კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაახსნევინა სტალინმა ეკლესიების კარი მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორ მოაწვევინა საეკლესიო კრება სამ დღეში და როგორ დახვრიტეს რუსეთში 250 000 სასულიერო პირი 1917-1925 წლებში #15

ისე მოხდა, რომ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს, წინ გაუსწრო 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, რასაც შემდგომ არანაკლებ მძიმე პერიოდი მოჰყვა საბჭოთა რეპრესიების სახით. თუმცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოძლიერდა და ამ საქმეში, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, არც თუ უმნიშვნელო იყო იოსებ სტალინის როლი, ისევე, როგორც მისი როლი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებაში. რატომ დასჭირდა სტალინს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და რა მიზნით დართო აღორძინების ნება რუსეთის ეკლესიას, –  ამ მოვლენების ქრონოლოგიურ აღდგენაში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული დაგვეხმარება.
ვახტანგ გურული: 1811 წელს რუსეთმა გააუქმა მცხეთის საპატრიარქო ტახტი, 1814 წელს კი –  ლიხთ-იმერეთისა და აფხაზთა საპატრიარქოს ტახტი. ეს ერთჯერადი აქტი არ ყოფილა, იმიტომ რომ, მაშინ, სამწუხაროდ, ორი საპატრიარქო იყო საქართველოში. ამით, საბოლოო ჯამში, გაუქმდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, ანუ თვითმწყემსობა. 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ დაანგრია რუსეთის იმპერია, რითაც ისარგებლეს ქართველმა მღვდელმთავრებმა და 1917 წლის 25 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მიიღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაგრძელების აქტი. ტერმინი „აღდგენა“ არ გამოიყენეს, მაგრამ რეალურად, ეს იყო აღდგენა, მაგრამ მაშინ რუსეთის დროებითმა მთავრობამ არ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობდნენ, რადგან ხვდებოდნენ, რომ ავტოკეფალიის აღდგენა იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის წინაპირობა.
– მათი თანხმობა რისთვის იყო საჭირო, რადგან რუსეთმა გაგვიუქმა ავტოკეფალია?
– ვიღაცამ უნდა ცნოს შენი ავტოკეფალია: რუსეთის ეკლესიამ, იერუსალიმის ეკლესიამ, ანტიოქიის ეკლესიამ და ასე შემდეგ. ბუნებრივია, დაიწყეს რუსეთიდან, რომელიც მთავარი დამნაშავე იყო ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაში. თუ რუსეთი ცნობდა, ამის შემდეგ მიმართავდნენ დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიებსაც. თორემ, სხვა მხრივ, რუსეთი გამორჩეული არ ყოფილა.
– დანარჩენმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა რა თქვეს?
– არაფერი, არც ერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ ცნო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. საინტერესოა, რა მდგომარებაში იყო ამ დროს რუსეთის ეკლესია: 1700 წელს გარდაიცვალა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი. პეტრე პირველმა პატრიარქი აღარ აარჩევინა. საბოლოოდ გააუქმა პატრიარქობა რუსეთში და ეკლესიის მართვა ჩააბარა კოლეგიურ ორგანოს –  უწმიდეს სინოდს. ასე იარსება რუსეთის ეკლესიამ 1917 წლამდე. 1917 წელს დიდი ბრძოლის შემდეგ მოიწვიეს საეკლესიო კრება და პატრიარქად აირჩიეს მოსკოვისა და კოლომენსკოეს მიტროპოლიტი ტიხონი. მისი გარდაცვალების შემდეგ 1943 წლამდე რუსეთის ეკლესიას განაგებდა პატრიარქის ტახტის მონაცვლე მოსკოვისა და კოლომენსკოეს მიტროპოლიტი სერგი სტრაგოროდსკი. აქვე უნდა გითხრათ, რომ არც 1917 წლამდე და არც მას შემდეგ, რუსეთისა და საქართველოს  ეკლესიებს შორის არ არსებობდა ევქარისტული, ლოცვითი კავშირი. ანუ რუსეთის ეკლესიაში მოიხსენიებდნენ მსოფლიოს პატრიარქებს, მაგრამ არ მოიხსენიებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საქართველოს პატრიარქი კი მოიხსენიებდა მსოფლიოს პატრიარქებს, მაგრამ არ მოიხსენიებდა რუსეთის პატრიარქს. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინმა შეცვალა დამოკიდებულება ეკლესიისადმი.
– აი, ესაა სწორედ საინტერესო: რატომ დასჭირდა მას უცებ ეკლესია?
– მან ასე გამოხატა თავისი დამოკიდებულება: გახსენით ეკლესიები, რომ ქალს, რომელსაც ქმარი და შვილი ფრონტზე ჰყავს, მიეცეს უფლება, სანთელი დაანთოს და ილოცოს მათთვის.
– ესე იგი, იდეოლოგიისთვის გამოიყენა.
– დიახ. თანაც, სერგი სტრაგოროდსკი ხელისულებას გვერდში დაუდგა: მრევლისგან შეწირული მილიონობით ფული გაიღო ეკლესიამ საბჭოთა სამხედრო მრეწველობისთვის. ამას დიდი იდეოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა. სტალინი წავიდა მაქსიმალურ დამთმობებზე.
– ასეთი რელიგიური იყო რუსეთი, თუ ათეისტური ფორმულა გამოიყენა სტალინმა: რელიგია ხალხის ოპიუმიაო, ომში მოტივაციისთვის?
– რუსეთის ეკლესიას ჰყავდა მრავალმილიონიანი მორწმუნე მრევლი და სტალინს არ უნდოდა, რომ ეს მორწმუნე მრევლი დაეპირისპირებინა სახელმწიფოსთან. რეპრესიებმა ვერ მოსპო მორწმუნეობა ვერც რუსეთში, ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში. ამიტომაც, სტალინის მითითებით, დაიწყო საუბარი პატრიარქის არჩევაზე. იმ დროს რუსეთში მხოლოდ რამდენიმე მეუფე იყო, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობდნენ მრევლში, უმეტესობა რეპრესიებს შეეწირა. ერთ მშვენიერ დღესაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ტახტის მონაცვლე მიტროპოლიტ სერგის უთხრეს, რომ სტალინთან იყო მიწვეული შეხვედრაზე 1943 წლის 4 სექტემბერს. მას თან ახლდნენ მიტროპოლიტი ალექსი სიმანსკი, რუსეთის ეკლესიის ეგზარქოსი უკრაინაში ნიკოლოზი (ეგზარქოსი ჰყავს ახლაც უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს). მეუფეებმა არ იცოდნენ, რისთვის მიიწვიეს კრემლში. სტალინი ლაპარაკს არ ამთავრებდა, სასულიერო პირები კი ვერ ბედავდნენ წამოდგომას. ბოლოს, რომ გაჭიანურდა საუბარი, სტალინს უკითხავს მათთვის, სათხოვარი ხომ არ გაქვთო.
– სტენოგრამა არსებობს ამ შეხვედრის, რაზე ელაპარაკებოდა მათ სტალინი?
– არანაირი სტენოგრამა არ არის, მხოლოდ სიმანსკის მოგონებებია. ძირითადად, ომზე, მრევლზე. შესაწირის გამო მათ სტალინმა მადლობა უთხრა. მეუფეებმა ვერ გაბედეს ვერაფრის თხოვნა და თავად სტალინმა შესთავაზა მაშინ: საეკლესიო კრების მოწვევა და პატრიარქის არჩევა არ გინდათო? როგორ არაო.  მაშინ მოიწვიეთ საეკლესიო კრება და აირჩიეთ პატრიარქიო. სრულიად მოულოდნელი შემოთავაზება იყო. სიმანსკი წერს, რომ ისარგებლა ასეთი კეთილგანწყობით სერგი სტრაგოროდსკიმ და სთხოვა, ბევრი ღვთისმსახურია მსჯავრდებული, იქნებ განაჩენებს გადახედოთ და ზოგიერთი მათგანი მაინც გაათავისუფლოთო. ეს თხოვნა აშკარად არ ესიამოვნა, თურმე, სტალინს, მაგრამ, ვნახოთო, უპასუხა. მაინც შეუსრულა თხოვნა და რამდენიმე ათასი სასულიერო პირი გამოუშვეს საპატიმროებიდან და ბანაკებიდან მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.
– ამდენი ჰყავდათ დაპატიმრებული?
– 1917-დან 1925 წლამდე 250 000 სასულიერო პირი დახვრიტეს რუსეთში: დიაკვანი, მღვდელი, ეპისკოპოსი, ბერი… ეს მხოლოდ 1925 წლამდე, შემდეგ წლებში კი, ვინ მოთვლის, რამდენი. საეკლესიო კრების მოწვევა დიდი საქმეა, ერთი თვეც არ ჰყოფნის, მაგრამ 8 სექტემბერს კრება უკვე მოწვეული იყო. მიტროპოლიტი სერგი აირჩიეს სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქად. 12 სექტემბერს შედგა ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია.
– ინტრონიზაცია როგორ უნდა მოხდეს? მხოლოდ იმ ეკლესიის სასულიერო პირების დასწრებაა საკმარისი?
– მართლმადიდებელი სამყაროს პატრიარქები უნდა დაესწრონ. მაგრამ ვერავინ ჩამოვიდა, იმიტომ რომ, ომი იყო და ვერ გარისკეს. თანაც, ოთხ დღეში ვის ჩამოიყვან?! ვერც სრულიად საქართველოს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს მიიწვევდნენ, რადგან ევქარისტული კავშირი არ იყო ამ ორ ეკლესიას შორის. ამდენად, მცდარი ვერსიაა, რომ პატრიარქი კალისტრატე დაესწრო რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციას. თუმცა პატრიარქ სერგის ინტრონიზაციიდან ორი დღის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წერილი გაუგზავნა რუსეთის პატრიარქს და იმედი გამოთქვა, რომ ეკლესიებს შორის ურთიერთობა მოგვარდებოდა. საპასუხო წერილიც ძალიან სწრაფად მიიღო, მოლაპარაკება დავიწყოთ ეკლესიებს შორის ევქარისტული კავშირის აღდგენაზეო. პატრიარქებს შორის მოლაპარაკება სტალინის გადაწყვეტილება იყო. სტალინთან შეთანხმების გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.
– სტალინმა მიუთითა საქართველოს პატრიარქს, რომ წერილი მიეწერა რუსეთის პატრიარქისთვის?
– რა თქმა უნდა, მიანიშნა, რომ ამ საკითხზე უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკება. როგორც ხდებოდა სტალინის დროს: მითითებები გაიცემოდა ტელეფონით ან ვინმეს პირით. არანაირი დოკუმენტები არ იქმნებოდა, სტალინი ასეთ წერილობით დოკუმენტებს არ ტოვებდა, როგორც წესი.
– შევარდნაძეს, როგორც ჩანს, მისგან უსწავლია: აფხაზეთის ომში უკან დახევის არცერთი წერილობითი ბრძანება არ არის. მხოლოდ სიტყვიერად გასცემდა და ამიტომაც ვერ აგებინეს პასუხი.
– იმ პერიოდში რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა რწმუნებულის პოსტი არსებობდა. ამ თანამდებობაზე დანიშნული იყო გიორგი კარპოვი და ეკლესიაში სახელმწიფო პოლიტიკას სწორედ ის ატარებდა. როგორც ჩანს, ეს მითითება სტალინმა კარპოვს მისცა, კაპროვმა კი რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებს აცნობა.
– საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის ევქარისტული კავშირის აღდგენა რატომ იყო მნიშვნელოვანი სტალინისთვის?
– ეს უბრალოდ სტალინის სურვილი იყო. თორემ სტალინს არაფერში სჭირდებოდა რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციაზე პატრიარქ კალისტრატეს ჩასვლა. რომ არ ჩასულიყო, მაინც გაიმართებოდა ინტრონიზაცია. ამდენად, მცდარი მოსაზრებაა, რომ პატრიარქ კალისტრატეს ჩასვლის გარეშე რუსეთის მომავალი პატრიარქის ინტრონიზაცია ვერ მოხერხდებოდა.
1943 წლის ოქტომბერში თბილისში ჩამოვიდა სტავროპოლისა და პიატიგორსკის ეპისკოპოსი ანტონი, 28 ოქტომბერს კი დაიწყო უწმიდესი კალისტრატესი და მეუფე ანტონის მოლაპარკება, რომელიც წარმატებით დასრულდა. ამ მოლაპარაკების წარმატება წინასწარ იყო გადაწყვეტილი მოსკოვში. მეუფე ანტონი მოსალაპარაკებლად კი არ გამოუგზავნია სტალინს, არამედ მას ჰქონდა დავალება. 31 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა ერთობლივი წირვა: მწირველები იყვნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე, თანამწირველი კი –  მთავარეპისკოპოსი ანტონი. ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის ევქარისტული, ლოცვითი კავშირი აღდგა და ამიერიდან ორივე პატრიარქი წირვისას მოიხსენიებდა ერთმანეთს, ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებს. 1943 წლის ნოემბერში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უწმიდესმა სინოდმა შესაბამისი დადგენილება გამოიტანა, რომ აღდგა ევქარისტული კავშირი ორ ეკლესიას შორის.
– ანუ ავტომატურად, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაც ცნო რუსეთის ეკლესიამ?
– ცნო, ვინაიდან სხვაგვარად, ორ ეკლესიას შორის ევქარისტული კავშირი ვერ აღდგებოდა. მეუფე ანტონმა თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ ცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და აღდგა ევქარისტული, ლოცვითი კავშირი ამ ორ ეკლესიას შორის. ნოემბერში რუსეთის წმიდა სინოდმა შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. გამოქვეყნდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ სერგის მიმართვა საქართველოში მცხოვრები რუსი მრევლისადმი: მანამდე საქართველოში მცხოვრები რუსი მრევლი იყო რუსეთის ეკლესიის მრევლი, მაგრამ პატრიარქმა სერგიმ მოუწოდა მათ, რომ დღეიდან მათი პატრიარქი იყო კალისტრატე და ისინი იყვნენ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი. ამით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ამ მოწოდებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. 1944 წელს რუსეთში აირჩიეს ახალი პატრიარქი ალექსი პირველი სიმანსკი, რომლის ინტრონიზაციასაც 1945 წელს მსოფლიოს სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებთან ერთად, დაესწრო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე.

скачать dle 11.3