რა თავგადასავალი გადახდა მარიამ მაისურაძეს ბერლინის აეროპორტში და რა პრეცედენტი დაუშვეს მის გამო „იმედის“ ტელევიზიაში #16
დიდი ხანი არაა, რაც მარიამ მაისურაძე ტლეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოჩნდა. ის, ალბათ, უფრო სარეკლამო რგოლებიდან გემახსოვრებათ. მიუხედავად მარიამის სამოდელო კარიერისა, მან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მყარი გადაწყვეტილება მიიღო მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით და სიტყვის სადარაჯოზე ყოფნა - ჟურნალისტობა აირჩია. ჯერ 20 წლისაა და მესამე კურსის სტუდენტია, თუმცა უკვე, „ქრონიკის“ თანამშრომელია. უფრო დეტალურად მის შესახებ, თავად მოგიყვებათ.
მარიამ მაისურაძე: ყოველთვის მაინტერესებდა სამხედრო ჟურნალისტიკა და ამას რომ ვამბობდი, ყველას უკვირდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 10 წლის ვიყავი. მაშინ მახსოვს, პირდაპირ ეთერში, როგორ მოხვდა ჟურნალისტს ტყვია, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც გააგრძელა თავისი საქმე. მაშინ გამიჩნდა ინტერესი ამ პროფეიის მიმართ. რაღაც პერიოდი გერმანიაში ვცხოვრობდი, სადაც სხვადასხვა ტელევიზია, რადიოები ვნახე, გავიცანი ჟურნალისტები. პირველი ნაბიჯები ჩემს კარიერაში უნივერსიტეტიდან დაიწყო – უნივერსიტეტის ტელევიზიაში გადაცემის წამყვანი ვიყავი. მერე მოვხვდი „ტიფლის ტვ-ში”, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსს ვუძღვებოდი. წელს, მესამე კურსზე რომ გადავედი, დამირეკა ტელეკომპანია „იმედის“ ეიჩარმა და გასაუბრებაზე მისვლა შემომთავაზა. თავიდან გამიკვირდა – საიდან, როგორ?! მერე აღმოვაჩინე, რომ, თურმე უნივერსიტეტიდან გადაუციათ ჩემი მონაცემები. მოკლედ, გავიარე გასაუბრება და ამიყვანეს სტაჟიორად. ორთვიანი სტაჟირების შემდეგ, უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, ჩამსვეს შტატში და ბუნებრივია, ხელფასიც დამინიშნეს. დღეს გახლავართ „ქრონიკის“ ჟურნალისტი.
– ის სტერეოტიპი დაამსხვრიე, რომ ტელევიზიაში მხოლოდ ნაცნობობით შეიძლება მუშაობა?
– კი, ზუსტად. მეც რომ მივედი ტელევიზიაში, ანალოგიური განწყობა მქონდა. შენობაში რომ შევედი და ამდენი ცნობილი ხალხი დავინახე, მეგონა, ძალიან დიდი იყო ჩემთვის იქაურობა. გასაუბრებაზე ვნერვიულობდი და არც ველოდებოდი, თუ დამირეკვადნენ. ბოლოს, შტატში რომ ჩამსვეს, მივხვდი, რამხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა. არ მახსოვს, ორი დღის განმავლობაში რას და როგორ ვაკეთებდი. მთელი ეს ორი დღე არ გამიღიმია და შეშინებული, დაბნეული დავდიოდი. რამდენიმე კვირის წინ ექსკლუზივი ჩავწერე და ყველა მირეკავდა, მარიამ, მოგვეცი მასალაო. პროდიუსერმაც შემაქო, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, იმდენად ბედნიერი ვიყავი, სიხარულისგან დავფრინავდი (იცინის).
– გერმანიაში დიდი ხანი ცხოვრობდი?
– 15 წლის ვიყავი, როცა გერმანიაში გამიშვეს. გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი და ერთ-ერთ პროგრამაში მოვხვდი, რომელიც ერთი სემესტრით გერმანიაში ცხოვრებასაც მოიცავდა. თავგადასავლები ჯერ კიდევ გზაში დაიწყო. კიევში, აეროპორტში დავიკარგე და ჩემი ბილეთიც გააუქმეს. მიუხედავდ იმისა, რომ რუსული არ ვიცოდი, ვიჩხუბე რუსულად და ეს 15 წლის ბავშვი საბაჟოზე სრულიად უბილეთოდ გამატარეს (იცინის). გერმანიაში ვისთანაც მივდიოდი, ისინი მხოლოდ ერთი ფოტოთი მყავდა ნანახი. ამიტომ, ძალიან ვნერვიულობდი, ვინმეში არ ამრეოდნენ. როგორც კი ისინი დავინახე, ბარგს აღარ დაველოდე და გამოვედი. ბარგი გამახსენდა გვიან, თუმცა ჯერ კიდევ აეროპორტში ვიყავი. მოკლედ, ბარგი ვიპოვე, მაგრამ სხვა პრობლემა გაჩნდა – ჩანთაში მედო ხანჯლები და არ მატანდნენ, ცივი იარაღი გაქვსო. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. მაშინ მივხვდი, რომ ძლიერი ადამიანი ვიყავი.
– 15 წლის ასაკში მარტივად შეეჩვიე დამოუკიდებლად ცხოვრებას?
– თავიდან ერთი სული მქონდა, უკან როდის დავბრუნდებოდი. ოთახში კედელზე კალენდარი ეკიდა და დღეებს ვითვლიდი, როდის წამოვიდოდი საქართველოში. თუმცა, ერთი კვირის მერე, ისე მომეწონა იქაურობა, ის კალენდარი მოვხსენი და აღარ მინდოდა წამოსვლა (იცინის). იქ იმდენი თავგადასავალი გადამხდა, რომ ჩამოვედი, ერთი კვირა ვლაპარაკობდი. ერთ დღესაც, მთელი ოჯახი წავედით საშოპინგოდ. მე შევვარდი ძალიან მაგარ მაღაზიებში, ვიყიდე „ვოგის“ ჟურნალები, დავლიე „სთარბაქსის“ ყავა და მოკლედ, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ვხედავდი იმ ყოველივეს, რასაც მანამდე, მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვათვალიერებდი. თან, მაშინ მოდა ჩემთვის ყველაფერი იყო. მშობლებმა რაც გამომატანეს ერთი სემესტრის ფული, იმ დღეს დავხარჯე. გამოვდიარ ამ მაღაზიებიდან და მგონია, რომ ეს ხალხიც იგივე დღეშია. ამ დროს ვხედავ, უყიდიათ 20 ევროდ – ფასდაკლებით რაღაც ტანსაცმელები და ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ყველგან ეცვათ. არადა, ოჯახი, სადაც ვცხოვრობდი, ფინანსურად ძალიან შეძლებული იყო. პირველი, რაც მათში მომეწონა, იყო მათი არამატერიალური ხასიათი.
– მოდის სფეროში როდის ჩაები?
– მოდელობა 8 წლის ასაკიდან დავიწყე. მამა მყავს ფეხბურთელი და მისი მოსწავლეების ცოლები მოდელები არიან. მოკლედ, 8 წლის რომ გავხდი, ლალი ტოტიკაშვილისა და ირინა ონაშვილის სააგენტოში მიმიყვანეს. 8 წლისას მქონდა პირველი ჩვენება, თუმცა უფრო მეტ დროს ყოველთვის სწავლას ვუთმობდი. ოჯახიდან გამომდინარე, ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის სწავლა იყო. ვფიქრობ, ყველაზე ლამაზია განათლებული და ჭკვიანი ადამიანი. განათლებაა ჩემი ყველაზე დიდი კოზირი და არა – გარეგნობა.
– ანუ, ოჯახის წევრების სურვილი იყო, მოდელი ყოფილიყავი?
– მამაჩემი ისე აქტიურად იყო ჩემს სამოდელო სფეროში ჩართული, რომ თვითონაც მიკვირდა. რაც არ უნდა მეთხოვა, ყველაფერი მისრულდებოდა. ძალიან უნდოდათ ჩემებს, ამ სფეროში ვყოფილიყავი, რადგან ჩვენ ირგვლივ ბევრი მოდელი იყო. შესაბამისად, ყველაფერში ხელს მიწყობდნენ.
– პირად ურთიერთობებში რა ხდება?
– ამ ეტაპზე სერიოზული ურთიერთობა არავისთან მაქვს. ჯერჯერობით არ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, ვინც ჩემ გვერდით იქნება. მიმაჩნია, რომ ქალმა აუცილებლად უნდა შექმნას ოჯახი. ერთი ასეთი გამონათქვამი არსებობს: „ქალისთვის ოჯახი არის ცენტრი, თუმცა არა – საზღვარი“, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები. იმისთვის, რომ წარმატებული დედა იყო, აუცილებელია დამოუკიდებლობა. ამ შემთხვევაში ქალი კი არ გაზრდის შვილს, არამედ – აღზრდის. სამწუხაროდ, ბევრი დიასახლისი ზრდის შვილებს და არა აღზრდის – ბავშვებს წლები ემატებათ და მორჩა. მინდა, ჩემი შვილები აღვზარდო და არა გავზარდო. ამისთვის, ვიცი, რომ ბევრი შრომა მომიწევს საკუთარ თავთან.
– თუმცა, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება...
– კი, ვერ ვიტყვი, რომ არ მყავს-მეთქი. თუმცა, ისეთი არავინაა, რომ შემაწუხოს. ზოგადად, შემწუხებელი პიროვნება არ არსებობს, შენ თუ გინდა, შეგაწუხონ, მაშინ აუცილებლად შეგაწუხებენ. შესაბამისად, თავად ვირჩევ, ვინ შემაწუხოს და ვინ – არა. ეს ყოველთვის ჩემი არჩევანია და ბიჭებმა შეიძლება, არც იცოდნენ (იცინის).