არის თუ არა 16 წლის ახალგაზრდის კუბოდან მოპარული ტელეფონი დემურ სტურუას თვითმკვლელობის მიზეზი #15
2016 წლის 8 აგვისტოს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში, საკუთარ ეზოში 22 წლის დემურ სტურუა ჩამომხრჩვალი ნახეს. გარდაცვლილმა თვითმკვლელობამდე წერილი დაწერა, სადაც ზეწოლაში უბნის რწმუნებულს, პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ადანაშაულებდა. მტკიცებულების საფუძველზე, თევზაძე ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, დეტალები, რომელზეც სტურუას დედა ახლახან ალაპარაკდა, რადიკალურად ცვლის საქმის ვითარებას. არსებობს ტაქსის მძღოლის, გივი მენაბდის მიერ დაწერილი მეორე წერილიც, რაც ნონა ჯოჯუამ მალევე იპოვა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. სწორედ ამ წერილის საფუძველზე, მას ახალი ეჭვმიტანილები ჰყავს. ჯოჯუა დღესაც მიიჩნევს, რომ მისი შვილი მოკლეს. მაგრამ, ეჭვი ეპარება, რომ საქმეში პოლიციელია გარეული.
ნონა ჯოჯუასა და ბრალდებულ გოდერძი თევზაძის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის ვერსია თითქმის იდენტურია და დემურ სტურუას გარდაცვალებამდე, სოფელ საჯავახოში დაღუპული ახალგაზრდის დაკრძალვაზე მომხდარ ქურდობის ფაქტს უკავშირდება. ინტერნეტში ახლახან გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, განსხვავებული აზრი აქვს სტურუას ბიცოლას, დარიკო ჯაშს, რომელიც აცხადებს, რომ დედას დემური არასდროს ჰყვარებია. „ახლაც რაღაცის აღება უნდა და ცრუობს“... დაპირისპირება რძლებს შორის წლების წინ დაიწყო. ბავშვთა სახლში აღზრდილი დუმური და მისი და-ძმა კი, მუდმივად დაძაბულ გარემოში იზრდებოდნენ.
ლედი ტუკვაძე (ადვოკატი): დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე, მეზობელ სოფელ საჯავახოში, ავარიით დაიღუპა დემურის მეგობარი, 16 წლის გიორგი ხაბეიშვილი. ამ ბავშვს, დაკრძალვის დღეს, სადგომიდან ამოაცალეს მობილური ტელეფონი, ეგრეთ წოდებული „ხელის ბრუნება“ იციან იმერეთში (ასეთი ტრადიციაა – მიცვალებულს რომ ოჯახის ბარაქა არ გაყვეს, გატანებული ნივთებიდან ერთ-ერთს უკან იღებენ – ავტორი) და სწორედ „ხელის ბრუნების“ დროს აღმოაჩინა ოჯახმა, რომ ტელეფონი ვიღაცამ მოიპარა. როგორც გაირკვა, სადგომიდან ამოღებული ნივთი დემურის სახელზეა ჩაბარებული ლომბარდში. შემდეგ კი მისი ბიცოლას, დარიკო ჯაშის მეზობელს გამოუტანია. ამის გამო დემურს სერიოზული პრობლემები შეექმნა, სოფელში აღარ დაედგომებოდა. მთელი სოფელი უტევდა. როგორი ამბავია? – პატარა გარდაცვლილი ბიჭის ტელეფონი კუბოდან იკარგება! ძალიან სერიოზული დანაშაულია და ჩემი ვარაუდით, სწორედ ეს არ აპატია ვიღაცამ დემურ სტურუას. თუმცა, მას ისედაც ჰქონდა სერიოზული პრობლემები. ქურდობის გამო პირობით მსჯავრს იხდიდა. ადრეულ ასაკში დაობლებული, თავის და-ძმასთან ერთად, ბავშვთა სახლში იზრდებოდა და, ზოგადად, დაძაბულ გარემოში ცხოვრობდა...
დედა თურქეთში სამუშაოდ დადიოდა და დემური გოდერძი თევზაძისთვის ჰყავდა ჩაბარებული. დემურს კაზინოში თამაში უყვარდა, იყო პრობაციონერი, წვრილმან ხულიგნობაში შემჩნეული და ქალბატონმა ნონამ, ამიტომაც სთხოვა უბნის რწმუნებულს, მისთვის ყურადღება მიექცია. მთელი სოფელია მოწმე, როგორი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ გარდაცვლილსა და პოლიციელს ერთმანეთთან. იმ დღესაც, დაახლოებით 16.55 საათზე, დემურმა გოდერძის დაურეკა და უთხრა: გოდერძი ბიძია, სერიოზული პრობლემები მაქვს და უნდა გნახოთ, იქნებ მირჩიოთ რამეო. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ, სტურუა სახლში წავიდა და გოდერძის უთხრა, ტელეფონი მიჯდება, შეიძლება, ვერ დამიკავშირდეთო. პოლიციიდან დაბრუნებულს ჭიშკარში წერილი დახვდა, სადაც ეწერა: „ავთო, სასწრაფო საქმე მაქვს, შემხვდი ბათუმის „პერეეზდთან“. გივი.“ ეს გივი მენაბდე ტაქსის მძღოლია, მაგრამ ავთო ვინ არის და რა შუაში იყო საერთოდ, არავინ იცის. დემურს წერილზე თავისი ნომერი მიუწერია, თუ საქმე გაქვთ, ამ ნომერზე დამირეკეთო. მაგრამ, წავიდა იმ დღეს მასთან შესახვედრად თუ არა, ან ვინ იყო ეს ავთო და რა მინიშნება გაუკეთა გივიმ... და კიდევ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება: რა ნივთები გადაიტანეს ამ ტაქსით? ავთო ხომ არ არის ჯართის ჩამბარებელი პუნქტის მეპატრონე, სადაც სტურუამ მოპარული არყის სახდელი ქვაბი ჩააბარა? ხომ არ არის იმ საჯავახოელ ბიჭებთან დაკავშირებული პირი? რა სასწრაფო საქმე ჰქონდა გივის მასთან? თუმცა, გამოძიებას ეს ყველაფერი საერთოდ არ აინტერესებს. პოლიციას აქვს უამრავი ალიბი იმის დასამტკიცებლად, რომ გოდერძი თევზაძე დამნაშავე არ არის. მაგრამ, ეყრდნობა ერთადერთ წერილს, სადაც სტურუა აღნიშნავს, რომ გოდერძი თევზაძის ზეწოლის გამო, გადაწყვიტა, თავი მოეკლა. წერილი გარდაცვლილის დაწერილია, მაგრამ ვინ დააწერინა, როგორ და რა მდგომარეობაში, არავინ იცის. ეს იყო წინასაარჩევნოდ დადგმული სპექტაკლი, რომლითაც ცდილობენ, პატიოსან რიგით პოლიციელებს, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მოტივაცია დააკარგვინონ და სახელი შეულახონ... ახლა ამ ოჯახზე საოცარი ზეწოლაა, ემუქრებიან. ვიღაცას არ აწყობს, რომ სიმართლე გაირკვეს, განსაკუთრებით გარდაცვლილის ბიცოლა დარიკო ჯაში ძალადობს. არ ვიცი ვინ მართავს ამ ქალს და რა ინტერესი აქვს თევზაძის მიმართ, მაგრამ ვიცი, რომ ის ორჯერაა ნასამართლევი და მათ შორის, ერთხელ მკვლელობისათვის. პოლიციელს „ძაღლისშვილს“ ეძახის და პიროვნული ზიზღი აქვს მათ მიმართ.
ნონა ჯოჯუა (დემურ სტურუას დედა): სიტყვის თქმის უფლებას არ მაძლევს დარიკო, მოკვლით მემუქრება, საფლავზე არ მიშვებს. მოეშვი, ნუ ახსენებ ამ საჯავახოელ ბიჭებსო. დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა და ვერ მივდივარ. სისხლის გუბეს დავაყენებ, საფლავზე მოსულს თუ გნახავო. ეს იმიტომ, რომ ხმა ამოვიღე, სიმართლე მაინტერესებს. მაინტერესებს, ვინ მოკლა ჩემი შვილი და არა – უდანაშაულო ადამიანის დასჯა. გოდერძი თევზაძის ინტერესი აქვს დარიკო ჯაშს, რადგან პოლიციელებს ვერ იტანს. ორჯერ არის ნასამართლევი, ერთხელ მკვლელობაზე – სოფელ კულაში, სუფრასთან რუსი კაცი მოკლა.
გოდერძი თევზაძე ბევჯერ დაგვხმარებია. ჩემს შვილებს ყურადღებას აქცევდა იმის გამო, რომ ტოტალიზატორში თამაშობდნენ. გამოძიება არასწორად მიდის, ამიტომ მოვითხოვე მეორე წერილთან დაკავშირებით ხელახალი გამოძიება. ადვოკატი მე არ მყავს, სიმართლე არავის აინტერესებს. მყავდა ადვოკატები არასამთავრობოდან, მაგრამ არცერთ პროცესს არ დასწრებიან და გავუშვი, რადგან ადვოკატმა ჩემი სათქმელი უნდა თქვას. ერთი სიტყვა ვთქვი და დარბაზიდან გამომაგდეს. როცა სასამართლოა, მე არავინ მირეკავს, არავინ მაგებინებს, დარიკოს ურეკავენ. როგორ ლაპარაკობს ეს საზიზღარი ქალი, შვილები არ უყვარსო?!
– ამას რატომ ამბობს? იმის გამო ხომ არა, რომ თქვენი შვილები ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ?
– 22 წლის დავქვრივდი, 4 შვილი დამრჩა, პენსიებიც გაიყინა იმ პერიოდში. პატრონი არავინ მყავდა. დადიოდნენ ჩემი შვილები და საჭმელს მათხოვრობდნენ, ლუკმა-პური გვენატრებოდა. ამის გამო მივიყვანე ბავშვები ბავშვთა სახლში, რომ ცუდ გზაზე არ დამდგარიყვნენ. ცოტა ხანში კი თურქეთში წავედი სამუშაოდ. როცა ჩამოვდიოდი, ყოველთვის დატვირთული მივდიოდი ჩემს შვილებთან. სხვა ბავშვებსაც კი უხაროდათ ჩემი დანახვა, იმდენი რამე მიმქონდა მათთვის. ხშირად ვნახულობდი, არაფერს ვაკლებდი, ყურადღება არ მომიკლია. ყველაფერზე წამსვლელი რომ არის ეს ქალი, ერთხელაც არ უნახავს ბავშვთა სახლში ჩემი შვილები. დემური ბოლოს თურქეთში მუშაობდა და იქიდან რომ ჩამოდიოდა, ფულის გამო უნდოდა მხოლოდ დარიკოს. ერთი კილო შაქარი, ერთი პური არ ახსოვთ ჩემს შვილებს მისგან. როცა წამოიზარდნენ, გამოიყვანა ბავშვთა სახლიდან იმის გამო, რომ მათი პენსია აეღო. მაგრამ ბავშვები იქიდან გამოიქცნენ და სახლში წამოვიდნენ. თუმცა, დარიკო ისევ თვითონ იღებდა მათ პენსიას.
7 წლის წინ 16 წლის გოგონა დამეღუპა ავარიაში. მე და ბავშვი ერთად მოვდიოდით, როდესაც „მარშრუტკამ“ დაგვარტყა. მე ლავიწის ძვალი მქონდა გატეხილი და ძალიან ცუდად ვიყავი, არაფრის თავი არ მქონდა, გვერდში მდგომიც არავინ მყავდა. დარიკომ ჩემი გარდაცვლილი გოგონა თავის სახლში დაასვენა. „მარშრუტკის“ მძღოლის მიერ მოცემული ფული თვითონ აიღო და იმით რემონტი გააკეთა. მე კი ჩემს გარდაცვლილ შვილს არ მატანდა, 162 ლარი გადამიხადე და წაიყვანეო. სისხლის სამართლის საქმეში დევს წერილი, სადაც დარიკოს ეს ხარჯები აქვს ჩამოწერილი. ჯამში, 162 ლარი ხარჯი მქონდაო და ამას ითხოვდა. პოლიციის ძალით წამოვიღე ბავშვის გვამი მისი სახლიდან, თორემ ვერავინ ეკარებოდა. ჩემი ორივე შვილი კულაშია დასაფლავებული, სადაც დარიკო ცხოვრობს და მინდა, ჩვენთან, დაფნარში გადმოვასვენო, რომ მათ საფლავზე, როცა მინდა მივიდე.
– ქალბატონო ნონა, თქვენ ამბობთ, რომ დემური თავს არ მოიკლავდა, არც პოლიციელს სდებთ ბრალს. მაინც ვის შეიძლება, იყოს დამნაშავე?
– დემური ყველა შვილისგან განსხვავებული იყო. რაც უნდა გასჭირვებოდა, არავითარ შემთხვევაში თავს არ მოიკლავდა. დარწმუნებული ვარ, იძულებით დააწერინეს წერილი, მოკლეს და ეზოში, თუთის ხეზე ჩამოკიდეს... ტელეფონის ქურდობას აბრალებდნენ. ნამდვილად არის მიცვალებულის ტელეფონი მოპარული და ჩაბარებული ლომბარდში ჩემი შვილის სახელზე. საჯავახოელმა ბიჭებმა წინა დღეს სცემეს დემური. მე მაშინ თურქეთში ვიყავი თხილის საკრეფად. მიზეზი არ ვიცი, ტელეფონის თუ რის გამო სცემეს. ჩემი შვილი მივიდა გოდერძი თევზაძესთან და უთხრა, გოდერძი ბიძია, პრობლემა მაქვს სერიოზული და დამეხმარეო. როგორც ჩანს, ეს გაიგეს ბიჭებმა და არ ჩაგვიშვასო, იძულებით დააწერინეს წერილი, მოკლეს და ხეზე ჩამოკიდეს.
მეორე წერილი გასვენების შემდეგ ვნახე, მაგრამ თავიდან ყურადღება არ მივაქციე. მას შემდეგ გამოძიებაში დევს ეს წერილი, თუმცა, დღემდე ამით არავინ დაინტერესებულა. ტაქსის მძღოლის, გივი მენაბდის ტაქსით ჩაუბარებიათ მოპარული არყის სახდელი ქვაბი. მერე შექმნიათ ამ ქვაბის გამო პრობლემა. მოვიდა მენაბდე და დაუტოვა წერილი ჩემ შვილს, აუცილებლად მოდი ბათუმის „პერეეზდთან“ და მნახეო. მერე გამოძიებას უთხრა, შემეშალა სახელი ავთო რომ დავწერეო, მაგრამ სინამდვილეში, გასაფრთხილებლად მივიდა გივი მენაბდე. დღეს კი, დამირეკეს და მითხრეს, აჭრელებულია ინტერნეტი, შენი მეზობელი ოლეგ თავაძე ამბობს, ნონა შვილის მკვლელობას მაბრალებს და თუ არ გაჩერდება, მოვკლავ, მის შვილს მივუწვენ გვერდშიო. ეს თავაძე საიდან გამოჩნდა, რა უნდა, არ ვიცი! ჩვენ ოჯახთან არანაირი შეხება არ ჰქონია, რას უნდა ვაბრალებდე? სამჯერ თუ ოთხჯერ ნასამართლევია. ბევრჯერ ჰქონია პრობლემა პოლიციასთან და დარწმუნებული ვარ, არ უნდა, რომ თევზაძე გარეთ გამოვიდეს, მაგრამ მანამდე სად იყო, თუ პრობლემები ჰქონდა, ჩემი შვილის სიკვდილით უნდა მათი მოგვარება?