ეშმაკის ბილიკი #17
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-16(851)
– კი მაგრამ, ეს ხომ ძალიან სახიფათო იყო. ვარლამი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და ფაქტობრივად, ძებნილი იყო. ვინმეს რომ ეცნო ქუჩაში და მილიციაში განეცხადებინა, ამით ხომ მეც ხიფათში მაგდებდა? – თქვა ირინე გავაშელმა და გააბოლა. გიგაურმა კი თავი გააქნია და ქალს ღიმილით მიუგო:
– სახიფათო კი იყო, მაგრამ არც იმდენად, როგორც თქვენ ფიქრობთ. მილიციას მისნაირი ძებნილი მაშინ ათასობით ჰყავდა და მათ ან საერთოდ არ ეძებდნენ, ან ეძებდნენ ფორმალურად. საშიში ის იყო, რომ მას შემთხვევით ვინმე ახლო ნაცნობი არ შეხვედროდა. რაც შეგეხებათ თქვენ, არ მგონია, რომ გაშიფვრის შემთხვევაში, ვარლამს თქვენ დაესახელებინეთ მილიციისთვის და გაეშიფრეთ. ასე რომ, ტყუილად ხართ მასზე გაბრაზებული. როგორც ეტყობა, მართლაც რაღაც მოხდა და იძულებული გახდა, სასწრაფოდ გამგზავრებულიყო. თქვენი მიტოვება რომ სდომოდა, მაშინ არც წერილს დაგიტოვებდათ. სწორედ ამიტომ გაგანადგურებინათ წერილი, რომ არცერთი არ გაშიფრულიყავით.
– მე არ გამინადგურებია ის წერილი, – ჩაეცინა გავაშელს.
– რა ბრძანეთ? – ჰკითხა გიგაურმა ქალს.
– წერილი შევინახე. ხომ გითხარით, რომ დარწმუნებული ვიყავი, ვარლამმა მიმატოვა. ვფიქრობდი, ოდესმე სადმე შევხვდებოდი და ამ წერილს ავაფარებდი იმის დასტურად, რომ მიგვატოვა, – თქვა ექიმმა.
– თუ ნებას დამრთავთ, სახლში მოგაკითხავთ იმ წერილის სანახავად ან სადმე შეგხვდებით, თუნდაც აქ, – უთხრა მაიორმა ქალს.
– არსად მოკითხვა არაა საჭირო. წერილი ყოველთვის თან მაქვს. ტელეფონების ბლოკნოტში ვინახავ, – თქვა ექიმმა შემდეგ ხელჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო. იქიდან გაყვითლებული ფურცელი ამოაცურა. მაიორს წინ დაუდო და უთხრა:
– აი, ეს წერილი.
გიგაურმა ფრთხილად გაშალა ფურცელი და ტექსტი ოთხჯერ ყურადღებით გადაიკითხა. შემდეგ თავად ფურცელიც გულდასმით შეისწავლა. ბოლოს კვლავ დაკეცა და გავაშელს უთხრა:
– ქალბატონო ირინე, შეგიძლიათ, ეს წერილი დროებით გადმომცეთ? ის სამხილადაც კი შეიძლება, გამოდგეს და არაა გამორიცხული, გარკვეულ კვალზეც კი გაგვიყვანოს.
– თუ ასეა საქმე, მაშინ შეგიძლიათ, წაიღოთ, – მხრები აიჩეჩა ქალმა.
– გმადლობთ, – მიუგო მაიორმა და წერილი ფრთხილად შეინახა გულის ჯიბეში. ქალმა კი კვლავ გააბოლა და გიგაურს უთხრა:
– შეიძლება, ერთი რაღაც გკითხოთ?
– ბრძანეთ.
– ზურაბ, თუ საიდუმლო არაა, შეგიძლიათ მითხრათ, თუ რატომ ეძებთ ასე დაჟინებით ვარლამს? არ მგონია, რომ მას ისე, უბრალოდ ეძებთ. მით უმეტეს, რომ დაკარგულების ძებნა მილიციის კომპეტენციაა. როცა ამას უშიშროება აკეთებს, საქმე, ალბათ, სერიოზულადაა და მაინტერესებს, რა დააშავა ისეთი ვარლამმა?
– ქალბატონო ირინე, ჩვენი შეხვედრისა და საუბრის შინაარსის შესახებ არავინ არ უნდა შეიტყოს. იმედია, ამ პირობას დაიცავთ, – უთხრა მაიორმა ექიმს.
– უსიტყვოდ, – მიუგო ქალმა.
– რაც შეეხება თქვენს მეუღლეს, ვარლამ კოვზირიძეს, მას, ფაქტობრივად, არაფერი დაუშავებია. პირიქით, შეიძლება ითქვას, ის მსხვერპლია, რადგან მისი მკვლელობა სცადეს. მას კი იმიტომ ვეძებთ, რომ ერთ-ერთი ჯაშუშური საქმის გამოძიებისას, სწორედ იმ წყვილზე გავედით, ვისაც თქვენმა მეუღლემ სახის პლასტიკური ოპერაციები გაუკეთა. ვარლამ კოვზირიძე კი იმისთვის გვჭირდება, მათ კვალზე გავიდეთ.
ექიმს მწარედ ჩაეცინა და მაიორს უთხრა:
– თქვენ თქვით, ვარლამი მსხვერპლია და არაფერი დაუშავებიაო. მაგრამ დანაშაულზე მეტი არაა, როცა ჯაშუშებს გარეგნობას უცვლი? თუნდაც არა ჯაშუშებს. სახის პლასტიკური ოპერაცია სპეციალური ნებართვის გარეშე ხომ უმკაცრესად ისჯება კანონით? მე კი მარცვალ-მარცვალ ჩაგიკაკლეთ ყველაფერი და გითხარით – ვარლამმა იმ წყვილს სახის პლასტიკური ოპერაციები გაუკეთა-მეთქი.
– ნუ ღელავთ, ქალბატონო ირინე, თქვენს მეუღლეს ჩვენგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პირიქით, ჩვენ მას საიმედოდ დავიცავთ. საფრთხე კი მას სულ სხვა მხრიდან ემუქრება.
– ეეჰ, – ხელი ჩაიქნია ირინე გავაშელმა, – ვარლამი, ალბათ, დიდი ხნის მკვდარია, თორემ აქამდე გამოჩნდებოდა.
– გამორიცხული არაფერია, მაგრამ არ მგონია, – მიუგო გიგაურმა.
– რატომ არ გგონიათ? ცხრამეტი წელი გავიდა, რაც მას დავშორდი და ცოცხალი რომ იყოს, ერთხელ მაინც ხომ გამოჩნდებოდა?
– როგორც უკვე გითხარით, ინტუიცია მკარნახობს ამას.
ექიმმა ხელი ჩაიქნია და თქვა:
– მხოლოდ ინტუიცია დიდი ვერაფერი ნუგეშია.
– ნუ იტყვით, ნუ იტყვით, ქალბატონო ირინე, – ღიმილით თქვა მაიორმა, – ინტუიციას ჩემთვის ჯერ არასდროს უღალატია და რაღა ახლა მიმტყუნებს?
– ღმერთმა ქნას, თქვენებურად იყოს, მაგრამ საღი აზრი? – თქვა ქალმა.
– რას გულისხმობთ? – ჰკითხა გიგაურმა.
– იმას, ზურაბ, რომ მას მერე ცხრამეტი წელი გავიდა და ცოცხალი რომ იყოს, თუ, რა თქმა უნდა, ვუნდივართ, აუცილებლად მოგვძებნიდა. მით უმეტეს, რომ ჩვენი მოძებნა არცთუ ისე რთულია. თბილისში ვართ, სადმე გადასაკარგავში ხომ არა? – ექიმმა თავი გააქნია და დააყოლა, – არა, არა, ვარლამი, ალბათ, ცოცხალი აღარაა.
– ერთი შეხედვით ლოგიკურია, მაგრამ იქნებ ცდებით?
– რაში. თუ ცოცხალია და ვუნდივართ, სადაა მაშინ?
– იქნებ ციხეშია? – თქვა მაიორმა.
– ციხეში? – გაიმეორა ირინე გავაშელმა.
– დიახ, ციხეში. რა იცით, რა შეემთხვა იქ, სადაც გაემგზავრა? წერილში ხომ გწერთ – მალე დავბრუნდებიო. ალბათ, რაღაც მოხდა, რადგან დანაპირები ვერ შეასრულა, – უთხრა მაიორმა ექიმს.
– იცით კი, თუ რატომ გაემგზავრა სადღაც?
– სავარაუდოდ, კი.
– რატომ?
– რატომ და, ჩემი აზრით, თქვენი მეუღლე იმ ჯაშუშ წყვილს დაეძებდა, ჯერ რომ მოატყუა, შემდეგ მოკვლა დაუპირა. ვფიქრობ, ვარლამ კოვზირიძე მათ კვალს დაადგა და ამიტომაც გაემგზავრა.
– და, შემდეგ დაიღუპა, – დააყოლა ქალმა.
– რატომ ხართ ასეთი პესიმისტი?
– იმიტომ ზურაბ, რომ ჯაშუშებთან, აბა, რას გახდებოდა ვარლამი?
– მოდი, უკეთესის იმედი ვიქონიოთ – თქვა გიგაურმა, – ხომ გითხარით, ინტუიცია მკარნახობს, თქვენი მეუღლე ცოცხალია. ინტუიციას კი ჩემთვის არასდროს უღალატია.
– ესე იგი, ფიქრობთ, ვარლამი შეიძლება, ციხეში მოხვდა და ამიტომ არ გამოჩნდა? – იკითხა ექიმმა.
– არ გამოვრიცხავ, სხვა ვარიანტებსაც, თუმცა, ციხე ყველაზე სავარაუდოა, – მიუგო მაიორმა.
– ციხეში რომ მოხვედრილიყო, ხომ გაირკვეოდა მისი ვინაობა და ამბავი თბილისშიც ჩამოაღწევდა?
– შეიძლება, მას ყალბი საბუთები ჰქონდა და სხვისი გვარით მოხვდა ციხეში? – კითხვითვე უპასუხა გიგაურმა გავაშელს და გაუღიმა, – ცოტა შრომატევადი პროცესია, მაგრამ ამ ვერსიის გადამოწმებას დავიწყებ მალე და თუკი თქვენი მეუღლე ციხეში მოხვდა, აუცილებლად ვიპოვით.
– თქვენ ამბობთ, რომ ვარლამი ცოცხალია. ამას ინტუიცია გკარნახობთ და ინტუიციას თქვენთვის არასდროს უღალატია – უფრო, თავისთვის ჩაილაპარაკა ირინე გავაშელმა, თან ჩაფიქრდა, მზერა ჯერ საწერ მაგიდას მიაპყრო, ბოლოს კი გიგაურს შეხედა და უთხრა:
– ვფიქრობ, არ ცდებით და ინტუიცია არ გღალატობთ. რაღაც-რაღაცეებს ღრმად რომ ვუფიქრდები, მგონი, ვარლამი მართლაც ცოცხალია.
გიგაურს გაუკვირდა ექიმის ასეთი მკვეთრი ცვლილება და ღიმილით უთხრა:
– სულ ცოტა ხნის წინ ამბობდით, ჩემი მეუღლე ცოცხალი არ იქნებაო.
– მე, მგონი, ვცდებოდი.
– რატომ ფიქრობთ ასე?
– გეტყვით, – თქვა ექიმმა და ღრმად ამოისუნთქა, – შარშან, დაახლოებით ამ დროს, ვიღაცამ ინკოგნიტოდ ლენინგრადიდან ხუთასი მანეთი გამომიგზავნა. ექვსი თვის მერე კი, იგივე განმეორდა – კვლავ ხუთასი მანეთი მივიღე უცნობისგან. როგორ არ ვეცადე, გამერკვია, თუ ვინ მიგზავნიდა ამხელა თანხას, მაგრამ ვერ შევძელი. ასე მპასუხობდნენ – ამის გარკვევა შეუძლებელია. კანონი არ კრძალავს ინკოგნიტო გზავნილებს და ვიღაცამ ამით ისარგებლაო. ამ დრომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ფულს ვალენტინა ზუევა, ვიტალის და მიგზავნიდა, რომელსაც ჩემი ეკა თავის ძმისშვილი ჰგონია. მაგრამ, ახლა ვფიქრობ, ეს ვარლამი იყო.
– ვარლამი? – წამოიძახა აზარტში შესულმა ზურაბ გიგაურმა, ქალმა კი მას უთხრა:
– დიახ. რატომ გაგიკვირდათ? თვითონვე არ ამბობთ, ვარლამი ცოცხალიაო და რატომ არ უნდა გამოეგზავნა მას ჩვენთვის ფული?
– დიახ. მართალს ბრძანებთ. ისე მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ინფორმაცია, რომ ცოტა არ იყოს, დავიბენი, – თქვა მაიორმა, პაუზა გააკეთა და გავაშელს ჰკითხა, – ფულის გარდა, სხვა გზავნილი ხომ არ მიგიღიათ?
– არა! არასდროს არავისგან, – თქვა ქალმა.
– ფული დახარჯეთ?
– სხვათა შორის, არა. ათასი მანეთი სახლში მაქვს შენახული. რადგან ვფიქრობდი, რომ ფული ვალენტინამ გამომიგზავნა, თავისუფალ დროს ლენინგრადში ჩასვლასა და მისთვის ფულის დაბრუნებას ვაპირებდი.
ირინე გავაშელი და ზურაბ გიგაური უკვე სამ საათზე მეტ ხანს ლაპარაკობდნენ და ექიმის კაბინეტთან რიგი დადგა. წინასწარ ჩაწერილი პაციენტები გამოძახებას ელოდნენ და ღელავდნენ – კაბინეტში რეგისტრატორმა გოგონამ შეიხედა და ექიმს მოკრძალებით უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, ქალბატონო ირინე. პაციენტები კითხულობენ, დღეს მიღება თუ იქნებაო?
– ნახევარი საათიც მოიცადონ და ყველას მივიღებ, – მიუგო ქალმა რეგისტრატორ გოგონას, რომელიც სწრაფადვე გაუჩინარდა კარს მიღმა.
– კარგი, ქალბატონო ირინე, ისედაც ბევრი დრო წაგართვით. წავალ ახლა მე. როგორც შევთანხმდით, ჩვენი შეხვედრისა და საუბრის შესახებ, არავინ არ უნდა შეიტყოს. თუ რამე ახალი გამოჩნდა, ან გაგახსენდათ, აი, ჩემი ტელეფონის ნომერი და დამირეკეთ. უთხრა მაიორმა ექიმს. შემდეგ ხელი ჩამოართვა, მაგრამ ვერ მოითმინა, ხელზე ეამბორა და კაბინეტი ღიმილით დატოვა.
ირინე გავაშელისგან წამოსული ზურაბ გიგაური თბილისის მთავარ ფოსტაში მივიდა. დირექტორს კაბინეტში ეახლა, ვინაობის დაუსახელებლად თავი გააცნო და ფერწასულ, ჯმუხ მამაკაცს უთხრა:
– თქვენი დახმარება მჭირდება.
– გისმენთ, ბატონო ჩემო. რითაც შემიძლია, ყველაფრით დაგეხმარებით. მიუგო მოფერიანებულმა დირექტორმა მოულოდნელ და არცთუ ისე სასურველ სტუმარს.
– შესაძლებელია თუ არა, ინკოგნიტოდ ფულის გამომგზავნის ვინაობის დადგენა?
– არა, ბატონო – თავი გააქნია დირექტორმა, – საბუთებში, უფრო სწორად კი, გზავნილის ქვითარში გამომგზავნელის ვინაობა არ ფიქსირდება. იქ მხოლოდ მიმღების მონაცემებია დაფიქსირებული.
– გასაგებია, – თქვა გიგაურმა, – იმის დადგენა მაინც თუ შეიძლება, ფოსტის რომელმა თანამშრომელმა გამოგზავნა ინკოგნიტო გამომგზავნელის ფული?
– დიახ, ეს შეიძლება.
– როგორ?
– როგორ და გზავნილის ქვითარზე, თანამშრომლის რიგითი ნომერია მითითებული. ანუ, საკმარისია, ქვითარი წარადგინოთ იმ ქალაქის ფოსტაში, საიდანაც ფული გამოიგზავნა, რომ თანამშრომლის ვინაობას მაშინვე გეტყვიან, – უპასუხა დირექტორმა და დაამატა – თქვენ, ალბათ, ინკოგნიტო გამომგზავნელის ვინაობა ფოსტის თანამშრომლის მეშვეობით გინდათ, დაადგინოთ, ანუ სახის ამოცნობით.
– დაახლოებით, – თქვან ზურაბმა და დირექტორს ჰკითხა:
– ფულადი გზავნილების ქვითარი რამდენ ეგზემპლარად დგება?
– ერთ ეგზემპლარად.
– ყრით თუ ინახავთ?
– თვითონ ქვითრებს ვყრით, მაგრამ მონაცემებს ჩვენ ქვითრებში ვწერთ და ვინახავთ.
– კარგია. მაშინ თქვენს შარშანდელ და წლევანდელ დავთრებში ლენინგრადიდან, ირინე გავაშელის სახელზე გამოგზავნილი 500-500 მანეთის ქვითრების ზუსტი მონაცემები გვჭირდება და უნდა დაგვეხმაროთ.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – თქვა დირექტორმა, ცელოფანს დასწვდა და თანამშრომელ გოგონას ორი დიდი დავთარი მოატანინა და გიგაურს უთხრა:
– ახლავე მოგიძებნით.
– შეიძლება, თვითონ მოვძებნო? – ჰკითხა მაიორმა დირექტორს.
– რა თქმა უნდა. აი, აქ დაბრძანდით. მე კი ხელს არ შეგიშლით. ხოლო, თუ რამეში დაგჭირდებით, გვერდით ოთახში ვიქნები და დამიძახეთ – უთხრა დირექტორმა ზურაბს, შემდეგ კაბინეტი დაუთმო და გვერდით ოთახში გავიდა.
ოციოდე წუთის შემდეგ, ზურაბ გიგაურს უკვე ორივე ქვითრის მონაცემები ფურცელზე ჰქონდა ამოწერილი. მათ მიხედვით, ორივეში ერთი და იგივე ნომერი მეოთხე მორიგე-ოპერატორი იყო დაფიქსირებული. სწორედ მან გადმოგზავნა ლენინგრადის მთავარი ფოსტიდან თბილისში 500-500 მანეთი. მაიორმა ფურცელი ჯიბეში ჩაიდო. ფოსტის დირექტორს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა:
– ჩემი ვიზიტისა და არც აქ მოსვლის მიზნის შესახებ არავინ არაფერი არ უნდა შეიტყოს. შევთანხმდით?
– შევთანხმდით, რაზეა ლაპარაკი. პირში წყალს დავიგუბებ, – მიუგო ფოსტის დირექტორმა გიგაურს და კაბინეტიდან გამოისტუმრა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში