ვის გამო დათმო თავისუფლება მარტივად ნინი ბადურაშვილმა და როგორ „გაჭედა“ ნოდიკო ტატიშვილმა ისრაელში #16
ნოდიკო ტატიშვილი და ნინი ბადურაშვილი დიდი ხანია, მეგობრები არიან და ერთმანეთთან განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა აკავშირებთ. ისინი ცოტა ხნის წინ ათენში იმყოფებოდნენ, სადაც ემიგრანტების წინაშე იმღერეს და ძალიან კარგი კონცერტი ჩაატარეს.
ნოდიკო ტატიშვილი: 1 აპრილს გავფრინდით ათენში და ისე გავიდა 2 დღე, ვერაფერს მივხვდით, ისეთი გადატვირთული გრაფიკი გვქონდა. ქართველ ემიგრანტებს შევხვდით, ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები ვნახეთ, მოვისმინეთ. იქ ცხოვრობენ ბავშვები, რომლებმაც იციან, რომ ქართველები არიან, მაგრამ საქართველოში არ ყოფილან. მათი მოსმენა და მათი ცეკვის ნახვა, ძალიან ამაღელვებელი იყო, დიდი სიამოვნება მივიღეთ. 700-კაციან დარბაზში ანშლაგით ჩაიარა ჩემი და ნინის პირველმა ერთობლივმა კონცერტმა. ძალიან გაგვიხარდა, ამდენი ხალხი რომ მოვიდა და პლუს ძალიან ემოციური პუბლიკა იყო. ნინიმ „ფსოუს წყალი“ რომ იმღერა, არ იცი, რა ხდებოდა – მთელი დარბაზი ფეხზე იდგა.
ნინი ბადურაშვილი: ორგანიზატორის, ავთო კაკაბაძის იდეა იყო, რომ ჩვენი კონცერტი ჩატარებულიყო, ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ერთადერთი, რაც მწყინს, ის არის, რომ არ მომეცა საშუალება, ქართველ ემიგრანტებთან უფრო მეტი დრო გამეტარებინა, უფრო მეტ ადგილას წავსულიყავით. თუმცა, ძალიან დადებითი და კარგი ემოციები გამომყვა. ისე, კონცერტზე ქალები უფრო მეტნი იყვნენ.
– ნოდიკოსთან მოვიდნენ, ალბათ.
– ნოდიკო დაიპყრეს. ქალებს უყვართ ნოდიკო, ეპრანჭებიან და ნოდიკოც ბედნიერია.
ნოდიკო: შენ უნდა გენახა, ნინი როგორ უყვართ და როგორ ხვდებიან.
ნინი: მაგრამ, ნოდიკო კაცია და სხვანაირად ეპრანჭებიან. გაოცებული ვიყავი – ყველა ჩვენი სიმღერა იცოდნენ და ყველას ჰყვებოდნენ. თან, ჩვენს ისტორიებს ვყვებოდით და შინაურული გარემო შეიქმნა. დუეტებიც ვიმღერეთ და ნოდიკოსთან ერთად, „არგო“ პირველად შევასრულე. თან, ტექსტზე ნოდიკოს ვუყურებდი: „ციდან“... მომეშველე ახლა... ისრაელში პირიქით იყო. ვმღერით: „მითხარ, სად გეძებო“ და ნოდიკო სადღაც მიხვდა, რომ გაჭედა. მე კაცის ტონალობაში შევედი, ლამის დავიხრჩე და ნოდიკოს ვაგინებდი.
ნოდიკო: მეორე სტროფი აღარ მახსოვდა, ძალიან გავჭედე. ნინის ვუყურებ და თვალებით ვეუბნები: შენ მიდი, შენ...
ნინი: დამიჩოქა, „პრიომი“ ჩაატარა და გამოსავალი რომ აღარ იყო, მე სადღაც ქვემოთ დაივიწყე: „სულ შენზე ვფიქრობდი, სულ შენზე...”
ნოდიკო: ბევრისგან გამიგია – თქვენ, მომღერლებს, რა პრობლემა გაქვთ, ერთობით, გულაობთ...
ნინი: არადა, ყოველი გასვლა სცენაზე თავიდან სერიოზული სტრესია. არ არსებობს, მიეჩვიო და არ იღელვო. მაშინ უპასუხისმგებლო ხარ. რაც უფრო მეტი წლები გადის და სახელს იხვეჭ, მით უფრო მეტად ღელავ. 10 წლის წინ რაც მეპატიებოდა, ახლა არ მეპატიება და ამას ვითვალისწინებ. დღეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. თან, ქართველი მსმენელი ძალიან კრიტიკულია და ისე უნდა იმღერო, რომ ტაში დაგიკრას.
ნოდიკო: ნინი სცენის მიღმაც ძალიან კომფორტული ადამიანია და მიყვარს, როცა ერთად მივდივართ სადმე. ძალიან პოზიტიური და დადებითია. გამორიცხულია, რამისგან პრობლემა შექმნას და გაართულოს. „ლაითი“ ადამიანია, არაპრეტენზიული, თბილი და სცენაზე ხომ, საერთოდ... თან, როცა მეგობარი, ახლობელი გიდგას სცენაზე გვერდით, იქ ყველაფერი მარტივია.
ნინი: ქალების შემთხვევაში, იცი, როგორ არის საქმე?! მაგალითად, მე და თაკო დუეტს ვმღერით, ამ დროს მოდის მაღალი ნოტი და გაჩეჩილაძეს „ვატენი,” ან ის „მტენის” მე. ერთმანეთს გადავხედავთ რაღაცნაირი სახით და იცი: აზრი არ აქვს, ვიღაცამ უნდა იმღეროს. ამიტომ, როცა სცენაზე მეგობარი გიდგას გვერდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
– როგორი მეგობარია შენთვის ნოდიკო?
– ნოდიკოსნაირი სუფთა ადამიანი, ზოგადად, ძალიან იშვიათია, მით უმეტეს, ჩვენს სფეროში. არ გამიგია, ვინმეზე რამე თქვას, გალანძღოს. მე ზოგჯერ მიყვარს ვიღაცაზე ხუმრობა, ვიდეოებს ვანახვებ ხოლმე და ეს იცინის. მაგრამ, თვითონ რომ ანახვოს ვინმეს რამე – გამორიცხულია. მე უფრო ბოროტი ვარ, ვიდეოებით დავდივარ ხოლმე, კოლექციას ვაგროვებ. ჩემიც იმდენი მაქვს, მეცინება და ძალიან ვხალისობ. ნოდიკო სიკეთის განსახიერებაა. გულს რომ გადაუშლი, იცი, არსად ილაპრაკებს. ჩემი რაღაცეები იცის, მასაც მოუყოლია და ეს ნდობა მაქვს.
ნოდიკო: ძალიან გამიმართლა, რომ მეგობრები მენდობიან და მეც ვენდობი მათ. ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს ურთიერთობას.
– რჩევასაც აძლევთ ერთმანეთს?
ნინი: ერთი კაცური რჩევა უნდა ავიღო შენგან. თუმცა, ათენიდან უკანა გზაზე რაღაცეებს მირჩევდი. ნოდიკოა თვითმფრინავში ჩემი იმედი. ყველაფერი რომ ინჭყრევა, ტურბულენტური ზონაა, მე გარდაცვალების პირას ვარ, ხელები გაყინული მაქვს, ნოდიკო მამშვიდებს. თუ ნოდიკო არ არის, მაშინ ეგრევე სტიუარდესას ვეძახი: სასმელი ერთი-ორი, ყველაფერს ვყიდულობ.
ნოდიკო: 2007 წელს მოსკოვიდან ჩავფრინდით კიევში და იქიდან მოვფრინავდით უკან – ეს იყო საშინელი ფრენა. ნატო დუმბაძეც იყო ჩვენთან ერთად და მას რომ გადავხედე, სკამზე კი აღარ იყო, დაბლა იჯდა.
ნინი: მე, ეტყობა, ისე მეშინოდა, რომ მთვრალი ვიყავი, არაფხიზელი. ძალიან ცუდი რეისი რომ იყო, მახსოვს: საშინელი წვიმა, ქარი, ელჭექი. თაკო მეჯდა გვერდით და რომ გადავხედე, მთელი ხატები ჰქონდა გადმოლაგებული, ლოცულობდა და ზარს რეკავდა. მე უკვე იმდენი დოზა მქონდა მიღებული, აღარ მეშინოდა.
ნოდიკო: ფანჯარასთან ვიყავი, გვერდზე მეჯდა ელენე ფოჩხუა, იქით – სალომე ბაკურაძე, თაკო გაჩეჩილაძე, ყველა შოკში იყო და მე იმდენად მიყვარს თვითმფრინავში ჭამა და რომ ყველას საჭმელი მე ვჭამე. აეროპორტში – ბახ, ბახ, დავეხეთქეთ. რომ გადმოვედით, ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ წაშლილი სახეებით.
– გასტროლებზე ერთად რომ დადიხართ, მერე ჭორაობენ: რაღაც ხდება მათ შორისო. ისიც კი დაწერეს: თაკო გაჩეჩილაძემ ჩააკითხა, ნინის მეჯვარეაო.
ნინი: მეგობარი მწერს – ექიმთან ვარ მოსული, თქვენზე ლაპარაკობენ და ვიხევი სიცილითო. თურმე, გაჩეჩილაძესაც ჩაუკითხებიაო.
ნოდიკო: ჯერ ვერ გაიგეს, სად გვქონდა ფოტოები გადაღებული – ათენში თუ ისრაელში. რადგან თაკო ისრაელში იყო, ეგონაო, ჩვენც იქ ვიყავით. ჩემი მეჯვარე არ ჩანდა.
– ნოდიკო, ნინი როგორი დედაა?
– ნინი რამდენჯერმე მყავს შვილთან ერთად ნანახი და ძალიან მომწონს: უხდება დედობა. რომ შეხედავ, საერთოდ არ არის დედის „ვიდზე“, სულ ფორმაშია, ვარსკვლავი გოგოა. რამდენჯერაც უნდა ვნახო: დილით, შუადღით, საღამოს, სულ ფორმაშია.
ნინი: ნაბახუსევზე არ გინახივარ?
ნოდიკო: „სვეცკი“ დედაა, ძალიან უხდება. ელენე ძალიან კარგი ბავშვია. ჩარკვიანის კონცერტი რომ დამთავრდა, კულისებში იდგა. გამოვიდა, ხალხს გახედა და მერე გამოვიდა სცენაზე. ნინის აქვს ნათქვამი, რომ ვერ ძლებს მის გარეშე, სულ ენატრება.
ნინი: იმ დღეს გოგოებსაც ვეუბნებოდი, სულ მეცოდება-მეთქი. რატომ გეცოდებაო – მიუხედავად იმისა, რომ ყურადღებას არ ვაკლებ, სულ მგონია, ჩემი დეფიციტი აქვს, რადგან არ ვარ სახლში დამჯდარი დედა. რომ მეუბნება: დე, მიდიხარ საქმეზე, უნდა იმღეროო. არ მინდა, სიმღერა შეზიზღდეს, ვეუბნები: საქმეზე მივდივარ, მაგრამ არ უნდა ვიმღერო-მეთქი, რამდენჯერმე მითხრა: არ მიყვარს, რომ მღერიო. ალბათ, ფიქრობს, რომ სიმღერა დედას ართმევს. სულ დანაშაულის გრძნობა მაქვს, არ მეგონა ჩემი თავი ასეთი. უჯიშო და მხეცი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არც ძალიან თბილი და მოსიყვარულე ვარ. ზედმეტი კოცნა, ჩახუტება, არ მიყვარს. დედაჩემიც ასეთია. ერთი სამჯერ თუ გადაგვიკოცნია ერთმანეთი: როგორ ხარ, დე. ელენესთან აბსოლუტურად სხვანაირი ვარ, თან, თვითონ აქვს უსაზღვრო სითბო და ამას სულ გამოხატავს. ძალიან შევიცვალე. მაგალითად, სხვაგან ვარ გასასვლელი, მელოდებიან და არ მივდივარ, რადგან მასთან ერთად ყოფნა მსიამოვნებს. არ მეგონა, ამ თავისუფლებას ასე მარტივად თუ დავთმობდი, მაგრამ შვილი ეს ყოფილა.
– ზოგი შვილის გამო უარს ამბობს მეორედ გათხოვებაზე. შენ რას ფიქრობ, გადადგამ ამ ნაბიჯს კიდევ?
– თუ ღმერთი მომცემს, მინდა, ორი შვილი კიდევ გავაჩინო. ხვალ რომ გავთხოვდე, ვის უნდა გავყვე, არ ვიცი, მაგრამ თუ გავთხოვდები, ეგრევე გავაჩენ შვილს.
– ამ ნაბიჯის გადადგმამადე, გათხოვებას ვგულისხმობ, ალბათ, ბევრ რამეს გაითვალისწინებ.
– ძალიან რთული თემაა ჩემი გათხოვების საკითხი. თავიდანაც ასე იყო. ასე თუ გავთხოვდებოდი, უცბად, თორემ, თუ დამაფიქრებ და გავაანალიზებ, მერე ძალიან მიჭირის ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩემთვის მისაღები ადამიანი უნდა იყოს, ძალიან უნდა მიყვარდეს, ისე ვერ გავძლებ მის გვერდით. ერთ ენაზე უნდა ვსაუბრობდეთ და აუცილებლად უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა.
ნოდიკო: სხვა შემთხვევაში, პლუს-მინუსივით აფეთქდებიან. ნინის ისეთი იუმორის გრძნობა აქვს – შეიძლება, უცბად ისეთი რამ თქვას, თუნდაც ინტონაციით, რომ ჩაბჟირდები.
ნინი: ვიღაცეებს რომ სწყინთ და ვერ ხვდებიან, არ შემიძლია. თან, მინდა, რომ შემდგარი, ფეხზე დამდგარი ადამიანი იყოს. მილიონები ნუ ექნება, არავინ სთხოვს. იმის საშუალება უნდა ჰქონდეს, შვილი გავზადრო და მეორე შვილიც გავზარდო. თან, არ მინდა, მეორედ თუ გავთხოვდები, იმასაც გავშორდე. ოჯახის დანგრევა მაინც ცუდია, ყველაზე ცოდოები ბავშვები არიან. ამიტომ, როცა ამ ნაბიჯს გადავდგამ, მინდა, სწორი იყოს. თუმცა, წინასწარ არავინ არაფერი იცის. ალბათ, ბევრს ვიფიქრებ, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამ.
– ალბათ, არ ფიქრობ, რომ შენი გათხოვება შეცდომა იყო.
– არა, არ ვფიქრობ ამას. ამ ქორწინებამ მომცა ყველაზე მთავარი რამ – ელენე. ამიტომ, არ მიფიქრია რომ ეს შეცდომა იყო. ჩემგან და ირაკლისგან უნდა დაბადებულიყო ელენე. სხვას რომ გავყოლოდი, ელენე ხომ არ იქნებოდა?!
– შენც იმ სიაში ხარ? – ნოდიკო, ცოლი მოიყვანე...
– არა, ამომშალეს ამ სიიდან. შვილი მყავს, გავშორდი და აღარ ვარ გასათხოვარი, განათხოვარი ვარ.
ნოდიკო: არა, გასათხოვარი ხარ და ასე იქნება მანამდე, სანამ არ გათხოვდები.
ნინი: ის, ვინც ნოდიკოსთან ერთად იქნება, ძალიან უნდა უყვარდეს ნოდიკო. კარგი გოგო უნდა იყოს, ლამაზი. მე როგორც ვიცი, ლამაზი გოგონები მოსწონს.
ნოდიკო: რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ კანისა და თმის ფერს არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, უნდა გიყვარდეს და აფრენდე მასზე.
ნინი: ნოდიკო ლიბერალი კაცია, არ მგონია, აზიატი იყოს. თბილი გოგო უნდა ჰყავდეს გვერდით, რადგან თვითონაც ძალიან თბილია.
ნოდიკო: თავის საქმე უნდა აკეთოს. შემდგარი, წარმატებული უნდა იყოს და მე ყველანაირად შევუწყობ ხელს.
– ნინი, როგორც გავიგე, „იმედზე“ გადაცემის წამყვანი იქნები.
ნინი: არ ვიცი, ჯერ მაქვს თუ არა უფლება, ამაზე ვისაუბრო.
ნოდიკო: თუმცა, გიდასტურებთ, რომ ნამდვილად არის წამყვანი.