რა წესები უნდა დაიცვას მოქალაქემ, თუ ქუჩაში სამართალდამცველები აჩერებენ და რა კონკრეტული შემთხვევების დროს არ უნდა დაემორჩილოთ მათ #15
თუ ავტომობილით საგზაო მოძრაობის წესებს არ არღვევთ ან ქუჩაში, უბრალოდ, ფეხით სიარულისას საპატრულო პოლიცია მაინც გაჩერებთ, იცოდეთ, მას ამის უფლება აქვს. ხშირად, მოქალაქეებმა კონკრეტული შემთხვევის დროს არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ და რა უფლებები აქვთ პოლიციასთან კონტაქტისას. რა შემთხვევაშია ნებადართული ჩხრეკა, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი უფლებები დაირღვა და რატომ უნდა მოვთხოვოთ სამართალდამცავს სამხრე კამერის ჩართვა – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი – გურამ იმნაძე გვესაუბრება.
გურამ იმნაძე: პოლიცია უფლებამოსილია, მოქალაქე შეაჩეროს, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები, მოითხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. მთავარია, მოქალაქეებმა სწორად იცოდნენ, რა უნდა გაითვალისწინონ ასეთი შემთხვევის დროს. უფლება გაქვთ, მოითხოვოთ, განმარტება გაჩერების საფუძვლის შესახებ და ასევე, პოლიციელისთვის მხოლოდ პერსონალური მონაცემებისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის ვალდებულება გეკისრებათ. პოლიციას არა აქვს უფლება, ადამიანს გამოჰკითხოს: სად მიდის, სად იმყოფებოდა და ვისთან ერთად. ფეხით სიარულისას სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაცია მყარდება პრევენციული ღონისძიების ფარგლებში. ეს შეიძლება, იყოს გამოკითხვა, პირის იდენტიფიცირება, ზედაპირული დათვალიერება. ასეთ დროს არასწორია, თუ პოლიცია ფოტოს გიღებთ. ფოტოგადაღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს, როცა სხვა გზებით შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება. მოქალაქეებს ცალსახად აქვთ იმის უფლება, პოლიციელს ამგვარი მოთხოვნის შესრულებაში არ დაემორჩილონ. ფოტოგადაღება არ უნდა განხორციელდეს პირადი მობილური ტელეფონის ფოტოკამერით, გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარი ფოტოსურათი წარმოშობს გარკვეულ რისკებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის მიმართულებით. აქვე აღვნიშნავ, რომ საკმაოდ ინტენსიური ღონისძიებაა რეიდი, რომლის დროსაც შესაძლებელია, ბევრი ადამიანის უფლება შეიზღუდოს. სპეციალური საპოლიციო კონტროლის/რეიდის დროს გაითვალისწინეთ, რომ: ხდება პირის ზედაპირული შემოწმება და ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება. ზედაპირული შემოწმება გულისხმობს ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხებას. ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას. სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში კი მისი საბარგულის ვიზუალური დათვალიერება იგულისხმება. პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით, რომლითაც უწყვეტ რეჟიმში ხდება ვიდეოგადაღება. რაც შეეხება ადმინისტრაციული წესით დაკავებას, გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ღონისძიებით შეუძლებელია კანონის აღსრულება.
– მოქალაქის გაჩერებისას, თუ სამართალდამცველი არ იყენებს სამხრე კამერას, აქვს თუ არა მოქალაქეს მისი ჩართვის მოთხოვნის უფლება და რამდენად აუცილებელია მისი გამოყენება?
– როდესაც საუბარია საპატრულო პოლიციაზე და მის მიერ საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების გამოყენებაზე, საპატრულო პოლიცია ვალდებულია, ამ დროს ჩართოს სამხრე კამერა. თუ კონკრეტული სამართალდარღვევა ისეთ კატეგორიას განეკუთვნება, რომელზეც გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი შეიძლება, მთავარი მტკიცებულება იყოს. მოქალაქეს სრული უფლება აქვს, მიუთითოს პატრულის თანამშრომელს სამხრე კამერის ჩართვაზე. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა სამართალდამცავი ორგანო არ იყენებს სამხრე კამერებს. მაგალითად, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
– ხშირად, ჩხრეკისა და ზედაპირული დათვალიერების ერთმანეთში აღრევა ხდება. შეუძლია თუ არა მოქალაქეს ასეთ დროს, ადვოკატის ან დამსწრის მოთხოვნა?
– უნდა გაიმიჯნოს ჩხრეკა, როგორც სისხლის სამართლის ფარგლებში განხორციელებული მოქმედება და ზედაპირული დათვალიერება, რაც საპოლიციო პრევენციის ღონისძიებაა. ორივე შემთხვევაში აუცილებელია, რომ მოქალაქეს გააცნოს თავი შესაბამისმა სამართალდამცველმა. ვინ არის და რა საფუძვლით ტარდება ეს ღონისძიება. ზედაპირული დათვალიერებისას ხდება ადამიანის, მისი ნივთებისა და მათ შორის, ავტომანქანის ზედაპირული შემოწმება. ზედაპირული შემოწმებისას სამართალდამცველს არ შეუძლია, მოსთხოვოს ადამიანს გაშიშვლება. არ აქვს უფლება, ხელი ჩაუყოს ჯიბეში. რაც შეეხება ჩხრეკას, წესიდან გამომდინარე, ის უნდა ტარდებოდეს სასამართლოს ნებართვით და ეს განჩინება აუცილებლად უნდა წარმოადგინოს შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა ჩხრეკის დაწყებამდე. თუ გადაუდებელი შემთხვევაა, ჩხრეკა უნდა ჩატარდეს პროკურორის ან გამომძიებლის დადგენილებით. მნიშვნელოვანია, ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთმტკიცებები, რომელიც შესაძლოა, გამოიყენონ სისხლის სამართლის საქმეში, დაილუქოს სპეციალური პროცედურებით. ჩხრეკის თაობაზე აუცილებლად უნდა შედგეს ოქმი, სადაც მითითებული იქნება ყველა ფაქტობრივი გარემოება. ჩხრეკა შეიძლება, ჩაუტარდეს ისეთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს ბრალდებულის სტატუსი. ასეთ დროს მოქალაქეს შეუძლია, მოითხოვოს ადვოკატის დასწრება, თუმცა სამართალდამცველებს არ აქვთ ვალდებულება, დაიცადონ. ჩვენს საპროცესო კოდექსში ადრე არსებობდა დამსწრის ინსტიტუტი, რომელიც ითვალისწინებდა ჩხრეკის დროს ნეიტრალური, გარეშე პირის სავალდებულო დასწრებას, თუმცა დღეს ამგვარი რამ არ არსებობს.
– თუ კი საკუთარ უფლებამოსილებას გადასცდება პოლიცია, ასეთ შემთხვევაში რა მექანიზმები არსებობს და დასაშვებია თუ არა ვიდეოკამერის გამოყენება?
– როცა მოქალაქე ხედავს, რომ პოლიცია მის მიმართ უფლებამოსილებას ამეტებს, დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს გენინსპექციაში, არსებობს ცხელი ხაზი, სადაც მუდმივად შესაძლებელია დაკავშირება. გენინსპექციებს რეალური სამართლის დასადგენად სჭირდებათ გარკვეული მტკიცებულება. გენინსპექცია მხოლოდ მოქალაქის ინფორმირების საფუძველზე ვერ დააკისრებს სახდელს თანამშრომელს. საჭირო მტკიცებულებების მოპოვებისთვის შესაძლებელია, მოქალაქემ თავისივე მობილური ტელეფონით აღბეჭდოს უკანონო ქმედება ან შესაძლებელია, სთხოვოს გარეშე დამსწრე პირებს ინფორმაციის დადასტურება. მოითხოვოს გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება. პოლიციასთან ურთიერთობისას, მოქალაქეს ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია, გამოიყენოს ვიდეოკამერა და პოლიციის მოთხოვნას, რომ ის გათიშოს და ჩაიდოს, არ დაემორჩილოს.
– ხშირად, ბრალდებული აღნიშნავს, რომ მას სამართალდამცველმა შეურაცხყოფა მიაყენა, ჯიბეში ხელი ჩაუყო, კონკრეტული ნივთიერება ჩაუდო და ასე შემდეგ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი შემთხვევის დროს, დაცული იყოს როგორც მოქალაქის, ასევე სამართალდამცველის უფლებები?
– მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენს სამართალდამცველებს არ აქვთ კანონისმიერი ვალდებულება, რომ მათ მიერ ჩატარებული ყველა ღონისძიება სათანადოდ იყოს დამოწმებული ვიდეოჩანაწერით. ამგვარი ვალდებულება არ ვრცელდება კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად ატარებენ ისეთ საგამომძიებლო ღონისძიებებს, როგორიცაა: ჩხრეკა და ამოღება. ერთადერთი, რაც შეუძლია მოქალაქეს, არის ის, რომ იდავოს სასამართლოს წინაშე. თუ ჩხრეკა ცენტრალურ უბნებში ტარდება, მოქალაქეს შეუძლია, გამოიყენოს გარეშე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი. მნიშვნელოვანია, ჩხრეკის ოქმების სწორად შედგენა და აქვე, მოქალაქეებს შეუძლიათ, დააფიქსირონ შენიშვნები და ასევე, მოხდა თუ არა ჩადება. პოლიციელმა შეიძლება თქვას, რომ ეს არ არის ნებადართული, თუმცა მოქალაქეს აქვს ამგვარი უფლება, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოს. აუცილებლად უნდა მოითხოვოს ოქმის ასლები, მიუხედავად იმისა, მოაწერს თუ არა მას ხელს.
– თუ მოქალაქეს უპოვეს ნარკოტიკი, ცხადია, ეს უკვე გამოძიების დაწყების საფუძველია. მაგრამ, რომ არ მოხდეს სამართალდამცველის მხრიდან საქმის უფრო დამძიმება, რა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქემ?
– ამ დროს, თავიდან რომ ავიცილოთ სხვა ნარკოტიკის ჩადება და საქმის დამძიმება, აუცილებელია, მოქალაქემ ყურადღება მიაქციოს, როგორ დაილუქება მისგან ამოღებული ნარკოტიკი თუ ყველა სხვა ნივთი.
– კონკრეტული შემთხვევების დროს, მოქალაქეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნარკოტესტის ჩატარებაზე, რაც ბევრმა არ იცის. უფრო ზუსტად რომ გვითხრათ, რა უფლებებით სარგებლობა შეუძლია ასეთ დროს ბრალდებულს?
– მოქალაქეს შეუძლია, ნებაყოფლობითაც გადავიდეს ნარკოლოგიურში. თუ ნებაყოფლობით არ ხდება გადაყვანა, პატრულს შეუძლია, დააკავოს. მოქალაქის ქუჩიდან აყვანისას ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, მოქალაქეს შეუძლია, უარი განაცხადოს ექსპერტიზაში მონაწილეობაზე, ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე. როცა პოლიცია ითხოვს, რომ ის დარჩეს ნარკოლოგიურში, სინამდვილეში, მოქალაქეს აქვს უფლება, მოითხოვოს, დაუყოვნებლივი გათავისუფლება. მაგრამ, პრაქტიკაში, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა გამოიყენება დაკავების 12-საათიანი ვადა. ასეთ დროს მოქალაქეს აქვს: ადვოკატის მოთხოვნის უფლება, საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება, ზარის განხორციელების უფლება. თუ საქმე გვაქვს 5 გრამამდე მარიხუანის შეძენა-მოხმარებასთან, ასეთ დროს მოქალაქეს დაეკისრება ჯარიმა. თუ საქმე მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს ეხება, საქმე აღიძრება 5-იდან 8 წლით თავისუფლების აღკვეთით.
– მაგალითად, შეიძლება, კონკრეტულ მომენტში, ადამიანი არ იყოს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ ტესტმა საპირისპირო შედეგი აჩვენოს?
– შეიძლება, კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერება ორგანიზმში დარჩეს ორი კვირის განმავლობაში და ნარკოტესტირების მომენტში, საერთოდ არ იყოს მოქალაქე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. მის ორგანიზმში კი მაინც დადგინდეს, რომ მან მოიხმარა ნარკოტიკი და ტესტმა ეს დააფიქსიროს. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ამგვარი ფაქტი ნარკოტიკულ სიმთვრალედ მიიჩნევა.