რა არის არტოსი #16
სიტყვა „არტოსი“ ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „პური“ – ნაკურთხი პური ეკლესიის ყველა წევრისთვის. არტოსი მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ტაძარში ყველაზე გამოსაჩენ ადგილასაა დაბრძანებული, მაცხოვრის აღდგომის ხატთან ერთად და პასექის დღესასწაულის დასრულების შემდგომ ურიგდება მორწმუნეებს.
არტოსის გამოყენება ქრისტიანობის პირველივე ხანებიდან იწყება. მაცხოვრის აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა. მოწაფეები და ქრისტეს მიმდევრები ნუგეშს მაცხოვრის მოგონებებში პოულობდნენ. იხსენებდნენ მის თითოეულ სიტყვას, ნაბიჯსა და ქმედებას. როდესაც საერთო ლოცვისთვის გროვდებოდნენ, ისინი იხსენებდნენ საიდუმლო სერობას, ეზიარებოდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამისთვის ამზადებდნენ ჩვეულებრივ ტრაპეზს – პირველ ადგილს იქ უხილავად მყოფ უფალს უთმობდნენ და ამ ადგილას პურს დებდნენ. მოციქულთა მიბაძვით ეკლესიის პირველმა მოძღვრებმა დაადგინეს, უფლის აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში დაედოთ პური, როგორც ხილული გამოხატულება იმისა, რომ ჩვენი გამოხსნისთვის ვნებული მაცხოვარი ჩვენთვის ცხოვრების ჭეშმარიტი პური გახდა.
არტოსზე გამოსახულია ჯვარი, რომელზეც ეკლის გვირგვინი ჩანს, ჯვარცმული კი – არა, როგორც გამოხატულება ქრისტეს გამარჯვებისა სიკვდილზე, ანდა ქრისტეს აღდგომის გამოსახულება.
არტოსს უკავშირდება აგრეთვე ძველი საეკლესიო გადმოცემა, რომ მოციქულები მაგიდასთან დებდნენ პურს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისთვისაც, მასთან გამუდმებული ურთიერთობის ნიშნად და ტრაპეზის შემდგომ ღვთისმოშიშებით ინაწილებდნენ მას. მონასტრებში ამ ჩვეულებას პანაღიის წესს უწოდებენ. სამრევლო ეკლესიებში ღვთისმშობლის ეს პური წელიწადში ერთხელ მოიხსენიება არტოსის განტეხვასთან დაკავშირებით. არტოსი იკურთხება განსაკუთრებული ლოცვითა და ნაკურთხი წყლის სხურებით. წმიდა აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიაზე მას ამბიონზე ლოცვის შემდგომ უკმევენ. არტოსი დაბრძანებულია აღსავლის კარის წინ, მისთვის მომზადებულ მაგიდაზე. ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს, ლოცვის შემდეგ იკითხება არტოსის განტეხვის ლოცვა. არტოსი დანაწილდება და ლიტურგიის შემდეგ, ჯვარზე მთხვევის დროს, მორწმუნეებს ურიგდება როგორც სიწმიდე.
როგორ მივიღოთ და შევინახოთ არტოსი
ტაძარში მიღებული არტოსის ნაწილები მორწმუნეებმა მოწიწებით უნდა შეინახონ, როგორც სულიერი ნუგეში ავადმყოფობის ჟამს. არტოსი გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში.
ექვთიმე თაყაიშვილი – „მე ვერ წარმომედგინა, რომ მკვდარი კაცი თავის თავს გააცოცხლებდა, ის სხვას უნდა გაეცოცხლებინა“...
1991 წელს გამომცემლობა „მეცნიერებამ“ პროფესორ გურამ შარაძის რედაქტორობით გამოსცა ემიგრანტული ნაშრომების პირველი წიგნი სათაურით „დაბრუნება“, რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი მეცნიერისა და მამულიშვილის – ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის ამსახველ სამეცნიერო მასალებს. წიგნში ასევე შესულია მოგონებები დიდ ქართველ მწერლებზე – ილიაზე, აკაკიზე, ვაჟაზე, გიორგი წერეთელსა და ეგნატე ნინოშვილზე. ილია ჭავჭავაძეზე მოგონებებში ის პატარა ჩანართს აკეთებს გაბრიელ ეპისკოპოსთან შეხვედრის ერთ საინტერესო მომენტზე. იმედია, მკითხველს დააინტერესებს, თუ რა მოხდა მათი პირველი და უკანასკნელი შეხვედრის დროს.
„გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ ორიოდე სიტყვა კიდევ უნდა ვთქვა: პირველად ის ახლო ვნახე საღმრთო რჯულის გამოცდის დროს, როდესაც ოთხკლასიან პროგიმნაზიას ვათავებდი ქუთაისში. ის გამოცდაზე დასასწრებად სკოლის ინსპექტორმა იუდინმა და საღმრთო სჯულის მასწავლებელმა მოიწვიეს. მართლმადიდებელი შეგირდები სულ ხუთნი ვიყავით: მე, იოსებ დადიანი, შარუხია, გორგასლიძე და ერთი რუსი (გვარი არ მახსოვს). ყველანი ერთად დაგვაყენეს გაბრიელის წინ (ასე მოისურვა მან). გაბრიელთან იჯდა ინსპექტორი, მაჭავარიანი კი თავზე გვედგა. ჯერ გვარები წაიკითხა, ჩემი გვარის შესახებ თქვა: ეს გურულიაო. დაგვიწყეს გამოცდა: გვათქმევინეს ლოცვები, გვაამბობინეს საღვთო ისტორიის მოთხრობები. მერე გაბრიელმა გკვითხა, თუ რა სასწაულები მოახდინა იესო ქრისტემ. ჩვენც დაწვრილებით ჩამოვუთვალეთ, რაც ვიცოდით. მან გვითხრა: „ასეთ სასწაულებს სხვა წმიდანებიც სჩადიოდნენ და რა ისეთი სასწაული მოახდინა, მის გარდა რომ არავის ჩაუდენია?
ამ კითხვაზე ჩვენ მხოლოდ გავიმეორეთ ის, რაც წინათ გვქონდა ნათქვამი: ბრმებს თვალები აუხილა, სნეულნი განკურნა, ლაზარე აღადგინა და სხვა არა, არა, ამას სხვებიც აკეთებდნენ!
ჩვენ გაკვირვებით შევხედეთ ჩვენს მასწავლებელს, მაჭავარიანს, რომლისგანაც ასეთი კითხვა არ გვსმენოდა და რა თქმა უნდა, არც მისი პასუხი. მასაც გაკვირვება ეტყობოდა და ცხადი იყო, არც მან იცოდა, რა პასუხი უნდა მიგვეცა. რაკი ჩვენ ვერას გავხდით, გაბრიელმა თვით მოგვცა პასუხი:
„თვითონ აღდგა, თვითონ აღდგა!“
მე ვერ წარმომედგინა, რომ მკვდარი კაცი თავის თავს გააცოცხლებდა, ის სხვას უნდა გაეცოცხლებინა, მაგრამ პირდაპირ ამისი ხმამაღლა გაცხადება ვერ გავბედე და თავჩაღუნულმა ჩავილაპარაკე: „მაგრამ ქრისტეს ხომ ჰყავდა მამა – მამა ღმერთი! მან აღადგინა ის“. გაბრიელმა განმარტა: „მამა ღმერთი, ძე და სულიწმიდა ერთიანი ღვთაებაა. ძე ღმერთი გაჩნდა დედამიწაზე ადამიანის სახით, რომ თავისი ტანჯვით ეხსნა კაცობრიობა. ჯვარცმის შემდეგ მასში მოკვდა ადამიანური ბუნება და არა – ღვთაებრივი და ეს ღვთაებრივი ბუნება კვლავ აღდგა ადამიანის სახით, რომ დანახვებოდა თავის მოწაფეებს და დაერწმუნებინა ისინიც და მთელი მსოფლიოც, რომ ღმერთი არ კვდება. სწორედ მოწაფეთა თვალწინ ადამიანის სახით წარმდგარი ამაღლდა ის ზეცად. ასევე, ადამიანის სახით მოვა ის ამქვეყნად მეორედაც.“
შემდეგ გაბრიელი მე აღარ მინახავს, მაგრამ სხვებისგან გამიგონია, რომ მან ასეთი კითხვების წამოყენება სხვა გამოცდების დროსაც იცოდა“.