თამთა ჭელიძე: მე თუ არ მინდა, ვერავინ გამაკონტროლებს, ვერ მომთოკავს #15
მომღერალი თამთა ჭელიძე გარკვეული პაუზის შემდეგ საზოგადოების წინაშე ახალი სიმღერითა და კლიპით წარდგა, რასაც მოწონება და გამოხმურება მოჰყვა. თამთა ამაზე გაჩერებას აღარ აპირებს და სამომავლოდ, ბევრი საინტერესო გეგმა აქვს.
თამთა ჭელიძე: წლების განმავლობაში გავაკეთებდი რაღაცას, მაგრამ ბოლომდე ვერ მივყვებოდი – თითქოს ვბუქსაობდი. რომ გითხრა, ამაში რაიმე სერიოზული მიშლიდა ხელს-მეთქი – არა. ძირითადად, ყოფითი ამბები, პირადი ცხოვრება... და ამ ყველაფრის კეთება მერთულებოდა. თუმცა, მუსიკის გარეშე ჩემი ცხოვრება ყოველთვის წარმოუდგენელი იყო. ამიტომ, სულ მუსიკასთან ერთად ვიყავი და ვარ. მეგობრებთან ერთად ვიჯექი სტუდიაში, რაღაცეებს ვეცნობოდი. მოკლედ, ჩართული ვიყავი და ბევრი რამით დავინტერესდი, მათ შორის, მუსიკალური პროდიუსინგითაც, გავაკეთე კონცერტებიც და ორგანიზატორობაც შევითავსე. ვეხმარები ჩემს მეგობარ მუსიკოსებს, ანუ ამ სფეროში მუდმივად ვტრიალებდი. უბრალოდ, არ ვჩანდი.
– საკუთარი თავი თავად დატვირთე, თუ გეხმარებოდა ვინმე?
– რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან. მათ გარეშე ამ ყველაფერს ვერ გააკეთებ. ჩემი ტემპი ახლა უფრო სწრაფი და აქტიურია და ეს ბევრი რამის გაკეთებაში მეხმარება. ეს მომწონს, რადგან არ ვარ მიძინებული ტიპი. არ მიყვარს, როცა ნელ-ნელა კეთდება რამე. ყველაფერი სწრაფ-სწრაფად მინდა. რასაც ვაკეთებ, ყველაფერზე ტვინს ვბურღავ ხოლმე. საშინლად სულსწრაფი და ისეთი ტვინის ბურღი ვარ, ტვინს ამოვუღებ რეჟისორი იქნება, თუ რემონტის მუშა – იმასაც ჩემი მოკვლა უნდა ხოლმე. როცა რაღაც მაქვს გასაკეთებელი, იმდენად მობილიზებული ვარ, არცერთ წამს არ ვაგვიანებ ხოლმე, ამიტომაც, სხვისგანაც იგივეს ვითხოვ. არ დავაღალატებ ადამიანს და შესაბამისად, ვერ ვიტან, საქმეს რომ მიფუჭებენ. ამაზე შეიძლება სერიოზული კონფლიქტი მომივიდეს ნებისმიერთან, ვისთანაც კი საქმე მაქვს. საქმეში დისციპლინა მიყვარს. საკუთარი თავიც თუ ჩარჩოებში არ ჩავსვი, მერე უმართავი ვხდები – ვეღარ ვაკონტროლებ თავს. ფსიქოლოგიური მომენტია: ან გადავწყვეტ, რომ ასე უნდა ვიყო და ამას თვითონვე ვაკონტროლებ, ან სრულიად უმართავი ვარ – ვერავინ მომერევა. იმ წლებში, როცა არაფერს ვაკეთებდი, არაფრის კეთება არ მინდოდა. უფრო სწორედ მინდოდა, მაგრამ არ გამომდიოდა, რადგან უმართავი ვიყავი, თავს ვერ ვაკონტროლებდი. თავს ვერაფერს ვაბამდი, რადგან კალაპოტიდან ვიყავი ამოვარდნილი. ამის ბევრი მიზეზი იყო მანამდეც და მერეც. ხან დეპრესია მქონდა, მერე იმან გაიარა, სხვა დაიწყო... მოკლედ, არ ჩავუღრმავდები დეტალებს. ზოგადად, ხელოვანი, შემოქმედი ადამიანები ცოტა აფრენენ. არც მე ვარ გამონაკლისი, მეც ვაფრენ. ოღონდ კარგი გაგებით.
– როცა უმართვი ხარ, ასეთ დროს თუ გჭირდება ადამიანი, რომელიც გიბიძგებს, გვერდში დაგიდგება?
– რა თქმა უნდა, გვერდში მჭირდება ადამიანი, რომელიც დამეხმარება. მაგრამ, მე თუ არ მინდა, ვერავინ გამაკონტროლებს, ვერ მომთოკავს საქმის მხრივ. თუმცა, საკუთარ თავსაც ვერ დავაბრალებ ამ ყველაფერს. ისიც დაემთხვა, რომ რაღაცას გავაკეთებდი და არ გამოდიოდა. მერე იყო იმედგაცრუება... ზოგადად, სწორ დროს სწორი ნაბიჯი უნდა გადადგა. ალბათ, ის პერიოდი უნდა გამევლო, ამ დასკვნამდე რომ მივსულიყავი – „ასე ცხოვრება აღარ მინდა”. ისევ გამიჩნდა აქტიური ცხოვრების სურვილი და ჩემს საქმეში ჩართვა, რომელიც გულში სულ მქონდა და არასდროს მიმიტოვებია. მისი ერთგული ვიყავი ყოველთვის.
– რა გასწავლა იმ წლებმა?
– საკუთარი თავის მართვა ვისწავლე. სხვა პროფესიასაც მოვეკიდე – ადამიანური რესურსების მართვას. ახლა ვმუშაობ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ადამიანური რესურსების მართვა ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და მსიამოვნებს ამის კეთება. ზოგადად, მუშაობა ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. თუ არ მიყვარს, არ მომწონს, იმას ვერ გავაკეთებ. ამ პროფესიაში კი არის ისეთი რაღაცეები, რამაც დამაინტერესა. თეატრი, რა თქმა უნდა, ძალიან მენატრება. იყო რაღაც შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი, ვერ გადავწყვიტე. არ შემეძლო მაშინ მუშაობა. ახლაც სიგიჟემდე მიყვარს, მესიზმრება ხოლმე. მაგრამ ეს ის პროფესიაა, რომელშიც ბოლომდე უნდა იყო ჩართული. მე კი იმდენად ამოვვარდი თეატრიდან... თუმცა, თუ რამე საინტერესო იქნება, რატომაც არა. ჩემი ოცნებაა, გამომძიებლის როლი ვითამაშო დეტექტივში.
– ცხოვრებაში კარგი დეტექტივი ხარ?
– კი. სულ მინდოდა, დეტექტივი, ან გამომძიებელი ვყოფილიყავი. ინტუიცია მაქვს ძალიან განვითარებული. ადამიანს რომ შევხედავ, ვხვდები: რას ფიქრობს, რატომ იფიქრა, რატომ გაიხედა. ზოგჯერ მეშინია ხოლმე, ისეთ საშინელ რაღაცეებს ვხვდები.
– როგორი ინტუიცია გაქვს მამაკაცთან დაკავშირებით?
– თუ შეყვარებული ვარ, აბსოლუტურად ვერაფერს ვხვდები. უფრო სწორად, სანამ შემიყვარდება, გაპრანჭვის პერიოდი რომ არის, ვერაფერს ვხვდები, მაგრამ მერე, როცა ურთიერთობა მაქვს, ეჭვიანიც ვარ და ბევრ რამესაც ვხვდები. ზოგადად, ფიზიკურად არ არსებობს ადამიანი, ვისაც ბოლომდე ვენდობი. ეს, ალბათ, ცხოვრებაში განვლილმა რაღაცეებმა გამოიწვია. ახლოს მოვუშვებ ადამიანს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვენდობი – არ ვიცი, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცევა. არიან ადამიანები ჩემს ცხოვრებაში, რომლებსაც ვერც ვამჩნევ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამპარტავნებაში ვარ, უბრალოდ, მათ ვერ აღვიქვამ ხოლმე და ეს მექანიკურად ხდება. ან გავიცნობ და მაშინვე ჩემიანი ხდება, ანდა ჩემი ორგანიზმი, პიროვნება არ იღებს მას, ჩემს პერიმეტრში ვერ შემოდის მისი ენერგია, რადგან ენერგეტიკულად ვგრძნობ ადამიანებს. მიყვარს ძლიერი, საინტერესო პიროვნება, სუსტებთან ვერ ვურთიერთობ.
– მამაკაციც, ალბათ ასეთი უნდა იყოს – საინტერესო, ნიჭიერი.
– მამაკაცი აუცილებლად რაღაცას უნდა აკეთებდეს, თავისი პროფესია უნდა ჰქონდეს. უნდა უყვარდეს თავისი საქმე, პროფესიონალი იყოს და წარმატებული. სხვა მხრივ, ის ჩემთვის საინტერესო არ იქნება.
– როგორ უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში უფლებები გადანაწილებული?
– ქალი, რეალურად ძალიან ძლიერია და თანასწორია მამაკაცის. თუმცა, ყველა ქალს უნდა, რომ ნაზი იყოს. ისეთი მამაკაცი ჰყავდეს გვერდში, რომ ცოტა მოეშვას. თორემ ყველა ქალში დიდი სიძლიერეა და ბევრი რამის მართვა შეუძლია, კაცისგან განსხვავებით. მე ყველა ქალს ვუსურვებ, ჰყავდეს გვერდით ისეთი კაცი, რომელთანაც იქნება სუსტი და უსუსური. ქალი კი ძლიერია, მაგრამ კაცს არ უნდა აჩვენო, რომ მასზე ძლიერი ხარ. ისეთი ქალებიც არ მიყვარს, კაცებს რომ ჩაგრავენ. ჯერ იმ კაცს რა ვუთხარი, ქალი რომ დაჩაგრავს.
– რამე ხდება შენს პირად ცხოვრებაში, შეყვარებული ხარ?
– მე სულ შეყვარებული ვარ.
– არ გეკითხებიან: რატომ არ თხოვდებიო?
– არ მინდა გათხოვება და იმიტომ არ ვთხოვდები. არ არსებობს ადამიანი, რამე უნდოდეს და არ გააკეთოს, ან არ გამოუვიდეს. მე ამ წლების განმავლობაში სერიოზულად არ მდომებია გათხოვება, თორემ აუცილებლად გავთხოვდებოდი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მაგარი ვარ, რეალურად, მარტივად შეგიძლია, გათხოვდე. ამ ასაკში ცხოვრება ისეთი დალაგებული უნდა გქონდეს, თუნდაც შენს პარტნიორთან ერთად, რომ მერე ეს ნაბიჯი გადადგა. სიყვარული სიყვარულია, მაგრამ ამასთან ერთად, კომფორტიც უნდა იყოს. სანამ ყველაფერს არ მოაგვარებ, არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. ერთხელ ხომ გავიარეთ პრობლემებიც, ისიც, ესეც და რამდენჯერ უნდა გათხოვდე?
– ლიზას გამოც ხომ არ გითქვამს გათხოვებაზე უარი?
– ასეთი სერიოზული მომენტი ჯერ არ მქონია, რომ საქმის კურსში ჩამეყენებინა. უკვე ვჭორაობთ ხოლმე. იცის ჩემზე რაღაცეები და მოხარული იქნება, თუ გავთხოვდები.