მეწარმეობის თაღლითური ხიბლი #16
მართალია, მეწარმეთა არაკეთილსინდისიერება მთლად უცხო ხილიც არაა ჩვენი ბედკრული რეალობისთვის, მთლად იმ ტიპის თაღლითობასაც ვერ წარმოვიდგენდით (თვით ამ ბედკრულის მკვიდრნი), რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა.
ოფიციალური ინფორმაციით, ორი ინდმეწარმე საბავშვო ბაღებს კარაქის ნაცვლად იაფფასიან მცენარეული ცხიმებისგან დამზადებულ „სპრედს“ აწვდიდა (რის გამოც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ისინი სამართლის პასუხისგებაში მისცა).
ხსენებულებს, რაკი ტენდერში გაიმარჯვეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღები უმაღლესი ხარისხის კარაქით უნდა მოემარაგებინათ. მაგრამ ინდმეწარმეებმა სხვაგვარად განსაჯეს (რადგან მხოლოდ ფულებია მათი გამხარებელი, თვით ყველაზე პატარების ხარჯზეც კი!) და ათეულობით საბავშვო ბაგა-ბაღს ძვირად ღირებული უმაღლესი ხარისხის კარაქის ნაცვლად, იაფფასიანი და მცენარეული ცხიმებისაგან დამზადებული „სპრედით“ ამარაგებდნენ.
მათ, ცხადია, თავისუფლებას აღუკვეთავენ (4-დან 7 წლამდე), თუმცა ის კი საინტერესოა, ექვს წლამდე ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე ამონაგები ფულით ვის გაბედნიერებას გეგმავდნენ?! თუ ქურდობას ვერ ეშვები, ის მაინც ხომ უნდა იცოდე, ვის მოჰპარო?! –