კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეშმაკის ბილიკი #15

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-14(849)

 ზურაბ გიგაური ტელეფონს დასწვდა, შიდა ნომერი აკრიფა და მორიგეს უთხრა:
– ხვალ, დილის ათი საათისთვის კაპიტანი მალხაზ ქირია ჩემს ოთახში გამოცხადდეს. გადაეცით, რომ მას მაიორი ზურაბ გიგაური იბარებს.
ზურაბს სამუშაო ოთახი დროებით უშიშროების შენობაში ჰქონდა გამოყოფილი და ქირია სწორედ იქ დაიბარა სასაუბროდ.
– კარგი, ამხანაგო მაიორო. ქირიას ახლავე ვეტყვი, რომ დილით არ წავიდეს და დაგელოდოთ, – უპასუხა ზურაბს მორიგემ.
– როგორ, ქირია ახლა აქაა?
– დიახ. ის მორიგეა და დილის ცხრა საათზე იცვლება.
– მაშინ, თხუთმეტ წუთში ველოდები ჩემთან, – უთხრა მორიგეს ზურაბმა და შიდა ტელეფონი გათიშა. შემდეგ ირინე გავაშელის დოსიე აიღო და მისთვის გამოყოფილ ოთახში ავიდა. ზურაბმა ახალმოსულს სკამზე მიუთითა. ირინე გავაშელის დოსიეს თითი დაადო და ქირიას უთხრა:
– ამხანაგო ქირია, ეს ირინე გავაშელის დოსიეა. თქვენ მისი კურატორი ხართ და რამდენიმე კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით.
– ბრძანეთ, ამხანაგო მაიორო, გისმენთ, – მიუგო ქირიამ გიგაურს.
– ამხანაგო კაპიტანო, რატომ ვარაუდობთ, რომ ირინე გავაშელს შვილი მაინცდამაინც დაღუპული მფრინავი, ვიტალი ზუევისგან ჰყავს.
– ერთადერთი მიზეზის გამო, ამხანაგო მაიორო. ირინე გავაშელი მორალურად ძალიან მდგრადი ქალია და ეს ფაქტი ათასგზისაა გადამოწმებული მრავალმხრივ. მას, მერწმუნეთ, დღემდე არ ჰყავს პარტნიორი და მთელ თავის ენერგიას შვილის აღზრდასა და სამსახურს ახმარს. მოსკოვში, ორწლიანი სწავლის პერიოდშიც მხოლოდ თავის საქმეზე იყო ორიენტირებული, მაგრამ შეცდა. როგორც დავადგინე, მფრინავი ვიტალი ზუევი მას მოსვენებას არ აძლევდა. ხშირად აკითხავდა საერთო საცხოვრებელში, ყვავილები და სხვადასხვა საჩუქარი მიჰქონდა. თავის დას, ვალენტინას კი აიძულებდა, მარტო დაეტოვებინა ისინი. იყო მომენტი, რომ ვალენტინა ზუევა ორი კვირით მშობლიურ სმოლენსკში გაემგზავრა მშობლებთან. ამ დროს ვიტალი ზუევი მოსკოვში იმყოფებოდა და როგორც ეტყობა, მაშინ მოხდა მათი დაახლოება. მე თავად ვალენტინა  ზუევასაც ვესაუბრე და ქალი მიიჩნევს, რომ ეკატერინე გავაშელი მისი ძმისშვილია. ასე განუცხადა თავად ირინე გავაშელმაც ექიმ დონარა მარკოზაშვილს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეკატერინე ჩვილი იყო და თავად გავაშელი ერთი თვის დაბრუნებული გახლდათ თბილისში. დონარა მარკოზაშვილი კი ჩვენი ინფორმატორია. მასთან კავშირი მაქვს  და გავაშელს მხოლოდ დადებითად ახასიათებს.
– გასაგებია. და, მაინც, ეს მხოლოდ ვარაუდია, – თქვა ზურაბმა, – ისე ამომწურავად მიპასუხეთ, რომ მეტი კითხვა არ მაქვს. უფრო სწორად, მაინტერესებს, ცოცხალია თუ არა ვალენტინა ზუევა?
– დიახ.
– მაშინ, იქნებ მისი მისამართი გამიგოთ?
– ზეპირად ვიცი, ის ამჟამად ლენინგრადში მუშაობს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, ქირურგად, – ქირიამ ფურცელზე რაღაც დაწერა, ზურაბს გაუწოდა და უთხრა, – ეს კი ვალენტინა ზუევას ბინის მისამართია.
– კეთილი, კაპიტანო, თქვენ ძალიან მოხერხებული და საიმედო მუშაკი ჩანხართ. მე ეს მხედველობაში მექნება, – უთხრა გიგაურმა ქირიას, ვალენტინა ზუევას კოორდინატები გამოართვა და კაპიტანი ოთახიდან გაისტუმრა. შემდეგ წამოდგა, გაიზმორა და თქვა: „და მაინც, ლენინგრადში უნდა ჩავიდე და ვალენტინა ზუევას დაველაპარაკო“.
***
მაიორი ზურაბ გიგაური ჯერ ლენინგრადში ჩავიდა, ვალენტინა ზუევას ესტუმრა, თავი მისი ძმის მეგობრის შვილად წარუდგინა და შეფარულად ესაუბრა. ამ საუბრისას კი გაარკვია, რომ ზუევას ეკატერინე გავაშელი მართლაც თავის ძმისშვილად მიაჩნდა.
– ეჰ, ჩემო კარგო, – უთხრა ცრემლმორეულმა ზუევამ ზურაბს, – ჩემი ძმისშვილის ნახვას უკვე თექვსმეტი წელია, ვაპირებ, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე. თავიდან თავი ვერ მოვაბი ამ ამბავს. დიდი გაჭირვება იდგა. ქალაქიდან ქალაქში მგზავრობა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. შემდეგ მეუღლე დამეღუპა, პატარა შვილს ვზრდიდი და ვერც მოვიცალე. სიმართლე გითხრათ, არც არავის ნახვის სურვილი მქონდა. მერე, თვითონ გავხდი ავად და ფიზიკურად ვერ შევძელი. ახლა კი თავს ვიკავებ. ირინა სხვანაირი ქალია. ალბათ, გათხოვილია და თავისი ცხოვრება ექნება. არ მინდა, ასე უცერემონიოდ შევიჭრა მის ცხოვრებაში. მით უმეტეს, არ ვიცი, რა შედეგები ექნება ამ ყველაფერს, თუმცა კატინკას ნახვის დიდი სურვილი მაქვსო.
ზურაბი გულთბილად გამოემშვიდობა ზუევას და მოსკოვში გადაფრინდა. იქ მაიორმა შეიტყო, რომ მფრინავი ვიტალი ზუევი საცდელი თვითმფრინავის დაშვებისას დაიღუპა. გიგაური დაღუპული პილოტის მეწყვილეს, ანტონ კარპინს ესაუბრა, რომელსაც ვიტალი ზუევის ახლო ნათესავად წარუდგინა თავი. კარპინი მაიორმა რესტორანში დაპატიჟა, რომ დაღუპული ზუევის შესანდობარი დაელიათ. სინამდვილეში კი, ვიტალი ზუევის უახლოესი მეგობრისგან დაღუპულ პილოტზე მეტი ინტიმური ინფორმაციის მიღება უნდოდა და მიზანსაც მიაღწია. საუბრის დროს, რომელიც ოსტატურად მიჰყავდა ზურაბს, შექეიფიანებულმა კარპინმა მაიორს აუწყა:
– ძალიან ლამაზი კაცი იყო შენი ნათესავი. ქალები მასზე გიჟდებოდნენ და ვიტიაც დიდ პატივს სცემდა მათ. არცერთს ხელიდან არ უშვებდა. ბოლოს კი ერთი ძალიან ლამაზი გოგონა შეუყვარდა. ქართველი იყო, მაგრამ რა ერქვა, არ მახსოვს. ჰოდა, ის აღმოჩნდა ერთ-ერთი ქალი, ვინც ვიტიას არ დაუწვა. თუმცა, ძალიან კი ცდილობდა ვიტიუშა.
– კარგი რა, ძია ანტონ. არ მჯერა. ვიტალი  ყველას იმორჩილებდა. ეს ჯერ კიდევ მამაჩემისგან ვიცი, – თქვა ზურაბმა.
– მე კი გეუბნები, რომ იმ გოგოს ერთხელაც კი ვერ აკოცა! – გაბრაზდა კარპინი.
– არ მჯერა. ალბათ, არ გაგიმხილათ. ცეცხლზე ნავთი დაუსხა ზურაბმა მთვრალ კარპინს.
– მე კი გეუბნები, რომ მასეა. ვიტიუშა რომ სასიკვდილო გაფრენის წინ თვითმფრინავში ჩაჯდა, მითხრა:
– ანტოშა, კარგად დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები, ერთადერთი, ვინც ვერ დავიმორჩილე ჩემს ცხოვრებაში, ირინკააო. ჰო, იმ გოგოს ირინკა ერქვა, გამახსენდა.
ანტონ კარპინს ზურაბ გიგაური მას მერე დასცილდა, როცა უგონოდ მთვრალი მფრინავი სახლში მიიყვანა. შემდეგ აეროპორტში გაემართა და თბილისში ჩაფრინდა. გიგაური, უკიდურესად იყო დაღლილი, მაგრამ მაინც ეკატერინე გავაშელის ფოტოები მოიპოვა მის სკოლაში და რომ არ წაქცეულიყო, სახლში წავიდა დასაძინებლად. საღამოს გაეღვიძა. ლოგინიდან ადგა. ეკატერინე გავაშელის, ვარლამ კოვზირიძის და ვიტალი ზუევის ფოტოები მაგიდაზე გაშალა და ყურადღებით დააკვირდა. შემდეგ გააბოლა, კვლავ დააკვირდა სურათებს და თქვა:
– აშკარაა, რომ ეს ბავშვი ამ ორი მამაკაციდან კოვზირიძეს ჰგავს.
მართლაც, ეკატერინე გავაშელი ძალიან ჰგავდა ვარლამ კოვზირიძეს. ვიტალი ზუევთან კი ზურაბ გიგაურმა, ბავშვის ვერანაირი მსგავსება ვერ აღმოაჩინა. მაიორს ჩაეცინა და ჩაილაპარაკა: „ხვალ ირინე გავაშელს დაველაპარაკები და იმედია, სიმართლეს გავარკვევ“.
***
მაიორი ზურაბ გიგაური, ირინე გავაშელთან სალაპარაკოდ, საგულდაგულოდ მოემზადა. დილის ათი საათი სრულდებოდა, ექიმ-კოსმეტოლოგის კაბინეტს რომ მიადგა. დააკაკუნა, კარი შეაღო და იკითხა:
 – შეიძლება?
42 წლის ქალი, თავისი ასაკის მიუხედავად, საუცხოოდ გამოიყურებოდა და ოცდაათსაც ძლივს მისცემდით. აღნაგობაც უბადლო ჰქონდა და მისი სხეული სრულყოფილ ქალურობას ასხივებდა. მან ახალმოსული შეათვალიერა და სასიამოვნო ხმით ჰკითხა:
– თუ არ ვცდები, თქვენ ჩაწერილი არ უნდა იყოთ?
მაიორი ოთახში შევიდა, კარი მიხურა და ქალს უთხრა:
– ჩაწერა თუ იყო, არ ვიცოდი. ვინც თქვენთან მომასწავლა, არ გავუფრთხილებივარ, რომ ჩაწერა იყო საჭირო. მე ცოცხალი რიგი მეგონა. დიდ დროს არ წაგართმევთ.
– დაბრძანდით, – ირინე გავაშელმა სკამზე მიუთითა ზურაბს და დააყოლა, – გისმენთ, აბა, ბრძანეთ, რას უჩივით?
– თქვენი შემხედვარე ისე მოვიხიბლე, რომ სულ გადამავიწყდა ჩემი ჩივილები, – გამოიწვია გიგაურმა უკარება ექიმი, რომ მისთვის  თავგზა აებნია, რაც საუბარში გამოადგებოდა.
– ეგ როგორ გავიგო? – თავშეკავებულად ჰკითხა ზურაბს გავაშელმა.
– ძალიან ლამაზი ხართ, ირინე და უნდა ვაღიარო, რომ თქვენნაირი ქალი ნამდვილად არ შემხვედრია.
– ახალგაზრდავ! – ტონი გაამკაცრა ექიმმა, – ისედაც ურიგოდ ხართ აქ და უკვე საკმაო დრო დამაკარგვინეთ. ან ბრძანეთ, რა გნებავთ, ან აქედან მიბრძანდით.
– მე კი სულ არ მენანება დრო, თუკი მას თქვენს მზერაში დავხარჯავ, – მიუგო მაიორმა.
– ახლავე მიბრძანდით აქედან, თორემ მილიციას გამოვიძახებ, – უთხრა გიგაურს კოპებშეკრულმა ექიმმა და კარისკენ მიუთითა.
– კარგი, კარგი, ნუ ბრაზობთ. მე, უბრალოდ, თქვენმა სილამაზემ მომხიბლა და ნუ გაცხარდებით. გეტყვით, რისთვისაც მოვედი.
– ბრძანეთ, – მკაცრად თქვა ირინე გავაშელმა.
– ექიმო, შეგიძლიათ, ზურგზე პლასტიკური ოპერაცია გამიკეთოთ?
– ზურგზე? – გაიმეორა ქალმა.
– დიახ.
– ზურგზე რა გჭირთ?
– ამას წინათ, ხანძარში მოვყევი და ძლივს გადავურჩი სიკვდილს. მთელი ზურგი საშინლად დამინახშირდა.
ირინე გავაშელმა ყურადღებით შეათვალიერა ზურაბ გიგაური და უთხრა:
– არასწორ მისამართზე მოხვედით და სხვა ექიმს უნდა ეჩვენოთ. ეს კოსმეტოლოგის საქმე არაა.
– ნუთუ არასდროს გიმკურნალიათ ჩემნაირი პაციენტისთვის? თქვენზე ამბობენ, ოქროს ხელები აქვსო, – თქვა ზურაბმა, – თანაც, ულამაზესი ხართ.
– კმარა! ჩქარა, აქედან წადით, თორემ მილიციას გამოვუძახებ! – ექიმი კარისკენ გაემართა, რომ გაეღო და აბეზარი სტუმარი გაეშვა.
– ზურაბმა კი პირადობის მოწმობა დაანახვა გავაშელს და მშვიდად უთხრა:
– თქვენთან საქმეზე ვარ. დამშვიდდით და დაბრძანდით.
ექიმმა რომ წაიკითხა,  საიდან იყო სტუმარი, სხეულში უსიამოვნო გრძნობამ დაუარა, მაგრამ არ შეიმჩნია. სკამზე დაჯდა და ზურაბს უთხრა:
– რაში დაგჭირდათ ეს მასკარადი?
– რა, მასკარადი, მე მართლა მოხიბლული ვარ თქვენით. ეს უბრალოდ აღვნიშნე. ისე კი, საქმე მაქვს თქვენთან, სერიოზული საქმე.
– გისმენთ. ბრძანეთ.
– ქალბატონო ირინე, მე, რა თქმა უნდა, შემეძლო, ოფიციალურად დამებარებინეთ, მაგრამ ეს არ გავაკეთე და გადავწყვიტე, არაოფიციალურ გარემოში გამეცანით და აქ დაგლაპარაკებოდით.
– გისმენთ.
გიგაურმა, თვალი თვალში გაუყარა ექიმს და უთხრა:
– ქალბატონო ირინე, თქვენთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს და მოდი, შევთანხმდეთ, რომ არაფერს დამიმალავთ.
– შევთანხმდით, გისმენთ.
– იცნობთ თუ არა ასეთ პიროვნებას, ვინმე ვარლამ კოვზირიძეს.
– ვიცნობდი. ის ჩემი კოლეგა იყო და როგორც ვიცი, მრავალი წლის წინ დაიკარგა.
– ცხრამეტი წლის წინ, – დააზუსტა ზურაბმა, – მასთან რა ურთიერთობა გქონდათ.
– რა ურთიერთობა უნდა მქონოდა? – შეკრთა ქალი, მაგრამ არ შეიმჩნია. თუმცა, ზურაბს ეს მხედველობიდან არ გამოჰპარვია და გაიფიქრა: „მიზანში მოვარტყი. სწორი გზით მივდივარ“. გავაშელს კი უთხრა:
– დიახ, რა ურთიერთობა გქონდათ ვარლამ კოვზირიძესთან.
– კოლეგიალური. მეტი რა ურთიერთობა უნდა მქონოდა.
– როგორც ვიცი, ის თქვენზე შეყვარებული ყოფილა და სილაც კი გაგიწნიათ მისთვის.
– დიახ. იყო ასეთი შემთხვევა. ცეკვას მთხოვდა. მე უარი ვუთხარი. რომ არ მომეშვა, სილა გავაწანი და იქაურობა დავტოვე.
– შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?
– ხმას არ ვცემდი, ხოლო თუ მასთან კოლეგიალური კონტაქტი იყო საჭირო, მესამე პირის მეშვეობით ვაკეთებდი ამას. ცოტა ხანში კი ის, მოულოდნელად გაუჩინარდა და როგორც თქვეს,  უგზო­უკვლოდ დაიკარგაო.
– როგორი ადამიანი იყო ვარლამ კოვზირიძე?
– აბა, რა გითხრათ, როგორც ექიმი – მაღალი კლასის. მე მგონი, არც ადამიანი უნდა ყოფილიყო ცუდი, მაგრამ მაწყენინა და ამიტომ დავემდურე.
ზურაბი თვალს არ აცილებდა ქალს, თან ფიქრობდა: „ჯერჯერობით უძლებს, აბა, ახლა ვნახოთ, როგორ მოიქცევა“. შემდეგ კი ჰკითხა:
– ქალბატონო ირინე, ვარლამ კოვზირიძეს მისი გაუჩინარების მერე ხომ არ შეხვედრიხართ?
გავაშელს ფერმა გადაჰკრა სახეზე, მაგრამ თავი მოთოკა და უპასუხა:
– კი მაგრამ, სად უნდა შევხვედროდი? ის ხომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა?
– იქნებ, ასეთი ვერსია თავად გაავრცელა საჭიროების გამო და მოგინახულათ?
– არა, ვარლამ კოვზირიძეს ნამდვილად არ მოვუნახულებივარ, – გაღიზიანებით მიუგო ექიმმა ქალმა მაიორს.
– კეთილი, გასაგებია. როგორც ვიცი, შემდეგ თქვენ მოსკოვში ორი წლით გაემგზავრეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად და თბილისში კი დაოჯახებული, პატარა ბავშვით დაბრუნდით.
– ჩემი მეუღლე, მფრინავი-გამომცდელი იყო და საცდელი ფრენისას დაიღუპა. ამიტომ, თბილისში მხოლოდ ეკატერინესთან ერთად დავბრუნდი.
 – მეუღლე ვიტალი ზუევი არა?
– დიახ. ვიტალი ზუევი, – დაუდასტურა ზურაბს ირინე გავაშელმა.
– გოგონა მამის გვარზე რატომ არ ჩაწერეთ?
ქალს მწარედ ჩაეცინა და მაიორს უთხრა:
– ჯერ ერთი მე და ვიტალიმ ქორწინების რეგისტრაცია ვერ მოვასწარით. მთავარი კი ისაა, რომ არ მინდოდა, შვილს სცოდნოდა, რომ მამამისი ასე ტრაგიკულად დაიღუპა.
– რატომ?
– არ ვიცი. მაშინ ასე გადავწყვიტე. რა, ეს კანონით აკრძალულია?
– არანაირად, – თქვა გიგაურმა. შემდეგ, ირინე გავაშელს ხელმარცხნივ ვარლამ კოვზირიძის ფოტო დაუდო, ხელმარჯვნივ ვალერი ზუევის, შუაში კი ეკატერინე გავაშელის და უთხრა:
– თქვენი ვერსიით, ქალიშვილის მამა, მარცხენა ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანია, სინამდვილეში კი, ეკატერინეს მამა აი, ეს არის, – გიგაურმა კოვზირიძის ფოტოს თითი დაადო და ქალს თვალი თვალში გაუყარა. თან, გულში თქვა: „აბა, რას იტყვი, ქალბატონო, ეფექტური დარტყმა მოგაყენე?“
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3