კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აწიოკებდნენ საქართველოს 70-იან წლებში მოუხელთებელი „მოჩვენებები“ #16

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური საბჭოთა პროპაგანდა ყოველმხრივ უარყოფდა საბჭოეთში ორგანიზებული დანაშაულის არსებობას, ის არა მარტო არსებობდა, არამედ საკმაოდ ღრმად ჰქონდა ფესვები გამდგარი. ერთ-ერთი ასეთი დაჯგუფება გახლდათ ლევან გოკიელის შეიარაღებული ბანდა, რომელმაც საბჭოთა მილიციას დიდი თავსატეხი გაუჩინა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში და არაერთი მსხვილი დანაშაული ჩაიდინა. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს იმ უზარმაზარი კრიმინალური საქმიდან, რომელსაც არაოფიციალურად „მოჩვენებების საქმე“ უწოდეს.
„მოჩვენებების საქმე“
„მოჩვენებების საქმე“ მას მერე გაჩნდა, რაც 1968 წლის მარტ-აგვისტოში თბილისსა და საქართველოს სხვა დასახლებულ პუნქტებში თერთმეტი შეიარაღებული ძარცვა მოხდა. ბოროტმოქმედთა ხელწერა ტიპური იყო. რამდენიმე შეიარღებული, ნიღბიანი მძარცველი ოჯახში იჭრებოდა და მოკვლის მუქარით, პირწმინდად „ასუფთავებდა“ იქაურობას ფულისა და ძვირფასეულობისგან. თუ დანაშაული ქალაქში ხდებოდა, მძარცველები „ატმიჩკებს“ იყენებდნენ და ფარულად აღწევდნენ ბინაში. ხოლო, თუკი თავდასხმის ადგილი სოფლად მდებარეობდა, ბოროტმოქმედები ჯერ მოწამლული ხორცის ნაჭრით კლავდნენ კარ-მიდამოს დარაჯ ძაღლს და მხოლოდ ამის მერე შედიოდნენ სახლში. აშკარა იყო, რომ მძარცველები წინასწარ კარგად იყვნენ ინფორმირებულები და ყოველთვის ზუსტად იცოდნენ, თუ რა რაოდენობის ქონება ინახებოდა ამა თუ იმ გასაძარცვ ოჯახში. თითოეული დანაშაულის ხანგრძლივობა 15-20 წუთში იყო და ისე სწრაფად მოქმედებდნენ მძარცველები, რომ მილიციამ მათ „მოჩვენებები“ შეარქვა.
ფანტასტიკური გაქცევა
1968 წლის 4 აგვისტოს „მოჩვენებებმა“ თბილისში, ვაკეში, ერთ-ერთი მდიდარი „ცეხავიკის,“ პლატონ კაკაბაძის ოჯახი გაძარცვეს და უამრავ ძვირფასეულობასთან ერთად, ლალისთვლიანი საყურეებიც წაიღეს. სწორედ ეს საყურეები გახდა ხელჩასაჭიდი რგოლი, რის მეშვეობითაც მოუხელთებელი ბოროტმოქმედების გაშიფვრა მოხერხდა. 13 აგვისტოს, გაძარცვული კაკაბაძეების შინამოსამსახურემ მარუსია ეფრემიშვილმა ქუჩაში, ავტობუსის გაჩერებაზე, ვიღაც ქალი შენიშნა, რომელსაც ეს საყურეები ეკეთა. 38 წლის ეფრემიშვილი უკან გაჰყვა საყურეებიანს და მისი მისამართი შეიტყო. შემდეგ კი ყველაფერი პლატონ კაკაბაძეს უამბო. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო. თბილისის მილიციის სპეციალურმა ჯგუფმა ჯერ საყურეებიანი ქალი დააკავა და დაკითხა, რომელიც 29 წლის ანეტა ჯაში გახლდათ. ქალი 23 წლის ბანდიტის, დიტო კვესიტაძის საყვარელი აღმოჩნდა, რომელზეც თვალთვალი დაწესდა და 21 აგვისტოს უკვე 9 ბოროტმოქმედი, მათ შორის, ბანდიტების მეთაური – 38 წლის ლევან გოკიელიც დააპატიმრეს. ის ყოფილი სამხედრო იყო. ჯარიდან მუხლის ტრავმის გამო წამოვიდა და ინვალიდობის პენსიას იღებდა. ბოროტმოქმედებს იარაღის მთელი არსენალი აღმოუჩინეს, რომელსაც ერთ-ერთი ბანდიტის, არმაზ კოშკაძის კერძო ბინაში ინახავდნენ ლოტკინის მთაზე. ამოიღეს  აგრეთვე, დიდძალი ნაძარცვი ძვირფასეულობა და ნაღდი ფული. საერთო ჯამში, ამოღებულმა ქონებამ 880 ათასი მანეთი შეადგინა, რაც იმ დროისთვის კოლოსალური თანხა იყო. ძიებისას ციხეში მოკლეს დიტო კვესიტაძე, რომლის საჩუქარმაც ანეტა ჯაშისადმი, ბანდა გაშიფრა. 23 წლის ბიჭს ციხეში სეირნობისას გულში ბებუთი გაუყარეს და ასე იძიეს შური. ვერც მკვლელი, ვერც შემკვეთი ვერ აღმოაჩინეს. ძიება 3 თვე გაგრძელდა და უმაღლეს სასამართლოში პირველი სხდომა 10 დეკემბერს დაინიშნა. დარბაზი სავსე იყო ხალხით. 8 ბოროტმოქმედი გაძლიერებულმა ბადრაგმა მოიყვანა. თუმცა, მათ მხოლოდ პისტოლეტები ჰქონდათ. შუა სხდომის დროს დარბაზიდან მოულოდნელად, 5 ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი წამოდგა. მათ ბადრაგს პისტოლეტები წაართვეს და იქვე გაკოჭეს. თავიანთი მეგობრები კი გაათავისუფლეს და სასწრაფოდ მოშორდნენ იქაურობას. ეს იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი და ერთ-ერთი ყველაზე თავხედური მასობრივი გაქცევა სასამართლოდან. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მთელი მილიცია ფეხზე დადგა გაქცეულების დასაჭერად, ბოროტმოქმედთა მოხელთება ვერ მოხერხდა და მათ კვალს ვერ მიაგნეს.
განსაკუთრებული ბრძანება
სასამართლოდან გაქცეული ბოროტმოქმედების დაკავება მილიციის მუნდირის ღირსების საქმე იყო და ძალოვანი სტრუქტურა ძალებს არ ზოგავდა მათ შესაპყრობად, თუმცა, უშედეგოდ. ამასობაში, ბანდიტები დანაშაულს დანაშაულზე სჩადიოდნენ და ხან ერთ ქალაქში გამოჩნდებოდნენ, ხან მეორეში. ისევე „სუფთად“ მუშაობდნენ, როგორც ადრე. მიუხედავად იმისა, რომ მილიცია მათ კუდზე აჯდა, ყოველთვის „ერთი ფეხით“ ასწრებდნენ მდევარს და უჩინარდებოდნენ. ყველაზე საგულისხმო კი ის გახლდათ, რომ ბოროტმოქმედები, საქმის სიუხვის მიუხედავად, ერთ წვეთ სისხლსაც კი არ ღვრიდნენ. არანაირ ძალადობას არ მიმართავდნენ და თანაც, ისეთ ხალხს ძარცვავდნენ, თავისი სიხარბითა და ცუდი საქმეებით რომ იყვნენ გამორჩეულები. ამიტომ, უბრალო ადამიანები თანაუგრძნობდნენ ბანდიტებს და ეხმარებოდნენ კიდეც. მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე იმდენად შეაწუხა ბანდის საქმიანობამ და მოუხელთებლობამ, რომ ერთ-ერთ საგანგებო თათბირზე თავის ხელქვეითებს უთხრა:
– უმოკლეს დროში თუ ბანდა არ შეგიპყრიათ ან გაგინადგურებიათ, ყველანი სამსახურს დაემშვიდობებით. მოიფიქრეთ ხეირიანი ფანდი მათ გასანეიტრალებლად და საგანგებო ბრძანებას გაძლევთ – შეგიძლიათ, მათი გაუფრთხილებლად ლიკვიდაცია. ამ განსაკუთრებული ბრძანების მიუხედავად, „მოჩვენებები“ თანმიმდევრულად აგრძელებდნენ „მოღვაწეობას“ და 1970 წლის მარტისთვის მათ უკვე მილიონ-ნახევრის ქონება ჰქონდათ მიტაცებული.
ვერაგული მახე
„მოჩვენებების“ თარეში 1971 წლის მარტში დასრულდა. პირადად, ედუარდ შევარდნაძის მიერ მოფიქრებული გეგმის მიხედვით, ამ პერიოდში უკვე 28-კაციან ბანდაში მილიციის აგენტი შეგზავნეს. მან ოთხი თვის განმავლობაში თავისი საქციელით ბოროტმოქმედთა ნდობა დაიმსახურა და თავად ლევან გოკიელსაც გაეცნო. დაუახლოვდა მას და ერთ მშვენიერ დღეს, ძალიან სარფიანი საქმე შესთავაზა. აგენტის თქმით, 20 მარტს თბილისიდან მცხეთაში ვითომდა საიდუმლო საცავში 2 ტონა ოქროს ზოდები უნდა გადაეტანათ შესანახად. „ნაკოლშჩიკი“ ამტკიცებდა, რომ ორ სამხედრო ფურგონს სულ რაღაც ექვსი უფორმო მილიციელი გააცილებდა, რათა ყურადღება არ მიეპყროთ. „ფურგონებს ალყას შემოვარტყამთ. ოქროს იოლად ჩავიგდებთ ხელში და გავუჩინარდებით,“ – ასე დაასრულა შეგზავნილმა აგენტმა თავისი სიტყვა. 1971 წლის 20 მარტს გოკიელის მთელმა ბანდამ ფურგონებს ზუსტად დანიშნულ ადგილზე შემოარტყა ალყა, რომ ოქრო წაეღოთ. სინამდვილეში კი, ფურგონში მსხდომმა ორმა ქვედანაყოფმა, ბანდიტებს ცეცხლი გაუხსნა. 12 ადამიანი ადგილზევე მოკლეს, 7 დაჭრეს და შეიპყრეს, ხოლო ლევან გოკიელმა გაქცევა მოახერხა.
P.S. მილიციის აგენტი, ფსევდონიმით „ტურა“, ორი წლის შემდეგ მოკლული იპოვეს თბილისში, საკუთარი საცხოვრებლის სადარბაზოში. როგორც ხმა გავრცელდა, ის გაქცეულმა ლევან გოკიელმა გამოასალმა სიცოცხლეს. თავად გოკიელი კი 2007 წელს კანადაში გარდაიცვალა.

скачать dle 11.3