როდის ხდება ილო ბეროშვილი ვაკელი ბიზნესმენი და ჰქონდა თუ არა მას ფლირტი ბაბეტასთან #15
უკვე სამი თვეა, რაც იუმორისტული გადაცემა „ილო ბეროშვილის შოუ“ დაიხურა და ილოც აღარ ჩანს ტელეეკრანებზე. ეს დრო მისთვის დეპრესიული, მაგრამ ამავდროულად დასვენებისა და ფასეულობების გადაფასების პერიოდი იყო. ილოს ცხოვრებაში ახალი გამოწვევაა, მას საზოგადოება ისევ ნახავს ეკრანზე, ოღონდ ამჯერად, არა ტელეწამყვანად, არამედ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობად.
ილო ბეროშვილი: „ილო ბეროშვილის შოუ“ კი არ დაიხურა, პროექტი დამთავრდა. მიდის ძალიან დიდი რეორგანიზაცია. ტელევიზია ისეთი რამეა, მოულოდნელი არასდროს არაფერია. ამიტომ, მოულოდნელი არც ეს იყო. თან, კონტრაქტი მიმთავრდებოდა და ისე მოხდა, აღარ გამიგრძელებია. საკმაოდ საჭირო პაუზა აღმოჩნდა ჩემთვის. ვფიქრობ, ოთხი წელი ვიყავი ამ სფეროში და ცოტა დასვენება მჭირდებოდა. ჩემი იდეებიც მაქვს დასალაგებელი. „იმედიდან“ მქონდა საინტერესო შემოთავაზება. შეიძლება, ჯერ არა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით გავაკეთო რაღაც. ყველას სჭირდება დასვენება. რაღაც რომ შექმნა, გასცე, ამისთვის რაღაც უნდა მიიღო კიდეც, ძალები აღიდგინო.
– ახლა რას საქმიანობ?
– სულ ახალი ამბავია. ჩემი მეზობელი მუშაობს „ფორმულა კრეატივში“ და მითხრა, „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონი იწყება და ხომ არ გინდა, მოხვიდეო. მეც თავისუფალი პერიოდი მაქვს და ვიფიქრე, რატომაც არა. ვიყავი კასთინგზე. გაგრძელდა სულ რაღაც ათი წუთი, ჩავწერე და ერთ კვირაში დამირეკეს დამტკიცებული ხარო. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ამ როლში ვაკელი ბიზნესმენი ვარ, ცოტა ისეთი წარსულით – თავის დროზე, ოთხმოცდაათიან წლებში „ტრუპები“ რომ ჰყავდა და თავს რომ არავის დააჩაგვრინებდა. მყავს ულამაზესი ცოლი – ტიპური ვაკელი „გოგჩო“. ძალიან მალე გამოჩნდება. იმედი მაქვს, რომ უბრალოდ, შევიტან ახალ შტრიხებს ამ პერსონაჟში. ბანალური არ მინდა ვიყო. ამაში დამეხმარება, „ფორმულა კრეატივის“ შემოქმედებითი ჯგუფი. თან, შემოქმედებითად ერთ ენაზე ვლაპარაკობთ. მე პროფესიით, განათლებით მსახიობი არ ვარ. ჩემი პირველი ცდა არის და რა გამოვა, არ ვიცი. ერთი ვიცი, რომ თავდაუზოგავად ვიშრომებ და თუ არ გამოვიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე მზად არ ვარ. ახლა მივდივარ სხვადასხვა ადგილას და ვაკეთებ „სთენდ აფ“ შოუებს. ეს დიდი კულტურაა, მაგრამ საქართველოში არ არის ისე განვითარებული. იუმორი – კამერის გარეშე. თუმცა, ჯერ ახალი ხილია თქვენთან და არ არის კარგად განვითრებული. ჩემთან ერთად არიან ჩემი მეგობრები – ელენე ქასრაძე, რომელიც „ჯიდიესზეც“ არის გადაცემა „ბინა 18-ში“. პირველი სთენდაფერი გოგოა, რომელიც ბევრად უფრო ადრე გამოდიოდა, ვიდრე მე და ხუმრობდა. უამრავი ნიჭიერი ადამიანია. ამ კულტურის დამკვიდრება ჩემი მიზანია.
– დეპრესიული პერიოდი არ გქონდა, გადაცემის გარეშე რომ დარჩი?
– კი. როგორ არა, ძალიან დეპრესიული პერიოდი მქონდა. იმ დროს შეიძლება, ფიქრობ, ეს რატომ დაგემართა. მაგრამ, უნდა მიხვდე, რომ ეს განსაცდელი იმას ემსახურება, სიკეთისთვის შეიცვალოს შენს ცხოვრებაში რაღაცეები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ოჯახი როგორ დაგიდგება გვერდით. რთული, უიმედობის პერიოდი მქონდა, მაგრამ ოჯახის, მოძღვრის დახმარებით და ჩემი მონდომებით, გადავლახე. შვილებთან ერთად გავატარე მთელი ეს დრო. კუს ტბაზე დავდივართ, ბუნებაში ვვარჯიშობ. დედაჩემი არის მორჟი, ყინულებს ტეხავდა და წყალში ჩადიოდა, ახლაც აკეთებს. ადრე ნევროზი ჰქონდა და კუს ტბამ უშველა სასწაულად. ჩემს მშობლებს სულ დავყავდი. ახლაც სულ ვარჯიშობენ და მეც დამყავს ჩემი შვილები. მეც ვაპირებ ყინულის გატეხას და წყალში ჩასვლას ზამთარში. სამწუხაროდ, როცა უცებ დამატყდა თავს პოპულარობა, ბევრი რამ ვერ განვსაზღვრე. ვერც დროის მენეჯმენტი. ახლა ბევრი რამ გადავაფასე, მეგობრები, ადამიანები. მამლის წელიწადში ვარ დაბადებული და ცაგარელმა მითხრა, შენი წელიაო. მართლაც, თითქოს რაღაც რესტარტი განიცადა ჩემმა სხეულმა, ტვინმა. ბევრი დავისვენე, ბევრი მეძინა. იქ მივიღე კამერებთან მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება, გავეცანი ტელევიზიის შიდა სამზარეულოს. ასე რომ, მსახიობობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. უკვე ისეთი გამოცდილება მაქვს, ზუსტად ვიცი, დროს კარგად გავანაწილებ. არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს, რისი თავიც არ მექნება. მხატვრული ფილმიდანაც არის შემოთავაზება და ჩაფიქრებული მაქვს მე და ჩემი უფროსი შვილი, სესილი, ერთად ვიყოთ ამ ფილმში. მე თვითონ შევთავაზე, ძალიან ნიჭიერი ბავშვია. რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ მალე „ჩემი ცოლის დაქალებში“ მნახავთ.
– შენი ყოფილი ცოლის, ნელიკოს, ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა, ქმარი გარდაეცვალა. თუ ედექი ამ პერიოდში გვერდში?
– რა უნდა ვთქვა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ნელიკოსთან არ მივსულვარ, მაგრამ თანადგომა, რა თქმა უნდა, გამოვუცხადე. ძალიან განვიცადე. ბავშვებს ძალიან უყვარდათ. მე რომ ეგეთი რამ მომსვლოდა, მას არ ეტკინებოდა? სამწუხარო ამბავია, არავის არ ვუსურვებ. მშობლებმა არ უნდა დაიტირონ შვილები, პირიქით უნდა იყოს. ნელი ბავშვების დედაა – მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობა შეიძლება გვაკავშირებდეს ჩვენ, როგორც მშობლებს. ნელიკოსთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ის ძალიან კარგი დედაა და მეც ვცდილობ, კარგი მამა ვიყო.
– შენს პირად ცხოვრებაში თუ არის რაიმე სიახლე?
– ჩემს პირად ცხოვრებაში არანაირი სიახლე არ არის. მთლიანად გადართული ვარ ბავშვებზე. ისე, ბავშვებს აინტერესებთ და ამას წინათ სესილიმ მკითხა: მამიკო, ქერები უფრო მოგწონს თუ შავგვრემნებიო. რა ვიცი, გააჩნია-მეთქი. აბა, ბავშვს როგორ უნდა დაველაპარაკო ამაზე. ხანდახან ვერ ვხვდები, მე ვზრდი შვილებს თუ ისინი მზრდიან მე. ბევრ ვინმეზე ამიგორეს ჭორები, ხან თაკო ჩორგოლაშვილი, ხან ბაბეტა. ბაბეტაზე რატომ გაჩნდა ჭორი, არ ვიცი – არანაირი ფლირტი, არანაირი შეხება. რამდენჯერმე მყავს ნანახი და მისი იმიჯიდან გამომდინარე, თვალში ყოველთვის მომხვედრია. მაგრამ მასთან არაფერი მაკავშირებს. იმის მტკიცებას, რომ აქლემი არ ვარ, ვერ დავიწყებ. ბაბეტა ქალია და ყველასთვის – სასურველი. აქედან გამომდინარე, პატივს ვცემ. თუ მანამდე ისე ვიყავი, რომ ერთი ღამისა და ხანმოკლე ურთიერთობებით შემოვიფარგლებოდი, ახლა ბევრად უფრო სერიოზულად ვუყურებ ურთიერთობებს. უკვე შინაგანი მოთხოვნილება გამიჩნდა, სერიოზული, ხანგრძლივი ურთიერთობა მქონდეს. ყოფილან ნელიკოს შემდეგ, რაღაც გრძნობები რომ გამჩენია, მაგრამ მხოლოდ გრძნობები არ არის საკმარისი. შეიძლება, ხასიათით ვერ შეეწყო. მყავს ორი შვილი. გოგოს ვაკვირდები, გამოუცდელია – ჩემს შვილებს როგორ მოუვლის? ხანდახან არის მომენტი, მიფიქრია, „ოთარაანთ ქვრივში“ რომ არის: „ერთი შენი ჩუსტები დამანახა ჩემს საწოლთანო“... ასაკიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ორი შვილი მყავს, სტაბილურ ურთიერობებზე ვფიქრობ. არ მესმის, როცა ამბობენ, კაცს ღალატი ეპატიება, ქალს არაო. ღალატი ღალატია, ქალი იქნები თუ კაცი. ორივე რომ ტყუილში იცხოვრებს, ცუდია. კაცი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არ უნდა უნდოდეს, რომ უღალატოს. თუ შეცდომა მოუვიდა, უნდა გამოასწოროს.