შენ თავისუფალი ქალი ხარ… #17
რას ნიშნავს ეს – დავიწყოთ იმით, რომ გაქვს შინაგანი თავისუფლება… გიყვარს თავისუფალი, ბედნიერი ცხოვრება. შეიძლება, სხვებს ჰგონიათ, რომ რაღაც შეუძლებელს ითხოვ. არადა, შენ მხოლოდ ფრთები გინდა, სამყაროს რომ გადმოხედო და შენს შიგნით არსებული სიყვარული, სითბო და სიკეთე აჩუქო ყველას, ვისაც შენი თვალი და გული მისწვდება…
როცა თავისუფალი ქალი ხარ, შენი შესაძლებლობების ზღვარი უსასრულობამდე აღწევს. ზოგჯერ ხდება, რომ შინაგანად, თავადვე ვებრძვით და უკუვაგდებთ ამ მუდამ სანატრელ თავისუფლებას.
შენ თავისუფალი ქალი ხარ…
ეს ნიშნავს, რომ გაქვს ძალა, რომელიც აუცილებელია თავისუფლების მოსაპოვებლად. ყველაზე კარგად იცი თავისუფლების ფასი და გემო. იცი სიყვარულიც, შეგიძლია, აღზარდო თავისუფალი შვილება.
თუ შინაგანად თავისუფალი ხარ, იცი, როგორ გაათავისუფლო საყვარელი ადამიანი, როგორ მისცე საკუთარი თავის განუზომელი რწმენა. გაუღვიძო უნარი ერთდროულად, ფრენისაც და ფეხზე მყარად დგომისაც. შენ ყველაზე მართალი და ნამდვილი სიყვარული შეგიძლია, რადგან შენ ხარ თავისუფალი, ლაღი და ბედნიერი ქალი…
თავისუფალი ქალი – ძლიერი ქალია. ძლიერი კი ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს. არასდროს დაგავიწყდეთ ეს.
მარტოობის
უპირატესობები
არის ქალის ცხოვრებაში პერიოდები, როცა მარტოა. მაგრამ, ეს ტრაგედია არ არის. თუ ამ ეტაპზე გვერდით მამაკაცი არ გყავთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უბედური უნდა იყოთ. მარტოობას უამრავი პლუსი აქვს და თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. რაც შეეხება, მარტოობის უპირატესობებს.
1. მარტოხელა ქალი სექსუალურია, რადგან მას კვლავ სურს მამაკაცის ყურადღების მიქცევა. მაქსიმალურად ცდილობს, კარგად გამოიყურებოდეს. მიმზიდველი და ეფექტური იყოს. გაცილებით ხშირად იღიმის და ნაკლებად უხეშობს.
2. მარტო დარჩენილ ქალს ერთბაშად ახსენდება, რომ უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავს, თამამად და გულითადად ურთიერთობს მათთან. გეგმავს საღამოებს, გასართობ ღონისძიებებს და ფულსაც დაუნანებლად ხარჯავს საკუთარი სიამოვნებისთვის.
3. მარტო თუ ხართ, უფრო მეტად აფასებთ საქმეს, რომელიც თავდაუზოგავად უნდა აკეთოთ, რათა შემდეგ შედეგით დატკბეთ. მარტოხელა ქალი ფულსაც შოულობს და გართობაც უყვარს.
4. დიასახლისს ნაკლები დრო აქვს თავის მოსავლელად. მას ხომ უამრავი ვალდებულება აწევს, მარტოხელა კი მუდამ ფორმაშია. გამოიყენეთ თქვენი ცხოვრების მშვიდი პერიოდი ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობისთვის.
შეყვარებული ქალი
ვის წინაშეა ვალდებული ქალი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის ბატონ-პატრონია, ანუ არ აქვს სტაბილური და სერიოზული ურთიერთობა მამაკაცთან.
განსაჯო, ან შეიცოდო ადამიანი, რომელმაც თავად აირჩია საკუთარი ბედი, სისულელეა. მაგრამ, ხანდახან როცა შეყვარებული ქალის ისტორიას ისმენ, ძნელია, არ უთხრა, სად და რატომ შეეშალა. უპირველესად, თუ ქალი საკუთარ თავს ატყუებს, მას უკვე სერიოზული პრობლემა აქვს.
უბედურება ისაა, რომ ზოგიერთმა ქალმა თავადაც არ იცის, რა სურს. მაგალითად, ცოლიან მამაკაცზე შეყვარებული ქალი ყოველთვის იტყუება, როცა ამბობს, ეს არასერიოზულიაო.
ცოლიან მამაკაცზე შეყვარებული ქალი ცოლს ყოველთვის კონკურენტად აღიქვამს. უმჯობესია, საერთოდ არ თქვას, რომ ცოლი მისთვის დაბრკოლება არ არის. შინაგანად ზუსტად იცის, რომ თავს იტყუებს. ის ვერ იტანს ცოლს და მას მხოლოდ ცუდს უსურვებს.
ხომ მოგისმენიათ მსგავსი ტექსტები – ის ღმერთს არ უქნია ქალად, რა აცვია, თავს არ უვლის, ბავშვებს ცუდად ზრდის, ეგოისტია და ყველანაირად უვარგისი.
პრობლემების იგნორირება ვერასდროს იქნება მისი მოგვარების საშუალება. ცალმხრივად შეყვარებული ქალი იქმნის ილუზიას, რომ ჩრდილში იქნება... მაგრამ როგორც კი კაცს გულში შემოუშვებ, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შეიცვლება.
ზოგჯერ ეს ნამდვილი ბრძოლაა მამაკაცისთვის. „ჯილდოდ“ გელით შეუფასებელი, ცხოვრებისეული გამოცდილება და პიროვნული ზრდის ახალი საფეხური.
როგორი უნდა იყოს
იდეალური ცოლი
მამაკაცის გულის მოგება ადვილი არ არის. მათ ყველაფერი საუკეთესო უნდათ. მით უმეტეს, მაქსიმალისტები არიან, როცა საქმე ცოლს ეხება.
მამაკაცს უნდა, რომ მისი ცოლი იყოს მომხიბვლელი და მარტო გარეგნულად არა, შინაგანადაც;
უნდა ზრუნავდეს საკუთარ გარეგნობაზე. იყოს მოწესრიგებული, მოვლილი და აკურატული. თან, შეინარჩუნოს ზომიერება.
ნებისმიერ კომპანიაში, სადაც ქმართან ერთად აღმოჩნდება, უნდა იყოს მხიარული, მაგრამ არა ვულგარული.
ძლიერიც უნდა იყოს და ქალურიც. რა თქმა უნდა, ნაზიც და ყურადღებიანიც. ქმართან – ალერსიანი და შვილებთან – მკაცრი.
სასურველია, შეეძლოს ფულის შოვნა. ასევე, თანხის ჭკვიანურად და პრაქტიკულად დახარჯვა.
ცოლი ისე უნდა იქცეოდეს, რომ კაცს მის გამო არ შერცხვეს. არ იეჭვიანოს უსაფუძვლოდ და კამათის დროსაც არ დაეცეს ქუჩის ქალის ლექსიკამდე.
ქმარი უნდა უყვარდეს და პატივს სცემდეს. შეეძლოს კაცის მოსმენა, ემთხვეოდეს მათი ინტერესები და საერთო თემები ჰქონდეთ. ეს სჭირდება მამაკაცს. ყოველთვის უნდა გამონახოს ოქროს შუალედი – თუ ქმარს რაღაც არ გამოსდის, უნდა გაამხნევოს და დააჯეროს, რომ დღეს თუ არა ხვალ, ყველაფერი კარგად იქნება.