კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ავტორიტეტი ჰქონდა 23 წლის სტალინს ბაქოში და რატომ ზანზარებდა მთელი ქალაქი მისი სახელის ხსენებაზე #17

სტალინის რევოლუციური მოღვაწეობის ადრეულ წლებზე ბევრი არაფერი იყო ცნობილი და მხოლოდ ამ ბოლო დროს გამოქვეყნებული განსაიდუმლოებული საარქივო მასალებიდან და საბჭოთა ბელადის თანამედროვეთა ჩანაწერებიდან ხდება ცნობილი რევოლუციონერ კობას ცხოვრების ზოგიერთი დეტალი... ისტორიკოსი სამუელ კრაჩკოვსკი წერს: „იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მთელი ბიოგრაფია ჯერ კიდევ საგულდაგულოდაა შესასწავლი, რაც ალბათ, მომავლის საქმეა – იმ პერიოდის, როცა ღრმად გასაიდუმლოებული საბჭოთა არქივები გაიხსნება და მრავალი დეტალი გამომზეურდება ამ იდუმალი და ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსის შესახებ. უკვე ცნობილი ეპიზოდებიდან კი ძალიან საინტერესოა სტალინის მოღვაწეობის ბაქოს პერიოდები. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა სტალინი ბაქოში არა მხოლოდ რევოლუციური აგიტაცია-პროპაგანდით იყო დაკავებული, არამედ საკმაოდ დიდი მოცულობის ფინანსური ნაკადების გადაადგილებას აკონტროლებდა, რომლებსაც თავისი მებრძოლი რევოლუციური ჯგუფების მეშვეობით, მოიპოვებდა კიდეც. სტალინის ერთ-ერთი „რევოლუციური ჯარისკაცი“, შემდგომში ბრიტანეთში გაქცეული ანტონ პორსაკი 1960 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში წერდა: „მეოცე საუკუნის დასაწყისის ბაქო მსხვილი კაპიტალის დაბანდების ადგილი იყო არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ მთელ რუსეთის იმპერიაში. იქ დიდი ფული ტრიალებდა და რევოლუციონერებს მეტი რა უნდოდათ? სტალინიც პირველად სწორედ ბაქოში გავიცანი, სადაც მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. 1902 წელს 18 წლის პირტიტველა ბიჭი ვიყავი და როტშილდის ნავთობკონსორციუმში ვმუშაობდი მოანგარიშედ. სტალინს მაშინ კობას ეძახდნენ. მართალია, ის ჩემზე სულ რაღაც 5 წლით იყო უფროსი, მაგრამ ამ 23 წლის ახალგაზრდას უდიდესი გამოცდილება ჰქონდა და განუსაზღვრელი ავტორიტეტით სარგებლობდა ბაქოს ეგრეთ წოდებულ „დაბალ ფენებში“, რომელშიც კრიმინალური სამყაროც შედიოდა. „ექსპროპრიატორი კობა“ – ასე იცნობდნენ ახალგაზრდა სტალინს ბაქოში და მარტო მისი სახელის ხსენებაზე არაერთი ავტორიტეტული ვაჟკაცი თუ მდიდარი მინახავს აკანკალებული. ერთხანს, სტალინის საბრძოლო ჯგუფის წევრიც ვიყავი, რომელშიც ჩემი მამიდაშვილის, პავლე სნეგირიოვის წყალობით მოვხვდი. ყველაზე ნიშანდობლივი კი ისაა, რომ ექსპროპრიატორობის მიუხედავად, სტალინს ფაქტზე ვერ იჭერდნენ და, საერთოდ, მისი საცხოვრებელი კონსპირაციული ბინის შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცოდა. კონსპირაციულ ბინაში, თვალახვეული მიმიყვანეს. სტალინმა (მაშინ კობამ) ხელი ჩამომართვა, პირისპირ გამესაუბრა და ისე მომნუსხა, რომ ერთი კვირის შემდეგ, უკვე მილიონერ ჰუსეინ ბაბაევის მოტაცებაში მივიღე მონაწილეობა „მაუზერით“ შეიარაღებულმა პირტიტველა, პატარა ბიჭმა...“
ჰუსეინ-მამედ ბაბაევის მოტაცებას თავად მილიონერის შვილიშვილი იხსენებს. მას კი ბაბუამ უამბო. ბაბაევი ყვებოდა: „ბაქოს ცენტრში ვმოძრაობდი ჩემი ძვირფასი ეტლით, როდესაც მოულოდნელად, რევოლვერებით შეიარაღებული ადამიანები შემომიხტნენ შიგნით. ერთადერთი მცველი მეეტლის კოფოზევე გაანეიტრალეს, სხვა ეტლში გადამსვეს და თვალებახვეული გამაქანეს გაურკვეველი მიმართულებით. დანიშნულების ადგილზე რომ მივედით და ჩაბნელებულ ოთახში ამოვყავი თავი, ვიღაც წვერმოშვებული, ნაყვავილარსახიანი ახალგაზრდა გამომეცხადა და ყურადღებით შემათვალიერა. დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა, რომ ბოლშევიკ-რევოლუციონერებმა გამიტაცეს ფულის მოთხოვნის მიზნით. ასეთი რამ მაშინ ბაქოში ხშირად ხდებოდა და ისიც გაგონილი მქონდა, რომ ამ საქმეებს ვინმე კობა თავკაცობდა. მისი აღწერილობაც ვიცოდი და ჩემ წინ მდგომს რომ დავაკვირდი, მივხვდი, სწორედ ის ნაყვავილარსახიანი კობა იდგა. არ შემშინებია, თუმცა ასეთი ყოფა მნიშვნელოვან დისკომფორტს მიქმნიდა. რაც შეიძლება, მალე მინდოდა იქიდან თავის დაღწევა და მოულოდნელი სვლა გავაკეთე, სანამ ჩემ წინ მდგომი რამეს მეტყოდა, თვითონ ვუთხარი:
– კობა, ალბათ, ფული გინდა და ამიტომ გამიტაცეს, ხომ? რამდენი გინდა, მითხარი და მიიღებ.
ჩემმა სიტყვებმა ის ძალიან გააკვირვა და  მითხრა:
– საიდან მიცნობთ?
– შენ ვინ არ გიცნობს. შენი სახელის ხსენებაზე მთელი ბაქო ზანზარებს. მითხარი, რამდენი გჭირდება და მიიღებ.
კობამ ირონიულად შემათვალიერა და მითხრა:
– ფული ჩვენს საქმეს სჭირდება, ჩვენს მართალ საქმეს და არა მე, პირადად.
– თქვი, რამდენი გინდა?
– ასი ათასი, – მოკლედ მომიჭრა კობამ.
– იყოს ასი ათასი. გამიშვი და მოვიტან, – მშვიდად ვუთხარი კობას. მან კი მწველი მზერა მესროლა და პაუზის შემდეგ მიპასუხა:
– კეთილი. წადი. მაგრამ აქ მოსვლით აღარ შეგაწუხებთ. კაცს გამოგაყოლებთ და მას გამოატანეთ ფული.
ერთი სიტყვით, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, კამო გამომაყოლეს და მას გავატანე 100 ათასი მანეთი. ერთი კვირის შემდეგ კი კობას ხალხმა სახლში უნიკალური, ინკუსტრირებული პიანინო მომიტანა, რომელიც კობამ პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად გამომიგზავნა.
ჰუსეინ-მამედ ბაბაევს დაუფასდა სტალინისთვის ფულის გაგზავნა და ის, არამც თუ დახვრიტეს 30-იან წლებში, არამედ უზარმაზარი ბინაც შეუნარჩუნეს ბაქოში და ყოფილი მილიონერი 86 წლის ასაკში, 1949 წელს, მშვიდად გარდაიცვალა თავის საწოლში. სტალინის ნაჩუქარი უნიკალური პიანინო კი დღემდე ბაბაევების შთამომავლების სახლში ინახება, რომელიც მათ ჰუსეინ-მამედმა დაუტოვა.
სტალინის კავკასიურ ექსპროპრიაციებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სტალინზე 4 წლით უფროსი, მაქსიმე ლიტვინოვი, რომელიც მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა და სტალინთან დაახლოებული პირი იყო. თუმცა, შემდეგ ურთიერთობა გაუფუჭდა ბელადთან და 1951 წელს საკუთარი აგარაკისკენ მიმავალი საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა.
ლიტვინოვის ქვრივი აივი ლოუ ლიტვინოვა ინგლისში, ემიგრაციის შემდეგ სტალინზე წერდა: „მაქსიმე (ლიტვინოვი) სტალინს ხშირად აკრიტიკებდა შინაურ წრეში და ზოგჯერ ამერიკელ დიპლომატ-ვიზიტორებთანაც, რომლებიც მას აგარაკზე სტუმრობდნენ ხოლმე. ჩემს მეუღლეს არ მოსწონდა საბჭოთა ბელადის ჯიუტი, არდამთმობი პოლიტიკა ყოფილი მოკავშირეების – ამერიკისა და ბრიტანეთის მიმართ. ეს საუბრები, აშკარაა, რომ სტალინის ყურამდე მიდიოდა, რადგან უშიშროება გვისმენდა. ერთ დღეს მაქსიმე სტალინმა თავისთან დაიბარა კუნცევოში. სახლში რომ დაბრუნდა, დათრგუნული და განადგურებული იყო. ჩემს კითხვაზე, თუ რა დაემართა, მაქსიმმა მიპასუხა:
– აივი, ძვირფასო, სტალინმა მითხრა, ჩემს სიჯიუტეს კი ნუ განიხილავ მტრებთან, იმ დაღუპულებზე იფიქრე, შენ მიერ ნატყორცნ ბომბას რომ ემსხვერპლნენ თბილისშიო.
ცოტა ხნის მერე ლიტვინოვი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.“
სტალინმა ლიტვინოვს ის ცნობილი ექსპროპრიაცია შეახსენა, რომლის დროსაც თბილისის ბანკის ეტლიდან 300 ათასი ოქროს ფული გაიტაცეს და ლიტვინოვის სისასტიკეს 30-მდე ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც შეეწირნენ. როგორც ცნობილია, იმ ექსპროპრიაციაში სტალინიც მონაწილეობდა და სულ სხვა გეგმა ჰქონდა, რომელიც ამდენ მსხვერპლს არ გამოიწვევდა.“

скачать dle 11.3