რა სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია რუსეთში და რატომ გაცვალა მან წელიწადში 200 000 აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი ქართველი ჩინოვნიკის წლიურ 75 000-ლარიან ხელფასზე #17
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია 1975 წელსაა დაბადებული თბილისში. 1992-1994 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, 1994 წლიდან კი სწავლა-განათლება ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც 2000 წელს დაამთავრა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით. 2002-2004 წლებში ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი ბიზნესსკოლაც დაამთავრა და ბიზნესის მართვის მაგისტრიც გახდა.
გიორგი გახარიას შრომითი ბიოგრაფია 2004 წლის მაისში დაიწყო SFK Group-ში, სადაც მან პირდაპირ გენერალურ დირექტორად 2008 წლის ნოემბრამდე იმუშავა. 2006 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მიწვეული ლექტორი, გამოყენებით ბიოტექნოლოგიას ასწავლიდა. 2008 წლის ნოემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე Lufthansa Service Holding AG-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი გახლდათ აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. 2013 წლის მარტს საქართველოს ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა (2016 წლის ივლისამდე იმუშავა), იმავდროულად, 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე ეკონომიკური საბჭოს მდივანი იყო, 2016 წლის 27 ნოემბერს კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა.
გიორგი გახარიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება, რომელიც მან საგადასახადო ომბუდსმენის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა 1983 წელს დაბადებული მეუღლე მარიკა ფანცულაია, 2010 წელს დაბადებული შვილი ანა და მშობლები – ზაურ გახარია და მზია ლეჟავა. გიორგი გახარიამ თავის საკუთრებად მიუთითა ბინა რუსეთში, მოსკოვის ოლქში (76 კვ.მ.), მისი მეუღლისად – მიწის ნაკვეთი თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე (395 კვ.მ.), მზია ლეჟავას ეკუთვნოდა ბინა თბილისში, ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში (80 კვ.მ.), ზაურ გახარიას კი – ბინა (130 კვ.მ.), ავტოფარეხი (20 კვ. მ.) და არასაცხოვრებელი ფართი (14 კვ. მ.) თბილისში, ამაღლების ქუჩაზე; ასევე, მიწის ნაკვეთი სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯში (280 000 კვ.მ.) და მიწისვე ნაკვეთი წავკისში (1 600 კვ.მ.). მამა-შვილს ჰყავდა ავტომანქანებიც: „ტოიოტა კამრი“ და „ვოლვო“.
გიორგი გახარია რუსეთში სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა: იყო LLS „Koxta”-ს პარტნიორი, რამაც მას 2012 წელს 82 000 აშშ დოლარიც მოუტანა, ხოლო, როგორც „ლუფტგანზა სერვის გრუპ ლსგს“ ბიზნესის განვითარებისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპაში, 88 000 ევრო აიღო. ამას გარდა, თავისი 18-პროცენტიანი წილის გაყიდვამ ზემოხსენებულ საწარმოში, 60 000 აშშ დოლარი მოუტანა. მეორე მხრივ, 900 000 რუბლის ოდენობის საკრედიტო ბარათის დაფარვა 1 800 000 რუბლი დაუჯდა. ბინის რემონტში კი 110 000 ლარი გადაიხადა.
გიორგი გახარიას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლის მაისით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ბიზნესომბუდსმენმა და ოჯახის წევრებად ამჯერად მხოლოდ ცოლ-შვილი მიუთითა. მათი უძრავი ქონება შემცირებულია – ზაურ გახარიას აღარ აქვს მიწის ზემონახსენები ორი ნაკვეთი, თუმცა ამჯერად ავტომანქანა მხოლოდ მარიკა ფანცულაიას ჰყავს: „ტოიტა რავ 4“.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში გიორგი გახარიამ, როგორც საგადასახადო ომბუდსმენმა, 75 000 ლარი აიღო.
2015 წელს მან ავტოსესხიც აიღო, 11 370 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მომსახურებაც იმავე წელს 2 120 აშშ დოლარი დაუჯდა.