სტალინის პასუხის შემდეგ ამერიკელებს აღარ მოუთხოვიათ ვალის გადახდა #16
ფრაზა „პასუხისთვის ჯიბეში არ ძვრებაო“, ზედგამოჭრილი იყო სტალინზე. სიდინჯის, აუღლვებლობისა და დაფიქრებულობის მიუხედავად, ოპონენტის მკვეთრ გამონათქვამს საბჭოთა ბელადი ყოველთვის მყისვე პასუხობდა და მიზანშიც ზუსტად არტყამდა. პროფესორი ვარლამ კობელევი წერს: „გარდა იმისა, რომ სტალინის ლექსიკა მდიდარი იყო ანდაზებით, ბრძნული ფრაზებითა და ცნობილი ციტატებით, საბჭოთა ბელადი თავადაც კარგად აყალიბებდა აზრს და მისი ფორმულირებები ყოველთვის ზუსტი იყო. სტალინის ფრაზა – „კადრები წყვეტენ ყველაფერს”, საბჭოთა სისტემის, მისი იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად იქცა – მასზე იყო აგებული სტალინისეული სახელმძვანელო. პირველად ეს ფორმულირება სტალინმა 1924 წელს, ჩეკისტებთან შეხვედრაზე ჩამოაყალიბა, რომელიც მაისში, ლუბიანკის სააქტო დარბაზში გაიმართა. ტრიბუნაზე გამოსვლისას სტალინმა მათ უთხრა: „თქვენ ხართ ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკის უსაფრთხოების მთავარი დასაყრდენი. ერთგული, ჭკვიანი, მებრძოლი კადრები. მერე რა, რომ ზოგიერთ თქვენგანს გამოცდილება არ ჰყოფნის? ამასაც მიიღებთ, – სტალინმა ხელი გაიშვირა მის ზურგსუკან, პრეზიდიუმში მჯდომ „ჩეკას“ თავმჯდომარე ძერჟინსკისკენ, – ამხანაგი ფელიქს ედმუნდოვიჩი გამოგწვრთნით. საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ კადრები წყვეტენ ყველაფერს და არა ქაღალდზე დაწერილი ინსტრუქციები. ინსტრუქცია მხოლოდ გეგმაა, მითითება და ამ მითითებებს სწორად აღზრდილი და გამობრძმედილი კადრები ახორციელებენ“. სტალინი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო „დიდი ბელადი,“ მაგრამ მეორე დღესვე მისი გამონათქვამი – „კადრები წყვეტენ ყველაფერს,“ ლოზუნგად დაბეჭდეს და ყველა სახალხო კომისარიატის შესასვლელში გამოაკრეს. მათ შორის სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარიატშიც, რომელსაც ლევ ტროცკი უძღვებოდა. ტროცკი მივლინებაში იყო წასული და რომ დაბრუნდა, თავის ხელქვეითებს სასწრაფოდ ჩამოახსნევინა სტალინის ლოზუნგი. ლენინი უკვე გარდაცვლილი გახლდათ. ძალაუფლებისთვის ბრძოლა ტემპს იკრებდა და ტროცკი ყოველმხრივ ცდილობდა სტალინის წყობიდან გამოყვანასა და დაკნინებას. სტალინს მაშინვე აცნობეს ტროცკის გამოხდომის შესახებ და შესთავაზეს – ლოზუნგს უკან დავაბრუნებთო. ბელადს ულვაშებში ჩაეცინა და ვოროშილოვს უთხრა:
– არაა საჭირო. ტროცკის ეს ლოზუნგი არ სჭირდება, ის უცხო კადრიაო.
ერთი კვირის შემდეგ პოლიტბიუროს სხდომა გაიმართა სწორედ საკადრო საკითხებზე. როგორც ყოველთვის, ტროცკი მგზნებარედ ლაპარაკობდა და რევოლუციური კადრების აღზრდაზე ქადაგებდა. ფაქტობრივად, იმავეს ამბობდა, რაც სტალინმა თავის მოკლე ფრაზაში ჩამოაყალიბა. არ გამორჩენია სტალინიც და თქვა:
– საქმე საქმეშია და არა ლოზუნგებში. სტალინი კი შენობებზე მხოლოდ ლოზუნგებს აკრავსო.
სტალინს გაეცინა და ტროცკის ადგილიდან რეპლიკა ესროლა:
– აგიტაცია-პროპაგანდას უარყოფთ?
– არ უარვყოფ, – დაუყოვნებლივ მიუგო ტროცკიმ და დაამატა, – მაგრამ თქვენ ლენინი არ ხართ და არც რიგითი ბელადი, რომ თქვენი ციტატები სახელმწიფო შენობებზე იყოს გაკრულიო.
ტროცკის თავისი უწყების ფოიეში უზარმაზარი სურათი ეკიდა, რომელზეც ლენინთან ერთად იყო გადაღებული. ამით ტროცკი უსვამდა ხაზს, რომ ლენინის მემკვიდრე იყო. სტალინმა კი ეს ყოველივე კარგად იცოდა და ტროცკის უმალვე მიუგო:
– მაშინ გირჩევთ, თქვენი უწყების ფოიეში დაკიდებული სურათი ჩამოხსნათ, ახალი გადაიღოთ უზარმაზარი ნიჩბით ხელში და ის დაკიდოთ, თქვენ რევოლუციის მესაფლავე ხართ და ეს უფრო სიმბოლური იქნებაო.
როგორც ყოველთვის, მაშინაც ტროცკის დორბლი მოერია და რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავი ვერ მოაბა და სახეწამოჭარხლებულმა დატოვა პოლიტბიუროს სხდომა.
სტალინს, ტროცკის მსგავსად, არაერთი სახელმწიფოს მეთაური, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე გაუჩუმებია თავისი მოსწრებული პასუხებითა თუ არგუმენტებული სიტყვით. „ვიაჩესლავ მოლოტოვი წერდა: „ცივი ომი“ რომ გაჩაღდა და საბჭოთა კავშირს კვლავ დაუპირისპირდა დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატების წინამძღოლობით, პრეზიდენტმა ტრუმენმა ჩვენი ეკონომიკურად დაკნინება გადაწყვიტა, რადგან სტალინი დათმობებზე არ მიდიოდა. ამიტომ, ის თითქმის ყოველკვირა ითხოვდა „ლენდ-ლიზის“ დახმარებაში გაწეული თანხების ანაზღაურებას და თეთრი სახლიდან დეპეშას დეპეშაზე აგზავნიდა. სტალინი მშვიდად რეაგირებდა ტრუმენის მოთხოვნებზე და მას სწერდა, რომ საბჭოთა კავშირს ჯერჯერობით გადახდის საშუალება არ ჰქონდა. დეპეშებით რომ ვერაფერი გააწყო, ტრუმენმა სტალინთან თავისი ერთ-ერთი „ქორი“ გენერალი და თანაშემწე – ჰელმსი მიავლინა. ეს ამერიკელი გენერალი თავისი სიმკაცრითა და მომთხოვნელობით იყო ცნობილი. ტრუმენმა კი, ალბათ, ჩათვალა, რომ ჰელმსი სტალინს ზუსტად ტრუმენისეულ სტილში გადასცემდა მის მოთხოვნებს. სტალინმა ამერიკელი გენერალი კრემლის კაბინეტში მიიღო და როცა ჰელმსმა მას უთხრა – ვალებს გადახდა უნდა, ბატონო სტალინ და ამერიკამ დიდი წვლილი შეიტანა ფაშიზმთან გამარჯვებაშიო, სტალინმა მიუგო:
– თქვენ ორი მილიარდი დაგეხარჯათ, მე კი ოცი მილიონი გმირი დამეღუპა ფაშისტების დამარცხებასა და მსოფლიოს ხსნაში. თუ ვალს გადახდა უნდა, ვალი იქით გაქვთ და დაღუპულების ოჯახების ფეხზე დაყენებაზე რომ არაფერი ვთქვათ, დანგრეული ქვეყნის აღდგენას ასჯერ ორი მილიარდი არ ეყოფა. განა შეუძლია, თქვენს პრეზიდენტს ამდენის გაღებაო.
ჰელმსს ვალი აღარ უხსენებია და აღარც ტრუმენი ითხოვდა „ლენდ-ლიზის“ ანაზღაურებას“.
მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ ხრუშჩოვმა აღიარა ვალი და სტალინისგან განსხვავებით, ამერიკელებთან დათმობებზე წავიდა.