ჩამოხაჯიმბებული #17
„დექით მტკიცედ და შეუდრეკლად“!
მაშინ, როდესაც თბილისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია, სოხუმს – თვით რფ-ის ნომერ პირველი დიპლომატი (თანაც – ორდღიანი ვიზიტით): სერგეიმ (ლავროვი) აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
მშენებლობა 37 მილიონი აშშ დოლარი დამჯდარა (არაოფიციალური ცნობებით) და ის რუსული კლასიკური სადარბაზოს სტილშია გადაწყვეტილიო. ხოლო შიგნით ელჩის რეზიდენციის, სამეურნეო ობიექტებისა და საცხოვრებელი შენობის გარდა, საცურაო აუზი და სოლარიუმიცაა (რფ-ელი ელჩები წელიწადში 365 დღეს რომ ყვავებივით შავნი იყვნენ?!).
დიპლომატმა სერგეიმ (ლავროვი) სოხუმის სანაპიროზეც გაისეირნა და ყავაც დააგემოვნა, რამაც ჩვენებური სეპარატისტები ისე აღაფრთოვანა, თითქოს მესიამ გაიარა თავის ორთავ ფეხით სანაპიროზე.
ასეა თუ ისე, ერთი შეხედვით რთული სათქმელია, რატომ ჩამოხაჯიმბდა პრ. პუტინის ფავორიტი დიპლომატი, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ლავროვის უკან გაფრენისთანავე რაულმა (ხაჯიმბა) შემოგვითვალა, მზად ვარ, თბილისს აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე ველაპარაკოო (აქამომდე აფხაზები ქვას აგდებდნენ და თავს უშვერდნენ, რკინიგზას არ გავხსნითო, თითქოს მათ ვინმე რამეს ეკითხებოდეს?!) და დავამატებთ, რომ სერგეის (ლავროვი) სოხუმური ვიზიტის პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა თბილისს, დიდი ალბათობით, ახალგამომცხვარმა ირანელმა მეგობრებმაც კრინიგზაზე ისაუბრეს (ლავროვის სოხუმში სეირნობა კი, სავარაუდოდ, ზეწოლის ფორმა იყო), რადგან ირანსა და რუსეთს პირდაპირი სატრანსპორტო დერეფანი ჰაერივით სჭირდებათ.
არც თუ მძიმე მისახვედრია, რომ ალყაში ვართ, შესაბამისად, კვლავაც აქტუალურია ათი საუკუნისწინანდელი შეგონება: „დექით მტკიცედ და შეუდრეკლად“! –