ვინ არიან ქართველი გამომგონებლები, რომლებიც ოქსფორდში მიიწვიეს, როდის გაიცნეს მაიკლ ბიშოპი და რა გამონაკლისი დაუშვა განათლების სამინისტრომ მათ გამო #17
ქართველი გამომგონებლების – 16 წლის ამირან აფციაურისა და 15 წლის გიორგი შელეგიას გამოგონებებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ პირველად თავიანთი პროექტი „ლეონარდო და ვინჩის” კონკურსზე წარადგინეს, სადაც მე-3 ადგილი მოიპოვეს და ამერიკაში INTEL ISEF-ზე გაემგზავრნენ. კონკურსში 75 ქვეყნის 1 800 მეცნიერ-გამომგონებელი იღებდა მონაწილეობას. ბიჭები ოქროს მედლებით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ სამშობლოში. მათ ბევრი სიახლე და კარგი იდეა აქვთ საქართველოში ამ სფეროს განვითარებისთვის, რომელთა შესახებაც ინტერვიუს პროცესში გვიამბეს:
– როდის დაინტერესდით გამომგონებლობით?
გიორგი: მერვე კლასში დავინტერესდით ამ საკითხით. ვიდრე სკოლიდან გვექნებოდა მხარდაჭერა და დაგვაკავშირებდნენ პროფესორ თეიმურაზ ჩიჩუასთან, მანამდე ჩვენით ვაკეთებდით რაღაცეებს. შემდეგ, როცა ეს ადამიანი გამოჩნდა, დავიწყეთ სერიოზული მუშაობა. გავედით „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსზე, გავიტანეთ ჩვენი პირველი პროექტი – პორტალური ელექტროგენერატორი სამაჯური და ქამარი. დავიკავეთ მესამე ადგილი, გავემგზავრეთ ამერიკაში და გავაგრძელეთ ამ სფეროში მუშაობა.
– თანაკლასელები ხართ?
– დიახ, პირველი კლასიდან ერთად მივდივართ. შემდეგ, მოხდა ისე, რომ მეხუთე კლასში სხვადასხვა სადამრიგებლოში მოგვიწია გადასვლა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის. მერვე კლასიდან ისევ ერთად დავიწყეთ მუშაობა, რადგან ერთი მიზანი გვქონდა. ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე.
– დღეისთვის რამდენი გამოგონება გაქვთ?
ამირანი: ახლა გვაქვს 5 გამოგონება. ყველა პორტალური ელექტროგენერატორია. ბოლო გამოგონებაა ჩარჩო, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას ტემპერატურის სხვაობით – შეგვიძლია, ჩავრთოთ ლეპტოპი, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, ავანთოთ შუქი, დავტენოთ ტელეფონი და ასე შემდეგ. რაც შეეხება პირველ გამოგონებას, ეს იყო სამაჯური და ქამარი. თუ ადამიანი ორივეს ერთდროულად ატარებს, მოძრაობისას ელექტროენერგიის გენერირებას ახდენს და შეგროვებული ენერგიით, ტელეფონის დამუხტვაა შესაძლებელი. ეს პროექტი გავიტანეთ „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსზე და გავედით მესამე ადგილზე. ეს იყო პირველი კონკურსი, რომელმაც საშუალება მოგვცა, ამერიკაში INTEL ISEF-ზე გავმგზავრებულიყავით და ჩვენი პროექტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგვეტანა. იქ მივიღეთ ოქროს მედლები, შევიძინეთ ბევრი მეგობარი და ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით.
გიორგი: გავიცანით ნობელის პრემიის ლაურეატები. განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა მაიკლ ბიშოპის გამოსვლა. მან ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწია წარმატებას. რაც შეეხება დანარჩენ სამ გამოგონებას, აქედან ორი, არის ჩაფხუტი და კეპი, რომლებიც ასევე, გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. ჩაფხუტს სამი რეჟიმი აქვს – მაგალითად, ცეცხლთან დადებ და ტელეფონი დაიტენება; მეორე რეჟიმით, თავიდან გამოყოფილი სითბო ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, მესამე რეჟიმით კი, ჩაფხუტში დამონტაჟებული მაცივარი ირთვება და სიცხეში თავს აგრილებს. რაც შეეხება კეპს, ეს უფრო ზაფხულისთვისაა საჭირო. ის აგრილებს თავს, მაგრამ არა ისე, რომ თავი დააზიანოს.
– არის თუ არა, რომელიმე პროექტი დაპატენტებული?
ამირანი: ჩვენი პირველი პროექტი დაპატენეტებულია. დანარჩენი ოთხი, ჯერჯეობით საპატენტო პროცედურებს გადის.
– თქვენით იგონებთ ამ ყოველივეს, თუ არსებობს მოდელი, რომელსაც აუმჯობესებთ?
– არცერთი ჩვენი პროექტი არ არის სხვისი. თითოეული მათგანი ჩვენი იდეაა. ჩვენი რესურსებით გაკეთებული და საკუთარი ხელით აწყობილი.
გიორგი: პლაგიატს ნამდვილად არ აქვს ადგილი (იცინის). როცა იდეას მოვიფიქრებთ, სანამ მუშაობას დავიწყებთ, მანამდე ვატარებთ კვლევას, არსებობს თუ არა მისი ანალოგი.
– პროექტს რის მიხედვით არჩევთ?
ამირანი: ძირითადი აქცენტი გამახვილებული გვაქვს ელექტროენერგიაზე. ყველა ჩვენი პროექტი ენერგოგამომმუშავებელია. მიგვაჩნია, რომ ადამიანები ზღვა ენერგიას ხარჯავენ, ამიტომ უნდა შეიქმნას ისეთი წყარო, რომელიც იქნება მუდმივი და ფორსმაჟორულ სიტუაციებში მათ დაეხმარება.
– როგორც ვიცი, ოქსფორდში ხართ მიწვეულები...
– დიახ, ოქსფორდის საზაფხულო სკოლამ მიგვიწვია ერთკვირიანი კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კურსებზე. ივნისის დასაწყისისთვის წავალთ და ერთ კვირაში დავბრუნდებით.
გიორგი: ამ ეტაპზე დაფინანსების ძიებაში ვართ.
– თითოეული პროექტი ფინანსებთანაა დაკავშირებული. მშობლები გეხმარებიან?
ამირანი: სპონსპორი, როგორც ასეთი, არ გვყავს. პირველად რომ გავიმარჯვეთ, განათლების სამინისტრომ დაგვიფინანსა ამერიკაში წასვლა.
გიორგი: სხვათა შორის, მესამე ადგილს არ აფინანსებდნენ და როგორც გავიგეთ, მაშინდელი განათლების მინისტრი, ქალბატონი თამარ სანიკიძე, იმდენად დაინტერესდა ჩვენი პროექტით, რომ გადაწყვიტა, გამონაკლისი დაეშვა. ჩვენი სახსრებით ვქმნით ყველაფერს.
– რა დროს უთმობთ ამ საქმეს?
ამირანი: დაახლოებით 3-4 თვეა საჭირო ერთი პროექტისთვის. ყველაფერში ხელს გვიწყობს ჩვენი სკოლის დირექტორი, ქალბატონი რუსუდან ბოლქვაძე, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ.
გიორგი: სკოლის შემდეგ ვმუშაობთ. ცოტა რთულია მოსწრება, მაგრამ ისე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ სკოლის გაცდენაც არ გვიწევს.
– სამომავლოდ რას გეგმავთ?
– ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომელსაც ჰქვია „აღმოაჩინე ქართულად“. ეს პროექტი მოიცავს უცხოური მასტერკლასებისა და ინოვაციების ქართულ ენაზე გადმოთარგმნას, რათა ქართველი მოსწავლებისთვის აღარ იყოს ენობრივი ბარიერი. დავიწყეთ უკვე თარგმნა და ამ საკითხზე მუშაობა. საიტიც შევქმენით. პრეზენტაცია გვაქვს 24 აპრილს, 2 საათზე ტექნოპარკში.
– სკოლაში, ალბათ, ძალიან პოპულარული ბიჭები ხართ...
ამირანი: არც ისე (იცინის).
გიორგი: ჩვენ არ გვიყვარს იმის აფიშირება, რასაც ვაკეთებთ. ძირითადად, საქმეზე ვართ ორიენტირებულები. იციან ჩვენი საქმიანობის შესახებ და მორჩა. თან, სკოლა ისედაც განებივრებულია წარმატებული პროექტებით.