ემუქრება თუ არა ნინო ნადირაძე-კუზანოვა ქმარს კასტრაციით და რატომ დამთავრდა მისი მეგობრობა ია ფარულავასთან #16
ნინო ნადირაძე-კუზანოვა ცნობილ ადამიანთა შორის ის იშვიათი გამონაკლისია, ვინც ყოველთვის ღიად და პირდაპირ საუბრობს ყველანაირ თემაზე და საკუთარი თუნდაც კრიტიკული აზრის დაფიქსირებას არაფერზე ერიდება. ამის გამო, მისი განცხადებები, თუნდაც სოციალურ ქსელში, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ერთ-ერთი ასეთი განცხადება მარიხუანას ეხებოდა.
ნინო ნადირაძე-კუზანოვა: ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ნარკოდანაშაული დასჯადი უნდა იყოს. უნდა ისჯებოდეს მომხმარებელიც, რადგან მოხმარება ნიშნავს ყიდვას. ეს უკვე ბარიგასთან კონტაქტია, რაც დანაშაულებრივი წრეა. არასწორია მის სამედიცინო სარგებელზე ლაპარაკი. მარიხუანას არ აქვს ისეთი სამედიცინო მნიშვნელობა, რომელიც შეუცვლელი იქნება. არ არსებობს მდგომარეობა, როცა აუცილებლად მარიხუანა უნდა მოწიო, თორემ ისე, ვერ გადარჩები. ეს ზღაპრებია. ბევრს სჭირდება, რომ ეს თემა ამ კუთხით შემოიტანოს. მარიხუანას ნამდვილად არ აქვს ისეთი სამედიცინო მნიშვნელობა, რომ ამის გამო დაშტერებულმა და დაბოლილმა იარო. მე მარტო ჩემს შვილებზე არ ვდარდობ. ყველას შვილის გამო განვიცდი. არავის ესიამოვნება, სახლში გაბრუებული შვილი და არცერთ ცოლს არ უნდა, მისი ქმარი დაშტერებული დადიოდეს. თან პროფესიების მიხედვით რომ ყოფენ მომხმარებლებს და ამბობენ: ვაიმე, ექიმებმა არ მოწიონ. ვინმეს ესიამოვნება დაბოლილი ექიმის ნახვა ან ბანკის თანამშრომლის? ანუ, ვინც ვმუშაობთ, არ უნდა მოვწიოთ და აბა, ვინ უნდა დაბოლდნენ, უსაქმურები? დადგნენ, ტვირთი ზიდონ ან ნებისმიერი სხვა საქმე გააკეთონ, რომ დაბოლების დრო აღარ დარჩეთ.
– მე მყოლია რესპონდენტები, ვინც მის ეკონომიკურ სარგებელს უსვამს ხაზს.
– თუ ეკონომიკურ სარგებელზეა ლაპარაკი, მაშინ დავდგები და სხეულით ვივაჭრებ. ყველაფერი, რასაც ფული მოაქვს, გასაკეთებელი არაა. არ შეიძლება, ბევრი კარტოფილი და ვაზი მოვიყვანოთ გასამდიდრებლად? რაღაც შევქმნათ, აიტი-ტექოლოგიები დავხვეწოთ. ესტონეთში არაფერი მოჰყავთ, მაგრამ მთელი ქვეყანა აიტი-ტექნოლოგიებზე დგას და ჩვენ მარიხუანით უნდა გავმდიდრდეთ? მაოცებს ეს ხალხი თავის უბადრუკი არგუმენტებით. სხვა მექანიზმებით ვიმუშაოთ – ბევრი თხილი მოვიყვანოთ, რატომ მაინცდამაინც მარიხუანა?!
– ყველა მშობელს გარკვეულ ასაკში უწევს ამ თემის შვილებთან განხილვა. თქვენს ოჯახში როგორ დგას ეს საკითხი?
– მე ჩემს შვილებს ენის მოჩლექით არასდროს ველაპარაკები. ასე მარტო ჩემს ძაღლთან „ვსაუბრობ”. შვილებს, რა თქმა უნდა, ვეფერები, მაგრამ ფეხის ადგმიდან, ყველა საკითხს დიდივით, მაგრამ გასაგები ენით ვუხსნიდი. თუმცა, მთავარი მაინც გარემო და პირადი მაგალითია, რასაც მე და გუგა ვაძლევთ. მაგრამ, ეს მაინც მათი არჩევანია. თუ თვითონ გადაწყვიტა თავის მოკვლა, ამის შემჩერებელი არავინაა. მაგრამ, ერთადერთი მაგალითი მაინც პირადი გამოცდილება მგონია და არა უაზრო რჩევა-დარიგებები. თუმცა, როცა კითხვას სვამენ, პასუხს თავს არასდროს ვარიდებ – ვუხსნი იმ მძიმე შედეგებს, რაც ცხოვრების სხვადასხვა გზით გამარტივებას მოსდევს. ყოველთვის ვეუბნები, რომ კარგი ცხოვრება ძალიან მძიმე შრომის შედეგია და ამას ლატარიაში იშვიათად იგებენ. მე მაქვს გამოცდილებაზე დაყრდნობილი აზრი და არა საიდანღაც მოტანილი. ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ჩემ თვალწინ ჰიპერდოზირებით. ისინი მარტო თავის თავს კი არა, მთელ იმ გარემოს უშავებენ, სადაც ტრიალებენ. აქ მარტო მარიხუანის კი არა, ზოგადად, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზეა ლაპარაკი. თუმცა, არც ის გამიგია, ვინმე მარიხუანის მოხმარებისთვის დაეჭიროთ პირველივე ჯერზე. ალბათ, ეს მეათასე ჯერზე ხდება. ამ ქალაქში ვიცხოვრე ამდენი წელია და რაღაცეები ვიცი. ამიტომ, ამ სპეკულაციებსა და დემაგოგიას ვერ ვიტან. ადამიანმა სიმართლე უნდა თქვას.
– შვილები ახსენეთ, მათთვის საკმაოდ მკაცრი დედა ხართ, არა?
– ვფიქრობ, ასე უფრო მეტად მომზადებულები შეხვდებიან მძიმე ცხოვრებას. ვარდისფერი სათვალე გზის გაკვალვაში ხელს შეუშლით. დედაჩემი ყოველთვის კრიტიკული იყო ჩემ მიმართ და ზუსტად ასე ვარ მეც. ქება-დიდება არ შემიძლია. სხვა შეიძლება, შევაქო, მაგრამ ჩემი შვილები – არა. რა ვქნა, ჯერ არ გაუკეთებიათ ისეთი რამ, რითაც ჩემს შექებას დაიმსახურებენ.
– ბოლო დროს ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას თქვენი ქალიშვილის გარეგნობა და ჩაცმის სტილი.
– მაგან ჯობია, ჯერ წიგნი გადაშალოს. კარგი სტომატოლოგი დადგეს და ინტელექტით მიიქციოს ყურადღება, ვიდრე ტანსაცმლის დემონსტრირებით.
– ცნობილი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ძალიან ლამაზად ფუთავენ ოჯახურ ურთიერთობებს. ამ თვალსაზრისით გამონაკლისი ხართ – ძალიან გულახდილად ლაპარაკობთ ოჯახურ ამბებზე.
– ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს. მე და გუგა ვჩხუბობთ, ვკამათობთ, სხვადასზვა აზრი გვაქვს. ორივე ძალიან ბევრს ვმუშაობთ. დღე არ გავა, რომ არ ვიკამათოთ. ცალ-ცალკეც და ორივეს ერთად ძალიან ბევრი სირთულე გვაქვს გამოვლილი. ჩვენ ქორწინების შემდეგ, როგორც კი მუშაობა დავიწყეთ, დამოუკიდებლად ვცდილობდით ცხოვრებას. იყო დრო, როცა გუგას ჰქონდა მაღაზია, ძმაკაცებთან ერთად „სასისკებს“ ჰყიდდა. ერთად ბევრი გამოვიარეთ. როცა გავთხოვდი, ერთ სახლში ვცხოვრობდით მე, გუგა, გუგას მშობლები, ბებია, მერე გაჩნდა მაკო. თუმცა, მერე, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. ადრე ყველაფერზე ვკამათობდით. ბოლო დროს უფრო ვისწავლეთ დათმობა, თორემ იყო დრო, დანა-სისხლად ვასკდებოდით ერთმანეთს. სიბერეში უფრო ლოიალურები გავხდით (იცინის).
– ბევრი წელი გაკავშირებთ, რაც აღნიშვნის ღირსია.
– ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ქორწინების სიმყარე იმის ბრალიცაა, რომ ორივე ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდეთ, სადაც ოჯახის სიმტკიცე უმთავრესია. ერთმანეთზე ბევრჯერ გავბრაზებულვართ, ისე, რომ დანახვაც არ გვდომებია, მაგრამ ოჯახისა და შვილების მნიშვნელობა ჩემს თავში ძალიან მყარად დევს. ჯერ ჩვენ შორის ისეთი არაფერი მომხდარა, რასაც ჩემი გენეტიკური კოდი შეიძლებოდა, დაეჯაბნა. როცა ოჯახს ქმნი და შვილებს აჩენ, მათ მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრება. ბავშვს სჭირდება ორივე მშობელი. ამიტომ, თუ რამე უპატიებელი არ მოხდა, ოჯახი არ უნდა დაანგრიო. ჩემთვის უპატიებელია ნარკომანია და ლოთობა, დანარჩენს ყველაფერს ვაპატიებ, გვერდზე გასეირნებასაც კი (იცინის).
– ქმარს გვერდზე გასეირნებას ვაპატიებო, ამაზე ასე ხმამაღლა, როგორც წესი, არ საუბრობენ.
– იმას არ ვამბობ, ქმრის ღალატი რომ გავიგო, თავზე ხელს გადავუსვამ-მეთქი. მაგრამ, ზოგადად, არ მჯერა, რომ არსებობენ კაცები, რომლებსაც გვერდზე არ გაუხედავთ. ლეგენდა, „ქმარს ღალატს არ ვაპატიებ“, ტყუილი მგონია და ალბათ, მეც „გავუტარებდი“, ღმერთმა არ ქნას, გავიგო, ეს არის მთავარი (იცინის).
– ეს წახალისება არაა ქმრისთვის?
– რომ ვუთხრა, თუ მიღალატებ, დაგიჭერ და კასტრაციას გაგიკეთებ-მეთქი, დამიჯერებს და ეს დააკავებს? (იცინის) დასჯი თუ არ დასჯი, კაცი მაინც გიღალატებს, თუ ეს უნდა. მთავარია, ისეთი ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ, რომ ეს არ მოუნდეს. თუ კაცმა ღალატი გადაწყვიტა, ვერაფრით გააჩერებ. ამიტომ მოგკლავ, დაგახრჩობ და ტაფით დევნას ურთიერთობის მოგვარება ჯობია. არასდროს ვიყურებოდი აქეთ-იქით და არ მაინტერესებდა, ჩემი ქმარი ვინმეს შეხედავდა თუ არა. საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. შეიძლება, ეს სასაცილოა, მაგრამ თავი თავმომწონედ მიჭირავს და გუგას სხვაგან საყურებლად დროს არ ვუტოვებ (იცინის).
– გენდერული თანასწორობის საკითხი როგორ დგას თქვენს ოჯახში?
– გენდერულ თანასწორობაზე მეცინება, იმიტომ რომ, ჩვენს ქვეყანაში ყველგან ყველაფერს ქალები მართავენ. უბრალოდ, თავს ვისაწყლებთ, თორემ ისე, ყველა კაცს თავზე ვაზივართ (იცინის). ჩვენს ქვეყანაში ქალებიც დაჩაგრულები არიან და კაცებიც, მერე იქ, უკვე დასწრებაზეა საქმე. სამსახურს საქართველოში კაცებზე ადვილად ქალები იწყებენ, ფინანსურადაც ქალები უფრო მყარად დგანან. ერთადერთი, პოლიტიკაშია ნაკლები ქალი, მაგრამ, ალბათ, იმიტომ რომ, თვითონვე არ უნდათ ამ სირთულეების თავში ხლა და ცხოვრებას იმარტივებენ. რომ უნდოდეთ, პარლამენტშიც იქნებოდნენ.
– თქვენი შვილი უკვე 20 წლისაა. როგორ წარმოგიდგენიათ მისი დაქორწინება, თავად ხომ ამ ასაკში შექმენით ოჯახი.
– კი, 20 წლისაა, მაგრამ თავს მოვიკლავ, რომ გათხოვდეს (იცინის). ახლა ძირითადად, სწავლაზეა ორიენტირებული, თუმცა, ძალიანაც არ ვუძვრები სულში, რადგან ეს თემები მაღიზიანებს. მირჩევნია, არ ვიცოდე. თუმცა, რა თქმა უნდა, შვილიშვილები მინდა. „სვეცკი“ ნინა ბებო ვიქნები. თან, ნინას თუ დაარქმევენ, ის განსაკუთრებით მეყვარება. „პეროიანი“ ბებია ვიქნები. ბავშვსაც გავურჭობ „პეროს” პამპერსში და ორივე „პეროებით” ვივლით (იცინის).
– ბოლოს „ფიესბუქის“ პოსტებზე გკითხავთ. ცოტა ხნის წინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა „ჩემი ცოლის დაქალებთან“ დაკავშირებით დაწერილ სტატუსს.
– გამეცინა ამ ყველაფერზე. ეს დაავადება მართლა არ ემართებათ ქალებს, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, ასე მტკივნეულად რატომ აღიქვეს ეს სტატუსი. არადა, ქეთი დევდარიანი (სცენარისტი) მართლა ძალიან მომწონს, გადასარევი ტიპია და ნიჭიერი.
– „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი თქვენი და ია ფარულავას კონფლიქტის შესახებაც. რა მოხდა თქვენ შორის?
– ჩემი მხრიდან იასთან არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. მოხდა რაღაც გაუგებრობა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემსა და იას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობას, მაგრამ ოდესღაც რაღაც მთავრდება. სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა დამთავრდა, მაგრამ ეს ჩემი მიზეზით არ მომხდარა, რაც მამშვიდებს. მთავარია, მე არ ვყოფილიყავი მტყუანი. აი, როცა მტყუანი ვარ, მაშინ ბოდიშის მოხდა არ მეშლება. ახლახან შევხვდი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე. მერე რა, ჩვეულებრივი ამბავია, ყველაფერი ხდება. 30-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, სამშვილიანი წყვილი შორდება და მეგობრების დაშორებაში უცნაური არაფერია.