რატომ გახდა იძულებული დონალდ ტრამპი, დაემტკიცებინა, რომ არ არის „პუტინის კაცი“ და რა შემთხვევაში მიაყენებს პუტინი კავკასიიდან დასავლეთს საპასუხო დარტყმას #16
ახლო აღმოსავლეთში მოვლენები უცნაური სცენარით განვითარდა: ყველასთვის მოულოდნელად, ხმელთაშუა ზღვაში მდგარი აშშ-ის სამხედრო ხომალდიდან ბაშარ ალ-ასადის სამხედრო ბაზა დაიბომბა. საინტერესო ისაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მათ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ორი საათით ადრე გააფრთხილეს სირიელებიც და რუსებიც, რომ ბაზის დაბომბვას აპირებდნენ. ამის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდი გაიჭრა შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვისკენ და, ცხადია, ბოსფორის სრუტით გაიარა, რომელიც „ნატოს“ წევრ თურქეთს ეკუთვნის. არანაკლებ უცნაური იყო რუსული სამხედრო უწყების წარმომადგენელთა განცხადებები, თუ რატომ არ მოიგერიეს თავდასხმა. საბოლოოდ, ვითარება ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო გაუგებარი გახდა. თუმცა, ეს რეგიონი მხოლოდ ამიტომ არ გვაინტერესებს, ჩვენთვის ისაა უფრო მნიშვნელოვანი, თუ ვის ხარჯზე შეიძლება, აღიდგინოს რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში შელახული სამხედრო-პოლიტიკური თავმოყვარეობა. ამ საკითხის გარკვევას ექსპერტთან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ვასილ პაპავასთან ერთად შევეცდებით.
– რა გათამაშდა სირიაში: იმას გარდა, რომ ისევ არ მოკლა ამერიკელმა რუსი სამხედრო და პირიქით?
– სირიაში გადაჯაჭვულია რეგიონული და არარეგიონული სახელმწიფოების ინტერესები, რომელთა ინტერესები, ამასთან, განსხვავებულიცაა. რუსეთის ფედერაცია იცავს ასადის ხელისუფლებას, აშშ-ს სირიის მოვლენების დაწყებისთანავე ასადის შეცვლის სურვილი ჰქონდა. როდესაც ეს ვერ მოხერხდა, იყო მცდელობები, ძალისმიერი მეთოდით დაემხოთ ასადი, მაგრამ ობამას ადმინისტრაციამ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა.
– თუ ბაზას ბომბავდა, რატომ გააფრხილა და რა მიზანს მიაღწია გაფრთხილებით?
– გაუგებარია, რა სამხედრო დატვირთვა ჰქონდა ფაქტს, როდესაც ამერიკელებმა 59 ფრთოსანი რაკეტა ესროლეს ერთ სამხედრო ბაზას, რადგან არც ისეთი დიდი დანაკარგი მიუღია სირიულ მხარეს: არც ცოცხალი ძალის და არც სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების თვალსაზრისით. შანშან, 2016 წლის სექტემბერში, აშშ-ს ავიაციამ იერიში მიიტანა სირიის სამხედრო არმიის პოზიციაზე, როდესაც დაიღუპა 100-მდე სირიელი ჯარისკაცი და ამდენივე დაიჭრა. ჩაითვალა, რომ ეს იყო შემთხვევითობა და ამას არანაირი დაძაბულობა არ მოჰყოლია, ბოლო დაბომბვისგან განსხვავებით. რა განსხვავებაა ამ ორ ფაქტს შორის? შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ სხვანაირი მოლოდინი იყო რუსეთში ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ან იქნებ თვითონ ტრამპსაც დასჭირდა ეს სამხედრო ოპერაცია შიდა მოხმარებისთვის – დაერწმუნებინა ამერიკელი საზოგადოება, რომ არ არის დამოკიდებული რუსეთის ნებაზე ან არ არის პუტინის კაცი. იმიტომ რომ, ლოგიკურად ვერ იხსნება ამერიკის ქმედება.
– თუ ეს იყო რეაქცია ქიმიურ შეტევაზე, მაშინ გაფრთხილება რაღა საჭირო იყო?
– ჯერ არ ჩატარებულა გამოძიება, რომ გადაჭრით დადასტურდეს, თუ ვინ გამოიყენა კვლავ ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მეორე მხრივ, ასადმა ბოლო თვეების განმავლობაში გაათავისუფლა ალეპო, დაიბრუნა პალმირა, უტევს სხვა მიმართულებებითაც და რაში სჭირდებოდა ქიმიური იარაღის გამოყენება, როდესაც მისი ავტორიტეტი ისედაც ნულამდეა დაცემული მსოფლიოში?! შეიძლება, ასადს უწოდო დიქტატორი და ტირანი, მაგრამ უჭკუო მმართველი არ არის. ამასთან, ის თავის ქმედებებში შეზღუდულია მოკავშირეებით: ვგულისხმობ რუსეთსა და ირანს. ამდენად, ისეთ ნაბიჯებს ვერ გადადგამს, რაც არ არის ამ ორი ქვეყნის ინტერესი. თუ არადა, მაშინ რუსეთი უნდა დავადანაშაულოთ, რომ ვერ აკონტროლებს ბოლომდე თავის მოკავშირეებს და ისინი ქიმიურ იარაღს იყენებენ. ჩემი აზრით, მოხდა პროვოკაცია და მხოლოდ თუ ვივარაუდებთ, ვინ გამოიყენა ეს პროვოკაცია.
– რუსეთი როგორ გამოიყურება ამ დაბომბვის შემდეგ: მორალური უპირატესობა მიანიჭა აშშ-ს ასადის სამხედრო ბაზის დაბომბვამ?
– დაბომბვამდე რუსეთს თავი სირიაში ისე ეჭირა, რომ ის აკონტროლებდა იქ ყველაფერს. ჩვენ გვახსოვს, როგორ პომპეზურად გაპიარდა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ჩატანა სირიაში და მათი დამონტაჟება; გვახსოვს, როგორც ირწმუნებოდნენ, რომ არ დაუშვებდნენ კოალიციის მიერ საჰაერო თავდასხმას და დაიცავდნენ ასადს. თუმცა ამ ფაქტმაც აჩვენა, რომ რუსეთმა ვერაფერი შეძლო ან უბრალოდ, არაფერი გააკეთა. შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტის იმიჯი ნაწილობრივ ილახება ამ ფაქტის გამო.
– თუმცა რუსული არხები სულ სხვა ინფორმაციას გადმოსცემენ, რომ ამერიკული ბომბების დიდი ნაწილი არ აფეთქდა, ნაწილი კი ასცდა მიზანს.
– ითქვა, რომ ამერიკული რაკეტების ნახევარი ვითომ რუსეთის ჰაერსაწინააღმეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოყარა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ასადის სამხედრო აეროდრომს დიდი ზიანი არ მიადგა, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მთლიანად ვერ იმუშავა. არადა, რუსები ამბობდნენ, ამ სისტემას ანალოგი არ აქვს მსოფლიოშიო და, მეორე, ისინი ამერიკელებმა წინასწარ გააფრთხილეს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ამდენად, თამაშის ელფერს ტოვებს: თუ ბომბავ, რატომღა აფრთხილებ?!
სირიაში ამერიკელები ეყრდნობიან ქურთებს, სახალიფოს დედაქალაქი, ფაქტობრივად, ალყაშია, ქურთების სამხედრო დანაყოფები სირიაშიც იმყოფებიან და მათთანაა რამდენიმე ასეული ამერიკელი სამხედრო მრჩეველი, რომლებიც ეხმარებიან ქურთებს სამხედრო ოპერაციების წარმოებაში. არსებობს მოსაზრებაც, რომ ეს დაკავშირებული იყო სახალიფოს დედაქალაქის აღებასთან: თუ ქურთები აიღებენ მას ამერიკელების დახმარებით, მაშინ ქურთებსა და მის მოკავშირეს უფრო დიდი წონა ექნებათ; თუ ასადმა აიღო სახალიფოს დედაქალაქი, გაძლიერდება ირანისა და რუსეთის პოზიციები. რუსი ექსპერტების აზრით, ასადის სამხედრო ბაზის დაბომბვა ამერიკელების მიერ იყო გაფრთხილება, რომ რუსებმა არ იაქტიურონ სახალიფოს დედაქალაქის აღებაში, ანუ ეს ლუკმა ჩვენი არისო. რუსებმა გააუქმეს ობამას ადმინისტრაციასთან შარშან ხელმოწერილი შეთანხმება, რომ თავიდან აეცილებინათ ინციდენტები საჰაერო სივრცეში. ანუ არცერთი მხარე არ აპირებს დათმობას და ახლა საქმე იმაზეა, ვინ ვის აჯობებს. ხოლო, თუ მხარეების რესურსებს გადავხედავთ, ეს კონფლიქტი შეიძლება, კიდევ ბევრ წელს გაგრძელდეს.
– ვისზე შეიძლება, იყაროს ჯავრი რუსეთმა, რომ თავისი ძლევამოსილება დაამტკიცოს, თუ სირიაში ისე ვერ გალაღდა, როგორც გეგმავდა?
– თუ გადავხედავთ რუსეთის ინტერესებს, რუსეთის სამხედრო ექსპერტების მოსაზრებებს, მათთვის სირია იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მეტი მოკავშირე არ ჰყავთ ახლო აღმოსავლეთში. სირიის მეშვეობით ისინი ბლოკავენ და აკონტროლებენ აღმოსავლეთის მიმართულების ენერგოპროექტებს. თუ ეს პროექტები განხორციელდა, რუსეთის გაზისა და ნავთობის გავლენა დაკნინდება მსოფლიო ენერგობაზარზე, ეს მის ავტორიტეტზეც აისახება და კეთილდღეობაზეც. მეორე მხრივ, აქ არის უსაფრთხოების მომენტიც: სირიაში რამდენიმე ათასი მოხალისე იბრძვის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიიდან. თუ ბაშარ ასადი დაემხობა, რუსეთი იძულებული იქნება, გაიტანოს იქიდან თავისი ბაზები, რადგან მეეჭვება, სირიის ახალმა ხელისუფლებამ დაუშვას იქ რუსული ბაზების ყოფნა. ზომიერი პოლიტიკური ძალა სირიაში, ფაქტობრივად, არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში, სად გადმოდის რუსეთის ძირითადი აქცენტი? თუ ეს მოხდა, ყველაზე სუსტია სამხრეთ კავკასია და რუსეთი გააძლიერებს თავის სამხედრო წარმომადგენლობას სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ვიცით, რა პოზიცია აქვს დასავლეთს სირიის კონფლიქტში, ის რუსეთის წინააღმდეგაა. ანუ ერთმანეთთან ანგარიშს ასწორებენ სხვა ტერიტორიაზე.
– და სხვების სისხლით.
– და ამის გამო ხალხი იღუპება. თუ რუსეთი იძულებული გახდა, დატოვოს სირია, მას აქვს იმდენი რესურსი, რომ უპასუხოს ამას. პუტინიც არ არის ის პოლიტიკოსი, როგორიც იყო ელცინი, რომ ჩავარდნები ჰქონდეს საგარეო პოლიტიკაში. ელცინის საგარეო პოლიტიკურ წარმატებას ვერავინ დაასახელებს – სერბეთიც კი ჩააბარა. პუტინმა კი ყირიმიც შეიერთა და უკრაინაშიც სათავისოდ მოიგო ომი, ანუ დააკონსერვა.
– როგორც ჩვენთან.
– დიახ, როგორც ჩვენთან: ჯერ შექმნა კონფლიქტი, შემდეგ დააკონსერვა და უკრაინაშიც აღიარებს იმ სეპარატისტულ წარმონაქმნებს, როცა დასჭირდება. სირიის დატოვების შემდეგ, თუ ასეთი რამ მოხდა, რუსეთი იმდენადაც არ დასუსტდება, რომ საპასუხო დარტყმა ვერ მიაყენოს დასავლეთის ინტერესს და ასეთი ადგილი, უპირველესად, იქნება კავკასია, სადაც ასევე გადაჯაჭვულია რამდენიმე ქვეყნის ინტერესები. არაერთხელ გვინახავს, როგორ ეცადა რუსეთი, დაენახვებინა ყველასთვის, თუ ვინაა კავკასიაში ბატონ-პატრონი. ასეთი ქმედებებით ის აფრთხილებს დასავლეთს: ამისთვის იყო 2008 წლის აგვისტოს ომიც და ამასვე ემსახურებოდა საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, რომელიც მილსადენზე სასაუბროდ იყო ჩამოსული, მცოცავი ოკუპაცია. ამით აჩვენა ყველას, რომ საქართველო არ არის სტაბილური ქვეყანა და არავინ იცის, რა და როდის მოხდება. ანუ ავი ძაღლივითაა, ვერც თვითონ ჭამს და სხვასაც არ აძლევს ჭამის ნებას.
– ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სუსტი რგოლი საქართველოა, კონკრეტულად რა შეიძლება, მოიმოქმედოს რუსეთმა ჩვენი მიმართულებით?
– სიტუაცია ისეც არ გამწვავებულა, რომ აგრესიული ომის პროვოცირება მოხდეს. რუსი შეეცდება სამხედრო წარმომადგენლობის ან ავიაციის გაზრდას და უფრო ეფექტიან და მტკივნეულ დარტყმებს მიაყენებს ტერორისტულ დაჯგუფებებს და აქედან გამომდინარე, იმ ქვეყნებს, რომლებიც ზურგს უმაგრებენ ტერორისტებს. თუ დასავლეთი განაგრძობს ბაშარ ასადის ძალებზე სამხედრო იერიშის მიტანას, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდება პუტინი, რომ მოუწევს იმ იმიჯის გამოსწორება, რასაც წლების განმავლობაში ქმნიდა და იცავდა. ანუ, თუ საქართველოში არ დათმე, უკრაინაში არ დათმე და დაიცავი რუსეთის იმპერიული ინტერესები, ხოლო სირიაში, როდესაც ძლიერი მოწინააღმდეგე დაგხვდება, შეეცდები, რაღაც ფორმით უპასუხო. თურქებს, როგორც ჩანს, ეშინიათ სირიაში ქურთების სახელმწიფოს შექმნის, სირიელ ქურთებზე ზემოქმედების ბერკეტი კი, ძირითადად, ამერიკელებს აქვთ. ამიტომ დასავლეთთან ურთიერთობის ბოლომდე გაწყვეტა თურქეთისთვის არ არის ხელსაყრელი: ქვეყანაში 15-მილიონიანი ქურთული უმცირესობა ჰყავს.
– ჩვენ რა როლის შესრულება შეგვიძლია, თუ მხოლოდ სტატისტები ვართ?
– ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს რომ გავაგრძელებთ ქვეყნის გაძლიერებას, ამერიკის დახმარებით, მაგრამ ბოლო 25 წელი ისე გავფლანგეთ ყველაფერი, არაფერი შემოგვრჩა. 25 წელიწადში სინგაპური მეგაიმპერიად გადაიქცა ან სამხრეთ კორეა გავიხსენოთ. ისინიც ღარიბები იყვნენ. მეორე მხრივ, ბევრი ისეთი ქვეყანაცაა, რომლებშიც მილიარდები იყრება, მაგრამ შავი ხვრელია და ვერ ვითარდებიან. თუმცა არსებობს კონკრეტული ქვეყნები, რომლებმაც მიაღწიეს მიწიერ სასწაულს – არავინ ჩამოსულა ციდან. გამოდგნენ პატრიოტი მმართველები, სწორი მიმართულებით დააბანდეს მათთვის გაწეული დახმარება და ისეთი დოვლათი შექმნეს, რომელიც ბევრს აკვირვებს. ჩვენ რა შევქმენით?! არც სამხედრო თვალსაზრისით ვართ ძლიერები, არც ეკონომიკურად; ოსი და აფხაზი სეპარატისტების საკითხსაც რომ ვერ მოაგვარებ, აბსურდია იმაზე ლაპარაკი, რომ რაღაც დიდს შეძლებ. მიჯაჭვულები ვართ მოკავშირეებზე და ამ სიტუაციაში მხოლოდ ის უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა არ იქცეს ძლიერი ქვეყნების დაპირისპირების პოლიგონად.
– საამისო რესურსი არის?
– ქართველები კი არ სძულთ რუსებს, ანალოგიურად მოექცეოდნენ ნებისმიერს, ვინც ამ ტერიტორიაზე იცხოვრებდა. ჩვენ ისიც არ ვიცით, ისტორიულად რატომ იბრძოდა ამდენი ქვეყანა ჩვენს დასაპყრობად?! თურქეთი ჩვენ გარეშე ვერ უკავშირდება აზერბაიჯანს და პირიქით; სომხეთი – რუსეთს და პირიქით; ირანის გასასვლელი დასავლეთისკენ გადის კავკასიაზე ან თურქეთზე. ჩვენ ვართ ეპიცენტრში, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არ არის ჩვენს შემადგენლობაში. რადგან კონტროლი ჩვენს ტერიტორიაზე, ნიშნავს კონტროლს კავკასიაზე, ამ ყველაფრს ემატება ერთი უცნაურობა: რა გახდა სამი მილიონი ადამიანის დაპურება ასეთ კლიმატურ პირობებში?!
– მშივრებისა და ღარიბების მართვა უფრო იოლია, ალბათ.
– ვინ ბლოკავს ამას და ვინ უშლის ხელს? თან, ყველა პირობა გვაქვს: ლიბია ხომ არ არის? ისრაელმა უდაბნოში შექმნა სამოთხე, ჩვენ ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ვერ ვიყენებთ ან არ გვაყენებინებენ და ეს ხდება ხელოვნურად.