კითხვა-პასუხი #15
კითხვა: ვარ 27 წლის. მაქვს ნორმალური სახის კანი. ელექტროეპილაციის შემდეგ მრჩება ნანემსრები. რა საშუალებით შეიძლება ამის მოცილება და რა სახის მკვებავს, დამატენიანებელს მირჩევდით ამ ასაკში ჩემი კანისთვის?
პასუხი: ნემსით ეპილაციის შემდეგ ყოველთვის რჩება ნანემსრები, მაგრამ რამდენიმე დღეში უკვალოდ ქრება. კარგი იქნება, თუ ეპილაციის შემდეგ წაისვამთ რომელიმე ანტისეპტიკურ მალამოს. რაც შეეხება დამატენიანებელს და მკვებავს, ეს უნდა შეირჩეს კანის ტიპიდან გამომდინარე.
კითხვა: თმას თმის უთოთი, ძალიან ხშირად ვისწორებ. იქნებ მირჩიოთ, რა ვქნა, რომ არ დამეწვას და დამიზიანდეს? იქნებ თმის აღმდგენი ნიღაბი მირჩიოთ?
პასუხი: გირჩევთ, უფრო იშვიათად გამოიყენოთ თმის უთო. თუ თმები დაზიანებული გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ სპეციალური შამპუნები და ბალზამი დაზიანებული თმისთვის. აქვე გასწავლით ერთ ხალხურ საშუალებასაც: შეიზილეთ თმაში მაიონეზი და შემდეგ ჩამოიბანეთ. გახსოვდეთ, უნდა გაიჩეროთ არა უმეტეს 20 წუთისა, რადგან მაიონეზში შედის მდოგვი, რომელიც დიდხანს გაჩერების შემთხვევაში, თმას დააზიანებს. ასეთი ნიღაბი კვებავს თმას.
კითხვა: ვარ 34 წლის, მაქვს გამომშრალი კანი. გთხოვთ, მირჩიოთ, სახის გამწმენდი ლოსიონი სახლის პირობებში როგორ დავამზადო? ამჟამად ვხმარობ კოსმეტოლოგის მიერ დამზადებულ რძის გამწმენდ ლოსიონს და მკვებავს.
პასუხი: ასეთი საშუალებები მზა სახით იყიდება აფთიაქებში, სილამაზის სალონებსა და პარფიუმერიის მაღაზიებში. მათ არანაკლები ეფექტი აქვთ, ვიდრე სახლში დამზადებულ საშუალებას. რადგან მშრალი კანი გაქვთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კანის დასატენიანებელი კრემებიც, რომელთაც შეგირჩევთ კოსმეტოლოგი კანის დიაგნოსტიკური დათვალიერების შემდეგ.