როგორ დაახარჯვინა გივი ბერიკაშვილმა „ლონდრეს“ მცირე ეპიზოდისთვის ოპერატორს რამდენიმე კილომეტრი კინოფირი #16
ცნობილი მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „მიუხედავად იმისა, რომ კინოფილმ „ლონდრეში” მცირე ეპოზიდური როლი მაქვს, მასში მონაწილეობამ დიდი სიხარული მომანიჭა. გადაღების პროცესი ძალიან მხიარულად მიმდინარეობდა და ზოგჯერ, გივი ბერიკაშვილი ცოტას ეშმაკობდა კიდეც, რაც არცაა გასაკვირი. ის ხომ, ფაქტობრივად, შიშველ ეშმაკს განასახიერებდა... ფილმში ერთი სცენაა, რომელიც სულ რამდენიმე წამი გრძელდება. გივი შედის ქალების აბანოში და მას აწივლებული, შიშველი ქალები სხვადასხვა ნივთს ესვრიან. ამ სცენის გადასაღებად, რეჟისორმა თამაზ მელიავამ სამხატვრო აკადემიის „ნატურშიცები” მიიწვია, რომლებიც დედიშობილა ბანაობდნენ გოგირდის აბანოში. ამ სცენის გადაღებას ესწრებოდნენ მხოლოდ გივი, ოპერატორი გიორგი კალატოზიშვილი და რეჟისორი თამაზ მელიავა. დანარჩენებს იქ შესვლა აკრძალული გვქონდა, რადგან ასე ისურვეს „ნატურშიცებმა.” წესით, ეს სცენა მაქსიმუმ ორ დუბლში უნდა ჩატეულიყო. სინამდვილეში კი, მის გადაღებას ოცი დუბლი და რამდენიმე კილომეტრი ფირი დასჭირდა. დუბლს ის აფუჭებდა, რომ როგორც კი გივი აბანომდე მიაღწევდა, წაიქცეოდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მეოცე დუბლის წინ, თამაზ მელიავა დაემუქრა გივის: თუ კიდეც წაქცეულხარ, როლიდან მოგხსნი და სხვას ავიყვანო. მეორე დუბლი გივიმ მშვიდობიანად ჩაათავა და მხოლოდ ფილმის დასრულების მერე გამომიტყდა:
– ბიჭო, განა მართლა ფეხი მიცურდებოდა და ვვარდებოდი, განგებ ვაკეთებდი. იქ, ისეთი ტანწერწეტა „ნატურშიცები” იყვნენ, რომ მათ სხეულს თვალს ვერ ვწყვეტდიო.
ასეთი ოხერია გივი და ისე ოსტატურად ეშმაკობდა, რომ მთელი გადამღები ჯგუფი გააბითურა.“
მოამზადა
ნიკა ლაშაურმა