ახალგაზრდა ქალმა დედამთილს საყვარელი მოუკლა #16
32 წლის მაკა ბ-ია 54 წლის ნუკრი ს-შვილის მკვლელობისთვის დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ახალგაზრდა ქალმა მამაკაცს განზრახ მიაყენა გულ-მკერდის არეში დანით სამი ჭრილობა. ინციდენტი ნუკრი ს-შვილის ბინაში მოხდა, სადაც მამაკაცი ქირით მარტო ცხოვრობდა. ამის შესახებ სამართალადამცველებისთვის გარდაცვლილის მეზობლებისგან გახდა ცნობილი.
ნუკრი ს-შვილის ცხედარი მისმა მეგობარმა ქალმა ნანული ნ-ძემ აღმოაჩინა. თუმცა, მან შემთხვევის ადგილი დატოვა და პოლიციის გამოძახება მეზობლებს სთხოვა. ბინაში, რომელიც მამაკაცს სამი თვის წინ ჰქონდა დაქირავებული, მკვლელობის კვალი წაშლილი არ იყო – მაგიდაზე ორ ადამიანზე გაშლილი სუფრა, ალკოჰოლური სასმელი, ხელუხლებლად დაეტოვებინათ. ირგვლივ ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი. მოწმე ვახტანგ ძი-იას ჩვენების მიხედვით, მას ბინის კარზე უცნობმა ქალმა დაუკაკუნა და პოლიციის გამოძახება სთხოვა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ცხოვრობდა ჩემი ბინის წინ. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ბინა ქირავდებოდა. ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, კარზე ზარი რომ დაირეკა. კართან იდგა ქალბატონი, რომელმაც მთხოვა, რომ ბინაში მცხოვრები მამაკაცი ცუდად იყო. მას კი ტელეფონი არ ჰქონდა და პოლიცია გამომეძახებინა. დავინახე, რომ ბინის კარი ღია იყო. სახლში შევტრილადი, პოლიცია გამოვიძახე და როცა უკან გამოვბრუნდი, ქალი ადგილზე აღარ დამხვდა. მეზობლის სახლში შევედი და აღმოვაჩინე სისხლში მოსვრილი გარდაცვლილი მამაკაცი. მე არც მას ვიცნობდი და არც იმ ქალს, რომელმაც საშველად დამიძახა.” სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და მკვლელობის დროს, სავარაუდოდ, მთვარლი უნდა ყოფილიყო. ამას მოწმობდა მაგიდაზე დატოვებული არყის ბოთლიც, რომელშიც სასმელი თითქმის აღარ იყო. გამოძიების ვერსიით, მამაკაცი მოკლა ადამიანმა, ვინც მასთან ერთად იქეიფა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებამ, უპირველესად, უცნობი ქალბატონის ძებნა დაიწყო, რომელიც ასაკით 50 წელს გადაცილებული იყო. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ჩვენების მიხედვით, ქალბატონი მისი მეგობარი, ნანული ნ-ძე უნდა ყოფილიყო. ეს ინფორმაცია გარდაცვლილი მამაკაცის ყოფილი ცოლისგან გახდა ცნობილი. მისი ჩვენების მიხედვით, მამაკაცმა ოჯახი ნანული ნ-ძის გამო დატოვა და მასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რადგან იმ ქალის შვილი და მისი ცოლი, საკუთარ ბინაში არ უშვებდნენ. გამოძიებამ დაკითხა ნანული ნ-ძე, რომელმაც აღიარა, რომ საყვარლის ცხედარი, თვითონ აღმოაჩინა. მისი ჩვენების მიხედვით, მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონია და შემთხვევის ადგილი მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ შეშინებული იყო. თავიდან გამოძიებას ჰქონდა ვერსია, რომ მამაკაცი ქალის მოკლული იყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მკვლელობის დროს ქალი სუპერმარკეტში იყო, სადაც დამლაგებლად მუშაობდა. ეს დადასტურდა ქალის თანამშრომლების მიერ. გარდაცვლილის საყვარელს ჰქონდა ალიბი, გამოძიებამ მკვლელობის ფაქტზე სხვა ვერსიების დამუშავება დაიწყო. გამოძიების შედეგად მკვლელობაში მონაწილე ეჭვმიტანილთა შორის აღმოჩნდა ნანული ნ-ძის რძალი, მაკა ბ-ია, რომელსაც, როგორც გამოძიებით დადგინდა, დედამთილის საყვარელთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ნანული ნ-ძეს მამაკაცის მათ ბინაში თანაცხოვრებას არ დათანხმდა.
გამოძიებამ დაკითხა მაკა ბ-ია, რომელიც წარსულში თაღლითობისთვის იყო ნასამართლები. მისი ჩვენებით, მას მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდა. იმ დროს, როდესაც მამაკაცი დაქირავებულ ბინაში მოკლეს, შვილთან ერთად სახლში იმყოფებოდა. ის, რომ მაკა ბ-ია ჩვენებაში სიმართლეს არ ამბობდა, ტაქსის მძღოლის ჩვენებით დამტკიცდა, რომელიც ქალის მეზობელი გახლდათ. მან მკვლელობის შემდეგ ცოლს განუცხადა, რომ მაკა ბ-ია მან მიიყვანა შემთხვევის ადგილთან ახლოს და იქ გაურკვეველი მიზეზით დატოვა. ამონაწერი ტაქსის მძღოლის ჩვენებიდან: „ამ ოჯახს კარგად ვიცნობ. მაკას დედამთილიც ჩემი კლიენტია და თვითონ მაკაც. იმ დღეს ტელეფონზე დამირეკა და მთხოვა, კონკრეტულ მისამართზე მიმიყვანეო. როდესაც ავტომობილში ჩაჯდა, შევატყვე, რომ ძალიან იყო აღელვებული. ტელეფონზე ქმარს ესაუბრებოდა, რომელიც რაიონში მუშაობს და თბილისში მხოლოდ შაბათ-კვირას ჩამოდის. მაკას ვკითხე, სად მიდიოდა და მითხრა, რაულიმ, ჩემმა ქმარმა სოფლიდან პროდუქტი გამომიგზავნა და უნდა წამოვიღოო. შევთავაზე, დაგელოდები-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა. დაცდა მომიწევს, იქიდან ტაქსის გავაჩერებო. საღამოს 9 საათი იქნებოდა, ვკითხე, პატარა ბავშვი ვისთან ჰყავდა დატოვებული. მითხრა, ჩემი ნათესავია ჩემთან სტუმრადო. როდესაც დანიშნულების ადგილს მივუახლოვდით, ვუთხარი, აქ რამდენჯერმე შენი დედამთილიც მომიყვანია და ვინ ცხოვრობს-მეთქი. ამის თქმა იყო და მარშრუტი შემიცვალა – გზის გაგრძელება მთხოვა. მივხვდი, რომ ეს შეგნებულად გააკეთა, სხვაგან ჩამოვიდა ავტომობილიდან. მე იქვე გავჩერდი, კლიენტს ვეძებდი. მაკა ვერ მხედავდა, სხვა ტაქსი გააჩერა და იქაურობა ისე დატოვა. ამან ძალიან გამაკვირვა. როცა ჩემი ცოლისგან გავიგე, რომ ნანულის საყვარელი იპოვეს გარდაცვლილი, მივხვდი, რომ მაკა ამ საქმეში იყო გარეული.”
როგორც გამოძიებით გახდა ცნობილი, მაკა ბ-ია ნუკრი ს-შვილს მკვლელობამდე ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი ნახვა სურდა. მამაკაცმა ქალს ნაქირავებ ბინაში მისვლა შესთავაზა. ამის შესახებ ქალთან შეხვედრაზე ნუკრი ს-შვილმა საყვარელს აცნობა. მან კი უთხრა, არ ვიცი შენთან რა უნდა, მოვიდეს, მოუსმინე და დაელაპარაკეო. მოგვიანებით, ეს დაადასტურა გარდაცვლილის საყვარელმაც, რომელიც როგორც გაირკვა, დანაშაულში არ იყო გარეული. თუმცა, შემთხვევის ადგილზე მისვლის და მოკლულის ნახვის შემდეგ, დარწმუნდა, რომ მკვლელობა მისი რძლის ჩადენილი იყო. თუმცა, ამის შესახებ სამართალდამცველებთან არ განაცხადა. მან მკვლელ რძალს ჯერ ხელი დააფარა. თუმცა, შემდეგ გამოძიებასთან ითანამშრომლა და რძალი გამოააშკარავა. რატომ გაიმეტა მაკა ბ-იამ მამაკაცი სასიკვდილოდ, თავად ნანული ნ-ძისგან გახდა ცნობილი. ერთი ვერსიით, მაკა ბ-ია წინააღმდეგი იყო დედამთილის საყვარელი მათთან გადასულიყო საცხოვრებლად. ნანული ნ-ძის განცხადებით, ნუკრი ს-შვილი ეჭვობდა, რომ მაკა ბ-იას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. ქალს ამის გახმაურების ეშინოდა და ნუკრი ს-შვილი თავიდან მოიცილა. სასამართლომ მაკა ბ-იას ბრალი წარუდგინა ნუკრი ს-შვილის განზრახ მკვლელობაში და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.