რამდენჯერ დაიწყო გიორგი გურგულიამ ცხოვრება თავიდან და ვინ იძია შური მისი შვილის 12-წლიანი სასჯელის მისჯით #16
მსახიობ გიორგი გურგულიას ცხოვრება, ნამდვილად არ ყოფილა მარტივი, თუმცა, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ საინტერესო, ხიფათიანი და იმავდროულად, ლამაზი გზა გაიარა. გარდა იმისა, რომ ორჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი, არაერთხელ დაჭრეს და დაიჭირეს, მისთვის მთავარი დარტყმა, მაინც შვილის ნარკოტიკებზე დაჭერა იყო.
გიორგი გურგულია: ყველანაირი სიკვდილი – დენის თუ დანის დარტმით, გაზის აფეთქებით, მესამე სართულიდან გადმოვარნით, მანქანით ამოყირავებითა თუ კლინიკური გარდაცვალებით, გამოცდილი მაქვს. ამიტომ, აღარ მეშინია სიკვდილის. ძალიანაც მინდოდა, გვირაბის გავლა და სინათლეში გასვლა, მაგრამ ვერ გავცდი ამ სამყაროს, ვერ გავედი. შეიძლება, ვინმეს გიჟი ვეგონო, მაგრამ ფაქტია, ნებისმიერი ფორმით სიკვდილში გამოცდილი ვარ (იცინის).
– ორჯერ კლინიკური სიკვდილი განიცადეთ, რა სასწაულმა გადაგარჩინათ?
– ძალიან ხიფათიანი ვარ და რომ ვამბობ, ყველანაირი სიკვდილი განვიცადე და გავცოცხლდი–მეთქი, არ ვხუმრობდი (იცინის). მათ შორის, ორი კლინიკური სიკვდილი იყო. ერთი ბავშვობაში გადავიტანე და მეორე, უცხოეთში ყოფნისას. პირველად კოჯორში, ფეხი გავიჭერი, შრატზე ალერგია დამემართა და მაშინ გავითიშე. მეორედ, ესპანეთში, ალერგია მომცა საკვებმა და კლინიკური სიკვდილი გადავიტანე. გვირაბიც გავიარე და მის ბოლოს სინათლეც ჩანდა. თუმცა, ალბათ, მაშინ არ მეწერა სიკვდილი და გადავრჩი. ამ ორ გარდაცვალებას დაამატეთ დანით მძიმედ დაჭრა, სამჯერ მოხვედრილი ტყვია, უამრავი საბედისწერო ავარია, მესამე სართულიდან გადმოვარდნა და თავის გახეთქვა... ახლაც, რომ ვიხსენებ, ეჭვი მეპარება, ცოცხალი ვარ? (იცინის) ასე რომ, საკმაოდ ლამაზი და იმავდროულად, რთული ცხოვრების გზა გამოვიარე. ძალიან კარგი მეგობრები მყავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ადრე წავიდნენ ამქვეყნიდან. ლამაზად მახსენდება, მათ გვერდით გატარებული ყოველი წამი და ძალიან მტკივა მათი არყოფნა.
– საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა თქვენი ახალგაზრდობა – ომი, გაჭირვება, ნარკოტიკები, ციხე... ეს ყველაფერი რამდენად შეგეხოთ?
– როგორ არ შემეხო! ომებიც, გაჭირვებაც, ნარკოტიკებიც და ციხეც, ჩემს თაობას შეეხო ყველაზე მტკივნეულად. ჰიპური პერიოდი იყო. დედამიწაზე ყველაზე საინტერესო პერიოდში მომიწია ახალგაზრდობის გავლა. სწორედ, ამ ეპოქაში შემოვიდა საქართველოში ნარკოტიკები. ის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა – ახალი ხილი, რომელიც ჩვენი მამებისთვის წარმოუდგენელი გახლდათ და ადვილად ხელმისაწვდომი იყო. არც უშიშროება გიჭერდა და არც სამართლადამცველები დაგდევდნენ მარიხუანის მოწევის გამო. თუ მარიხუანას გიპოვიდნენ, წამოგარტყამდნენ და გეტყოდნენ, რატომ იშტერებ თავსო. ანდა მშობელს დაუძახებდნენ და გააფრთხილებდნენ, სისულეეებს ეწევა და მიაქციეთ ყურადღებაო.
– ასეთი წამორტყმები და გაფრთხილებები, თქვენს შემთხვევაშიც იყო?
– მარიხუანის გამო, არა, მაგრამ ჩხუბისთვის არაერთხელ დამიჭირეს. მარიხუანა თითქმის ყველა აბანოსთან თავისუფლად იყიდებოდა. ერთი შეკვრა ათი მანეთი ღირდა. მე არ მიყიდია, მეგობარმა გამასინჯა პირველად და ნავარჯიშებ ბიჭს, დიდად არ მომეწონა. კიდევ ვამბობ, მაშინ მსოფლიოში აქტუალური გახდა ჰიპების მოძრაობა და ფსევდოთავისუფლებას ნერგავდნენ ნარკოტიკების სახით. საქართველოშიც შემოაგდეს ეს თემა და ახალგაზრდებმა აიტაცეს. დიდი მაფია და პოლიტიკა უწევდა პოპულარიზაციას. ნარკოტიკებით დიდი ფული იშოვა გარკვეულმა ფენამ და ამას ეწირებოდა ბევრი ახალგაზრდას სიცოცხლე. თუ ეწეოდი, მაგარ ტიპად ითვლებოდი და ძირითადად, ნარკოტიკებს ისეთ ახალგაზრდებს აჩვევდნენ, ვინც გამორჩეულად სიმპათიური, ნიჭიერი, კარგი ოჯახიშვილი და პერსპექტიული იყო.
– მერე, თქვენც ხომ არანაკლებ სიმპათიური, ნიჭიერი, კარგი ოჯახიშვილი იყავით, ვერ ჩაგითრიეს?
– როგორც გითხარით, მეც დავიწყე მოწევა. უბრალოდ, ნარკოტიკმა ფსიქიკურად ვერ დამანგრია. ბავშვობიდან მშობლები სხვანაირად მზრდიდნენ და ამ ოჯახურმა გავლენამ დიდი როლი ითამაშა. სულ ვმარხულობდი, დავდიოდი სპორტზე, ხელოვნებასთან ვიყავი ახლოს და ამან მიშველა. მე თუ მკითხავთ, ნარკომანია ჩვეულებრივი ავადმყოფობაა, რომელიც უნდა იკურნებოდეს საავადმყოფოში და არა ციხეში. ეს არ არის დანაშაული. ეს ავადმყოფობაა. როცა ნარკომანიას, როგორც კრიმინალს ებრძვი, არასწორად უდგები იმ ადამიანს, ვინც ამის მსხვერპლია. პირიქით, მათ უნდა დავეხმაროთ. მთელი ჩემი თაობა ნარკომანიის სენით იყო დაავადებული და ჩემი მეგობრების ნახევარზე მეტის სიცოცხლე მას შეეწირა.
– ამბობთ, თავი დავაღწიე და ეს ოჯახის გავლენა იყოო. თუმცა, თქვენი უფროსი შვილი, ნარკოტიკების გამო ციხეში მოხვდა.
– ის ჩემ გამო მოხვდა ციხეში და ნარკოტიკი მხოლოდ საბაბი იყო. წინა ხელისუფლების დროს, მათთვის მიუღებელ სტატიებს ვწერდი. „სოდიან“ „კუდიანად“ გადამეკიდნენ და ის გაზეთიც დახურეს, სადაც ჩემი მასალა დაიბეჭდა. თბილისში ბევრი ნაცნობ–მეგობარი მყავს. გამაფრთხილეს, დაჭერას გიპირებენ და დატოვე სახლიო. ამის მერე, მეორე მასალაც დავბეჭდე და ჩემს ოჯახზე დაიწყეს ზეწოლა. თუ რამე ქონება გამაჩნდა, წამართვეს, გამიყიდეს, ვალებში გამჭედეს და ახლაც, ბანკის ვალებს ვიხდი. ჩემი შვილი, ლუკა, დაიჭირეს. ჩადებული ორი აბი „სუბოტექსი“ უპოვეს ჯიბეში. აწვებოდნენ, ეს აბები შენია. ესა და ეს უნდა ჩაუშვა, თუ გინდა, ციხეში არ მოხვდე, დაადე ხელიო. არ ჩაუშვა და ამის გამო 12 წელი მიუსაჯეს. ამით დამსაჯეს და იძიეს ჩემზე შური. იჯდა გარკვეული წლები და მერე, მთავრობა რომ შეიცვალა, გამოვიდა.
– გიორგი, საკმაოდ ბევრი კრიზისული სიტუაცია გადაიტანეთ და დაძლიეთ პრობლემები. მაინც, რამდენჯერ დაიწყეთ ცხოვრება ახლიდან?
– ნებისმიერი ხუთწლედი და ათწლეული, ახალი ცხოვრების დაწყებაა. ადამიანის მსოფლმხედველობა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ იცვლება. თუ ასე ვიმსჯელებთ, 52 წლის ვხდები და ოთხჯერ დავიწყე ცხოვრება თავიდან. ოთხჯერ დავოჯახდი, ოთხ ცოლს გავუძელი, ოთხი შვილი მყავს და სამი შვილიშვილი. ახლაც, საკმაოდ რთული პერიოდი მიდგას – შვილის დაჭერა, რაც გამაჩნდა, მთელი ქონების გაყიდვა, ვალები, ბანკები მახრჩობენ...
– სამ ცოლთან დაშორება და მეოთხედ, ახლიდან დაწყებული ოჯახური ცხოვრება, არ არის რთული?
– რა თქმა უნდა, რთულია! დავიღალე. მივხდი, ყველა ქალი ერთნაირია, უბრალოდ, სხვადასხვანაირად გამოიყურებიან. სხვათა შორის, ყოფილ ცოლებთან გადასარევი დამოკიდებულება მაქვს და ვერც მეოთხე ცოლზე ვიტყვი, საბოლოოა-მეთქი. ბევრჯერ დავიწყე ცხოვრება თავიდან და მგონი, წინ იმდენი დრო მაქვს, კიდევ მოვასწრებ ისევ ბევრჯერ დავიწყო ახლიდან (იცინის).