როგორ გადააწყვეტინა ბერიამ სტალინს, ჰელსინკის ოლიმპიადაში საბჭოთა კავშირს მიეღო მონაწილეობა #17
უამრავ პროექტს შორის, რომელსაც ლავრენტი ბერია კურირებდა, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ ცნობილი და იმავდროულად, უმნიშვნელოვანესი გახლდათ საბჭოთა ოლიმპიური მოძრაობის ჯერ შექმნა, მერე კი მისი სასწრაფოდ საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართვა. ისტორიკოს-პუბლიცისტი ვლადისლავ კორობკოვი წერს: „ლავრენტი ბერია უაღრესად პროგრესული, შორს მჭვრეტელი ადამიანი იყო და სტალინის უსიტყვოდ მორჩილ პოლიტბიუროს წევრებს შორის, ერთადერთი გახლდათ, ვინც ცდილობდა, რომ ქვეყანა (საბჭოთა კავშირი) ნახევარი ნაბიჯითაც კი არავის არაფერში ჩამორჩენოდა. სწორედ ბერიას დამსახურება იყო, რომ 1952 წელს საბჭოთა კავშირმა ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად ასეთ შეჯიბრებაში მონაწილეობის არანაირი გამოცდილებისა, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა და მნიშვნელოვნად გაასწრო სხვა მეტოქეებს. საბჭოთა ოლიმპიური კომიტეტის პირველი თავმჯდომარე, კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ანდრიანოვი იხსენებდა: „საბჭოთა კავშირი არც ომამდე და არც ომის შემდგომ ოლიმპიადებში ჯიუტად არ მონაწილეობდა და ეს იყო სტალინის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ბელადი ვარაუდობდა, რომ თუკი საბჭოეთი წარმატებით ვერ გამოვიდოდა ასეთი გრანდიოზული მასშტაბის სპორტულ ფორუმზე, ამით ქვეყნის პრესტიჟი დაეცემოდა. ამიტომ, ამჯობინებდა, მონაწილეობა არ მიეღო. ბერიამ კი ის საპირისპიროში დაარწმუნა და ბელადს შეჰპირდა, რომ საბჭოთა ოლიმპიური გუნდი მედლებით დახუნძლული ჩამოვიდოდა ფინეთის დედაქალაქიდან. ლავრენტი პავლოვიჩს ჯერ კიდევ ჩემი საფეხბურთო მოღვაწეობიდან ვიცნობდი. 1949-1950 წლებში საკავშირო საფეხბურთო სექციის თავმჯდომარე ვიყავი და საკმაოდ ხშირად ვხედავდი მას საფეხბურთო მატჩებზე, როცა თბილისის „დინამო“ მონაწილეობდა. ის ხომ ამ გუნდის თავგამოდებული ქომაგი იყო. ერთხელ ასეთი რამ მოხდა, რაშიც ნაწილობრივ მეც ვმონაწილეობდი. მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ერთმანეთს მოსკოვისა და თბილისის „დინამოები” ხვდებოდნენ ერთმანეთს. თამაშს სამთავრობო ლოჟიდან ბერიაც ადევნებდა თვალყურს. მეორე ტაიმის შუაში თბილისელთა ლეგენდამ ბორის პაიჭაძემ მთელი მოსკოვის „დინამო“ მოატყუა – მეკარე ალექსეი ხომიჩს თავზე გადაუგდო ბურთი და ისეთი გოლი გაიტანა, რომელიც პელესაც კი შეშურდებოდა. თუმცა, გაბრაზებულმა ხომიჩმა მოძრაობისას პაიჭაძეს მუხლი მიარტყა მკერდში, ძირს დასცა და ქართველი ფორვარდი ვერ ინძრეოდა. ისე მოხდა, რომ ექიმების გამოძახება დროზე ვერ მოხერხდა და ბერიამ საკუთარი მანქანით წააყვანინა პაიჭაძე კრემლის კლინიკაში, სადაც მხოლოდ პარტიულ მაღალჩინოსნებს მკურნალობდნენ. შემდეგ ბერიამ პირადად ინახულა დაზარალებული სპორტსმენი. იმავე დღეს კი, მისი დაჟინებული მოთხოვნით, ფეხბურთის სექციის სხდომა ჩავატარე, სადაც ერთხმად მივიღეთ დადგენილება, საფეხბურთო მინდვრებზე უხეშობის აღმკვეთი ზომების შესახებ. ალექსეი ხომიჩს კი ოთხი თამაშით მივეცით დისკვალიფიკაცია. ბერიამ თავის კაბინეტში დაიბარა მოსკოველთა მთავარი მწვრთნელი მიხეილ იაკუშინი და – შეახურა... თავად მეკარე ალექსეი ხომიჩს კი, ოთხმატჩიან დისკვალიფიკაციასთან ერთად, ათი დღის განმავლობაში მოსკოვის ქუჩები დააგვევინა მილიციამ და ეს განკარგულება ბერიასგან მოდიოდა... აი, ასეთ ვითარებაში გავიცანი ბერია და მას მერეც, ხშირად შევხვედრივარ მას. 1951 წლის 22 აპრილს კი, საღამოს 10 საათზე ჩემს ბინაში ტელეფონმა დარეკა. ვუპასუხე და მამაკაცის ქართულაქცენტიანმა ხმამ, რომელიც ვერ ვიცანი, მითხრა:
– საღამო მშვიდობისა, კონსტანტინ ალექსანდროვიჩ.
– საღამო მშვიდობისა. გისმენთ, – მივუგე უცნობს.
– ბერია გელაპარაკებათ.
სიმართლე ვთქვა, ამის გაგონებაზე გამაჟრჟოლა, რადგან ბერია ტყუილუბრალოდ არ დამირეკავდა. მაგრამ, თავი მოვთოკე და რაც შემეძლო, მშვიდად ვუთხარი:
– ბოდიშს გიხდით, ვერ გიცანით, ლავრენტი პავლოვიჩ. გისმენთ, ამხანაგო მარშალო.
– კონსტანტინ ალექსანდროვიჩ, ხვალ თქვენც მარშალი გახდებით. ერთი სიტყვით, 23 აპრილს საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ კომიტეტს ვაფუძნებთ და პრეზიდენტი თქვენ იქნებით. მომავალ წელს ჰელსინკის ოლიმპიადაში წარმატებულად უნდა გამოვიდეთ და ამხანაგ სტალინს სიტყვა მივეცი ამის შესახებ. გასაგებია?
– დიახ. გასაგებია, ამხანაგო ბერია.
– წარმატებას გისურვებთ, – მითხრა ბერიამ და ყურმილი დაკიდა.
ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ბერიამ მითხრა. თავმჯდომარედ მე ამირჩიეს და ჩემი კანდიდატურა ბერიას წარუდგენია...“
ახალბედა საბჭოთა ოლიმპიურმა ნაკრებმა ჰელსინკიდან 71 მედალი ჩამოიტანა და აქედან, 22 ოქროსი იყო, 30 ვერცხლის და 19 ბრინჯაოსი. პირველობა კი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუთმეს, რომელიც ოთხი წელი ემზადებოდა ოლიმპიადისთვის და თამაშებში მონაწილეობის უდიდესი გამოცდილება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ყველაფერში მხოლოდ პირველობას აფასებდა და მეორეობას არ სცნობდა, საბჭოთა ოლიმპიელების დებიუტით მაინც კმაყოფილი დარჩენილა და საბჭოთა ოლიმპიური კომიტეტისთვის სოლიდური დაფინანსებაც მიუცია. კონსტანტინე ანდრიანოვი იხსენებდა: „ჰელსინკის ოლიმპიადის დამთავრებიდან სამიოდე დღის შემდეგ, სტალინმა მე და ბერია თავისთან დაგვიბარა. ბერიამ გამომიარა და ერთად წავედით. მე ვნერვიულობდი. ბერიამ ეს შემამჩნია და მითხრა:
– ნუ ღელავთ, კონსტანტინ ალექსანდროვიჩ. სტალინთან წარმატებაზე თავი მე დავდე და თუკი ის უკმაყოფილოა, პასუხსაც მე ვაგებ.
– მე კი, თქვენთან დავდე თავი წარმატებაზე, – ძალაუნებურად ვთქვი მე.
ჩემს სიტყვებზე ბერიამ გულიანად იცინა და ბოლოს მითხრა:
– ნუ გეშინიათ. მე თქვენთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს და იმედია, არც სტალინს ექნება სერიოზული შენიშვნებიო.
კრემლიდან ასევე ერთად, ამაღლებული განწყობით დავბრუნდით, რადგან სტალინი კმაყოფილი იყო ჰელსინკის ოლიმპიადის შედეგებით და თავისუფლად ამოვისუნთქე“.
საგულისხმო ფაქტია ასევე ის, რომ ჰელსინკის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 14 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა, რომლებმაც 9 მედალი მოიპოვეს. აქედან 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ბერია განსაკუთრებულად ამ ფაქტით იყო გახარებული. ეამაყებოდა, რომ მხოლოდ ქართველი სპორტსმენების მაჩვენებლით, ეს პატარა რესპუბლიკა ოლიმპიადაში მონაწილე 69 ქვეყანას შორის მეათე ადგილზე გავიდა და სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ისეთ სახელმწიფოებს აჯობა, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და თურქეთი.
სპორტის დამსახურებული ოსტატი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, კალათბურელი ნოდარ ჯორჯიკია იხსენებდა: „ჰელსინკიდან მოსკოვში ყველაზე ბოლოს კალათბურთელები დავბრუნდით და მიუხედავად იმისა, რომ უძლეველ ამერიკელებთან დავთმეთ ფინალი, უხასიათოდ ვიყავით. მე და ოთარ ქორქია ერთ ნომერში ვცხოვრობდით. თბილისში გამომგზავრების წინა დღეს მოულოდნელად „ენკავედეს“ გენერალი გვესტუმრა და ბერიასთან წაგვიყვანა კრემლში.
– რას ჩამოგტირით პირი, არწივებო? სულ რომ ნულზე წაგეგოთ, მაინც გმირები ხართ. ყოჩაღ! გილოცავთ წარმატებას! – შეგვაქო ბერიამ და მე და ოთარს საუცხოო შამპანურით გაგვიმასპინძლდა.
ბერიასთან ორიოდე საათი დავყავით და რომ გვაცილებდა, მრავალმნიშვნელოვნად გვითხრა:
– იცით თუ არა, რომ ჩვენ, ქართველებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 69 ქვეყანას შორის მეათე ადგილი დავიკავეთ? – შემდეგ კი ტუჩზე მიიდო თითი, – ეს ჩვენ შორის დარჩეს. აბა, წარმატებებს გისურვებთ!
მე და ოთარმა ბერიას სიტყვები მის პატრიოტიზმს მივაწერეთ, მაგრამ ათეული წლების განმავლობაში არავისთვის გაგვიმხელია“.