კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იქცა გამოხატვის თავისუფლება, იმის თქმად, რაც პირზე მოგადგება და რატომ არის წახალისებული ნებისმიერი სისულელის გავრცელება სიტყვის თავისუფლების ეგიდით #17

გამოხატვის თავისუფლება თანამედროვეობის მიღწევად მიიჩნევა. ან კი როგორ შეიძლება, არ მიიჩნიონ, როდესაც ნებისმიერს შეუძლია, თავისი აზრის გამოთქმა. სხვათა შორის, სულაც, არ აქვს მნიშვნელობა, აზრი სულელურია თუ ჭკვიანური, სიმართლეა თუ ტყუილი. მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლება (რაც თავისთავად სიკეთეა), ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, არც თუ იშვიათად მასობრივი დაშტერების საშუალებადაც იქცევა. ჩვენს რეალობაში სრული სისულელის ან აბსურდის თქმა ლეგიტიმური და წახალისებულია, მეტიც, პოპულარობის მოხვეჭის ერთგვარ საშუალებადაც იქცა. თუმცა ისიც ცხადია, რომ აკრძალვაც არაპროდუქტიული იქნება: იმიტომ რომ, ამის იქით უკვე დიქტატურაა. არის თუ არა შესაძლებელი ოქროს შუალედის მოძებნა: სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფაც და საკუთარი ყურების სისულელეების მოსმენისგან დაცვაც? –  ამ თემას ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ.
– გამოხატვის თავისუფლებად მივიჩნიეთ, რაც პირზე მოგვადგება, იმის თქმა. ეს ვითომ კარგია, წაადგება ჩვენს განვითარებას? თუ მხოლოდ სულელური და არაფრისმთქმელი ინფორმაცია მიიღო ადამიანმა, ხომ შეიძლება, ბოლოს თავადაც გამოსულელდეს? მით უფრო, რომ ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაცია-დეზინფორმაციის გარჩევა ჭირს?
– მე არ ვიცი, რა არის კარგი თუ ცუდი. მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არ არის ერთი და ორი ადამიანისთვის ან რომელიმე სოციალური ჯგუფისთვის, ეს არის საყოველთაო ღირებულება. მას ფასი ედება, როგორც საკაცობრიო მიღწევას, რომ ახლა ვართ ეპოქაში, რომელშიც სიტყვის თავისუფლებაა, რაც თავისთავად წარმოადგენს ღირებულებას. ესპანელი ფილოსოფოსი ორტეგა ი გასეტი თავის „მასების ამბოხში“  წერს, რომ მეოცე საუკუნე არის მასების ამბოხი, როდესაც მასა. ხდება არისტოკრატია და არისტოკრატია ხდება მასა, ანუ ყველა ერთნაირი უფლებებითაა აღჭურვილი და ყველას აქვს როგორც სიჭკვიანის, ისე სისულელის თქმის უფლება. მასას კი შეუძლებელია, ჭკვიანური აზრი ჰქონდეს, იმიტომ რომ, მასა მოქმედებს ბრბოს ფსიქოლოგიით. რაკი ასეთი ეპოქაა, როდესაც გამოხატვა ყველასთვისაა, გამოდის, რომ გიჟსაც და სულელსაც შეუძლია, თავისი თავი გამოხატოს. ამიტომ აქ მთავარი ის კი არ არის, ვინ რა სიჭკვიანეს იტყვის გამოხატვის მეშვეობით, არამედ თვითონ გამოხატვაა ღირებულება, მუხედავად იმ შინაარსისა, რასაც გამოხატავ. გიჟსაც აქვს თავისფულება და ჭკვიანსაც: ამდენად, ცხოვრება მერე თავად გაცხრილავს, რა არის სულელური და რა გენიალური.
– როგორ გამოხშირავს, როდესაც აღარ არსებობს გენიალობისა და სისულელის განსაზღვრის ნორმები? ეს თავისით როგორ მოხდება?
– ბიოლოგიაში ხომ არსებობს სახეობათა ბრძოლა, რის შედეგიცაა ევოლუცია?! ასევეა ბრძოლა იდეებს შორის. სამყაროს საწყისი პუნქტია კონკურენცია, მათ შორის, კონკურენცია აზრებსა და იდეებს შორის და ისევე, როგორც სოციალურ დარვინიზმში იმარჯვებს ძლიერი, იდეების კონკურენციისასაც, იმარჯვებს ძლიერი იდეა.
– და ხომ შეიძლება, რომ ეს ძლიერი იდეა იყოს უკიდურესად სულელური?
– თავისუფლად შეიძლება. ჩატარდა ასეთი ექსპერიმენტი: ინჟინრები ვერ წყვეტდნენ პრობლემას, თუ როგორ შეეძლო გემს მოეცილებინა ტორპედო, რომელიც მას ეჯახებოდა. შეკრიბეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ვერც ინჟინერიაში ერკვეოდნენ და ვერც ზღვაოსნობაში და სულ არ იცოდნენ, რა იყო ტორპედო. აუხსნეს, რომ საჭირო იყო ტორპედოს მოცილება, რომელიც წყალში პირდაპირ გემისკენ მიდის და დაპროგრამებულია, რომ გემს დაეჯახოს. ერთმა პარიკმახერმა თქვა, რომ ეს ძალიან ადვილია: დადგნენ მეზღვაურები გემბანზე, მაინც არაფერს აკეთებენ და შეუბერონ სული, ჰაერი კი თვითონ გადააგდებს ტორპედოსო. ამ იდეით დაინტერესდნენ ინჟინრები და შეამოწმეს, რა მოხდებოდა, ჰაერის ძლიერი ჭავლი რომ გაეშვათ მილში ტორპედოს მიმართულებით. მართლაც, ტორპედომ გვერდი აუქცია გემს. პარიკმახერის ნათქვამი, თავისთავად, სულელური აზრი იყო, მაგრამ ამ სულელურმა აზრმა გამოიღო ჭკვიანური გადაწყვეტილება.
– არსით სულელური არ ყოფილა ეს იდეა.
– სულელური იყო, პირდაპირ რომ წარმოიდგინო, დგანან მეზღვაურები და სულს უბერავენ, მაგრამ ვიღაცამ ამას საინჟინრო სახე მისცა და ამიტომ იდეამ იმუშავა. იმის თქმა მინდა, რომ ძლიერი იდეა თვითონ იკვლევს გზას პრაქტიკისკენ და ისევე იმარჯვებს, როგორც სახეობები იმარჯვებენ და რომელიც გადარჩება, ის რჩება. ამდენად, რომელიღაც იდეები იკავებენ ეკოლოგიურ ნიშას და ბატონდებიან, დანარჩენი იდეები იხოცებიან. ხომ გახსოვთ, ჯერ ტელეფონი იყო, მერე შემოვიდა პეიჯერი, პეიჯერი რომ ჰქონოდათ მეცხრამეტე საუკუნეში, მთელ საუკუნეს იარსებებდა, მაგრამ დღეს იდეების ისეთი კორიანტელია ტექნოლოგიებში, რომ პეიჯერი აღარავის ახსოვს. ისევე, როგორც არავის ახსოვს, მაგალითად, „პოლაროიდი“, გენიალური აღმოჩენა თავისი დროის, იღებდი და ფოტოს მაშინვე გაძლევდა, უცებ გაქრა, სადღაა „პოლაროიდის“ ფოტოაპარატები?! შთანთქა ციფრულმა ტექნოლოგიამ და ახლა ადამიანებს თავიანთი ფოტოები გამოფენილი აქვთ ინტერნეტში და მათ ძალიან მცირე პროცენტს შეიძლება, ჰქონდეს დაბეჭდილი ფოტოების ალბომები სახლში. ანუ სწრაფად მიდის პროცესი: ძლიერი იდეები იმარჯვებს და ეს ძლიერი იდეები ყოველთვის დაკავშირებულია საკუთარი თავის გამოხატვასთან. თვითგამოხატვა არა მარტო ლაპარაკი, ცეკვა და სიმღერაა, არამედ ნებისმიერი ჟესტიც და ქმედებაც კი შეიძლება, თვითგამოხატვა იყოს. ყველაფერს ეძლევა გამოხატვის ნებართვა, მაგრამ უკვე სხვა ხერხით ინერგება. ამიტომ, ბუნებრივია, ბევრი სისულელე დაიყრება, მაგრამ, როგორც წესი, საგანძური იმალება ნაგავში. ნაგავი უნდა ამოქექო, რომ განძი იპოვო. ცხოვრებაშიც ასეა, ბალასტი ყველაფერს ახლავს თან.
– ჩვენს საზოგადოებაში უყვართ ჭკუის სწავლება: როგორ უნდა იცხოვრო, როგორ ისუნთქო, როგორ მოიქცე და გამოხატვის თავისუფლებაც სოციალურმა ქსელებმა კიდევ უფრო გაახელა: ყველა თავს მოვალედ მიიჩნევს, საკუთარი აზრი გამოთქვას ყველაფერზე, იმისდა მიუხედავად, იცის თუ არა საკითხი?
– ჭკუის სწავლება ყველგან უყვართ ადამიანებს… მე რასაც ვუყურებ, ჩვენს სოციალურ ქსელებში ყველა თავის აზრს გამოთქვამს და აზრების კორიანტელია. ამასთან, გამოხატვის ფორმაც საკმაოდ არააკადემიურია, ხშირია გინება და უწმაწურობა. მაგრამ ადამიანი უკვე მიეჩვია იმას, რომ ყველაფერი გვხვდება, იმიტომ რომ, იმ უწმაწურობასაც თავისი რეალობა აქვს. მანამდე ის ტაბუირებული იყო, ახლა კი სამყარო ტაბუს გარეშეა და ადამიანები გამოხატავენ თავიანთ თავს. არ არის ცუდი, როდესაც იცი, რომ ეს ადამიანი გინებით ყიდის თავის თავს, თავის სახეს ავლენს.
– მაგრამ, მეორე მხრივ, ურთიერთობის ნორმად არ აქცევს გინებასა და უწმაწურობას? გამოხატვის თავისუფლებაა ამ ლოგიკით, თუ ქუჩაში მოისაქმებ და მერე აიღებ მოსაქმებულს?
– ხომ ხედავთ, ღვედის მოჭერაზე რომ შემოიტანეს რეგულაცია თავდაპირველად ყველა უძალიანდებოდა, მაგრამ ახლა ყველა იკეთებს. ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება: მაგალითად, მიღებულია, რომ ქართულ სუფრაზე აუცილებლად უნდა აირჩიონ თამადა. მან უნდა უხელმძღვანელოს სუფრას და შესთავაზოს სხვებს თავისი სათქმელი. მეორე უკიდურესობაა, მიუშვა ადამიანები თავის ნებაზე და ისინი თვითონ დაჯგუფდებიან: ერთმანეთთან ილაპარაკებენ, სულ არ სჭირდებათ თამადა. იმის თქმა მინდა, არსებობს ერთი წესი, რომელსაც მივეჩვიეთ საუკუნეების გამავლობაში: საქმეს უნდა ჰყავდეს მოთავე, მან უნდა თქვას, მერე სხვებმა უნდა აწონ-დაწონონ, მიიღონ და ასე შემდეგ. ანუ თვითორგანიზება გამორიცხული იყო, ვიღაც არეგულირებდა. დღეს კი თვითონ ორგანიზდება სისტემები და ურთიერთობები. ვიღაც ვიღაცას აწყენინებს ან გაახარებს, მაგრამ ყველაფერი ლაგდება თავისთავად.
– იოლი სამართავი არ არის საზოგადოებრივი აზრი, ვითომ გამოხატვის თავისუფლების დროშის ქვეშ? სულელურ იდეას შეუშვებ, ყველა თავის მოვალეობად ჩათვლის ამაზე აზრის გამოთქმას და გადაატანინებ ყურადღებას?
– მაგრამ ვის რაში სჭირდება ამ ადამიანების ყურადღება?! რამეს აკეთებენ? ყურადღება რომ არ გადაატანინონ, ჭკვიანურად მოიქცევიან?! ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ ჩვეულებრივად. ზოგს თავისი ცხოვრების მიზანიც კი არ აქვს გარკვეული. რისთვის ცხოვრობს, არც იცის, ყოველდღიური მიზნებიც კი არ აქვს ჩამოწერილი.
– ანუ ერთგვარი გართობაა გამოხატვის თავისუფლება?! გამოთქვამს აზრს, თუნდაც, საკითხზე, რომელზეც წარმოდგენაც არ აქვს და თავი  მნიშვნელოვანი ჰგონია?
– ესეც არის, ალბათ, რადგან ყველა ადამიანს აქვს სურვილი, მნიშვნელოვანი პიროვნება იყოს, ის აღიარონ, როგორც მნიშვნელოვანი ადამიანი და ეს ბუნებრივია. აღიარების მოთხოვნილება ყველას აქვს. სოციალური ქსელები სად იყო, როდესაც ადამიანებს ამის სურვილი ჰქონდათ?! ისედაც აქვთ ადამიანებს თავიანთი მნიშვნელოვნების განცდა, თუმცა ეკლესია მათ ამას პატივმოყვარეობად უთვლის. მაგრამ, თუ მას წაართმევ საკუთარი თავის მნიშვნელოვნების განცდას, ეს იმასვე ნიშნავს, რომ ღირსება წაართვა. თუ ადამიანი იტყვის, რომ არარაობა ვარ ღმერთთან შედარებით და თავი არაფრით არ უნდა გამოვიჩინოო, წინ ვერ წასწევს კაცობრიობას ასეთი თავგამოდებული მორიდებულობა და თავის დამდაბლება. ეს არაფრის მომცემია. ღირსების გრძნობა კი რაღაცას გაძლევს. ადამიანი თვითონ ადგენს თავისი ღირსების კრიტერიუმებს. იმისდა მიხედვით, თუ რა ღირებულებებს იზიარებს, ის თავისი ღირსების კოდექსს შეიმუშავებს. დაწერილს კი არა, ნატურალურად მოცემულს: აი, ამაზე წავალ, იმას ვერ ვიკადრებ.
– გამოხატვის თავისფლების ქვეშ ხშირად იგულისხმება სხვისი არა მხოლოდ უფლებების, ღირსების შელახვაც. ადამიანები პასუხს აღარ აგებენ თავიანთ ნათქვამზე და მას დაარქვეს სიტყვის თავისუფლება. არ არის ეს ანომალია?
– დიახ, გეთანხმებით. არსებობს პრინციპი, რომ, სადაც იწყება სხვისი უფლებები, იქ მთავრდება შენი თავისუფლება და ეს ზღვარი არ უნდა გადალახო, მაგრამ ადამიანები ხშირად გადალახავენ ხოლმე ამ ზღვარს. ასე ვფიქრობ და რა ვქნაო. ეს უკიდურესობები წარამარა გვხვდება, მაგრამ ასეთია ცხოვრების სიმახინჯეები. ეს გამოხატვის თავისუფლების ბრალი არ არის, ზოგადად, ადამიანების მენტალობას ახასიათებს.
– ზრდილობის ნორმაც გადაისინჯა: პირიქით, უზრდელობა, უტაქტობა, უხეშობა პოპულარობის მომტან საშუალებებად იქცა, ეს საღდება სიტყვის თავისუფლებად და გამოხატვის უფლებად.
– გამოხატვის თავისუფლება არაფერ შუაშია, ადამიანები არღვევენ ნორმებს და ამას ასაღებენ გამოხატვის თავისუფლებად. გარშემო ბევრი სიყალბეა. ყველაფერი სიყალბეს უკავშირდება. როდესაც ვამბობთ, რომ ასაღებენ, უკვე ნიშნავს, რომ ყალბია. სიყალბე წარამარა გვხვდება ცხოვრებაში, გინდა თავისუფალ თვითგამოხატვასთან დაკავშირებით და გნებავთ, ნებისმიერ რამესთან კავშირში: ადამიანები ბევრნაირად ავლენენ თავიანთ სიყალბეს.
– რატომ იყიდება კარგად სიყალბე?
– ეს ცალკე საუბრის თემაა. კარგად იყიდება თვალთმაქცობა, სიყალბე და ამგვარი რამეები, იმიტომ რომ, ადამიანისთვის, როგორც ჩანს, ჭეშმარიტება და სინამდვილე მტკივნეულია. ადამიანს ურჩევნია შეფერადებული რეალობა, რადგან აღარ ექნება დიდი პასუხისმგებლობა. მისთვის ხელსაყრელია ასეთი სიყალბეებით მოჩუქურთმებული ცხოვრება, ფარისევლობა. ადამიანები არა მარტო გარე სამყაროსთან ფარისევლობენ, არამედ –  თავიანთ თავთანაც. ადამიანები ყველაზე მეტს საკუთარ თავს ატყუებენ. შეუდარებლად მეტს, ვიდრე სხვას. ადამიანისთვის არ არის ხელსაყრელი თავისი ნამდვილი სახის დანახვა. ეშინია, თავისი ნამდვილი სახის: იქნებ ისეთი საზიზღარი ვარ, ცხოვრებაც არ ღირდესო. ამიტომ გაურბის ამას და თავს ტყუილით იცავს.
– არ ჯობია, უფრო უკეთესი გახდეს, თუ ეს უფრო რთულია და თავის მოტყუება ჯობია?
– ადამიანი რომ უფრო უკეთესი გახდეს, მან უნდა აირჩიოს გზა ქრისტესი, ბუდასი, დათა თუთაშხიასი და ასე შემდეგ, ისეთი არსებების, რომლებიც გადიან შესაძლებლობების ზღვარზე. ადამიანს კი სულ არ სჭირდება რადიკალური ცვლილებები, ისინი მაღალი სტანდარტებით არ ცხოვრობენ.

скачать dle 11.3