ყირამალა საყვარლები #16
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-14(849)
ისტორია მეცამეტე
სამ ცეცხლშუა
(მოქმედი პირები: ზურა)
რაღაც უცნაურად მშვიდად მიპასუხა თეომ და არ მომეწონა, ისევ ვატრაკებ, არაფერიც არ ხდება, მიპასუხა, როგორც საყვარელმა ქალმა უნდა გიპასუხოს, გაგებით და სიყვარულით. მე თუ თავი მტკივა, ეს არაა ყველაფერზე მნიშვნელოვანი?!
– ჩემი ჭკვიანი გოგო, – უცებ თეოს მოფერება მომინდა, მომენატრა. მაგრამ ახლა სახლში უნდა წავიდე. და ჩემი თეოც თუ იმ ძუკნასავით იქცევა?! თან, მარტო ცხოვრობს?! მე რა ვიცი, მასთან ვინ მიდის, ვინ მოდის. მე გაუფრთხილებლად არასდროს მივსულვარ. ისევ ვატრაკებ… მეც ვადარებ, რა, იმ შალავას ჩემს გოგოს. ისე, ლანას არ დაურეკავს კაი ხანია, ხომ მშვიდობაა? სახლში არაფერი უნდათ? ყველაფერზე მირეკავს, მეკითხება და დღეს, აგერ ნახევარი დღე გავიდა და ხმა არ გაუღია. მე დავურეკავ. არა, არა! პირდაპირ მივალ.
სოლოლაკიდან ჩამოვუხვიე და კოლმეურნეობის მოედანზე მოვხვდი. ისე, ლანასთვის სიურპრიზი რა ხანია, არ გამიკეთებია. მოდი, ყვავილებს ვუყიდი. და ერთდროულად ორი ქალი კაი ხანია, არ მყოლია. ჰო, ცოლიც ქალია… მაგრამ ლანა რაღაცნაირია, მოვალეობის მოხდასავით წვებოდა ჩემთან: შუქი ჩააქრე, ბავშვებმა არ გაიღვიძონ... ვერც ვიხსენებ, რა გემო ჰქონდა...
თაიგულის ყიდვა გადავიფიქრე. ერთი ვარდი ვიყიდე, მაღალი, შავ-წითელი და სახლში ავედი. ზარი დავრეკე. კარი არავინ გამიღო. ისევ დავრეკე… ინსტინქტურად გასაღები ამოვიღე ჯიბიდან. ჰო, სახლში არავინ იყო… არც ბავშვები, არც ლანა…
– ეკასთან ხომ არ გავიდა? ჰო, ეკასთან იქნება, მაგრამ ბავშვები სად არიან? – უცებ სახლის ტელეფონმა დარეკა.
– ოო, ქალბატონო ნუნუ, ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას… ქალბატონი ხარ, აბა?! და ჩემი საყვარელი სიდედრი. აა, თქვენთან არიან, ესე იგი, კარგი. ლანა სახლში არ არის, მეზობელთან გავიდა. რომ მოვა, ვეტყვი, რომ დარეკოს.
ვარდი მაგიდაზე დავდე და სამზარეულოში გავედი. – ოო, ჩემი საყვარელი ხარჩო გაუკეთებია. კარგია… წამოვწვები, სანამ ლანა მოვა.
თვალი რომ გავახილე, ჯანდაბა, ისევ საკეტის ხმამ გამაღვიძა. ბინდბუნდში სილუეტი დავლანდე, – ვაჰ, ისევ ქეთაა...
– მე მომიტანე ეს ვარდი?
– დიახ, შენ მოგიტანე. ასე მომინდა. სად იყავი? მე ეკასთან მეგონე. მოდი ჩემთან… ვთქვი ავტომატურად. ქეთა, ლანა, ახლა ჩემთვის სულერთი იყო. უბრალოდ ქალი ყოფილიყო, რომ ჩემს სხეულს დაესვენა. ქეთამ კარგად წაიმუშავა და მის შრომას წყალში ვერ ჩავყრიდი. და თეო?! რა თეო?! ბოლოს და ბოლოს, ლანა ჩემი ცოლია და როდის მერეა ღალატი ცოლთან სექსი?!
სამივე ერთმანეთში ამერია, სიბნელეც ხელს მიწყობდა. ჩემი ფიზიოლოგია თავისას ითხოვდა. ლანა ხმას არ იღებდა. მისი სხეული ოდნავ მიძალიანდებოდა, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი იყო, ლანა, ქეთა, თეო…
ისტორია მეთოთხმეტე
მოულოდნელი სტუმრები
(მოქმედი პირები: თეო და ლევანო, ირა-მირას ქმარი)
დიტოსთან უნდა ავიდე და მოვლამაზდესავით. ახალი მაკიაჟი მინდა, ფრჩხილების დაგრძელება და ტატუ უნდა გავიკეთო მარცხენა მხარზე – ჭრიჭინა. დიდი ხანია, მინდა და სულ ვერ ვბედავ. თან, ზურა დამცინის, რა დროს შენი ტატუა, აწი ტუტანჰამონს მუმიას თუ დაესესხებიო. ჰოდა, მნახოს, რავარი მუმია დაადგება პირდაპირ სარკოფაგიდან. რამდენი დღე დარჩა? ცოტა. ჰოდა, უნდა შევიარაღდე - ისეთი თეო მივალ, რომელსაც ვერ იცნობს! ვერც ფიზიკასა და ვერც ვერსად. გეყო, სიხარულო, რაც ინებივრე. პასუხისმგებლობას არ კისრულობ ნებით, აგკიდებ ძალით. ერთხელ ცხოვრება დავინგრიე ჩემი უტვინო კეთილშობილებით. ახლა მეტად არ ვაპირებ სხვას დავუთმო ის, ვინც მიყვარს. და თუ მას არ ვუყვარვარ, მაგასაც გავარკვევ და ეგ არის.
დიტოს დავურეკე, საღამოს 8-ზე ჩავეწერე - სალონში მარტო რომ დავრჩეთ და საქმეს მშვიდად შევუდექი. კვირა დღე არ მიყვარს, ვითომ დასვენებაა და სინამდვილეში სახლში იმდენია გასაკეთებელი... დღეს არაფრის ხასიათზე არ ვარ! უფროსი მე არ მყავს და უმცროსი. რა მენაღვლება. როცა მომეპრიანება, მაშინ დავალაგებ აქაურობანას... ზურა ვითომ არ ამომივლის? მაგას წუხანდელი გაყუჩება თუ შერჩა, მერე შეიფეროს იქნება. დავურეკო? ახლა, ალბათ, შხაპს იღებს და ის ქათამი საუზმეს უმზადებს. არა, არ მინდა ამაზე ფიქრი! ეს ჩემს ძალღონეს აღემატება. ჯობია, სექსზე ვიფიქრო - როცა იქნება, ხომ გამოვა გარეთ და ამოვა! ჰოდა, ისეთი უნდა ვაყირამალავო, რომ ერთი კვირა არაფრის თავი არ შერჩეს! მერე ავდგები და ზასოსსაც დავუტოვებ. აი დარდი, იყვიროს, თუ უნდა, მკიდია! დავკაწრავ კიდეც და დავკბენ... დაიმსახურა! მთელი საღამო დამაიგნორა და მე გულზე გასიებული დავრჩი. არა, მაინც ეს ჯონდო რა ხვითოა, ირას როგორ ჩააწვეთა. გველი. კი მივაქაქე, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. ურცხვია და მალე ისევ მოცუქცუქდება. დედა უნდა ვაგინო მაგ ნაბიჭვარს! ირას რომ ისევ შეტევა დამართნოდა, ხომ უნდა მიმეგუდა... ცოტა დრო რჩება. 7-ზე უნდა გავიდე სახლიდან, რომ დიტოსთან დროზე მივიდე. სამი საათი ხომ მაინც მინდა, რომ გული ვიჯერო? ეს ბედოვლათი ამდენს რას საუზმობს, ნეტა? თუ ქათამი არ უშვებს? ნეტა, რა მოხდა გუშინ? ასე უპასუხოდ როგორ დამტოვა?! არა, რა, მართლა უნდა დაურეკოს კაცმა იმ დედაკაცს და იხალისოს. ისე, რატომ გადარია დიტო, ასეთი ბილწი არაფერი მინახავს, დედიო... შოკში იყო ტიპი. არ ველოდი ზურას ცოლისგან! ზურას რომ ჰკითხო, უფრთო ანგელოზია... არადა, ისეთი „მიტისკა“ დიტო. საბრალო აღშფოთებისგან გალურჯდა. თან, არც არაფერი უთქვამს. ვინ აცადა... არა, რაღაცაშია საქმე! ნეტა, ამ ჯონდომ ხომ არ... არა, მაგდენსაც ვერ გაბედავს! დავიჯერო, ასეთი წაკლაა? რაა დაუჯერებელი?! არ გამიკვირდება, ისე, არადა ამჯერად შეიძლება, მადლობაც მაქვს სათქმელი? გავიხედე და, ისეთი სკანდალია ზურიკელას თავს, პირდაპირ ჩუმოდნით მოდის ჩემთან... ვითომ? არა. არც ჯონდო დარეკავდა და არც ზურას ჩაალაგებინებს ვინმე ასე იოლად ჩემოდანს. მაინც მომიწევს ჩემი გეგმის განხორციელება და ფორმაში უნდა ჩავდგე. ეს რამდენიმედღიანი ინტენსიური მასაჟები, სპა, მეზო და ყველა სიკეთე...
აი, კარზეც ზარია, ესეც ზურა! ცოტას განერვიულებ, სიხარულო, რეკე და იდექი, ხომ ვიცი, მეზობლების როგორ გეშინია. დღისით გასაღებს არ ამოიღებ... კაი, მოვდივარ! დამაცადე, ვენერასავით უნდა ამოვძვრე ქაფიდან... აი, ასე...
– ვაიმე, ლევანო! აქ რას აკეთებ, ადამიანო! ხომ გამისკდა გული, – კართან ჩემი ირას ლევანო იდგა.
– გოგო, რა გჭირს? შენ რაღა დაგემართა?
– რა უნდა მჭირდეს? კვირაა, სახლს ვალაგებ და...
– მერე კარს შიშველი რომ აღებ, იქნებ ვინ დგას გარეთ.
– კაი რა, მორალს მიკითხავ? ვინ უნდა იდგეს? მეზობლის ქალს ველოდებოდი. აბა, შენ არც იოცნებო, რომ შიშველი დაგხვდებოდი!
– კარგი, მე რა, შენ გაყოფ თავს შარში, თორემ... მე საკუთარიც მყოფნის.
– რა მოხდა, ისევ მოიხერხე რამე?
– რა მოვიხერხე, გოგო? სად მაქვს მოხერხების შნო. სულ გაუგებრობაში ვარ!
– ეგ კი, უნდა დაგეთანხმო, მაგარი შარიანი ხარ, ძმაო. ბავშვობიდან... ამჯერად რაო? ახალია რამე?
– უფ, დამალევინე რამე, თუ და ხარ. წუხანდელის მერე ლუკმა არ ჩამსვლია პირში.
– გასაუზმებ, რა იყო, აღარ იტყვი?
– ირას შეტევა ჰქონდა გუშინ და...
– ვაიმე!
– არა, გადავრჩით. იოლად გადაიტანა. ჩემი სიდედრი იყო ბედზე სახლში, თორემ დავიღუპებოდით.
– ახლა როგორ არის? რატომ არ დარეკე?
– მაგის აზრი მომეკითხებოდა?
– აკი, გადავრჩითო?
– გადავრჩით, რომ ისევ ინფარქტი არ გადაიტანა. მაგრამ, მგონი, მე მაქვს ინსულტის პერსპექტივა!
– შენ, რაღა იყო? გულჩვილი არ მყავხარ, მგონი!
– კაი, რა! ჯერ ხომ ვინერვიულე, რომ დამირეკა ივანოვნამ. მერე, სანამ სასწრაფო წავიდა, სანამ ფერი მოუვიდა, სანამ ივანოვნა წაქოთქოთდა... მე ჩემი დამემართა. სიამოვნება წინ მელოდა, თურმე. ირამ, ახლოს დამიჯექი და რაღაც უნდა გითხრაო. ჰოდა, მითხრა!
– რა თურქული სერიალივით მიწელავ სათქმელს! ამოშაქრე!
– მითხრა, იცოდე, თუ მართლა იმ ბოზ მარინას დაუბრუნდი, თავს მოვიკლავო! და ეს ისე მითხრა, მართლა გამკეთებელია.
– და მერე შენ რა, ... ანუ, დაიცა! ბიჭო, არ გადამრიო ახლა!
– ჰო, რა იყო, ვითონ შენ მყავხარ მამა აბრამის ბატკანი!
– დაიცა, რა, მე ქმარს არ ვღალატობ!
– არც მე!
– აბა, იმ მარინას რომ ჟიმავ, სამშობლოს სამსახურში ხარ?
– ეგ სხვაა! ეგ ღალატი არ არის, ვერ გაიგებ შენ ამას.
– გამოდის, ისევ ძველებურს დაუბრუნდი, საღოლ, ძმაო! ქალი მაინც გამოგეცვალა. ასეთი „ერთგულებაც“ არ ვარგა! მერე მე რას მომადექი, დაგალევინებ მე შენ დარიშხანს, ჩემს დაქალს რომ რამე დაემართოს.
– მე თვითონ დავმართებ საკუთარ თავს, თეო-ჯან! შენ არ შეწუხდე! მაგრამ ეს როგორ გაიგო, აი, ეს უნდა გავიგო! ისეთი თვალებით შემომხედა, უსათუოდ იცის.
– ფუი, რა უნდა გელაპარაკო! კაცი ხარ ახლა შენ? გოგოს ერთი ინფარქტი გადაატანინე, რა იყო, ისე გექავება ერთი ადგილი, შვილების დაობლებას გეგმავ? გეუბნები, არ გაცოცხლებ, ირას რომ რამე დაემართოს!
– ჰოდა, მიშველე ახლა, რამე. დამაკვალიანე, როგორ მოვიქცე.
– მე დაგაკვალიანო?! ბიჭო, მე რომ ამ საქმეში დამკვალიანებლად არ გამოვდგები...
...შემოსასვლელი კარის გაღების ხმამ შემაშინა, შევხტი კიდეც... სანამ ლევანოს შიშვლად ვემარიაჟე, ეტყობა, კარების გადაკეტვა გადამავიწყდა... დერეფნიდან ფეხის ხმა და მასპინძელო, სტუმარს ხომ მიიღებ! – შემომესმა. ლევანმა ირონიულად გადმომხედა, სამზარეულოს სკამზე ფეხი ფეხზე გადაიდო და საზურგეს მიაწვა...
გა-უცხო-ება
(მოქმედი პირები: ზურა, ლანა)
მერე აღარაფერი მახსოვს. ყველაფერი გაურკვევლობაში ჩაიძირა. თითქოს მეც გავქრი; არა, თან – გავქრი და თითქოს არ ვიყავი, თან – ვიყავი. სხეულიც თითქოს მქონდა და არც მქონდა. სადღაც შუაში გავიჭედე: არც იქით, არც აქეთ…
უსიამოვნო შეგრძნებამ გამომაღვიძა: მზის სხივი პირდაპირ ჩემს მარცხენა თვალში შემოჭრას ცდილობდს. ტახტზე ვიწექი, ჩემს სახლში. თავი მიბჟუოდა, მაგიდაზე, მაღალწელიან ლარნაკში, ერთი ვარდი იდო. წუხანდელი საღამო ბუნდოვნად მახსოვდა. მომაგონდა გასამება და ვიგრძენი, რომ ყველაფერი ყელში ამომივიდა… მომბეზრდა…
– ლანა! – დავიძახე ხმამაღლა, ჩემთვის კი გავიფიქრე: წუხელ რა მოხდა, დამესიზმრა თუ რა ჯანდაბა დამემართა…
არავინ რომ არ გამომეპასუხა. წამოვჯექი. ვცდილობდი, თავში აზრები დამელაგებინა. ისე, რამდენი ხანია, მარტო არ დავრჩენილვარ საკუთარ თავთან?! ვეღარც კი ვიხსენებ. სიჩუმეც მომნატრებია თურმე და მარტოობაც. ან ამ ტელეფონს როდის გამოვურთე ხმა?! ან ლანა სად წავიდა?! ბავშვები?! ჰო, ბავშვები ვიცი, სადაც არიან.
ისევ კარის საკეტის ხმა გავიგონე. ამჯერად თვალები ისე გავახილე, რომ ლამის თვალბუდიდან ამომიცვივდა.
– ლანა, შენ ხარ?
– გაიღვიძე უკვე? პურზე ჩავედი. არ გვქონია. საუზმეს მოვამზადებ ახლავე.
– ბავშვები როდის მოვლენ?
– როცა გინდა. თუ გინდა, ახლავე ვეტყვი მამაჩემს და მოიყვანს.
– როგორც გინდა… სააბაზანოში შევალ, – ისე გავედი მისაღები ოთახიდან, რომ ლანა არ დამენახა თუ მას არ დავენახე. წყალი მესიამოვნა. აზრების დავარცხნას ვცდილობდი. მიყვარს აბაზანა, წყალიც. მყუდროდ ვგრძნობ თავს. ცოტა გამოვცოცხლდი. წვერიც გავიპარსე და ნელ-ნელა ადამიანსაც დავემსგავსე.
– ფუ, ამის, ტელეფონი დამრჩა დივანზე. თეოს უნდა დავურეკო, გაცეცხლებული იქნება. ისე, თვითონ რატომ არ დამირეკა?! როგორ მოუვიდა?! ცოტა საეჭვოდ მშვიდად კი იქცევა ამ ბოლო დროს. მშვიდად რეაგირებს ყველაფერზე. ან ლანამ ბავშვები რატომ გაუშვა?! – ეს ბოლო კითხვა აშკარად უადგილო იყო. ლანასთან მარტო კარგა ხანია, არ დავრჩენილვარ და ბავშვებიც რომ არ იყვნენ, მივხვდი, რომ არ ვიცოდი, რაზე უნდა მელაპარაკა მასთან. არადა, იმიტომ მომეწონა თავის დროზე, რომ მასთან ლაპარაკი მესიამოვნა. საინტერესო ადამიანად მეჩვენა… ერთგული და თბილი. ცოტა გულუბრყვილოც, მაგრამ გულწრფელი. რატომ მოვიყვანე ცოლად, მაინცდამაინც, ლანა?! რა ვიცი მე! მოვიყვანე და მოვიყვანე. ასე მომინდა და იმიტომ. მომეწონა. შემიყვარდა… არა – ის უფრო შემიყვარდა, რომ უზომოდ შეყვარებული თვალებით მიყურებდა, – აჰა, როგორც იქნა, გამოვუტყდი ჩემს თავს... სიმშვიდე მოდიოდა მისგან. ახლაც ეს სიმშვიდე მიზიდავს სახლში… წუხელ რა მოხდა?! დამესიზმრა ვითომ?! ლანა ისე ჩვეულებრივად იქცევა, რომ დამესიზმრა, მგონი. ოჰ, ის ძუკნა, როგორ გამაბითურა!
გაგრძელება შემდეგ ნომერში