ვინ მოუწყო რიოში შოკისმომგვრელი დღეები ნუკა ყარალაშვილს და რის „გაჩალიჩებას“ ცდილობდნენ მისთვის #15
„მის საქართველო“ ნუკა ყარლაშვილი ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში, ქორწილში იმყოფებოდა, საიდანაც აღფრთოვანებული დაბრუნდა. ქვეყნის გარდა, მას ბრაზილიური ქორწილის ტრადიციაც მოეწონა და სიამოვნებით გადაიხდიდა ამ ეგზოტიკურ სამყაროში საკუთარ ქორწილს.
ნუკა ყარალაშვილი: ბრაზილიელი მეგობრის ქორწილში ვიყავი ბრაზილიაში. ერთმანეთი მილანში გავიცანით, სადაც ერთად ვცხოვრობდით და ძალიან დავმეგობრდით. მოდელია ისიც. ჩემი ოჯახის წევრივითაა. თბილისშიც მყავდა სტუმრად. მე და ანა ზუბაშვილი მივდიოდით, მაგრამ, რადგან გერმანიის გავლით, შიდა ფრენა გვქონდა და მაშინ ჯერ არ იყო ვიზალიბერალიზაცია, ანა ვიზის არქონის გამო, აეროპორტიდან გამოუშვევს საქართველოში. მე მქონდა ვიზა და ამიტომ, მარტოს მომიწია გაფრენა. ასე ცუდად დაიწყო ჩემი ბრაზილიაში გამგზავრება. მარტო დავრჩი, მაგრამ გავფრინდი. კი ვინერვიულე, თუმცა რას ვიზამდი. ძალიან კარგად დამხვდნენ. მე ვიყავი ერთადერთი სტუმარი, რომელიც ასე შორიდან ჩაფრინდა – 33 საათი ვიფრინე. ყველა კითხულობდა: ვინ არის, ამდენ ხანს რომ მოფრინავსო. რიოში ჩავფრინდი, სადაც მძღოლი დამხვდა და წამიყვანა სასტუმროში.
– როგორი იყო შთაბეჭდილებები?
– დღემდე შოკში ვარ. არ მეყო რიო, რადგან დიდია და ყველაფრის ნახვა ვერ მოვასწარი. არ მეგონა, თუ ასეთი ლამაზი იქნებოდა, თან ბუნებრივად. კრიმინალიც არის, თან სერიოზული. გამომწვევად და კარგად ჩაცმული არ დავდიოდი, ძირითადად მაისური და შორტი მეცვა. ჩანთა და საფულეც არ მეჭირა ხელში. გამაფრთხილეს, საშიშიაო. თან, ჩემს მეგობარს ხელიდან გამოგლიჯეს ტელეფონი. მოკლედ, დავდიოდი უყველაფროდ. თან, ვცდილობდი, მარტოს არ მევლო. ცოტა მეშინოდა – ბრაზილიელს რა უქნეს და მე რას მიზამდნენ.
– როგორ ჩაიარა ქორწილმა?
– ჩვენთან ხომ არის ქორწილი მეორე, მესამე დღეს. იქ, ჩვენგან განსხვავებით, ქორწილამდეა „ტუსოვკები“. დავყავდით სხვადასხვა ადგილებზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლებოდა. მთელ რიოს ვერტფრენითაც შემოვუფრინე, თან, პირველად ვიჯექი. ისეთი სილამაზე იყო, ფრენის არც კი შემშინებია, შოკში ვიყავი. ბავშვობაში სერიალებს რომ ვუყურებდი, ის ყველაფერი ჩემ თვალწინ გადაიშალა და არ მჯეროდა, რიოში რომ ვიყავი. სანტა ტერეზა ულამაზესი ადგილია, საიდანაც მთელი რიო ხელის გულზე ჩანს. ახლაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, სერიოზულ შოკში. იმ ემოციებს ვერ გადმოვცემ. ვისურვებ, კიდევ წავიდე. ყველა ახალ ქვეყანაზე ვამბობ, ეს ულამაზესია-მეთქი, მაგრამ ეს მართლაც ყველაზე ლამაზი იყო. სხვა სილამაზე აქვს. ქრისტეს ქანდაკებაც ვინახულე, იმხელა გზა გავიარე იქ ასასვლელად. ვერ ვიჯერებდი, რომ მე ვიყავი და ვუყურებდი. თან, მარტო წავედი გამომგზავრებამდე. მაგრამ, გავიცანი იქ ხალხი, ფოტოებიც გადავაღებინე და მეც გადავუღე. კოპაკაბანას სანაპიროც საოცარია. გარუჯვა, ყველაფერი მოვასწარი. ბრაზილიური მზეც მომხვდა. რაც შეეხება ქორწილს, ძალიან საინტერესო იყო, თან ქმარი შვედი ჰყავს. ძირითადად, ახალგაზრდები ვიყავით: წყვილები, არაწყვილები.
– შენ მეწყვილის გარეშე დადიოდი?
– კი. მეწყვილე დიდად არ იყო საჭირო. ქორწილი კოპაკაბანას სასტუმროში გაიმართა, ყველაფერი იდეალურად იყო – ისე, როგორც ფილმებშია. სასტუმროში დაქორწინდნენ: ჯერ ხელისმომკიდეები შემოვიდნენ, მერე მშობლები, სიძე და ბოლოს მამამ შემოიყვანა პატარძალი. შემდეგ სუფრასთან გადავინაცვლეთ. ჩვენთან ხომ წყვილები ერთად სხედან, იქ ერთ მაგიდასთან უცხო ადამიანებს სვამენ, თავად ანაწილებენ. შეიძლება, ცოლი სხვა მაგიდასთან დაჯდეს, ქმარი – სხვასთან, რადგან უნდათ, სტუმრებმა ერთმანეთი კარგად გაიცნონ. 110 კაცი იყო, თითოეულ მაგიდასთან 7-8 ვისხედით.
– ვინმე საინტერესო ადამიანი ხომ არ მოგისვეს გვერდით?
– ჩვენთან, რა თქმა უნდა, „გაგიჩალიჩებდნენ“, ვინმეს მოგისვამდნენ. თუმცა, იქაც იყო ვითომ „გაჩალიჩების“ მცდელობა, მაგრამ ბიჭი დავიწუნე. იყო რაღაც სიმპათიები, მაგრამ მე დიდად არ დავინტერესებულვარ. თუმცა, ძალიან კარგად გავერთე. სიტყვით რომ გამოდიოდნენ სტუმრები, ისეთ რაღაცეებს ამბობდნენ, ძალიან ემოციური იყო. ცერემონიალზე ვიტირეთ კიდეც. მერე დიჯეი მოვიდა, ბრაზილიური კარნავალიც გაიმართა. ასეთი ქორწილი არსად მინახავს, სადაც ყველა ბედნიერია. ყველა ერთობოდა, ყველა ცეკვავდა. ფოირვერკები, თაიგულის სროლა, ყველაფერი იდეალური იყო. თან, თიაგული მოულოდნელად ისროლეს, როცა ვცეკვავდით და ფეხზე ვიდექით. მე არ დამიჭერია და დიდად არც გავქაჩულვარ. მთელი ღამე გავათენეთ, დილის 10 საათზე დავიშალეთ. ყველა ბედნიერი იყო. მეორე დღეს კი – ყველა გათიშული მთელი ღამის ცეკვის შემდეგ. „ავთერ ფართიც“ გააკეთეს შინაურულად. მე ბოლო სტუმარი ვიყავი, რადგან ჩემი რეისი ყველაზე გვიან იყო. სწორედ იმ დღეს წავედი მარტო ქრისტეს ქანდაკების სანახავად. მიჩვეული ვარ მარტო სიარულს, ძირითადად, ასე დავდივარ ხოლმე.
– შენც ხომ არ მოგინდა ბრაზილიაში ქორწილის გადახდა?
– სიამოვნებით გადავიხდიდი ქორწილს ბრაზილიაში. ცუდი არ არის, მაგრამ ძალიან ძვირია.
– უცხოელზე გათხოვდები თუ ქართველი მამაკაცები მოგწონს მხოლოდ?
– წინასწარ არ ვფიქრობ ამაზე, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. სასურველია, ქართველი იყოს, რადგან ჩემი ქვეყანა მიყვარს. მაგრამ, თუ მომეწონება უცხოელი – კარგი ბიჭი იქნება, რა პრობლემაა. მომწონებია კიდეც, განსაკუთრებით იტალიაში. იტალიელი ბიჭები ძალიან კარგები არიან. უცხოელები უფრო გაგებულები არიან, თუმცა ესეც ინდივიდუალურია. როცა კარგი ბიჭი ხარ და შეყვარებული გყავს, მას კარგადაც ეპყრობი. საქართველოში კი ცოტა აგრესიულები არიან. მაგრამ, მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია, შორიდან სხვაგვარად ჩანს. მთავარია, წყვილი ერთად კარგად გრძნობდეს თავს, დალაგებული ჰქონდეთ ურთიერთობა.
– მოგეწონება ისეთი მამაკაცი, მუდამ შენს ჭკუაზე რომ ივლის?
– ასეთი მამაკაცი ვის მოეწონება? არც მე მომეწონება. რა თქმა უნდა, შენი აზრი უნდა გაითვალისწინოს, შენ კი – მისი. მაგრამ თუ ის ბუჩქი იქნება, უაზრო, რად მინდა, ასეთი? თუ მარტო მე უნდა ვიყო, მხოლოდ ჩემი აზრით უნდა ვიაროთ და მას არანაირი ფუნქცია არ ექნება, რად მინდა ასეთი ადამიანი გვერდით, რისთვის იქნება საჭირო?
– გეუბნებიან, რატომ არ თხოვდებიო?
– მეუბნებიან, მაგრამ ბოლო დროს აღარ, რადგან ისეთ სახეს ვიღებ... ზოგჯერ ვამბობ, რომ პრინცს ველოდები და ჩუმდებიან. მეორე ნახევარს რომ შეხვდები, იმას გინდა პრინცი დაარქვი, გინდა სარდალი, ან მეფე. მართლა პრინცი კი არ არის, უბრალოდ, ვისაც იპოვი და აარჩევ, ის იქნება შენი პრინცი და არა, თეთრ ცხენზე ამხედრებული ზღაპრის პრინცი.
– შენი ასაკის გოგონები ხშირად ან თხოვდებიან, ან ადვილად იცვლიან შეყვარებულებს. შენს შემთხვევაში, ასეთი რამ არ ხდება...
– არა და ეს არც მიქმნის დისკომფორტს. კაცის გარეშე, მარტო თავს კარგად, დამოუკიდებულად და გადასარევად ვგრძნობ. თუმცა, იმას არ ვამბობ, რომ სულ ასე უნდა ვიყო, ყველაფერს თავისი დრო აქვს. თან, ძნელია ამ თავისუფლების დაკარგვა, რადგან, გარკვეულწილად, იზღუდები. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო უნდა იყოს. ურთიერთობაშიც ორივემ უნდა დათმოს რაღაცეები, მაგრამ ღირებულსა და მნიშვნელოვანს არ უნდა ეხებოდეს.