როგორ გახდა ია ფარულავასთან სკანდალის შემდეგ რუსკა ხვედელიძე პოპულარული და აქვს თუ არა მას რომანი მარკუს მეტრეველთან #15
ტელეკომპანია „იბერიის“, გადაცემის „ჰელლო, თბილისის“ წამყვანი რუსკა ხვედელიძე, გარეგნობისა და ჩაცმის სტილის გამო, ნამდვილად იქცევს გარშემო მყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა, ვერ იტანს, როცა მამაკაცები ფეხებზე აკვირდებიან. ბოლო დროს გავრცელდა ჭორი, რომ ის ერთ-ერთ ქართველ მომღერალ ბიჭზეა შეყვარებული. ჩვენ ამ ამბის გადამოწმება თავად წამყვანთან ვარჩიეთ.
რუსკა ხვედელიძე: ბავშვობიდან მიზანდასახული ვარ, თუმცა „რქებით არ ვაწვები“ ცხოვრებას. ნელ-ნელა მივიწევ მიზნისკენ. ბედისწერის ნაკლებად მჯერა და მგონია, ბედს თვითონვე ვქმნით.
– თქვი, „რქებით არ ვაწვები“ ცხოვრებასო, თუმცა პოპულარული სკანდალებით გახდი. ესეც ერთგვარი, მიზნისკენ შენეული სვლაა?
– შეიძლება, ბევრი იშრომო, მაგრამ ერთი სკანდალის ხარჯზე გახდეს ცნობილი. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა – სკანდალის ხარჯზე გავხდი პოპულარული. სიმართლე რომ გითხრათ, მსიამოვნებს ეს ფაქტი-მეთქი, მოგატყუებთ. მაგრამ, ფაქტია, ია ფარულავასთან სკანდალის გამო გავხდი პოპულარული გოგო. თუმცა, ეგოისტი ვარ და მინდა, ხალხს ვუყვარდე, პატივს მცემდნენ და სულაც არ მსიამოვნებს, ეს სკანდალების ხარჯზე მოხდეს. სხვა შეფასება მირჩევნია, მაგალითად, პოზიტიური გოგო, ვიდრე სკანდალური ადამიანი. „ჰელლო თბილისის“ გასვლიდან, მესამე გადაცემაზევე მოხდა ეს სკანდალი იასთან. პირველი იყო ასეთი შემთხვევა ჩემთვის და ამ პირველივე ფაქტით გავხდი პოპულარული მეც და გადაცემაც.
– როდესაც ეს სიუჟეტი ვნახე, საკმაოდ უხეში და პირდაპირი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვე. რეალურად, ასეთი ხარ? ამის გამო პრობლემები არ გექმნება?
– თუ ჩემსა და ია ფარულავას სკანდალს გულისხმობთ, ნამდვილად ვიყავი პირდაპირიც და უხეშიც. არ ვამბობ, ეს მომწონს-მეთქი, თუმცა ზოგჯერ გიწევს, გახდე ისეთი, როგორიც არ გინდა, იყო. პირდაპირი ნამდვილად ვარ, მაგრამ უხეში – არა. არც ბულკი და „ლაითი“ ვარ, მაგრამ მშვიდადაც ვერ ვიქნები, როცა ადამიანი მეუხეშება.
– გარდა იმისა, რომ პოპულარული გახდი, საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი მამაკაციც გაიჩინე ამ სკანდალით. ხომ ასეა?
– კი, ნამდვილად, თუმცა, საკმაოდ დიდი აგრესიაც წამოვიდა ხალხისგან. რაც არ უნდა ფეხებზე გეკიდოს, ხალხის აზრი მაინც მოქმედებს და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ძირითადად, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები მლანძღავდნენ, საშინელებებს მეუბნებოდნენ. მამაკაცები კი პირიქით, ვუყვარდე, თუ მაინცადამაინც, არ ვეზიზღებოდე. სკანდალური ნამდვილად ვარ, თუმცა ვერიდები ასეთ სიტუაციებს. ამ ფაქტის მერე, მართლა ბევრი თაყვანისმცემელი გამიჩნდა და ჩემს მეგობართან რომ მივედი, მის ეზოში თინეიჯერმა ბიჭმა ყვავილები მაჩუქა. სიმართლე გითხრათ, ყვავილები არ მიყვარს, მაგრამ, ეს იმდენად გულით იყო მორთმეული, რომ დაჭკნა, მაინც არ ვყრიდი. დედაჩემი გაოცებული იყო, რა დაემართა ამ გოგოსო (იცინის). ძალიან მიყვარს საჩუქრები, მათ შორის, ძვირფასიც, მაგრამ ის ყვავილები, მართლა შეუფასებელი იყო. მივხვდი, ამ ყვავილებით იმ ბიჭმა მითხრა ის, რასაც ჩემზე ფიქრობდა.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება? არ ხარ შეყვარებული?
– არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. თუმცა, გეტყვით, ამ ეტაპზე სიმშვიდეა და შეყვარებული არ ვარ. მყავს 7 წლის შვილი – ილია და ყველაზე მეტად კრიტიკულია ჩემ მიმართ. კორექტივები შეაქვს ჩემ ჩაცმაში. ეს ის ნომერ პირველი მამაკაცია, ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან მზრუნველია, ყავაც მოაქვს საწოლში, დილით კოცნითა და ჩახუტებით „მესხმის“ თავს და მაღვიძებს (იცინის). რომ გამოჩნდეს პირად ცხოვრებაში მამაკაცი, პირველი ილია შეიტყობს და იმედია, გამიგებს. ბავშვობიდან გადაზედმეტებული ურთიერთობები არ მიყვარს, ზომიერებას ვიცავ და ეს ზღვარი შვილთანაც მაქვს. სახლის საქმეებიც მეხერხება და კერძების მზადებაც. მგონი, კარგი სარძლო ვარ (იცინის). თუმცა, ერთი ნაკლი მაქვს, სულ ვალაგებ ტანსაცმლის კარადას და მაინც, „ისტერიკა“ ხდება შიგნით (იცინის). სხვათა შორის, როცა მიყვარს, რეალობას არ ვწყდები და სულ მიკვირს, რომ ამბობენ, შეყვარებული ვარ და ღრუბლებში დავფრინავო. ყველაფერს რომ აპატიებენ, ნაზი და წყნარი რომ ხდებიან, ასეთი შეყვარებული არ ვარ. თუმცა, არც ტვინის მბურღავი და ეჭვიანი ვარ, ასეთი რამეები ცოტა მეზედმეტება.
– რადგან თავად არ ამბობ, გკითხავ: გავიგე, შენსა და მარკუს მეტრეველს შორის სასიყვარულო ფლირტია და ამას საგულდაგულოდ მალავთ. ამაზე რას მეტყვი?
– მარკო, რამდენიმე თვის წინ გავიცანი და მართლა ძალიან მიყვარს, თუმცა, როგორც მეგობარი. გადაცემაშიც ჩავწერე და იქ კი, ნამდვილად ამიხსნა სიყვარული (იცინის). რომ ვკითხე, როგორი გოგოები მოგწონს-მეთქი, აი, შენნაირიო, პირდაპირ მითხრა (იცინის). ასე რომ, მარკუს მეტრეველმა სიყვარული პირდაპირ ეთერში ამიხსნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეყვარებულები ვართ. ზოგადად, ბევრი ჭორი გამიგია ჩემზე – ხან ვისი საყვარელი ვარ და ხან ვისი, ცოლად არავის მოვყავარ (იცინის). ეტყობა, საყვარლის სტატუსი უფრო მიხდება, ვიდრე ცოლის. ერთხელ, ისეთ ცნობილ პოლიტიკოსთან დამაწვინეს და საყვარლობა „მიმაკრეს“, რომ მას არც კი ვიცნობ. ახლა პოლიტიკოსები მომწყინდა და მარკუსის შეყვარებული გავხდი (იცინის). სხვათა შორის, ამას წინათ, ერთმა გოგონამ მომწერა: გიყურებ და მითხარი ერთი, რამდენი პლასტიკური ოპერაცია გაქვს გაკეთებული და რომელ ლინზებს ხმარობ, ყოველ გადაცემაში სხვადასხვა ფერის თვალი რომ გაქვსო. ნამდვილად არ მაქვს არცერთი პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული და არც ლინზებს ვხმარობ. ბუნებრივად ასეთი ვარ, თუმცა, თუ დამჭირდა, აუცილებლად შევიტან კორექტივებს გარეგნობაში, გავიკეთებ პლასტიკურ ოპერაციებს.
– საკმაოდ თამამი ჩაცმულობით გამოირჩევი. გიყვარს, როცა ყურადღების ცენტრში ხარ?
– ყველა ქალს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და არც მე ვარ გამონაკლისი. მიყვარს მოკლე ქვედაბოლოების ჩაცმა და ალბათ, ჩემი სითამამე ამაში გამოიხატება. მაგრამ ვერ ვიტან, როცა მამაკაცი ფეხებზე მაკვირდება, მირჩევნია თვალებში მიყუროს. რომ გავივლი, უკნიდან დამაკვირდეს ფეხებზე, რა პრობლემაა? დაჟინებული მზერა მამაკაცებისგან „მექაჯება“ და არც მამაკაცური ჟესტია, ქალს უყურო ფეხებზე. არ მიყვარს ექსტრემალური სიტუაციები და სისწრაფე. ვხუმრობ, იმერული არტაკუზობა ადამიანებთან ურთიერთობებში მერთვება, საჭესთან კი ვრაჭველდები-მეთქი (იცინის). ვერ ვიტან, როცა ბიჭები „მეგონკავებიან“. ამას წინათ, გამეფლირტავა ქართველი ვაჟკაცი და ისე ახლოს მოწია თავისი ავტომობილი ჩემკენ, მეგონა, დამარტყა. შემეშინდა და კინაღამ ხელი გავუშვი საჭეს. ნამდვილად ვერ ვიგებ, გოგო მოგეწონოს და ასე გაეფლირტაო?!