რა უნდა გავითვალისწინოთ მარხვის შემდგომ კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე გადასვლისას და რა შემთხვევაში შეიძლება, გამოიწვიოს კვერცხმა ინტოქსიკაცია #16
მარხვის დასრულება რთული და მეტად მნიშვნელოვანი პროცესია. ორგანიზმისთვის აუცილებელია გარკვეული საადაპტაციო პერიოდი, რასაც რიგი ფაქტორი განაპირობებს. ხანგრძლივი მარხვის პერიოდში ორგანიზმი ეჩვევა განსაზღვრულ, უმთავრესად, ნახშირწყლოვან საკვებს და გამოიმუშავებს მხოლოდ ისეთ ფერმენტებს, რომლებიც შლის სახამებელს, შაქარს, უჯრედისს, ცოტაოდენ მცენარეულ ცილასა და ცხიმს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტმა შედარებით ნაკლები ნახშირწყლოვანი საკვებისა და მეტი ცხოველური სურსათის მომნელებელი ფერმენტები რომ გამოიმუშაოს, საჭიროა დრო. თანაც, მით უფრო მეტი, რაც მეტად არის დასუსტებული ნამარხულევი ადამიანი. როგორ დავუბრუნდეთ მარხვის შემდეგ კვების ჩვეულებრივ რეჟიმს, ამაზე ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა გვესაუბრა.
ლაშა უჩავა: ყოველ საღად მოაზროვნე ადამიანს არა მარტო შეუძლია, არამედ ვალდებულიცაა, იზრუნოს კვების რეჟიმზე და ამით – საკუთარ ჯანმრთელობაზე. ეს, უბრალოდ, მისი კულტურული დონის მაჩვენებელია. არასწორი კვება შეიძლება, გახდეს ზოგიერთი დაავადების მიზეზი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს გონებრივ შესაძლებლობებზე და ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ცნობილია, რომ საკვები ჩვენი ორგანიზმის „საწვავია“, რომელსაც დღეში რამდენჯერმე ვაწვდით მას იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ძალა და ვიყოთ ჯანმრთელნი.
მართლმადიდებელ ქვეყნებში ყველასთვის ცნობილია, რომ ქრისტიანული ცხოვრების წესის თანახმად, აუცილებელია მარხვის დაცვა, რათა გავაძლიეროთ ჩვენი რწმენა და ასევე, საკურნებლად სულისა და ხორცისა.
– თუ ჩვენ ვიკვებებით პრინციპით – ჯანსაღი, რაციონალური კვება, მაშინ ჩნდება კითხვა: ვეწინააღმდეგებით თუ არა ქრისტიანული ცხოვრების პრინციპებს?
– ჯანსაღი, რაციონალური კვებისას ჩვენ ვგულისხმობთ, რომ აუცილებელია, ორგანიზმს მივაწოდოთ ისეთი ნივთიერებები, რაც საჭიროა ჩვენი ცხოველმყოფელობისთვის. ესენია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და წყალი.
– მარხვის დროს ჯანსაღად ვიკვებებით, როცა არ ვიღებთ ისეთ პროდუქტებს როგორიცაა: რძე და რძის ნაწარმი ან კიდევ ხორცი, რომელიც მდიდარია ცილებითა და ცხიმებით?
– ბევრ პროდუქტზე უარის თქმას ორგანიზმში მნიშვნელოვანი ნივთიერებების უკმარისობის გამოწვევა შეუძლია. ეს რომ არ მოხდეს, ყველაფერს რაციონალურად უნდა მიუდგეთ. ჩვენ შეგვიძლია, ვიკვებოთ სწორად მარხვის დროსაც. ცხოველური წარმოშობის ცილოვანი და ცხიმოვანი პროდუქტები შეგვიძლია, ჩავანაცვლოთ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით. მაგალითად, თუ საკვებიდან ამოვიღებთ ქათმის ხორცს 100 გრამ პროდუქტზე დავკარგავთ 20.8 გრამ ცილას და 8,8 გრამ ცხიმს, რაც შეიძლება ჩავანაცვლოთ ლობიოთი, სადაც 100 გრამ პროდუქტზე მივიღებთ 22,3 გრამ ცილას და 1,7 გრამ ცხიმს, რაც სასარგებლოა ასევე ჩვენი ორგანიზმისათვის – ვიღებთ უფრო მეტ საშენ მასალას და ნაკლებ ცხიმს. ასევეა, რძის ნაწარმზეც. მაგალითად: თუ კვების რაციონიდან ამოვიღებთ ყველს, რომელიც 100 გრამ პროდუქტზე შეიცავს 23,4 გრამ ცილას და 30,0 გრამ ცხიმს, ჩვენ შეგვიძლია, უფრო დიდი რაოდენობით მივიღოთ ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც 100 გრამ პროდუქტზე შეიცავს 2,5 გრამ ცილას და ცხიმს, საერთოდ – არა. ორგანიზმს ცხიმი უმჯობესია მივაწოდოთ, სიმინდის ან ზეითუნის ზეთის სახით. ხორცში შემავალი ცილები შეიძლება, შეიცვალოს მცენარეული ცილით, რომელიც მრავლადაა ლობიოში, სოიაში, ბარდაში, თხილში, მანანის ბურღულში, მზესუმზირაში, სოკოში. აქედან გამომდინარე, სწორად კვება არ ეწინააღმდეგება მარხვას, პირიქით, ჩვენ შეგვიძლია, ერთდროულად გავაჯანსაღოთ როგორც სული, ასევე სხეული.
– როგორ უნდა გადავიდეთ მარხვის შემდგომ, ჩვეულებრივ კვებაზე?
– რაც შეეხება მარხვის შემდგომ კვებას, ასეთ დროს ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა ორგანიზმისთვის საკმაოდ რთული პროცესია. ამიტომ, ტრადიციულ რაციონს თანდათანობით უნდა დავუბრუნდეთ და არა – ერთბაშად. ამგვარად, ორგანიზმი თანდათანობით შეეგუება კვების ახალ პირობებს. თუ ადამიანი ჯანმრთელია, ერთი კვირა მაინც არის საჭირო, ორგანიზმი პირვანდელ მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს და ცხოველური სურსათის მონელებისთვის აუცილებელი ფერმენტები კვლავ საკმარისი ოდენობით გამოიმუშაოს. გარდა ამისა, საკვები გონივრულად უნდა იყოს შერჩეული. არ არის რეკომენდებული მეორე დღესვე მივირთვათ ყველა სახის პროდუქტი. სასურველია, პირველ ეტაპზე საკვებ რაციონში ჩავრთოთ რძის პროდუქტები, ამ მხრივ საუკეთესოა – მაწონი, კეფირი, იოგურტი, შემდეგ კი, თანდათან გადადით რძეზე, ხაჭოზე, ნაღებზე, კარაქზე, ყველზე. რეკომენდებულია ჭყინტი, უმარილო ყველი. მარხვის შემდეგ, პირველ დღეებში შებოლილი სულგუნი და თუშური ყველი მძიმე მოსანელებელია, ასევეა, ფრინველის ხორცი, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე არ მივიტანოთ დიდი დარტყმა. როცა ვსაუბრობთ კონკრეტულად აღდგომის მარხვაზე, სადაც ერთ-ერთი „ატრიბუტი“ გახლავთ კვერცხი, შესაძლებელია, მივირთვათ ერთი მოხარშული კვერცხი. დაავადებულ ადამიანებს ადაპტაციისთვის 2-3 კვირა სჭირდებათ. მარხვის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში რეკომენდებულია კვება მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად, ყოველ 2-3 საათში ერთხელ. ეს რჩევა, განსაკუთრებით, ხანში შესულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ. ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმის ადაპტაციის უნარი ქვეითდება. მარხვის დასრულებისთანავე არასასურველია ისეთი მძიმე საკვების მიღება, როგორიცაა: შემწვარი გოჭი, ხინკალი, ხორციანი ღვეზელი, ხაჭაპური, მწვადი, ღორის ცხიმიანი ხორცი, ნაღები, ყველი. ძნელი მოსანელებელია ხორცისა და სოკოს ან ხორცისა და პარკოსნების კომბინაცია. ხორცი გვაძლევს ცილას, რომლისგანაც წარმოიქმნება საჭირო ფერმენტები. სანელებლები ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი წვენების გამომუშავებას და თავადაც შეიცავს რამდენიმე მზა ფერმენტს, რაც საკვების დაშლაში გვეხმარება. ხორცი პირველ დღეებში უნდა იყოს მჭლე, დაქუცმაცებული, მოხარშული, ჩაშუშული ან გამომცხვარი. გარნირად შეგიძლიათ, მიირთვათ კომბოსტო, პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, მწვანილი, მჟავე კენკრა – შტოში, წითელი მოცვი. ხორცი არ შეიძლება, მაკარონსა და ბურღულის ფაფასთან ერთად ჭამოთ. პირველი ორი დღის განმავლობაში ნუ მიიღებთ მჟავე საკვებს, ერიდეთ ნაყროვანებას.
– რას იტყვით ალკოჰოლურ სასმელზე?
– სასმელი ცოტა რთული საკითხია ქართველი მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, მისი დოზირება დაცული უნდა იყოს როგორც მარხვის, ასევე არასამარხვო პერიოდში, თუ ვზრუნავთ ჯანმრთელობაზე. მისი დასაშვები ნორმა ინდივიდუალურია, მაგრამ 1-3 ჭიქაზე მეტი უკვე თრობას ნიშნავს. თუ გავითვალისწინებთ მარხვის პრინციპებს და ვსაუბრობთ მარხვის შემდგომ კვებაზე, როგორც მარხვის პერიოდში, ასევე ჩვეულებრივ დღეებში, თრობაც და ნაყროვანებაც მართლმადიდებულ სამყაროში ცოდვად მიიჩნევა.
რაც შეეხება სუფთა წყალს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და დღის განმავლობაში მისი რაოდენობა უნდა იყოს დაახლოებით 1,5-2 ლიტრი.
– რა გართულებები შეიძლება, გამოიწვიოს ამ რჩევების გაუთვალისწინებლობამ?
– თუ გავითვალისწინებთ ასევე იმას, რომ მარხვის ბოლო კვირა მძიმეა, მეტად უნდა გავუფრთხილდეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, რადგან ამ დროს ხშირია მეტეორიზმის განვითარების ალაბათობა. კუჭი არ არის მზად, მიიღოს და გადაამუშაოს მძიმე საკვები და შეიძლება, განვითარდეს მწვავე ქოლეცისტიტი ან პანკრეატიტი. მისი სახლის პირობებში მკურნალობა კი ვერ ხდება და საჭიროა სტაციონარული მკურნალობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყოველთვის გვახსოვდეს ზომიერება, მით უმეტეს, კვერცხის მიღებისას, რომელიც ძალზე ალერგიული პროდუქტია და დიდი რაოდენობით მისმა ჭამამ, შეიძლება, ინტოქსიკაციაც გამოიწვიოს.