შეყვარებული მკვლელი #17
მისის კოიტის პანსიონში გასაქირავებელი ბინები ცარიელი დიდხანს არ რჩებოდა. ეს, ალბათ, უფრო იღბლის ამბავი იყო, რადგან თავად პანსიონი ბევრს არაფერს წარმოადგენდა. რაც შეეხება მისის კოიტს – დიასახლისს, მისი ატანა პრაქტიკულად, შეუძლებელი გახლდათ. ჯერ ერთი, თუ მისის კოიტი ვინმეს თავის ქსელში შეიტყუებდა, თავს ვეღარასდროს დაიხსნიდა. ამ ქალს ყველას საქმეში უყვარდა ცხვირის ჩაყოფა. ისეთ მიუღებელ ინტერესს იჩენდა მდგმურების პირადი ცხოვრების მიმართ, რომ ისინი თავს უხერხულად გრძნობდნენ. თუ რომელიმე სახლში თერთმეტი საათის შემდეგ დაბრუნდებოდა, ისეთ დაკითხვას მოუწყობდა, რამდენიმე დღე, საწყალი უკიდურეს დამნაშავედ წარმოიდგენდა ხოლმე თავს. მისის კოიტის ბრჭყალებს ადვილად ვერ დაუძვრებოდი. მისგან შებრალების იმედი არ უნდა გქონოდა. მისის კოიტს მკაცრად ჰქონდა შედგენილი შიდა განაწესი.
ნიუ-იორკის პრესტიჟულ უბანში მდებარე მისი პანსიონის მცხოვრებლებს ისე უნდა ეცხოვრათ, როგორც კეთილშობილთა თავშესაფრის მობინადრეებს. მისის კოიტმა ორმოცდაათ წელს დიდი ხანია, გადააბიჯა. საკმარისზე მეტი კილოგრამები და ზომაზე მეტი პრეტენზიები ჰქონდა. ეშმაკივით საშიში ხდებოდა, თუკი რაღაც ისე არ მოხდებოდა, როგორც თავად მოისურვებდა. არავინ იცოდა, მისი გარდაცვლილი ქმრის სიკვდილის მიზეზი. თუმცა, ყველა ფიქრობდა, რომ კაცს, უბრალოდ, გაუმართლა, რომ მოკვდა.
მისის კოიტის ტირანიით განსაკუთრებით ახალგაზრდა წყვილი იტანჯებოდა – ყმაწვილი და ქალიშვილი. მათი ვინაობა ყურადღებას არ იმსახურებს, რადგან მთავარი ის ყოფაა, რომელიც მათ პანსიონში ჰქონდათ. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ამ სეზონზე, მისის კოიტის მობინადრები, ყველანი რაღაცნაირად უფერულები, უინტერესოები და მოსაწყენი ადამიანები იყვნენ. ისინი დიასახლისს არ აინტერესებდა. ამიტომ, მთელი ყურადღება შეყვარებულ ახალგაზრდებზე გადაიტანა. საქმეს ვერ უშველა იმ ფაქტმა, რომ წყვილი დაინიშნა. მისის კოიტი მკაცრად იდგა მორალის სადარაჯოზე. ჯერ დაიწყო იმით, რომ ქალიშვილი ცაში აიყვანა ქებით – შესანიშნავიაო. ყველა ღირსებით შემკული და ისეთი მომხიბვლელი, ძნელია, გულგრილი დარჩე, როცა ხედავ, როგორი ხეპრესთვის იღუპავს თავსო. ამ ასაკში ქალს სწორი გადაწყვეტილების მიღება უჭირსო. ამიტომ, შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, ქალიშვილისთვის საქმროს შესახებ, რამე ცუდი არ ეთქვა. დაუწუნა და მიწასთან გაასწორა ნიშნობის ბეჭედი, რომელმაც ქალიშვილი აღაფრთოვანა – ერთი სიტყვით, გვარიანად მოუშხამა ბედნიერების წუთები. ამ მიმართულებით რომ მორჩა საქმეს, შემდეგ ახალგაზრდა კაცისკენ გადაიტანა ყურადღება. მათ შორის ასეთი საუბარი შედგა:
მისის კოიტი: უცნაურია, რომ ნებაყოფლობით გინდათ ცხოვრება გაიმწაროთ. თქვენს ასაკში ცოლის შერთვა დიდი სისულელეა.
ყმაწვილი კაცი: მისის კოიტ, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. შეიძლება გეცინებათ, მაგრამ ბედნიერები ვართ.
– ეგ მოჩვენებითი ბედნიერებაა. ძალიან მალე, ერთმანეთი ყელში ამოგივათ, ერთმანეთისთვის მხოლოდ ცუდის გაკეთება მოგინდებათ, ცხოვრება ჯოჯოხეთად გექცევათ და შეიძლება, მისი მოკვლის სურვილიც კი გაგიჩნდეს.
– მისის კოიტ, თქვენი მოსმენა არ მინდა.
– ვხედავ, მაგრამ მოგიწევს. მე შენზე ვზრუნავ. კარგი კაცი ხარ, ცხოვრება წინ გაქვს. რისთვის იფუჭებ მას? მით უმეტეს, რომ შეგიძლია, უამრავ ქალთან გქონდეს ურთიერთობა. შენს საცოლეზე ლამაზებთან და ახალგაზრდებთან.
– მისის კოიტ, იქნებ ჩემი ცხოვრება ჩემივე გადასაწყვეტი იყოს.
– თავს დაიღუპავ. მოვა დრო და მიხვდები, რომ მხოლოდ შენი კეთილდღეობისთვის ვზრუნავდი.
ახალგაზრდა კაცმა მოთმინების სანიმუშო მაგალითი უჩვენა და ჯოჯოხეთურ დიალოგს გაუძლო, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა. ერთ დღეს, იმ დღეს, როცა მისის ტირანი განსაკუთრებით კარგ გუნებაზე ბრძანდებოდა, პანსიონის მობინადრეებმა აღმოაჩინეს, რომ ქალიშვილსა და მის საქმროს შორის რაღაც მოხდა. ახალგაზრდა კაცი გაფითრებული, ჩამქრალი მზერით, წელში მოხრილი დადიოდა. მისი უსიცოცხლო გამოხედვა კარგს არაფერს მოასწავებდა. დიასახლისის დაკვირვებულმა თვალმა შეამჩნია, რომ ქალიშვილს თითზე ნიშნობის ბეჭედიც აღარ ეკეთა.
მისის კოიტმა გადაწყვიტა, რომ მისმა „შთამბეჭდავმა შემეცნებითმა” საუბრებმა გაჭრა. ასევე თავი ვალდებულად მიიჩნია, მისულიყო ახალგაზრდა კაცთან და შეექო.
– ძალიან კარგია, რომ ისევ თავისუფალი ხარ. ახლა შეგიძლია, ცალკე ოთახშიც გადახვიდე. საუკეთესო ოთახს მოგცემ და შენს ცელქობებზეც თვალს დავხუჭავ. მართალია, როცა მინდა, შემიძლია, გულისხმიერიც ვიყო. მიგატოვა? ასეც ვიცოდი, საზიზღარი ძუკნა. ალბათ, შენს გარდა, კიდევ ხვდებოდა ვინმეს. ეს ახალგაზრდა ქალები სულ ასე არიან. ამიტომ, უნდა შეირთო ცოლად სერიოზული, მეოჯახე, უპრეტენზიო ქალი, რომელიც დაგაფასებს, ცხოვრებას გაგიადვილებს.
– მისის კოიტ, ერთხელ უკვე გთხოვეთ, ჩემს ცხოვრებაში არ ჩარეულიყავით. ჩემი საცოლე ძუკნა არ არის. აი, თქვენ კი, ტირანი და აუტანელი ხართ. სიამოვნებით მოგიშორებდით თავიდან და ბევრი მადლობასაც მეტყოდა.
– ახალგაზრდავ, თურმე როგორი ყოფილხართ. ჭკვიანია ის გოგო, ძალიან ჭკვიანი, რომ მიგატოვა.
იცით, როგორი გაბრაზება იციან მშვიდმა ადამიანებმა? განსაკუთრებით კი შეყვარებულმა მამაკაცებმა? – სწორედ ასეთი ნახა შეყვარებული ქალიშვილმა, რომელიც სწორედ იმ დროს შევიდა საქმროს ბინაში, როცა ახალგაზრდა კაცში მკვლელმა გაიღვიძა. მან ხელებში არაადამიანური ძალა იგრძნო. დაიხარა და ერთი აქნევით, მისის კოიტს ხალიჩა გამოაცალა ფეხებქვეშ. ტირანმა დაყვირებაც ვერ მოასწრო, ხელები აიქნია და უკან გადავარდა. დაცემისას თავი მარმარილოს სადგამს დაარტყა და სული განუტევა. ახალგაზრდა კაცმა შვებით ამოისუნთქა.
– მორჩა, ტირანია დასრულდა. საყვარელო, რა გინდოდა, გეთქვა?
– ბეჭედი ვიპოვნე, წარმოგიდგენია?
ახალგაზრდა კაცმა გაიღიმა – ძვირფასო, ეს შესანიშნავია.