კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეშმაკის ბილიკი #16

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-15(850)

 ირინე გავაშელმა მშვიდად მიუგო გიგაურს:
– ფოტომსგავსება სულაც არ ნიშნავს, რომ ეკატერინე ვარლამ კოვზირიძის შვილია. ეს მხოლოდ თქვენი ვარაუდია და ფაქტი დადეთ. თუ არ ვცდები, ძიებას ფაქტები და სამხილები, თუნდაც მოწმეების ჩვენებები სჭირდება. ვარაუდები მხოლოდ ვარაუდებია და მეტი არაფერი.
– აბსოლუტურად მართალს ბრძანებით, –  გაეღიმა ზურაბს, – არის ერთი ირიბი ფაქტი.
– ბრძანეთ.
– მე ვალერი ზუევის მეგობარს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ სასიკვდილო გაფრენის წინ ზუევს მისთვის უთქვამს თქვენზე, – ერთადერთი ქალია, რომელიც ჩემთან ურთიერთობაზე ვერ დავიყოლიეო. ხოლო, თუ ეს სიმართლეა და ვფიქრობ, სიმართლეა, მაშინ ვინაა თქვენი შვილის მამა?
– ეს ან თქვენ მოიგონეთ, ან იმ კაცმა მოჩმახა.
გიგაურმა ჯიბიდან მინიატურული მაგნიტოფონი ამოიღო და ზუევის მეგობართან საუბარი მოასმენინა, რომელიც რესტორანში ჩაიწერა. ბოლოს კი უთხრა:
– ხომ თქვენი ყურით მოისმინეთ? რაში სჭირდებოდა იმ კაცს ასეთი ტყუილის მოგონება?
– ეს ტყუილი, ალბათ, თქვენ გჭირდებათ და არანაირ ვალერი ზუევის მეგობარს არ უთქვამს ეს.
– შემიძლია, იმ კაცს თქვენს წინაშე გავამეორებინო ეს სიტყვები და დარწმუნდებით, რომ არ ვცრუობ.
– ეს მაინც არაფერს ნიშნავს და ვერაფერში დამდებთ ბრალს, მით უმეტეს, არაფერი დამიშავებია.
– მე არც არაფერში გდებთ ბრალს, – ღიმილით თქვა მაიორმა, – თუმცა, გამოძიებისთვის ყალბი ჩვენების მიცემა თავისთავადაა დანაშაული და არ გამოვრიცხავ, მომავალში სხვა დანაშაულშიც გამხილოთ.
– მაინც, რა დანაშაულში?
– მძიმე პაციენტის არალეგალურ მკურნალობაში და მძიმე დანაშაულის გაუმხელელობაში.
– რომელი მძიმე დანაშაულის?
– მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობასა და ძებნილის არალეგალურ შეფარებაში. როგორც ხედავთ, ეს არც თუ ისე მცირეა. რას იტყვით?
– რა უნდა ვთქვა, თქვენ კვლავ ვარაუდებით მელაპარაკებით და მის იქით ვერ მიდიხართ, – მხრები აიჩეჩა ირინე გავაშელმა, – ან კი  როგორ წახვალთ, როცა მეტი არაფერია. მე თქვენ მიერ ჩამოთვლილი არცერთი ქმედება არ ჩამიდენია და ცდებით.
– მე მხოლოდ მტკიცებულებები არ მაქვს, თორემ დარწმუნებული ვარ, არ ვცდები. სწორედ თქვენთან მოვიდა დახმარებისთვის ზურგგამობუგული ვარლამ კოვზირიძე და თან, მას აპოლონ ხვიჩიას მიერ დამზადებული დამწვრობის მალამო ჰქონდა. სწორედ თქვენ ააჭერით მას ზურგიდან ნახშირი, მალამოთი უმკურნალეთ და ფეხზე დააყენეთ. შემდეგ კი მოსკოვშიც, ალბათ, ერთად გაემგზავრეთ. იქიდან თქვენ ჩვილით დაბრუნდით, რომელიც მისგან შეგეძინათ. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ის არ ვიცი, თქვენ შორის ინტიმური კავშირი სად დაიწყო.
– დანარჩენს ყველაფერს სიმართლეს ამბობთ, ხომ? – მშვიდად, ყოველგვარი ირონიის გარეშე იკითხა ქალმა.
– ყველაფერი სიმართლე გითხარით, ირინე და ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. გასაგებია, რომ ვარლამ კოვზირიძე თქვენთვის ძალიან ძვირფასია, მაგრამ მეც გამიგეთ. სიმართლის დადგენა სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის. ზუსტად უნდა გავიგოთ, რასაც ვამბობ, მართალი თუა.
– ხომ ხედავთ, – ქალმა სიტყვა გააწყვეტინა ზურაბს, – თქვენ თვითონ არ გჯერათ იმის, რასაც ამბობთ.
– მჯერა, როგორ არ მჯერა, ქალბატონო ირინე, მაგრამ მე თქვენი დასტური და ზუსტი მონათხრობი მჭირდება ამის თაობაზე. ჩვენ ვცდილობთ, კოვზირიძეზე გავიდეთ, რომ დავკითხოთ ის და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი  საქმე გავსხნათ, რომელიც ჩვენი სამშობლოს სასიცოცხლო ინტერესებს ეხება. მით უმეტეს, უნდა გვითხრათ სიმართლე, რადგან თავად ვარლამ კოვზირიძეა საფრთხეში და თქვენ მისი სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლიათ.
– ვერაფერი გავიგე, – მხრები აიჩეჩა ქალმა.
– რა ვერ გაიგეთ? – ჰკითხა ზურაბმა.
– თქვენი სიტყვებიდან გამოდის, რომ ვარლამი, – ქალმა ენაზე იკბინა, რაც გიგაურს არ გამოჰპარვია და დააყოლა, – ვარლამ კოვზირიძე ცოცხალია.
წამოცდენილი „ვარლამის“ გაგონებაზე, გიგაური მიხვდა, რომ სწორ გზას ადგა და ექიმს უთხრა:
– ცოცხალია, სავარაუდოდ, მაგრამ იმალება და თქვენ შანსი გაქვთ, თქვენთვის ძვირფასი ადამიანი, თქვენი ქალიშვილის მამა, სიკვდილს გადაარჩინოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამას ისურვებთ.
ქალი შეყოყმანდა. შემდეგ მაგიდის უჯრიდან სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ გიგაურს ჰკითხა:
– რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ ვარლამი ცოცხალია?
მაიორი გულში ზეიმობდა, რადგან ქალის მიერ მეორედ ნათქვამმა „ვარლამმა“ დაარწმუნა, რომ მისი ვარაუდი სწორი იყო და გავაშელს უთხრა:
– ინტუიცია მკარნახობს, ქალბატონო ირინე. ინტუიციას კი ჩემთვის არასდროს უღალატია. რაღა ახლა ვცდები?
– ვარლამმა რამე დანაშაული ჩაიდინა?
– რაც ჩვენ ვიცით, არა. პირიქით, თავად მისი მოკვლა უნდოდათ და გადარჩა.
ექიმი უხმოდ აბოლებდა, თან ფიქრობდა. ბოლოს სიგარეტი ჩააქრო, წყალი დალია და მაიორს ჰკითხა:
– ამდენი ხანია, აქ ხართ, მე კი თქვენი ვინაობა არ ვიცი.
– უშიშროების მაიორი, ზურაბ გიგაური – ღიმილით წარუდგა ზურაბი ირინე გავაშელს.
გავაშელმა ღრმად ამოისუნთქა, თავი გააქნია და გიგაურს უთხრა:
– იმ ღამეს გვიან დავბრუნდი სახლში. მძიმე დღე მქონდა და ძალიან დაღლილი ვიყავი. სოლოლაკში ვცხოვრობდი, დიდ ეზოში, მაგრამ შესასვლელი სადარბაზოდან მქონდა და იმით ვსარგებლობდი. ბნელი დერეფანი რომ გავიარე და ჩემს კარს გასაღები მოვარგე, ჩურჩული მომესმა. მამაკაცის ხმამ მითხრა:
– ირინე, ვარლამი ვარ. არ შეგეშინდეს.
სულ მარტო დავდიოდი და არ მეშინოდა, მაგრამ მაინც შევხტი, რადგან ვარლამი მკვდარი მეგონა და ვკითხე:
– ვინ ვარლამი?
– კარის გვერდით კუთხოვანი ჩაღრმავება იყო და ვარლამი იქ იმალებოდა. გამოვიდა და მართალია, მას ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიგრძენი, რომ გამიღიმა და მითხრა:
– ვარლამ კოვზირიძე. შენთან საქმე მაქვს და შემომიშვი.
კარი გავაღე. ვარლამი შევუშვი. შევყევი. კარი მოვხურე. შუქი ავანთე და ვკითხე:
– აბა, უგზოუკვლოდ დაიკარგაო?
– გამოვჩნდი, – ღიმილით მომიგო ვარლამმა, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ კარგად ვერ იყო.
– რა გჭირს? – ვკითხე და თან, ოთახისკენ გავიშვირე ხელი.
ოთახში რომ შევედით, ქაღალდში გახვეული ხვიჩიას მალამოები მაგიდაზე დადო და მითხრა:
– როგორ ხარ, ირინე?
– შენ, გატყობ, რომ კარგად ვერ უნდა იყო. არ მეტყვი, რა გჭირს?
– გრძელი ისტორიაა.
– გეჩქარება სადმე?
– თუ არ გამაგდებ, არა.
– დაჯექი და მომიყევი.
ვარლამი სავარძელში ჩაჯდა, მაგრამ საზურგეს არ მიყრდნობია. წინ გადმოიწია და მითხრა.
– ირინე, ძვირფასო...
მე მას სიტყვა გავაწყვეტინე:
– თუ საარშიყოდ მოხვედი, გუდანაბადი აიკარი და მიბრძანდი.
– არა, საარშიყოდ არ მოვსულვარ და შენი დახმარება მჭირდება. მაგრამ, თუ გინდა,  წავალ.
– მოყევი. გისმენ.
– ზურგი მაქვს დანახშირებული და შენი დახმარება მჭირდება, – ვარლამმა მალამო ამოიღო ქაღალდიდან და დასძინა, – ეს აპოლონ ხვიჩიას მალამოა, დამწვრობა რომ მოვიშუშო.
ხელები დავიბანე. გამოვიცვალე. ვარლამს ზურგი დავუთვალიერე და შევღონდი. ისე ჰქონდა დანახშირებული, რომ გამიკვირდა, საერთოდ როგორ იდგა ფეხზე. შემდეგ პატარა ოპერაცია ჩავუტარე და ნეკროზული ქსოვილები მოვაშორე. ბოლოს მალამო წავუსვი და ტახტზე მოვასვენე. ერთი სიტყვით, ჩემთან დავტოვე და არ მიკითხავს, რა შეემთხვა. ვფიქრობდი, თავად მეტყვის-მეთქი. მაგრამ ერთი კვირის მერე მაინც ვკითხე:
– აღარ იტყვი, რა უბედურება შეგემთხვა და საერთოდ, სად გაუჩინარდი?
ერთი სიტყვით, ვარლამმა მითხრა, რომ ვიღაც ნაძირალა ცოლ-ქმარმა მოტყუებით ორივესთვის სახის ოპერაცია გააკეთებინეს და შემდეგ მოკვლა დაუპირეს, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა.
– ქალბატონო ირინე, არ უთქვამს იმ ცოლ-ქმრის ვინაობა? – ჰკითხა გიგაურმა ექიმს.
– არა და არც მე მიკითხავს მათი ვინაობა.
– არც ის უთქვამს, თუ სად მოხდა ეს?
– გორში. ვიღაც მოხუცის ბინაში. ის საცოდავი დაიწვა. ვარლამი კი – გადარჩა, – მიუგო ირინე გავაშელმა ზურაბ გიგაურს.
– თავისი გაუჩინარება როგორ ახსნა?
– თუ ანტისაბჭოურ საქმიანობაში არ დამდებთ ბრალს, გეტყვით.
– არ დაგდებთ, – გაეღიმა მაიორს.
– უცხოეთში გაქცევას ვაპირებდი და ამიტომ გავუჩინარდი, იმ ნაძირლებმა დამარწმუნეს, რომ თითქოს საფრანგეთში ტყუპი შვილი მყავს. მათ კი იმიტომ გავუკთე ოპერაციები, რომ მომატყუეს – საბჭოთა ხელისუფლება მოსაკლავად დაგვდევს, სახეები უნდა შევიცვალოთ და გავიქცეთო.
– გასაგებია, – თქვა მაიორმა და უხერხულად გაეღიმა, – ქალბატონო ირინე, ბოდიშს გიხდით, მაგრამ უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ და ნუ გამიბრაზდებით.
– თქვენ, ალბათ, ჩვენი ინტიმური ურთიერთობა გაინტერესებთ, – თქვა გავაშელმა, – სიმართლე გითხრათ, ვარლამი თავიდან ძალიან შემეცოდა. შემდეგ კი ძალიან შემიყვარდა და ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად მოხდა. ჯერ კიდევ აქ, თბილისში. შემდეგ მოსკოვში გამგზავნეს. ვარლამი ისედაც აპირებდა იქ წასვლას და წამომყვა. ეკატერინეზეც იქ დავფეხმძიმდი. იქ გამიცნო ვიტალი ზუევმაც, მაგრამ ზედაც არ ვუყურებდი.
– ვარლამ კოვზირიძე მოსკოვში სად ცხოვრობდა?
– ბინას ქირაობდა და ჩვენ იქ ვხვდებოდით ერთმანეთს.
– მისამართი გახსოვთ?
ირინე გავაშელმა ზურაბს მისამართი ჩააწერინა და უთხრა:
– მართალია, მალულად ხდებოდა ყველაფერი და ვარლამი თითქმის არ გამოდიოდა სახლიდან, მაგრამ ძალიან ბედნიერი პერიოდი იყო.
– რამდენ ხანს გაგრძელდა?
– ექვსი თვე. ეკატერინეზე ოთხი თვის ორსული ვიყავი. მუცელი ნელ-ნელა მეტყობოდა და სწორედ მაშინ გაუჩინარდა ვარლამი. სხვათა შორის, მეორე დღეს ვიტალი ზუევიც დაიღუპა. სწორედ ზუევის დაღუპვამ და იმან, რომ ყველამ იცოდა, ზუევი მეარშიყებოდა, გადამაწყვეტინა იმის თქმა, რომ თითქოს ბავშვი ზუევისგან მყავდა.
– თქვენი მეუღლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, რას იტყვით?
– მე ჩემი გასაღები მქონდა. ნაქირავებ ბინაში რომ მივედი, იქ წერილი დამხვდა, რომელშიც ეწერა: „საყვარელო, მცირე ხნით საქმეზე უნდა გავემგზავრო და მალე დავბრუნდები. ყველაფერი ისე უცებ მოხდა, რომ შენი გაფრთხილება ვერ მოვასწარი. არაფერზე ინერვიულო. შენი ვარლამი. ეს წერილი დაწვი“. სიმართლე გითხრათ, ვერაფერს მივხვდი. მართალია, მასთან სამი დღე არ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რა საქმეები უნდა ჰქონოდა. არ ვიცი. ყველაფერი კარგად რომ გავაანალიზე, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ზედმეტი ტვირთის აკიდება არ უნდოდა და ბავშვის დაბადებამ დააფრთხო. დაჰკრა ფეხი და გაიქცა. მიგვატოვა.
– მაშინ, ჯერ ხომ არ გყავდათ ბავშვი. თქვენ არ თქვით, მეოთხე თვეზე ვიყავიო?
– ჰო, მომავალმა დაბადებამ, – შეასწორა ექიმმა.
– რამე მსგავსს გაგრძნობინებდათ თქვენი მეუღლე?
– არა. პირიქით, უხაროდა, რომ შვილი უნდა შესძენოდა.
– აბა, ასეთ დასკვნამდე რატომ მიხვედით?
– მეტი რა უნდა მეფიქრა? – მხრები აიჩეჩა ქალმა.
ზურაბი ჩაფიქრდა და ირინე გავაშელს ჰკითხა:
– იმ ბინაში ღამით თუ რჩებოდით თქვენს მეუღლესთან?
– თითქმის არასდროს, სულ ორჯერ დავრჩი. ძირითადად, დილის საათებში ვხვდებოდით ერთმანეთს. ორი საათიდან კი ლექციები მეწყებოდა და გავრბოდი. თანაც, ვიტალი ზუევის და, ვალენტინა, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი ოთახში, აფთარივით მედგა თავზე და შეიძლება, ვარლამი გაეშიფრა.
– გამორიცხავთ, რომ თქვენს მეუღლეს მართლაც შეიძლება, საქმეები ჰქონოდა?
– სახლიდან არ გადიოდა და ვისთან უნდა ჰქონოდა საქმე?
– ეს მან გითხრათ?
– რა?
– სახლიდან რომ არ გადიოდა.
– დიახ.
– ჰოდა, გამორიცხული არაა, რომ მოგატყუათ.
– მომატყუა? – გაიმეორა ქალმა.
– დიახ და სახლიდან მაშინ გადიოდა საქმეებზე, როცა თქვენ მისგან მიდიოდით.
– სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. მაშინ, ისე დავარწმუნე თავი, რომ მიმატოვა, სხვა ვარიანტები გამოვრიცხე, – გავაშელი ჩაფიქრდა, – სხვათა შორის, მის გაუჩინარებამდე ორი კვირით ადრე, საერთო საცხოვრებელში ვბრუნდებოდი, ერთი ლექცია გამიცდა და ფეხით წავედი. ზუევი ყოველ თავისუფალ დროს ჩემს დასახვედრად იყო დარჭობილი ინსტიტუტის წინ და მაცილებდა. იმ საღამოსაც ასე მოხდა. ერთ-ერთ ქუჩაზე რომ მივდიოდით, ხალხში ვარლამს მივამსგავსე ვიღაც კაცი. უცებ ის შეტრიალდა და სხვა მიმართულებით წავიდა. მეორე დღეს კი, როდესაც ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, – გუშინ საღამოს რომ დამინახე, რატომ გადაუხვიე-მეთქი, გაეცინა და მიპასუხა, გარეთ არ გავდივარ და როგორ მნახავდიო.
– რას ფიქრობთ, მართლა თქვენს მეუღლეს მოჰკარით თვალი თუ შეგეშალათ? – ჰკითხა გიგაურმა გავაშელს, რომელიც მცირე ხნით ჩაფიქრდა. თვალები დახუჭა, თითქოს წარსულის კადრებს უყურებსო და ბოლოს უთხრა:
– კი. ნამდვილად ვარლამი იყო. მან დამინახა და პირისპირ რომ არ შემხვედროდა, გადაუხვია.
– დარწმუნებული ხართ? – ჩაეკითხა მაიორი ექიმს.
– დიახ. ასი პროცენტით. ნამდვილად ვარლამი იყო ის კაცი და ჩემთან შეხვედრას მოერიდა, – მტკიცედ უთხრა გავაშელმა გიგაურს.
– აი, ხომ ხედავთ. მართალი ვყოფილვარ. როგორც ეტყობა, თქვენი მეუღლე სახლიდან გადიოდა და მართლაც რაღაც საქმეები ჰქონდა, – უთხრა ზურაბმა ქალს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3