რატომ ვერ გაბედა ბიზანტიის იმპერიის სარდალმა, იმპერატორის ბრძანების შესაბამისად, დაეტყვევებინა უფლისწული ბაგრატი #17
1014 წელს ერთიანი საქართველოს ტახტზე ავიდა არასრულწლოვანი გიორგი პირველი, ბაგრატ მესამის ძე. ამ დროს ბიზანტიის იმპერიას დაკავებული ჰქონდა მამამისის, ბაგრატ მესამე კურაპალატის მამობილის, დავით მესამე კურაპალატის სამეფოს ტერიტორია. ბაგრატ მესამემ დაითმინა ბიზანტიის აგრესია, სხვა ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი – ჯერ ქვეყანა უნდა გაეერთიანებინა. 1010 წელს მართლაც შემოიერთა კახეთი და ტფლისსაც უმიზნებდა, მაგრამ, გარდაიცვალა. საქართველო თითქმის გაერთიანდა, მხოლოდ ტფილისში იჯდა არაბი ამირა, ტრაპიზონში ქალდიის კატეპანი (ბიზანტიის იმპერატორის მოხელე) და არზრუმში იბერიის კატეპანი.
იბერიის საკატეპანო, იგივე იბერიის თემი, მიტაცებულ ქართულ მიწებზე, დაარსდა 1001 წლიდან, მას შემდეგ, რაც დავით მესამე კურაპალატი გარდაიცვალა. საკატეპანოს სპეციალური მოხელე – კატეპანი მართავდა, ზოგჯერ იბერიის მთავარსაც უწოდებდნენ, ხანდახან – აღმოსავლეთის კატეპანსაც. ჰქონდა საპატიო წოდებაც – დუკა. კატეპანს ჰქონდა განსაკუთრებული სამხედრო და საერო ხელისუფლება. მისი დანიშნულება იყო ქართული ინტერესების ჩახშობა იბერიის საკატეპანოში. დიდი ძალაუფლება ჰქონდა. მეთერთმეტე საუკუნის 20-30-იან წლებში იბერიის კატეპანი ყოფილა ვინმე რომან დალასინი. საკატეპანოს ცენტრი იყო თეოდოსიპოლში, არზრუმში, ქართულად კარნუ-ქალაქში. სომეხი მეცნიერი, ბიზანტიოლოგი ნ. ადონცი თვლიდა, რომ რომან დალასინი იბერიის თემს მართავდა 1123-1126 წლებში. თეოდოსიპოლი, იგივე არზრუმი უძველეს ქართულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. ზოგი მეცნიერი მას მოიაზრებს ლეგენდარულ არიან-ქართლის ტერიტორიად. ეს მხარე შედიოდა, ძველი დიოახის (დაიაენის) უძველეს ქართულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში, შემდეგ დიდ კოლხეთში. ქართულ ეკლესიას მეთვრამეტე საუკუნემდე არზრუმში თავისი ეპისკოპოსი ჰყავდა.
მეთერთმეტე საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ქართველები. მიუხედავად იმისა, რომ მხარე აოხრდა არაბების შემოსევების გამო. სახალიფოს დასუსტების შემდეგ თეოდოსიპოლი ბიზანტიელების ხელში გადავიდა, თუმცა ქართველები ამ საქმეში წინააღმდეგობას უწევდნენ ბერძნებს.
იბერიის თემის მეზობლად არსებობდა სხვა ქართული მხარე - ქალდიის თემი (ტრაპეზუნტის ოლქი), ძველი კოლხეთის ტერიტორია, რომელზეც ძირითადად ქართველები, ჭანები სახლობდნენ. ამ მხარეებს განსაკუთრებული ინტერესით ეპყრობოდა იმპერიის ხელისუფლება და იქიდან გეგმავდა სხვა ქართული მიწებისკენ კვლავ გალაშქრებას.
გამეფებისთანავე მეფე გიორგიმ ისარგებლა ბიზანტიის ვერაგი იმპერატორის, ბასილი მეორის წინააღმდეგ ბულგარელების აჯანყებით და დაიკავა ძველი ქართული მიწები. ციხეებიდან გაყარა ბერძნული გარნიზონები. ალბათ, მიმოწერაც ჰქონდა გულად ბულგარელებთან ჩვენს ჭაბუკ ხელმწიფეს. ბულგარელების დიდი იმედი ექნებოდა აფხაზთა და ქართველთა მეფეს, რადგან თავდადებით და ხშირ შემთხვევაში, წარმატებით ებრძოდნენ ბასილი მაკედონელს. 986 წელს, სასტიკად დაამარცხეს, ისე რომ, მომავალმა ბულგართმმუსვრელმა ძლივს გაასწრო ბულგარელებს, სიცოცხლე რომ გადაირჩინა. ჩვენმა მცირეწლოვანმა ხელმწიფემ მიმოწერა გააბა იმპერატორ ბასილის დაუძინებელ მტერთან, მაჰმადიანთა ხალიფა ალ-ჰაქიმთან, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზში ბატონობისთვის ექიშპებოდა ბიზანტიას. ჩვენი სამეფო კარის გეგმით ორი მხრიდან ერთად უნდა დაგვერტყა ბერძნებისთვის. გარდა ამისა, ახალგაზრდა ბაგრატიონი ყველანაირად ხელს უწყობდა ბასილის მტრებს თვით ბიზანტიაში, რომლებიც იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდნენ.
ქართველთა შეუპოვარი ხელმწიფე დაქორწინებული იყო ვასპურაკანის სომხური სამეფოს ხელმწიფის, სენექერიმ არწრუნის ასულ მარიამზე. სომხურ სამეფო-სამთავროებს ჩაყლაპვას უპირებდა ბიზანტია. ამიტომ, სომეხთა სამხედრო ძალაც ქართველთა მხარეს გამოვიდოდა. რამდენიმე წლით ადრე, გიორგი მეფეს ტყვეობიდან გაათავისუფლებინეს კახეთის ქორეპისკოპოსი, კვირიკე მესამე. ასე ჩამოსცილდა გაერთიანებულ საქართველოს კახეთი. კვირიკემ ჰერეთიც შემოიმტკიცა და მეფედ გამოაცხადა თავი. გიორგი პირველმა ქართველთაშორისი სისხლისღვრა არ წამოიწყო. კვირიკე დიდთან, შესანიშნავ ქართველთან, მოახერხა და სამხედრო კავშირი შეკრა ბიზანტიის წინააღმდეგ...
მაგრამ, არ გაუმართლა ჩვენს სამშობლოს, ბულგარელები დამარცხდნენ ბასილისთან. ხალიფა ალ-ჰაქიმი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. შიდაბიზანტიური აჯანყებაც დამარცხდა. ქართული სახელმწიფო მარტო დარჩა ბიზანტიის უზარმაზარ სამხედრო ძალებთან, რომელთაც დაიქირავეს რუსები და სხვები. ტაქტიკური შეცდომების გამო ქართული არმია დამარცხდა. დაიდო ზავი ჩვენთვის მძიმე პირობებით. გიორგი მეფეს მოუხდა თავისი 3 წლის ვაჟის, უფლისწულ ბაგრატის მძევლად გაგზავნა კონსტანტინოპოლში.
გავიდა სამი წელი, ბერძენთა მეფე ბასილი ვერ გატეხდა სიტყვას და გამოაგზავნა პატარა უფლისწული საქართველოში. ეს მოხდა 1025 წლის დეკემბერში. ამ დროს 6 წლის იყო უფლისწული ბაგრატ გიორგის ძე.
კონსტანტინოპოლიდან გემი გამოემგზავრა ტრაპიზონისკენ. ტრაპიზონში ქართველები დახვდნენ ტახტის მემკვიდრეს და წამოიყვანეს. გადავიდნენ იბერიის საკატეპანოში. კატეპანი თავისი ჯარით აცილებდა სტუმარს. მიუახლოვდნენ ტერიტორიას, რომელსაც აკონტროლებდა მეფე გიორგი და უფლისწული ჩაიბარეს ქართველმა დიდებულებმა. უკან გაბრუნდა კატეპანი. გაიარა ცოტა და ამ დროს შეხვდა მალემსრბოლი მანდატური, რომელმაც მიართვა იმპერატორ კონსტანტინე მერვის საგანგებო წერილი. იმპერატორი წერდა კატეპანს:
„განგებითა ღმრთისათა მიიცვალა სანატრელი ძმა ჩემი, ბასილი მეფე, და მის ნაცვლად მე გავხდი იმპერატორი ყოვლისა საბერძნეთისა. ვბრძანებ, სადაც უნდა იყოს მისული ბაგრატი, ძე გიორგი აფხაზთა ხელმწიფისა, შემოაქციეთ სწრაფად და მოიყვანეთ ჩემთან“. ალბათ, 1125 წელი სრულდებოდა, რადგან ბასილი ბულგართმმუსვრელი გარდაიცვალა 1125 წლის 15 დეკემბერს.
რა ჰქონდა ჩაფიქრებული მზაკვარ კონსტანტინე მერვეს, ძნელი სათქმელია. ზავის პირობები შესრულებული იყო. სამი წელი მძევლობაში გაატარა უფლისწულმა. შეთანხმების მიხედვით, ახლა მამასთან უნდა დაბრუნებულიყო. ალბათ, ვერაგ იმპერატორს უნდოდა, გაეხანგრძლივებინა უფლისწულის ტყვეობა, რადგან არ ენდობოდა ქართველთა მეფეს. ბიზანტიელებს ხომ მიტაცებული ჰქონდათ ქართული ტერიტორიები და ყველა მეთოდით ცდილობდნენ, იმ ტერიტორიების ინკორპორაციას და სხვაზეც ეჭირათ თვალი.
წაიკითხა თუ არა ბრძანება კატეპანმა, თავისი ნაწილებით დაიძრა უფლისწულისკენ. რომ მიუახლოვდნენ, დაინახეს, შეგებებოდნენ ბაგრატ გიორგის ძეს დიდებულები, ერისთავები და აზნაურები ტაოელნი და ქართლელნი. უამრავი ადამიანი, მათ შორის, უბრალო მოქალაქეებიც, სიხარულით აღტაცებულნი სიმღერ-სიმღერით მიდიოდნენ შინ – დაუბრუნდათ საყვარელი უფლისწული მძევლობიდან. ამასობაში წამოზრდილიყო პატარა ბაგრატი, უკვე ექვსი წლის იყო. სიხარულით სავსე, ჭკვიანი თვალებით მისჩერებოდა ყველას, ვინც მშობლიურ ენაზე ესიტყვებოდა. უხაროდა ქართული სიმღერების მოსმენა, ბედნიერი იყო დედიკოსთან და მამიკოსთან შეხვედრის მომლოდინე... ახალი წელი მოდიოდა, დიდი სიხარული იყო სამეფოში. პატარა მემკვიდრე ბრუნდებოდა, ახალი საქართველოს მომავალი მშენებელი, მეფე გიორგისა და სამეფო კარის იმედი. დიდი გეგმები ჰქონდა სამეფო კარს, დიდი საქართველოს აშენების დიდი გეგმები...
რომ დაინახა აღმოსავლეთის კატეპანმა როგორი სიხარულით მიდიოდნენ ქართველები, მოტრიალდა და უთხრა ბრძანების მომტან მანდატურს: თუ შეგიძლია, შენ მიდი და მოატრიალე უფლისწული უკან, მე ვერ შევძლებო. აბა, რას გაბედავდა და რას მოსთხოვდა კატეპანი ქართველებს, უკან უნდა წავიყვანო უფლისწულიო? ქართველები შეაკვდებოდნენ და კვლავ ტყვეობა-მძევლობისთვის არ გაიმეტებდნენ პატარა უფლისწულს, რომელიც ასე მონატრებოდათ. ახლა ვინმეს რომ უფლისწული უკან მოეთხოვა, ხომ გაგიჟდებოდნენ ქართველები და ჭკუაზე გადავიდოდნენ... ვერცერთი ბერძენი ვეღარ გადაურჩებოდა გააფთრებული ქართველების ხმალს. რას უშველიდა კატეპანს ბიზანტიის სასაზღვრო ძალები და იბერიის თემის ნაწილები... საკატეპანოსთან და თემთან ერთად გადადგამდნენ ჩვენი გაშმაგებული წინაპრები ბერძნებს...
ასე გადარჩა უფლისწული ზაკვით შეპყრობას.
ჩამოიყვანეს აფხაზთა და ქართველთა სამეფოს დედაქალაქ ქუთათისში პატარა უფლისწული. იდგა 1126 წელი.