ერიდე ბოროტსიტყვაობას და ნურავისთან გექნება მტრობა! #17
ნუ იცხოვრებ ერთ სახლში ბოროტის მესიტყვეებთან ერთად, რადგან „მაგინებელთა... სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“ (I კორ. 6,10). ნურასდროს დაუმეგობრდები მწვალებლებს, ნუ ჭამ და ნუ დალევ მათთან ერთად. ნუ იქნები მათი თანამგზავრი გზაზე, რამეთუ მათ ყველაფერი არაწმიდა აქვთ, უკლებლივ. როგორც პავლე ამბობს: „შეგინებულთა და ურწმუნოთა არარაი არს წმიდა, არამედ შეგინებულ არს მათი გულიცა და გონებაიცა“ (ტიტ. 1,15). თუკი შესაძლებელია, ერთი ჟამითაც ნუ გექნება მტრობა ნურავისთან; არასდროს მიხვიდე ძილად ისე, რომ ვინმესთან მტრობა გქონდეს გულში, რათა უმოწყალო განკითხვას არ ეწიო! თუ შესაძლებელია, არასდროს შეწყვიტო განცხადებული ლოცვა, ხოლო როცა ეს არ ძალგიძს, გონებით ილოცე! ნუ დაელოდები კვირა დღეს, ნუ დაუწყებ ძებნას განსაკუთრებულ ადგილსა თუ ეკლესიას; არამედ სადაც უნდა იმყოფებოდე – ველად ხნავდე, გზას ადგე, ცხოვართ მწყემსავდე თუ სახლში იჯდე, ნუ დააგდებ ლოცვას, მოუკლებლად ილოცვიდე! იხილე, საყვარელო, ნურავისთან ნუ გექნება მტრობა; ღმერთი არ შეიწყნარებს ლოცვას, მკითხაობას. ივლტოდე ყოველივე ამისაგან, რამეთუ შენ თვით ჭეშმარიტება გაქვს, მაცხოვნებელი და ცხოველმყოფელი ჯვარი და მასზე მიმსჭვალული უფალი გყავს, რომელიც ყველას იფარავს, ვისაც კი ყოვლადწმიდა და მაცხოვნებელი ჯვარი უყვარს.
ღმერთისგან არის თუ არა
ყოველი სიმდიდრე
ნუ შეგვშურდება მდიდრების და ნუ ავიგდებთ აბუჩად გლახაკებს, რამეთუ სიმდიდრე და სიღარიბე შეიძლება, ღმერთისგანაც იყოს და შეიძლება, არც იყოს მისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალი აგროვებს დიდძალ ქონებას ტაცებით, ჯადოქრობითა და სხვა, მსგავსი ხერხით. ასეთებს, მართალია, სიმდიდრე აქვთ, მაგრამ სიცოცხლის ღირსნიც კი არ არიან. აბა, მითხარი, შეიძლება კი ითქვას, რომ ეს სიმდიდრე ღმერთისგან არის? არა. მაშ, საიდან? ცოდვისაგან. მეძავი საკუთარ სხეულს ბღალავს და ამ გზით მდიდრდება. ქურდიც სხვისი ძარცვით აგროვებს უღირსად ნაშოვნ ქონებას. ამგვარად, არის კი ღმერთისგან ყოველი სიმდიდრე? მაგრამ მოისმინე ისიც, რომ შეიძლება, არც სიგლახაკე იყოს ღმერთისგან. როდესაც ვინმე, აღვირახსნილი ჭაბუკი სიმდიდრეს მეძავებში, მკითხავებთან სიარულში ან სხვა ამგვარ საქმეებში ფლანგავს, შედეგად კი, სიღატაკეში ვარდება, განა აქედან არ ჩანს, რომ ეს ღმერთისგან კი არა, მისივე თავაშვებულობისგან დაემართა? ასევე, თუ ვინმე უსაქმურობის გამო დაგლახაკდა, ან საკუთარი განუსჯელობის მსხვერპლი გახდა, ანდა საშიში და უკანონო საქმეები წამოიწყო და ამან გააკოტრა – განა სრულიად აშკარა არ არის, რომ ასეთი კაცი ღმერთს არ ჩაუგდია ამ დღეში? მეტყვი, კი მაგრამ, თუკი მდიდრები არად გვარგიან, მაშინ რატომ არსებობენო? რა გიპასუხო? უსარგებლონი ის მდიდრები არიან, რომლებიც უსჯულო გზებით მდიდრდებიან, ხოლო, ვისაც სიმდიდრეს ღმერთი აძლევს, იმათ დიდი სარგებლობა მოაქვთ – ეს მათი საქმეებიდანაც ჩანს. აბრაამი სიმდიდრეს ყველა მგზავრისა და გლახაკის სასარგებლოდ ფლობდა. როდესაც მას სამი კაცი ეწვია (მას ეგონა, რომ კაცები იყვნენ), აბრაამმა ხბო დაუკლა მათ და სამი საწყაული პურის ფქვილი მოუზილა. გაიხსენე, როგორ იჯდა თავისი სახლის ჭიშკართან შუადღით და უხვად უნაწილებდა ყველას თავის ქონებას, და გარდა ქონებისა, თავის სამსახურსაც სთავაზობდა, თანაც თვითონ ამ დროს ღრმად მოხუცებული იყო. აბრაამი ყველა მოგზაურისა და გაჭირვებულის ნავსაყუდელი იყო და არაფერი მიაჩნდა თავისად. თვით საკუთარი შვილიც კი. ასეთივე იყო ნეტარი იობიც. „კარი ჩემი ყოვლისთვის მომავალისა განღებულ იყო“ (იობი, 31,32); „თვალ ვიყავ ბრმათა და ფერხი მკვლელობელთა, რამეთუ ვიყავ მამაი ობოლთა, უძლურთა“ (29, 15-16); „გარეშე უცხოი არა სადა დაადგრა სახლსა ჩემსა“ (31, 32); „ანუ თუ უგულვებელს-ვყავ შიშუელი და დავრდომილი და არა შევმოსე? უძლურნი მაკურთხევდეს მე, რამეთუ ნარისუევითა (ნაპარსი მატყლი) გარიგთა ჩემთათა განტფებოდეს ბჭენი მათნი“ (32, 19-20). მთელ თავის სიმდიდრეს ის გლახაკებს ურიგებდა.
გინდა, ახლა ისინიც იხილო, ვისი სიმდიდრეც ღმერთისგან არ არის, და გაიგო, როგორ იყენებენ ამ ქონებას? შეხედე მდიდარს, რომელიც ლაზარესთან ერთად არის მოხსენიებული, ნამუსრევსაც რომ არ იმეტებდა გლახაკთათვის; შეხედე აქაბს, რომელმაც ვენახი მიითვისა; შეხედე ყველა ამდაგვარ ადამიანს. ისინი, ვინც სჯულიერად იხვეჭენ სიმდიდრეს და ღმერთისგან ეძლევათ ის, ამ სიმდიდრეს ღმრთის მცნებების თანახმად იყენებენ. ისინი კი, ვინც ღმერთს ქონების მოხვეჭისას შეურაცხყოფენ, იმავეს სჩადიან გამოყენებისას – ან მეძავებსა და უსაქმურ თანამეინახეებში ფლანგავენ სიმდიდრეს, ან მიწაში ფლავენ და ცხრაკლიტულში კეტავენ, ისე რომ, გლახაკს არაფერს არგუნებენ. მკითხავ, მაშ, რატომ უშვებს ღმერთი, რომ ასეთი ადამიანები გამდიდრდნენო? იმიტომ, რომ ღმერთი სულგრძელია და ყოველ ადამიანში სურს სინანულის გაღვიძება; იმიტომ, რომ მან ჯოჯოხეთი განამზადა და განაწესა დღე, როდესაც განსჯის ქვეყანას. ღმერთი რომ მყისვე სჯიდეს უსამართლოდ გამდიდრებულებს, ზაქეს არ მიეცემოდა საამისო დრო, რომ შეენანებინა და ოთხჯერ მეტი გაეცა, ვიდრე მიიტაცა, თან თავისი ქონების ნახევარიც დაემატებინა. ვერც მათე შეიცვლებოდა და მოციქული ვერ გახდებოდა, საკმარისი დრო რომ არ ჰქონოდა, და ბევრი სხვა მისი მსგავსი. ამიტომაც, ღმერთი დიდხანს ითმენს და ყველას სინანულისკენ მოუწოდებს. ხოლო მათ შესახებ, ვინც არ მოისურვებს შენანებას და ძველებურად განაგრძობს ცხოვრებას, პავლე მოციქულმა თქვა: „ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ (შეკრებ, შეაგროვებ) თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმერთისასა“ (რომ. 2,5). ამ რისხვას რომ გადავურჩეთ, ზეციური სიმდიდრე შევიკრიბოთ და ვეძიოთ პატივისცემის ღირსი სიგლახაკე. მაშინ მივიღებთ საუკუნო სიკეთეს, რომლის ღირსნიც დაე, გავხდეთ ჩვენ ყველანი და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!