№17 იმის გამო გავთხოვდი მეორედ, რომ ოჯახი მქონოდა, შვილი მარტოს არ გამეზარდა და აქ შევცდი
ინტიმური საუბრები
ვხვდები, ცხოვრებაში მხოლოდ იმ ადამიანებს უმართლებს, ვინც მარტივად უყურებს სამყაროს, ურთიერთობებს, ოჯახს, სიყვარულს და ზოგადად, მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე ზრუნავს. მე, არ გამიმართლა. მიყვარდა და განგებამ წამართვა მისი თავი. მისგან შვილი დამრჩა საფიცრად და მოგონებები, რომელსაც ვერავინ შეეხება. მეორედ გავთხოვდი, მხოლოდ იმის გამო, რომ ოჯახი მქონოდა და მიჭირდა შვილის მარტო გაზრდა. გივიკო და მე, სულ რაღაც სამი წელი ვიყავით ერთად ბედნიერები და მერე, ავარიამ წამართვა მისი თავი. მთვრალი დაჯდა საჭესთან და სწორედ ამის გამო დამღუპა მეც, დაიღუპა თავიც და დამიობლა შვილიც. ორი წელი მართლა არავისკენ გამიხედავს, ვიჯექი და მას ვგლოვობდი. მერე მივხვდი, მის თავს ვეღარავინ დამიბრუნებდა, შვილი გასაზრდელი მყავდა, დამხმარე კი არავინ და გიას მივენდე. მართალია, არ მიყვარდა, მაგრამ მასთან ოჯახი შევქმენი. თავად, ისე იყო ჩემზე შეყვარებული, მეგონა, ცხოვრებაში ისევ გამიღიმა ბედმა-მეთქი, მაგრამ, ჩემი შვილი აითვალწუნა. მასთან ორსულად არ დავრჩი და ამის გამო, ჩემს შვილზე გადააქვს აგრესია. მან რა დააშავა? მეუბნება, არ გეგონოს ჩემი ქონება მას დავუტოვო, თუ შვილს არ გამიჩენ, დავშორდებითო. არადა, ღმერთია მოწმე, არ არის ჩემი ბრალი. თვითონ ექიმის გაგონებაც არ უნდა. რა გავაკეთო აღარ ვიცი. რომ დავშორდე, არ ვმუშაობ, არც სახლ-კარი მაქვს და სად წავიყვანო ბავშვი. ჩემი პირველი ქმრის ბინა მისი გარდაცვალების მერე, მშობლებმა გაყიდეს, იქიდან მომცეს ფული და მთელი ის ორი წელი, იმით ვირჩენდი თავს. ვეღარ ვიტან გიას გამოხდომებს, მაგრამ იძულებული ვარ, ჩუმად ავიტანო. მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე გამიჭირდებოდა იმ კაცთან ცხოვრება, ვინც მთელ სამყაროს მპირდებოდა. ჩემს შვილზე აფანატებდა და მეუბნებოდა, საკუთარი შვილივით მეყვარებაო. ერთი პერიოდი ვიფიქრე, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში წავალ და იქ ვიცხოვრებ-მეთქი, მაგრამ, მარიამი, უკვე ხუთი წლისაა და მეცოდება იქ გასაზრდელად. არც პროფესია მაქვს, სადმე რომ დავიწყო მუშაობა. თან, რომც ვიშოვო სამსახური, შვილი ვის დავუტოვო. ამიტომ, იმის გამო, რომ ლუკმა-პური არ მოგვაკლდეს მე და ჩემს შვილს, უნდა ავიტანო გია და მისი უხეშობა. ვცდილობ, ბავშვი მოვარიდო მას და როცა სახლშია, მეორე ოთახში შემყავს – ვეუბნები, აქ ითამაშე-მეთქი. ვერ ხვდება რატომ და მეუბნება: დედა, მე თქვენთან მინდა და რატომ მკეტავ მარტოს ოთხშიო. რა ავუხსნა? შენი დანახვა არ უნდა და იმიტომ-მეთქი? აღარ ვიცი, რა წყალში გადავვარდე, ვის ვთხოვო დახმარება, ან რა ავუხსნა ნათესავებს, ისედაც, ჩემი გათხოვების წინააღმდეგები იყვნენ, თითქოს, მათი დახმარების იმედად უნდა ვყოფილიყავი. მე ვერავის შევაჩერდებოდი ხელებში, როდის გაიმეტებდნენ რამეს. არადა, როდემდე მეცხოვრა ქირით? მასაც ხომ გადახდა უნდა? ჩემი მშობლები და და-ძმაც, ერთ ოთახში ცხოვრობენ ქირით და მათთან ვერ მივალ. ვფიქრობ და გამოსავალს ისევ იმაში ვხედავ, როგორმე მოვითმინო ქმრის საქციელი და ჩემს შვილსა და მას შორის, ზღვარი დავიცვა.
რუსიკო, 29 წლის.