ჩემი ცხოვრება, მაგრამ გული მწყდება იმაზე, რომ ძალიან დაკავებული ვარ. სექტემბრიდან ვეცდები, რაღაც სამსახურები ამოვაგდო. ისე გაიზარდა, რომ მენატრება: ერთხელ მაინც ვაჭამო, დავაძინო. ღამეც ზოგჯერ დედას ჰყავს, რომ ცოტა დავისვენო. საოცარი გრძნობაა დედობა და რომ წამოიზრდება, აუცილებლად გავაჩენ მეორეს. ირაკლიც ძალიან მეხმარება. დამირეკავს ხოლმე: ახლა ვაჭამე, დავბანე, ახლა გამოვუცვალე და ვთამაშობთ.
P.S. მადლობა ფოტოგრაფ გიორგი ცაავას, ვერკას და ჯასპერის ფოტოებისთვის.