ხარისშუბლას სასარგებლო თვისებები #16
ხარისშუბლას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ბრონქიალური ასთმის, ჰიპერტონიის, სტენოკარდიის, სისხლძარღვების სპაზმების დროს იყენებენ. ოფთალმოლოგიაში კი – თვალის გუგის გასაფართოებლად. ის ასევე, უებარია შინაგანი ორგანოების კუნთების სპაზმის დროს (პილოროსპაზმი, სპასტიკური კოლიტი, საშარდე გზების სპაზმები), აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, ქოლეცისტიტისა და ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ.
იწვევს ჰემორაგიულ ცვლილებებს ღვიძლში და მედიცინისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ, არაა რეკომენდებული ხარიშუბლას ნაყენი და სხვა გალეონური პრეპარატები, რომლებიც პლატიფილინთან ერთად სენეციფილინსაც შეიცავს.
პლატიფილინი სპაზმოლოგიური საშუალებაა ტკივილების მოსახსნელად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სპასტიკური კოლიტის, ღვიძლისა და თირკმლების ჩხვლეტისა და ქოლეცისტიტის დროს. ამ პრეპარატის დიდი დოზით მიღებისას ვლინდება სიმშრალე პირის ღრუში, გულის გაძლიერებული ცემა, თვალის გუგების გაფართოება და ქოლინორეცეპტორების ბლოკირების გამომხატველი სხვა სიმპტომები.
პლატიფილინის დანიშვნა არ შეიძლება გლაუკომის, გულსისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებების დროს, რასაც თან ახლავს სისხლის მიმოქცევის დარღვევა; აგრეთვე, ღვიძლისა და თირკმლების ორგანული დაავადებების დროს.
სარაცინით მკურნალობისას ავადმყოფთა უმეტესობას უუმჯობესდება მდგომარეობა (წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი და სპასტიკური კოლიტი), უქრება ან შეუმცირდება ტკივილები და პირღებინება, უმჯობესდება მადა, ანელებს გულწვას (გულის რუჯვა) და ბოყინს. არსებით გავლენას არ ახდენს კუჭის სეკრეტორულ და მჟავის გამომყოფ ფუნქციებზე. მისი გავლენით ხდება კუჭის მოტორული ფუნქციის ნორმალიზება. ის არ იწვევს გვერდით მოვლენებს და ავადმყოფები კარგად იტანენ.
მკურნალობა დიდგულათი
ძირითადად, იყენებენ დიდგულას ყვავილებს. მთელ ყვავილედს აშრობენ ჩრდილში, ცნობილია, რომ ყვავილი შეიცავს ოფლმდენ გლიკოზიდს, ფლავონურ გლიკოზიდრუტინს, ეთერზეთის კვალს. დიდგულას პრეპარატებს იყენებენ, როგორც ოფლმდენ საშუალებას გაციების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონტოექტაზების დროს. ასევე, იყენებენ გრიპისა და ანგინის საწინააღმდეგოდაც. მისი პრეპარატები გამოიყენება, აგრეთვე, ღვიძლის ზოგიერთი დაავადების, ხოლო როგორც შარდმდენი საშუალება – თირკმლის დაავადების დროს, თუ თან ახლავს შეშუპება. ხალხურ მედიცინაში დიდგულას ყვავილს იყენებენ, როგორც ოფლმდენ საშუალებას. ყვავილი შედის აგრეთვე ოფლმდენი ჩაის შემადგენლობაში. ყვავილის ნახარშს ივლებენ პირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში ანთებითი პროცესების, რინიტისა და ანგინის დროს. იყენებენ საფენების სახით დამწვრობის, ჭრილობებისა და ძირმაგარების დროს; მიოზიტების, ნევრალგიისა და სახსრების ტკივილებისას. ბუასილის დროს რეკომენდებულია ყვავილის ნაყენის ან ნახარშის აბაზანის მიღება. დიდგულას ნაყოფს ხალხურ მედიცინაში იყენებენ, როგორც საფაღარათო, საშუალებას.
როგორ დავეხმაროთ კუჭ-ნაწლავს
ამისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა ხეჭრელი. ეს მცენარე საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული: ტყეებში, ტყის პირებზე, მდინარის ხეობებში, მთაში.
სამკურნალოდ გამოიყენება ხეჭრელის ქერქი. მას ამზადებენ წვენის ინტენსიური მოძრაობის პერიოდში – აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე.
ხეჭრელის ქერქი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს (8 პროცენტამდე), მათ შორის გლუკოფრანგულინს, ემოდინს და იზოემოდინს, აგრეთვე ტრიტენპენოიდულ გლიკოზიდებს, ქრიზოფანის მჟავას და სხვა.
ხეჭრელის ქერქის ნახარშის მოსამზადებლად 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ქერქი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. დალიეთ ნახევარი ჭიქა დილას და საღამოს.
ხეჭრელის ქერქი გამოიყენება, როგორც საფაღარათო საშუალება. მასში არსებული ანტრაგლიკოზიდები აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, ამიტომ ქერქი ხშირად იხმარება კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად სპასტიკური კოლიტების, ატონიური შეკრულობის, ბუასილის, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს და სხვა. აიღეთ 50 გრამი ხეჭრელის დაქუცმაცებული ქერქი და დაასხით 50 მილილიტრი 30-პროცენტიანი სპირტი, დააყენეთ 5-6 დღე, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20-40 წვეთი ჭამამდე დღეში ერთხელ. მოქმედება ნაყენის მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ დაიწყება. აიღეთ 2 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 1 წილი ფარსმანდუკის ბალახი. ამ მცენარეთა 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 15 წუთი. გააცივეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ძილის წინ, როგორც ქრონიკული შეკრულობის, ისე სხვადასხვა სახის კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს.
ფარმაცევტული მრეწველობა უშვებს ხეჭრელის თხევად და მშრალ ექსტრაქტებს. მართალია, ხეჭრელის პრეპარატების მიღება არ არღვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, მაგრამ ხანგრძლივად მიღებას ორგანიზმი ეჩვევა და მისი მოქმედების ეფექტი მცირდება. ხეჭრელის პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენება ფეხმძიმე ქალებისათვის დაუშვებელია.
რა დაავადებებს კურნავს ოფი
ოფის კვირტები კარგად მოქმედებს ბუასილის, ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის დროს. გამოიყენება ნაყენი: ორ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ხმელ კვირტებს დაასხით ერთ (ძლიერი დოზა) ან ორ (უფრო სუსტი დოზა) ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთის შემდეგ გაწურეთ (დღე-ღამის დოზა). მალამოს იყენებენ ჭრილობების, ბუასილის, წითელი ქარისა და რევმატიზმის დროს შესაზავებლად.
ოფის ნახშირი გამოიყენება ნერვულ ნიადაგზე ნაწლავების ტკივილის დროს, გულძმარვისა და პირღებინების სამკურნალოდ. კვირტებს ყვავილობის დაწყებამდე ამზადებენ.
ხალხური მედიცინა ოფის კვირტების მალამოს მოსამზადებლად ერთ ნაწილ კვირტებზე რვა ნაწილ ღორის ქონს იღებს. ოფის კვირტები ასევე, გამოიყენება სადეზინფექციო საშუალებად ცისტიტის დროს. მასვე იყენებენ დამწვრობის, ნიკრისის ქარის, აგრეთვე, თმის გამაგრებისა და ზრდის დასაჩქარებლად.
ოფის კვირტებს სიცხის დამწევი, ანტისეპტიკური და დამაწყნარებელი თვისება გააჩნია. კვირტების ექსტრაქტისგან ამზადებენ მალამოს, რომელიც რევმატიზმის, კანის ქავილის, დამწვრობის, წყლულების, ჭრილობებისა და ბუასილის სამკურნალოდ გამოიყენება.
ოფის კვირტებსა და ფოთლებზე ფუტკარი წებოს აგროვებს, რომელსაც შემდგომ დინდგელად ამუშავებს. დინდგელს კი ფართო სამკურნალო დანიშნულებით იყენებენ. განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში გამოვლინდა მისი ბევრი დადებითი სამკურნალო თვისება.
ბულგარეთის მედიკოსების აზრით, ოფის კვირტებში არსებული ნივთიერებები მნიშვნელოვანწილად ზრდის დიურეზს, მათ განსაკუთრებით ურჩევენ პოლიართრიტის დროს.
გარდა ამისა, იყენებენ ამოსახველებელ საშუალებად ბრონქული ანთების დროს, შარდის არასაკმაო გამოყოფისას, წინამდებარე ჯირკვლის გადიდების, საშარდე ბუშტის მწვავე და ქრონიკული ანთების, უნებლიე შარდვის, მტკივნეული შარდვის (განსაკუთრებით ორსულობისა და ოპერაციის შემდეგ) სამკურნალოდ.
როგორ ვებრძოლოთ ნევროზს
გულ-სისხლძარღვთა ნევროზის დროს შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით: გვირილა, პიტნა, კამა, კვლიავი და კატაბალახას ფესვები. ერთი სადილის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და დადგით ნახევარი საათით. დალიეთ დღის განმავლობაში მეოთხედი ჭიქის ოდენობით.
უძილობისას ერთ ჩაის კოვზ ბარამბოს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი ფორთოხლის ქერქი. დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავი და დააყოვნეთ ნახევარი საათი. ამის შემდეგ გადაწურეთ და დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი კატაბალახას წვეთები. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ, თაფლთან ერთად. გარდა ამისა, ორი სადილის კოვზ სვიას დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ მეოთხედი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ვეგეტონევროზის დროს ერთი სადილის კოვზ წითელი კუნელის მარცვლებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სადილის კოვზის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
რომელი მცენარეები უნდა გამოიყენოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ
ადონისი
ადონისის პრეპარატები აძლიერებს და ანელებს გულის შეკუმშვას, ხსნის შეშუპებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ადონისი დადებითად მოქმედებს ართრიტის დროს. ადონისის ზემოქმედებით გული უფრო ძლიერად და თანაბრად ძგერს, მეტია შარდის გამოყოფა და ფეხების შეშუპება ქრება. გარდა ამისა, ადონისი ეფექტურია კოკაინით გამოწვეული კრუნჩხვების დროს. ადონისის ნახარშის ან ნაყენის წინასწარ შეყვანა თავიდან აგაცილებთ ლეტალურ შედეგს. ეს პრეპარატი თავიდან აგაცილებთ, ასევე, კამფორულ და პიკროტოქსინით გამოწვეულ კრუნჩხვებს. ადონისი ფართოდ გამოიყენება სისხლის მიმოქცევის უკმარისობის შედარებით მსუბუქი ფორმებისას, ასევე გულის ნევროზის, ვეგეტოდისტონიის, ინფექციური და თირკმელების დაავადებების დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობის სიმპტომებით და ნერვულ-ფსიქიკური დაავადებებისას.
არნიკა
არნიკა აგდებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. არის ნაღველმდენი. ფართოდ გამოიყენება ჰომეოპათიაში. არნიკა შხამიანი მცენარეა და მისი გამოყენება მხოლოდ დოზირებით შეიძლება. არნიკას ნაყენს იყენებენ სველ გადასახვევებად, კომპრესებად დაზიანებების, განაფხაჭნების, ჰემატომების, ძარღვის დაჭიმულობის, კანის სხვა დაავადებების (ძირმაგარების, გამონაყრების), ტროფიკული წყლულების, მსუბუქი დამწვრობებისა და მოყინულობის შემთხვევაში.
ბადრიჯანი
ბადრიჯანს იყენებენ სამკურნალო საკვებად ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. გამოაქვს ორგანიზმიდან ქოლესტერინი, სითხე, აუმჯობესებს გულის მუშაობას. მის მიღებას ურჩევენ სისხლნაკლულობისას, ნიკრისის ქარის, პოლიართრიტის, თირკმლისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებისას. იყენებენ ვიტამინების ნაკლებობისას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებისას, აქვს გამამაგრებელი, სუსტი შარდმდენი, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო თვისებები.
გრეიპფრუტი
გრეიპფრუტს მწარე გემოს აძლევს ფლავონოიდ ნარინგინი, რომელსაც შეიცავს მისი კანი. ის აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარიანობას და ელასტიკურობას, აძლიერებს კაპილარებს. ამიტომ, გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ძალიან სასარგებლოა ასევე მისი თესლი – ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება.
მოცხარი
მოცხარი მდიდარია ჯანმრთელობისთვის საჭირო B, C, D, E, K და PP ვიტამინებით. შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ 600-მდე ნივთიერებას. ამის გამო ის ააქტიურებს სისხლის წარმოქმნას, გამოდევნის ორგანიზმიდან მარილებს, კარგია ავიტამინოზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შავი მოცხარი არეგულირებს წნევას, ხელს უშლის სახსრების ანთებასა და ალერგიას. წითელი მოცხარი კი კლავს წყურვილს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს.