როგორ დააარსეს საქართველოში ცირკი ჯანო ბაგრატიონმა და გიგა ლორთქიფანიძემ #16
ჯანო (ირაკლი) ბაგრატიონს, ისე როგორც ბევრ სახელიან თუ უსახელო ტალანტს, საბჭოურმა წყობამ რკინის ფარდა ჩამოაფარა და ფართო ასპარეზი გადაუკეტა. უნიჭიერესი ქორეოგრაფი, მუსიკოსი, პედაგოგი, სახალხო არტისტი ერთ რამეზე ოცნებობდა – შეექმნა სახელმწიფო ანსამბლი, რომელიც მსოფლიოს ყველა ერს გააცნობდა ქართულ კულტურას. ოცნება ოცნებად დარჩა. მსოფლიო ტურნე კი არა, სიცოცხლეში მისი იუბილეც არ აღუნიშნავთ. 69 წლის განმავლობაში უამრავი გულისტკენა შეხვდა, მის წინაშე ყოველთვის იქმნებოდა ბარიერები და ამის ერთ-ერთი, მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ სამეფო გვარი ჰქონდა. წარმომავლობა ყველგან და ყველაფერში უშლიდა ხელს. თუმცა, მაინც ბევრი რამის გაკეთება შეძლო. ბევრი თაობა აღზარდა და თავისი კვალი ქართული კულტურის გალერეაში სამუდამოდ დატოვა.
წელს, 15 სექტემბერს, დიდი ჯანო ბაგრატიონის დაბადებიდან 105 წელი შესრულდება. (წყარო – mediamail) ხელოვანის ცხოვრებისა და შემოქმედების ეპიზოდები მისმა ვაჟმა, ვეტერანმა ხელბურთელმა, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯანო ბაგრატიონმა გაიხსენა.
შთამომავლობა
„მამას ბევრი გულისტკენა ჰქონდა ცხოვრებაში, უმეტესად ეს მისი გვარის გამო ხდებოდა. ჩვენ ბაგრატიონ-დავითიშვილების შტოს მივეკუთვნებით. ჯანოს მამა იყო კონსტანტინე ბაგრატიონი. სამი ძმა ჰყავდა: ალექსანდრე, გოგინა და არჩილი. ქარელის რაიონის სოფელ აბანოში ცხოვრობდნენ. შემდეგ მიმოიფანტნენ. ალექსანდრე სიცოცხლის ბოლომდე გერმანიაში ცხოვრობდა. გოგინა ძალიან კარგად ცეკვავდა. ერთხანს ბელგიაში იყო, მერე სამშობლოში დაბრუნდა. არჩილი პეტერბურგში სწავლობდა და შემდეგ დაბრუნდა. სხვათა შორის, ცნობილი ფეხბურთელი ძმები – რეზი, შოთი და აჩი არველაძეები მისი შვილთაშვილები არიან. მამაჩემი და მისი სამივე დაც სოფელ აბანოში დაიბადნენ. ერთ-ერთი – მანანა მომღერალ ბუბა კიკაბიძის დედა გახლდათ. თავად მანანაც არაჩვეულებრივად მღეროდა მამაჩემის ანსამბლში. ჯანოს დედა – ოლღა ამირეჯიბი და მისი ძმა, ლადო ძალიან კარგად მღეროდნენ. ჯანოს და მის დას, მანანას, სიმღერის ნიჭი სწორედ მათგან გამოჰყვათ, ცეკვის გენი კი – გოგინასგან.
ჯაზი ოპერის მაგივრად
სკოლის დამთავრებისთანავე ჯანო თბილისში წამოვიდა. მამამისი წინააღმდეგი ყოფილა, რომ ჯანოს ეცეკვა. გოგინა ეუბნებოდა, კარგი ვოკალისტი უნდა გამოხვიდეო. მამაჩემი თავიდან ფეხს ითრევდა. ბოლოს ბიძამ მოჰკიდა ხელი და კონსერვატორიაში წაიყვანა. პედაგოგებს ძალიან მოსწონდათ. ჯანოს საყვარელი სიმღერა დიმიტრი არაყიშვილის „ურმული” იყო. კონსერვატორიაში სტუდენტების კონცერტზე ეს სიმღერა შეასრულა. დარბაზში არაყიშვილიც იჯდა. კონცერტის დასრულების შემდეგ, თურმე სცენაზე აიჭრა და ჯანოს გადაეხვია. უთხრა, სულ მალე ოპერის სცენაზე გნახავთო. შემდეგ ჩანთიდან „ურმულის” ნოტები ამოიღო და ჯანოს აჩუქა. სამწუხაროდ, ეს ნოტები დაიკარგა. მეორე კონცერტზე შალვა მშველიძის „ოროველა” შეასრულა, მაგრამ შუა სიმღერისას ხმა წაუვიდა. მას მერე იმკურნალა, ხმა დაიბრუნა, მაგრამ საოპერო ჟღერადობა დაკარგა. გავიდა წლები და ოპერის სცენაზე მაინც მოხვდა, ოღონდ არა – როგორც მომღერალი, არამედ როგორც მოცეკვავე. 1933 წელს ოპერის თეატრის ქართული ცეკვის დასი მოცეკვავეთა კონკურსს აცხადებდა. მაშინ ამ დასს ქორეოგრაფი დავით ჯავრიშვილი ხელმძღვანელობდა. თურმე პირდაპირ მასთან მივიდა, თავისი სურვილი გაანდო და „ლეკური“ შეასრულა. ქორეოგრაფს მისი ცეკვა მოეწონა და დასში აიყვანა. მისი პირველი სასცენო დებიუტი ცეკვაში ზაქარია ფალიაშვილის „დაისში” შედგა. 1945 წლიდან საბჭოთა კავშირში ჯაზი გავრცელდა. მოსკოვში სამი ორკესტრი ჩამოყალიბდა, ერევანსა და ბაქოსაც ჰყავდათ თავ-თავიანთი ორკესტრები. იმ დროს ჯანო მარჯანიშვილის თეატრის ქართული ცეკვის სტუდიაში მუშაობდა. შანსი გაჩნდა და 1946 წელს იოსებ ტუღუშთან ერთად, პირველი ქართული ჯაზ-ორკესტრი შექმნა. ფინანსების არქონის გამო, პროფესიონალების ნაცვლად, მოყვარული მუსიკოსები მიიწვია. მხოლოდ სიმღერას არ დასჯერდა და გადაწყვიტა, ჯაზში ცეკვის ელემენტებიც შეეტანა. ოთხი მოცეკვავე აიყვანა: ნონა გუნია, ვახტანგ გუნაშვილი, კაკო ექვთიმიშვილი და იორა რატიანი. ცეკვები „საქორწილო” და „ფარიკაობა” დადგა. 6 დეკემბერს კონსერვატორიაში ქართული ჯაზის პირველი კონცერტი გაიმართა. ჯაზი უკვე პოპულარული მიმდინარეობა გახლდათ და ამიტომ, დარბაზი ხალხით გაიჭედა. ამ კონცერტზე პირველად შესრულდა სიმღერის „ყვავილების ქვეყანა,” ჯაზური ვარიანტი.
დაპატიმრებული ნიჭი
საქართველოში ერევნის, მოსკოვისა და ბაქოს ჯაზ-ორკესტრებიც ჩამოდიოდნენ და ქართულ ორკესტრთან ერთად მართავდნენ კონცერტებს. ჯანო გასტროლებზე გაშვებას ითხოვდა, მაგრამ უარი უთხრეს, ჯერ საქართველოს დიდი ქალაქები მოიარეთ და მერე ვნახოთო. დიდი ქალაქები ანშლაგებით მოიარეს, მაგრამ უცხოეთში მაინც ვერ გავიდნენ. მსოფლიო ტური მამას აუხდენელ ოცნებად დარჩა. 1938 წელს ოპერის თეატრში ქართული ცეკვების შემსრულებელთა კონკურსი ჩატარდა. გამარჯვებულები ინგლისში, საერთაშორისო ფესტივალზე უნდა გაეგზავნათ. ჯანოს პარტნიორმა, მსახიობმა შურა თოიძემ (მხატვარ მოსე თოიძის ქალიშვილი), ბოლო მომენტში უთხრა, სხვასთან უნდა ვიცეკვოო. იმ დროს ფილმი „დარიკო” ეკრანებზე ახალი გამოსული იყო. მთავარი როლის შემსრულებელი თამარ ციციშვილი კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მამამ სწორედ თამარი აიყვანა პარტნიორად, არადა მანამდე, მას ცხოვრებაში არ უცეკვია. ზუსტად ორ კვირაში დადგეს ცეკვა „დაისი”. კონცერტს ლავრენტი ბერია ესწრებოდა, სამთავრობო ლოჟაში იჯდა. რეპრესიები ახალი მომხდარი იყო, დიდგვაროვნებს ისევ არ სწყალობდა მთავრობა. ამ დროს კი ოპერის სცენაზე ორი თავადური გვარი გამოცხადდა: ციციშვილი და ბაგრატიონი. მათ გამოსვლას ფეხზე ამდგარი დარბაზი მხურვალე ტაშით შეხვდა. გაწბილებული ბერია წამოდგა და ხალხს გადახედა. ყველამ შეწყვიტა ტაში და სავარძლებში დაეშვა. თამარი უკვე სცენის ერთ მხარეს იდგა და ჯანოს ელოდა, რომ გამოეცეკვა, უცებ დატრიალდა და სამთავრობო ლოჟას შეგნებულად ზურგი შეაქცია. ისე ლამაზად იცეკვეს, რომ დარბაზი მთელი ცეკვის დროს „დემოკრატიულ ტაშს” უკრავდა.
ჯანოც და თამარიც, სხვა გამარჯვებულ წყვილებთან ერთად, ინგლისში უნდა გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ ფესტივალის მიღმა დატოვეს. არადა მამა სახელმწიფო ანსამბლის დაარსებასა და მასთან ერთად მსოფლიოს შემოვლაზე ოცნებობდა, მაგრამ ყველანაირად ეცადნენ, უცხოეთში არ გასულიყო. საქართველოს ყველა ქალაქში ჩატარებული კონცერტი მახსოვს. ქუთაისში ერთი საკონცერტო დარბაზი ჰქონდათ, რომელსაც დარახველიძის ფილარმონიას ეძახდნენ (დირექტორი გვარად დარახველიძე იყო). მახსოვს, რომ ჩავედით, ხალხი ერთმანეთს ეუბნებოდა: მოდიხარ დარახველიძის ფილარმონიაში ჯანო ბაგრატიონის კონცერტზეო. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ იქაურ კონცერტში ახალი ნომერი ჩასვა. ქართულ ცეკვებთან ერთად, „რუმბა“ დადგა, ოღონდ ქართველი კომპოზიტორის, რევაზ გაბიჩვაძის სიმღერაზე. სამი ვაჟი და ერთი ქალი ცეკვავდა. წელზევით შიშველ ვაჟებს ტანსა და სახეზე მუქი ტონი ესვათ, თითქოს ფერადკანიანები იყვნენ. ამ სანახაობით ხალხმა ძალიან ისიამოვნა.
სავიზიტო ბარათი – „ყვავილების ქვეყანა”
სიმღერა „ყვავილების ქვეყნის” შექმნის ისტორია ძალიან საინტერესოა: მამას მეგობარი, რეჟისორი გოგი ვასაძე (მსახიობ აკაკი ვასაძის ვაჟი) კარგად მღეროდა. ერთხელ ქუთაისში იყო ქორწილში და იქ მოისმინა ეს სიმღერა უცნობი ქალის შესრულებით. თბილისში რომ ჩამოვიდა, ჯანოს მოასმენინა. მან კი გადაწყვიტა, ორკესტრთან ერთად შეესრულებინა. როგორც იცით, „ყვავილების ქვეყანა” იოსებ გრიშაშვილის ლექსის მიხედვითაა შექმნილი, რომელიც ბიძინა ფერაძემ (მსახიობ გია ფერაძის მამა) განავრცო. არანჟირება კომპოზიტორმა მიხეილ ჩირინაშვილმა გააკეთა. სიმღერას „ყვავილების მეუფე” ეწოდა და ორკესტრში დიდი წარმატებით მღეროდნენ. ეს სიმღერა ჯანოს სავიზიტო ბარათად იქცა.
ქართული სული ცეკვაში
ჯანოს ქართული ცეკვისა და სიმღერის განვითარებაში დიდი დამსახურება მიუძღვის. ყოველთვის შემოქმედებით ძიებაში იყო და ახალ-ახალ რაღაცეებს აღმოაჩენდა ხოლმე. ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მთავარ ქორეოგრაფად მუშაობისას ხევსურული ცეკვა – „ფარიკაობა” დადგა. მისი გარდაცვალების შემდეგ ამ ანსამბლს „ერისიონი” ეწოდა. მან პირველად გამოიყენა მოპაექრე ვაჟებს შორის ქალის მიერ თეთრი მანდილის ჩაგდების ხერხი. ასევე მან დადგა ხალხური მეგრული ცეკვა-სიმღერა „ძაბრა”, იგივე „ჯანსულო”, ასევე, ცეკვები: „საქორწილო”, „ალვანური სამაია”, „სიმდი”, „ძველი თბილისური სურათები” და სხვა. მამაჩემის დადგმულ ყველა ქართულ ცეკვას ხალხური სახე ჰქონდა შენარჩუნებული. ყირამალა გადახტომებისა და მსგავსი რაღაცეების წინააღმდეგი იყო. სულ ამბობდა, ცეკვა აკრობატიკა გახადეს და ორიგინალს ივიწყებენო. ყველა ქორეოგრაფს, ვინც თავის დადგმებში მსგავს ილეთებს იყენებდა, საყვედურობდა. ჯანო ძალიან განიცდიდა, რომ მის ხელში გაზრდილი მოცეკვავეები „სუხიშვილების” ანსამბლში გადავიდნენ, მაგრამ გულს იმით იმშვიდებდა, რომ მოცეკვავეებს მსგავს პირობებს ვერ უქმნიდა. ამბობდა ხოლმე, „სუხიშვილებს” უკეთესი პირობები აქვთ – უამრავი გასტროლი, მაღალი ანაზღაურება. უცხოეთიდან ნივთები ჩამოაქვთ, ყიდიან და ოჯახებს ინახავენ, მე კი ენთუზიაზმზე მუშაობას ვერავის მოვთხოვო...
ჯანოს, გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად, ქართული ცირკის დაარსებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. ბატონი გიგა ამბობდა, ჯანო ცეკვას რომ დგამს, ეს მხოლოდ ცეკვა კი არ არის, ჩამოყალიბებული სპექტაკლიაო. სხვათა შორის, „ძველი თბილისის სურათებში” მედუდუკე გრიშა ქსოვრელიც ააცეკვა. ავეტიკას როლისთვის სახასიათო პერსონაჟს ეძებდა და თავის მეგობარ გრიშას მიადგა. ის უარზე ყოფილა, ცეკვა არ ვიციო, მაგრამ მაინც დაუთანხმებია. ასე აცეკვა გრიშა ქსოვრელს „კინტაური.“
უფროსი ჯანიკო და უმცროსი ჯანო
მამა 28 წლის ასაკში დაოჯახდა. ცოლად შეირთო დედაჩემი, ქეთევან მგალობლიშვილი, რომელიც მომღერალი გახლდათ, კონსერვატორიაში სწავლობდა. მამა მასზე 10 წლით უფროსი იყო. ერთმანეთი კონსერვატორიაში გაიცნეს მაშინ, როცა დედა სტუდენტი გახლდათ. ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს. შემდგომში ისიც ცეკვავდა მამასთან ერთად. მე პირველი შვილი ვარ, ჩემი ძმა – გიორგი კი ჩემზე 8 წლით უმცროსია... რადგანაც მამას ოჯახში ისედაც ბევრნი იყვნენ, დედაჩემის დედის სახლში ვცხოვრობდით. ძალიან ვიწროდ ვიყავით. მამამ ბევრი იარა და ბოლო იმას მიაღწია, რომ ყოფილი პავლოვის ქუჩის ბოლოში, 55 ნომერში (ახლანდელი ყაზბეგის ქუჩა) ბინა მიიღო. ქუჩაში ვინმე რომ შეხვდებოდა და ჰკითხავდა, როგორ ხარო, პასუხობდა, ახლა უკვე კარგად ვარ, ხაშურში ბინა მომცესო. სამოთახიანი ძალიან ლამაზი ბინა გვქონდა. გვერდით კორპუსში გოგი ცაბაძე ცხოვრობდა და კიდევ ბევრი ცნობილი პიროვნება. ეზოში ფაცხა გააკეთეს და კარგ ამინდებში სუფრას შლიდნენ. მამა თამადობდა ხოლმე. ეგ და გოგი მღეროდნენ. იყო მოლხენა, ცეკვა-სიმღერა. ერთხელ სახლში ვბრუნდებოდი და ფაცხიდან პიანინოს ხმა გავიგონე. მეგონა, მომეჩვენა. ახლოს მივედი და რა ვნახე – გოგი ცაბაძის ფორტეპიანო ფაცხაში ჩაეტანათ! გოგი უკრავდა, მამა მღეროდა. ეს სანახაობა ფილარმონიის კონცერტს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფაცხაში ქეიფს. ჯანო სახლში რომ ბრუნდებოდა, მთელ სართულზე მისი გინება ისმოდა. გაჭირვებით ადიოდა კიბეებზე და თან, ამბობდა: ბუხრაშვილო, შენი ასე და ისეო. ბუხრაშვილი ქალაქის აღმასკომის მაშინდელი თავმჯდომარე გახლდათ და სწორედ მან მისცა ის ბინა. ერთ ღამეს დედაჩემის კივილმა გამაღვიძა: ჯანული, ადექი, მგონი, მამაშენი გადაირიაო. თურმე მთელ ვაკე-საბურთალოზე დადიოდა და დაბალ სართულებზე ეძებდა ბინას, რომ გაეცვალა. სახლში გახარებული დაბრუნდა. დედაჩემისთვის უთქვამს, კარგ ბინას მივაგენი, ერთი ნაკლი აქვს, ლოჯია პატარა არისო. არადა ჩვენ დიდი ბინა გვქონდა.
ყოველ საღამოს ჩანთაში მაწვნისა და რძის ქილებს ჩააწყობდა. დილას კი 7 საათზე ადგებოდა, საუკეთესო კოსტიუმსა და ჰალსტუხს აარჩევდა და ასე გამოწკეპილი, ქილებით ხელში, ბაზარში მიდიოდა. საერთოდ, კოპწია, გემოვნებიანი და ჩაცმის მოყვარული კაცი იყო, ძალიან მოსიყვარულე და კეთილშობილი. მოწაფეებმა სიყვარულით დიდი ჯანო დაარქვეს“.