რა ტრიუკი ჩაატარა „კაგებეს“ დავალებით ცნობილმა ქართველმა ქურდმა „ურიამ“ #15
მეტსახელად „ურია“
1925 წელს წყალტუბოში დაბადებული პეტრე მიხანაშვილი საბჭოთა კრიმინალურ სამყაროში „ურიას“ მეტსახელით იყო ცნობილი, რომელიც მას ჯერ კიდევ სიჭაბუკეში შეარქვეს მეგობრებმა. პეტრეს მშობლები ვაჭრები იყვნენ. თავად მან კი ყიდვა-გაყიდვის საქმე ადრეული ბავშვობიდან შეიძულა და კრიმინალურ საქმიანობას მიჰყო ხელი. პეტრე ქუთაისში სწავლობდა და „შავ სამყაროს“ სწორედ იქ დაუახლოვდა. 13 წლის ბავშვი ცნობილი ავტორიტეტის ბონდო ქარჩავას გავლენის ქვეშ მოექცა, რომელსაც ჯიბგირთა ბანდა ჰყავდა და მათ „მასტერკლასებს“ უტარებდა. ჯიბის ქურდები საქართველოს ძველ დედაქალაქს ჭიანჭველებივით მოეფინებოდნენ ხოლმე და მოქალაქეების ჯიბეებს „ასუფთავებდნენ“. პეტრე ბონდო ქარჩავას ყველაზე ნიჭიერი მოსწავლე აღმოჩნდა. ისე ოსტატურად ჯიბგირობდა, რომ თავისზე ბევრად უფროსი და გამოცდილი კოლეგები აღტაცებულები იყვნენ. „ურიას“ შეეძლო, ქუჩაში მიმავალი, ფულიანი მოქალაქე „ნახადუ“ (მოძრაობაში) გაეძარცვა და მსხვერპლი ვერაფერს მიმხვდარიყო. პატარა პეტრეს ქურდულ „ობშჩიაკში“ ყოველ საღამოს მნიშვნელოვანი წილი შეჰქონდა და არასრულწლოვანი ყმაწვილი კოლეგებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. 1939 წელს ქარჩავას ბანდას მილიცია დააჯდა კუდზე და ბონდო აყვანისას მოკლეს. დანარჩენები კი დააპატიმრეს. დაიჭირეს პეტრეც, მაგრამ არა ფაქტზე, არამედ დაბეზღებით და ერთი კვირის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს.
მოუხელთებელი „ხეიბარი“
მშობლების მცდელობის მიუხედავდ, რომ შვილი წესიერ გზაზე დაეყენებინათ, რასაც მილიციის მეთვალყურეობაც თან ერთვოდა, პეტრე მიხანაშვილი არ აპირებდა ქურდობის მიტოვებას. 1941 წლის მაისის ბოლოს „ურია“ სახლიდან გაიქცა და თბილისში, თავის მეგობარს, ვანო გოგლიძეს ჩამოაკითხა. 23 წლის ვანოც ჯიბგირი იყო და მათ წყვილში გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა. ომი რომ დაიწყო და სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა, სრულწლოვანი გოგლიძე პატრულმა დააკავა. მისი ვინაობა რომ გაარკვიეს, ვანოს საჯარიმო ბატალიონში უკრეს თავი და ფრონტზე გაუშვეს, სადაც ის, 1942 წლის თებერვალში დაიღუპა. „ურია“ კი თავის თხუთმეტი წლით უფროს საყვარელთან, 31 წლის გალინა მალცევასთან ერთად, მოსკოვში გაემგზავრა. ომმოდებულ ტერიტორიაზე წყვილმა ფათერაკებით აღსავსე გზა განვლო და 1941 წლის აგვისტოში, საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ჩავიდნენ. სანამ ომი მძვინვარებდა, „ურიას“ ერთხელაც არ უჯიბგირია და „სახალხო რაზმელებში“ ჩაეწერა. სხვადასხვა სამუშაოებში მონაწილეობდა და ფრონტზე გაგზავნას ელოდებოდა. თუმცა, გალინამ მას ინვალიდის საბუთი გაუკეთა. ბიჭი მოსკოვში დატოვა და ომი რომ დასრულდა, პეტრემ ჩვეული საქმიანობა გააგრძელა. ის ხელჯოხით დადიოდა, ხეიბარს განასახიერებდა და ამგვარად ადუნებდა გარეშე მყოფთა ყურადღებას. პარალელურად, კი ჯიბგირობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა. „ურია“ მოსკოვში მოუხელთებელ „ხეიბრად“ გადაიქცა და მილიციას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მასზე.
საყოველთაო „ლუბიმჩიკი“
პირველ „სროკზე“ პეტრე მიხანაშვილი საკმაოდ გვიან, 1955 წელს, 30 წლის ასაკში წავიდა. მისი საყვარელი გალინა, რომელიც ტრამვაიმ გაიტანა, სულ რაღაც ორი კვირის გარდაცვლილი იყო. ყოველთვის ყურადღებიანი და გაფაციცებული, დადარდიანებული პეტრე, პირველად ცხოვრებაში, ნასვამი გავიდა საქმეზე. მოსკოვის მეტროში, სადგურ „ბაგრატიონზე“, პეტრემ მდიდრულად ჩაცმულ, ახალგაზრდა მამაკაცს ოქროს საათი ამოაცალა ჟილეტიდან. პეტრესთვის სამწუხაროდ, ეს იყო მახე და მას იქვე დაეხვივნენ „მურის“ ოპერები და მილიციაში წაიყვანეს. მახის დამგები კი „მურის“ ლეგენდარული ქართველი მაძებარი, კონსტანტინე (კოკა) რუსაძე იყო. პეტრე გაასამართლეს და 3 წლით ციხეში ჩასვეს. მას მერე პეტრე კიდევ ორჯერ მოხვდა ციხეში. საერთო ჯამში, სულ 11 წელი გაატარა საპყრობილეში. „ურია“ საბჭოეთის მთელმა კრიმინალურმა სამყარომ რომ გაიცნო, მხიარული ხასიათისა და რაც მთავარია, მისი უზადო კრიმინალური ოსტატობის გამო, საყოველთაო „ლუბიმჩიკად“ გადაიქცა. „ურიას“ პატივს სცემდნენ როგორც კოლეგა ქურდები, ასევე მილიციელებიც. მისი „ნათლია“ კოკა რუსაძე კი, შეიძლება ითქვას, მეგობრობდა მასთან. პეტრე 1960 წელს დაოჯახდა და ორი ვაჟი შეეძინა. თუმცა, ბიჭებს წესიერად ზრდიდა და ორივემ უმაღლესი დაამთავრა და მოგვიანებით, ისრაელში გაემგზავრნენ საცხოვრებლად, სადაც მათი შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ. თავად პეტრე კი უცხოეთში არ გაუშვეს.
უნიკალური ტრიუკი
1970 წლის მაისში, მოსკოვში, ბუტირკის ციხეში მჯდომ „ურიას“ მაიორი კოკა რუსაძე ეწვია. თავის „ნათლულს“ „გრევი“ მიუტანა და უთხრა:
– პეტრე, ძმაო, ჩემთან ერთადაა „კაგებეს” პოლკოვნიკი ანტონ კოსიხი. მან შენზე ყველაფერი იცის. შენთან საქმე აქვს და თუკი შეთანხმდებით, გპირდები, „სროკიდან” გაგათავისუფლებენ.
„ურიას“ ოთხი წელი ჰქონდა მოსჯილი. სულ რაღაც ორი თვის დაჭერილი იყო და რუსაძეს ჰკითხა:
– შენ გინდა თქვა, რომ სულ გამიშვებენ?
– სიტყვას გაძლევ, – მიუგო რუსაძემ და დააყოლა, – ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმდებით.
– მიდი, მოიყვანე ეგ შენი „კაგებეშნიკი“. ვნახოთ ერთი, რა უნდა, – თქვა „ურიამ“ და გააბოლა.
კოსიხმა „ურიას“ არც მეტი არც ნაკლები, შესთავაზა, თუკი მოახერხებდა და ერთ კაცს ხელიდან საათს მოხსნიდა და მეორეს გაუკეთებდა, მას ციხიდან გაათავისუფლებდნენ.
პეტრე მიხანაშვილი დათანხმდა. მაშინ პეტრე ციხიდან გამოიყვანეს და „კაგებეს“ კონსპირაციულ ბინაში წაიყვანეს. იქ ის მოაწესრიგეს. სათანადოდ გამოაწყვეს და „ობიექტის“ სურათებიც უჩვენეს. „ობიექტი“ არც მეტი არც ნაკლები, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი – რალფ მინექსი იყო. მას კრემლის ყრილობათა სასახლეში გამართულ მიღებაზე „ურიამ“ ჯერ „როლექსის“ საათი მოხსნა, შემდეგ კი ანალოგიური ისევ გაუკეთა ხელზე. ახალ საათში კი მიკრომოსასმენი აპარატურა იყო ჩამონტაჟებული. „ურიამ“ ისე ოსტატურად შეასრულა ეს ტრიუკი, რომ ვერავინ ვერაფერი შეიტყო.
„ურია“ 1999 წელს, 74 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა.