როგორ მოვიქცეთ ხველების დროს
* 5 გრამ ვირისტერფას დაასხით 200 გრამი მდუღარე. ადუღეთ 5 წუთი, ჩაასხით თერმოსში. გააჩერეთ 20-30 წუთი. მზად არის ინჰალაციისთვის. შეგიძლიათ, მისი დალევაც – დღეში 4-5-ჯერ ყავის ჭიქით.
* 5 ცალი ლიმონი კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გამოაცალეთ კურკები და შეურიეთ 4 თავი საშუალო ზომის ნიორი. დაასხით 1 ლიტრი გაგრილებული ანადუღარი წყალი და 100 გრამი ჭაჭა (სასურველია სანთლის არაყი). დაახურეთ თავი და დადგით გრილ ადგილას, სიბნელეში. გააჩერეთ 5 დღე. დროდადრო შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ. მიღება: 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუ ბავშვისთვის ამზადებთ, არყის რაოდენობა 10 გრამამდე შეამცირეთ. მიღებისას დაუმატეთ წყალი, პროპორციით – 1/1-ზე.
* 6 ცალი შავი ბოლოკი თხელ ნაჭრებად დაჭერით. თითოეულს სქელ ფენად შაქარი მოაყარეთ. 10–12 საათის შემდეგ ტკბილი წვენი წარმოიქმნება. მიიღეთ 1 სადილის კოვზი ყოველ საათში.
* მწვავე რესპირატორული და ვირუსული ინფექციებისას სასარგებლოა ინჰალაციები: ჩაის დასაყენებელ ჩაიდანში მოათავსეთ 10 ცალი დაფნის ფოთოლი, დაასხით მდუღარე, დატოვეთ რამდენიმე წუთით და შეისუნთქეთ ორთქლი პირით (და არა ცხვირით). კარგი იქნება, წყალში პიტნის ზეთის რამდენიმე წვეთს თუ დაამატებთ.
* სამფერი ია ბრონქებში ჯირკვლის სეკრეციას აუმჯობესებს, ნახველს ათხელებს და ამოხველებას ეხმარება. 1 სადილის კოვზ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით და 15 წუთი წყლის აბაზანაზე გააცხელეთ. იმდენი ადუღებული წყალი დაამატეთ, რომ ერთი სავსე ჭიქა მიიღოთ. დალიეთ მესამედი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
* ქერის მარცვლები ადუღეთ დიდი რაოდენობის წყალში დაბალ ცეცხლზე. გაწურეთ. მიიღებთ მღვრიე ნახარშს, რომელიც უნდა დალიოთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ. შეგიძლიათ, დაუმატოთ ლიმონის ან ფორთოხლის წვენი.
ყოჩივარდას სამკურნალო დანიშნულება
ყოჩივარდა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ღვიძლისა და გინეკოლოგიური დაავადებისას, ნევრალგიის, ფრონტიტისა და ჰაიმორიტის საწინააღმდეგოდ. ნედლი ფესურისა და წყლის ნაყენს ყურში იწვეთებენ ქრონიკული გამონადენების დროს. ყოჩივარდას ფესურის პრეპარატებს ხალხური მედიცინა იყენებს მენსტრუაციის დარღვევისა და მასთან დაკავშირებული ნერვიული აღგზნებისას. სისტემატური თავის ტკივილების დროს ცხვირის ნესტოებში ფესურის თბილ წვენს იწვეთებენ.
რეკომენდებულია ნევრალგიის, საჭმლის მონელების მოშლის, გაზების დაგროვებით გამოწვეული ჭვალებისა და რევმატიული ტკივილების შემთხვევებში. ხმარობენ ფესურისა და წყლის ნაყენს ცხელ მდგომარეობაში: 1 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესურა 2 ჭიქა წყალზე (ორი დღის დოზა). შეიძლება სპირტიანი ნაყენიც: 1 გრამი ნედლეული 10 გრამ 70-გრადუსიან სპირტზე (30-40 წვეთი დღეში 2-3-ჯერ).
რა დაავადებას კურნავს სატაცური
ყველაზე სასარგებლო ნივთიერებები, რასაც სატაცური შეიცავს და რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, არის კალიუმი და ასპარაგინის მჟავა – მის შემადგენლობაში ასევე შედის სელენიუმი, რომელიც ბოსტნეულის შემცველობაში ნაკლებად გვხვდება. ცნობილია, რომ სელენიუმს აქვს კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. სატაცური საკმაოდ ეფექტურია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რადგან ის სელენიუმის გარდა, შეიცავს C ვიტამინსა და კაროტინს.
სატაცურს ორგანიზმი ძალიან ადვილად ითვისებს. გარდა ჩამოთვლილისა, ის შეიცავს შემდეგ ვიტამინებს: E, A, B1, B2, B9, PP, მაკრო და მიკროელემენტებს – თუთიას, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ცილებსა და ნახშირწყლებს. შეიცავს დიდი რაოდენობით ასპარაგინს, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს, აქვეითებს არტერიულ წნევას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ამიაკის გამოდევნას. შესაბამისად, ის ერთ-ერთი წამყვანი მცენარეა ყველაზე ჯანმრთელი პროდუქტების სიაში.
სატაცურის პრეპარატებს იყენებენ თირკმლის, გულ-სისხლძარღვთა, ეპილეფსიის, შარდის ბუშტის სამკურნალოდ. სატაცურის ფესვებისა და ყლორტების ნახარში კარგია არითმიისა და გულისმიერი შეშუპების სამკურნალოდ. ამისთვის ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი. ადუღეთ 30 წუთი. კარგად გაწურეთ და შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე. მიიღეთ მესამედი ან ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ ჭამის წინ.
სატაცური არაჩვეულებრივი დიეტური საშუალებაა. ის კარგია როგორც წონის დასაკლებად, ასევე შემდეგ მის შესანარჩუნებლად. საკმაო დაბალკალორიულობასთან ერთად ის შეიცავს დიდი რაოდენობით ხსნად და უხსნად უჯრედისს, ამიტომაც მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო დიეტურ მცენარედ. უჯრედისი ადვილად დაგანაყრებთ, დაგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის მოქმედებისა და ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში. კარგი იქნება, თუ მოხარშულ სატაცურს მიირთმევთ მოხარშულ კვერცხთან ერთად, რადგან ცილოვან პროდუქტთან ერთობლიობაში ის მეტად სარგებლიანია.
სატაცურს იყენებენ პროსტატიტის სამკურნალოდ, რადგან ის დადებითად მოქმედებს შარდმდენ სისტემაზე. ეს მცენარე სასარგებლოა მათთვის, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს. სატაცური აძლიერებს ვენებს, კაპილარებს და არტერიებს მთელ ორგანიზმში. მისი მოხმარების საუკეთესო ვარიანტია, მიიღოთ პარკოსნებთან ერთად. ის ეხმარება ორგანიზმს ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მისი წვენი ეფექტურია მეჭეჭებისა და ცელულიტის სამკურნალოდ.
ეპილეფსიის სამკურნალოდ დადებითი ეფექტი აქვს სატაცურის ფესვების ნახარშს. ამისთვის ერთი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი და ადუღეთ 15 წუთი. შემდეგ დააყოვნეთ 45 წუთი და გადაწურეთ. შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე და მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ.
ძალიან კარგი შარდმდენია სატაცურის წვენი, თუმცა არასასურველია მისი სუფთა სახით გამოყენება, რადგან ასე შესაძლოა, თირკმელებს ზიანი მიაყენოს. ამიტომ, შეურიეთ სტაფილოს წვენს, რომელიც თავის მხრივაც ძალიან სასარგებლოა. მათი ერთობლიობა კი, არამცთუ ავნებს, არამედ ძალიან არგებს თქვენს თირკმელებს. ის ეფექტურია მაშინაც, თუ დიაბეტი ან სისხლნაკლებობა გაწუხებთ. ასევე, ხელს უწყობს მჟაუნმჟავას კრისტალების დაშლას თირკმელსა და კუნთოვან სისტემაში. საოცრად ეფექტურია რევმატიზმის დროს.
სატაცურისგან ამზადებენ არაერთ გემრიელ კერძს. მათ შორის ყველაზე სასარგებლო სატაცურის სალათებია. მოხარშვის შემდეგ სატაცური ზოგიერთ სასარგებლო თვისებას კარგავს და თუ მაინც მოხარშავთ, ნუ გააჩერებთ ცეცხლზე 20 წუთზე მეტხანს. არასასურველია, გაციებული კერძის ხელმეორედ გაცხელება.
სატაცური დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მობრაწეთ ის ცოტა ზეთში. ორგანიზმი E ვიტამინს გაცილებით უკეთ ითვისებს, თუ მას ცხიმთან ერთად მიიღებთ. სატაცური დადებით გავლენას ახდენს ადამიანის გუნება-განწყობილებაზე. მასში დიდი რაოდენობითაა K ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ძვლების მდგომარეობაზე.
სატაცური ძალიან კარგი საშუალებაა ტუბერკულოზის სამკურნალოდ. ამისთვის გამოიყენეთ სატაცურის ყლორტების ნახარში: აიღეთ 3 სადილის კოვზი და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დააყოვნეთ ორი საათი და შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ 1-2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.
სახსრების რევმატიული ანთების დროს გამოიყენეთ სატაცურის ფესვებისა და ყლორტების ნახარში. ერთ სადილის კოვზ მცენარეს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და ადუღეთ ნახევარი საათი. შემდეგ გადაწურეთ და შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე.
სატაცური მიეკუთვნება ბოსტნეულის იმ იშვიათ ჯგუფს, რომელსაც გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს. თუ თქვენს ორგანიზმს მასთან ინდივიდუალური შეუთავსებლობა არ აქვს, მაშინ შეგიძლიათ, მშვიდად მიიღოთ.
ბოლოკის სამკურნალო თვისებები
ბოლოკი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, ნატრიუმით, მაგნიუმით, რკინით, C ვიტამინით, PP და B ჯგუფის ვიტამინებით. უხვად შეიცავს აგრეთვე ნიკოტინის მჟავას, თიამინსა და ლაქტოფლავინს. დამახასიათებელი გემო, მდოგვის ზეთების შემცველობითაა განპირობებული.
ბოლოკი განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით (აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს), პოდაგრითა და გაცხიმოვნებით დაავადებულთათვის. მისი ძირნაყოფის რეგულარული გამოყენება მატებს მხნეობას, აუმჯობესებს სახის ფერს, გულის მუშაობას, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს. ბოლოკის განსაკუთრებული სტრუქტურის უჯრედისი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ეს მცენარე ბუნებრივი ანტიბიოტიკების – ფიტონციდების წყაროა. ამიტომ, მისი ძირხვენები შეიძლება, ანთებითი და გაციებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენოთ.
ბოლოკში ბევრი უჯრედისია, აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, აკავებს მიკროორგანიზმების ზრდას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, ამაგრებს კაპილარებს.
ბოლოკი აღძრავს მადას, ხელს უწყობს ნაწლავებში საკვების გადაადგილებას, აადვილებს მონელებას, ნაწლავების დაცლას. ბოლოკის შემცველ სალათებს აქვს შეშუპების საწინააღმდეგო და ნაღველმდენი ეფექტი. ძირხვენების წვენს იყენებენ საჭმლის მონელებისა და მეტაბოლურ პროცესთა გასაუმჯობესებლად.
განსაკუთრებით სასარგებლოა ზეთმოსხმული ბოლოკი. სალათებს, რომელშიც ბევრი კამა, ოხრახუში და სხვა სანელებლებია, ორგანიზმი იოლად ითვისებს.
სასარგებლო და საკვებად ვარგისია ბოლოკის ფოჩებიც. მიკროელემენტებისა და ვიტამინების შემცველობით ის ძირხვენებს არ ჩამოუვარდება. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ, გამოიყენოთ სალათებში, წვნიანებში, მოშუშოთ ან უმად მიირთვათ.
თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, ბოლოკის წვენი უნდა მიიღოთ სტაფილოს წვენთან ერთად. შეგიძლიათ მას მწიკვი მარილიც დაუმატოთ. ნაზავი დალიეთ ერთი სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ. ეს წვენი კარგია სისხლნაკლებობის დროსაც.
ბოლოკი კარგი ანტიდეპრესანტიცაა. ამიტომ, თუ გუნება-განწყობა გაგიუარესდათ, გირჩევთ, ჭამოთ ბოლოკისა და მწვანილის ზეთმოსხმული სალათა.
ბოლოკი ამოსახველებელი საშუალებაა თაფლთან ან შაქართან ერთად. აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. საუკეთესო საშუალებაა კუჭის შეკრულობისას. შეიცავს ფერმენტებს, მინერალურ ნივთიერებებს, მარილებს – კალიუმს, ნატრუიმს, მაგნიუმს... – დიდი რაოდენობით პურინულ ნივთიერებებს. ამიტომ, თუ ადამიანი დაავადებულია წყლულით, გასტრიტით, ფაღარათით, პოდაგრით, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებით მისი მიღებისას სიფრთხილე გვმართებს.
იისფერი კენკრა, ხილი თუ ბოსტნეული ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას. ამ ფერის ნაყოფი შეიცავს განსაკუთრებულ პიგმენტებს - ანტოციანინებს, რომლებსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ბოლოკისა და სტაფილოს ანტოციანინები 80 პროცენტით ანელებს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. იისფერი სიმინდისა და ნიუკას პიგმენტები კი სულ მთლად აჩერებს ამ პროცესს. ამავე დროს, ანადგურებს სიმსივნური უჯრედების 20-მდე პროცენტს ჯანმრთელი უჯრედების დაუზიანებლად. საცდელ ვირთაგვებს, რომლებსაც რეგულარულად კვებავდნენ ნატურალური, იისფერი პროდუქტებით, ონკოლოგიური პათოლოგიის სიმპტომები 70 პროცენტით შეუმცირდათ. იისფერ, ბუნებრივ პროდუქტებს შორის ბოლოკს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.