რისი პირობა დადო პილატემ ცოლის წინაშე, თუ იესო მართლაც ღვთის ძე აღმოჩნდებოდა და ადასტურებს თუ არა ამ ფაქტს რომის ნუმიზმატიკა #15
აღდგა ქრისტე? ეს ყველა რელიგიის, ყველა ფილოსოფიის, ყველა იმ მეცნიერების ძირითადი კითხვაა, ადამიანის მსოფლმხედველობას რომ ეხება. აღდგომა შეეძლო მხოლოდ ღმერთს. აქედან გამომდინარე, აღდგომა – ეს არის საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა ღმერთი ქრისტე. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ თითქმის ყველა ანტირელიგიური ლიტერატურული ქმნილება აკრიტიკებს აღდგომის ფაქტს. მაგრამ, წარსულის მებრძოლი ათეიზმი, როგორც ცნობილია, ძველებური ჟინით ვეღარ გამოირჩევა. საინტერესოა, რომ ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შემდეგ, იესო ქრისტეს აღდგომა აღიარა თვით ფრიდრიხ ენგელსმა. თავისი თხზულებების ხელახალი გამოცემის წინასიტყვაობაში ის წერს: „კაპადოკიის უახლესი აღმოჩენები გვავალდებულებს, შევიცვალოთ ჩვენი შეხედულებები ზოგიერთ არცთუ მრავალ, მაგრამ მსოფლიო ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენათა შესახებ. ის, რაც ადრე გვეჩვენებოდა მხოლოდ მითოლოგთათვის საყურადღებოდ, ამიერიდან ყურად უნდა ვიღოთ ისტორიკოსებმაც. სკეპტიკოსთა დამამარცხებელი ახალი საბუთები დამაჯერებლად მეტყველებს ისტორიის ყველაზე დიდი საოცრების სასარგებლოდ – სიცოცხლისკენ იმის მობრუნებაზე, ვინც გამოეთხოვა მას გოლგოთაზე“.
ენგელსის ამ სიტყვებს არ ვიცნობდით იმის გამო, რომ მარქსისა და ენგელსის რუსულ და ქართულ გამოცემებში არ იყო თარგმნილი.
კაპადოკიის აღმოჩენებს მოჰყვა მთელი რიგი უფრო მნიშვნელოვანი და დამარწმუნებელი აღმოჩენები.
როგორც ზოგიერთი ათეისტი დღესაც „ამტკიცებს“, ცნობები იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ არ არის შემონახული მის თანამედროვე მწერლებისა თუ ისტორიკოსების არცერთ შრომასა და თხზულებაში. მართალია თუ არა ეს? დავიწყოთ იოსებ ფლავიუსით. ის, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ისტორიული მოწმეა. ფლავიუსს თავისი სიცოცხლის განმავლობაში შეეძლო, ყოფილიყო იმ მოვლენათა ცენტრში, რაც აღწერილია სახარებაში. ბოლოს, ფლავიუსი არ იყო ქრისტეს მიმდევარი და, ამის გამო, არ გვაქვს საფუძველი, ველოდოთ მისგან რაიმე გადაჭარბებას, რომელიც ხელსაყრელი იქნება ქრისტიანებისთვის.
ერთხელ კიდევ ჩავიხედოთ იოსებ ფლავიუსის თხზულებებში. იქ შავით თეთრზე წერია: „ამ დროს გამოჩნდა იესო ქრისტე, დიდი სიბრძნის მქონე ადამიანი. თუკი შეიძლება, ვუწოდოთ ამდენ საოცრებათა ჩამდენს ადამიანი. იმ პირთა დასმენის გამოისობით, რომლებიც პირველობენ ჩვენში, პილატემ ის ჯვარს აცვა. შედრკნენ ისინიც, ვინც პირველებმა შეიყვარეს ის. მესამე დღეს კი ხელახლა გამოეცხადა მათ“. როგორ ეწყობა ეს ყოველივე იმ მტკიცებებს, რომ ფლავიუსი სიტყვასაც კი არ ახსენებს ქრისტეს შესახებო?
გავაკეთოთ მცირე გადახვევა.
– ასი წლის წინათ, ფლავიუსის ამ ცნობაში ეჭვი შეიტანეს და ის შემდგომში ქრისტიანთა მიერ ჩამატებულ ცნობად მიიჩნიეს. მაგრამ, მალევე აღმოაჩინეს იოსებ ფლავიუსის თხზულებათა კიდევ სამი ვარიანტი და ფლავიუსი სამივე ამ ვარიანტში იმეორებს ცნობას იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ.
ლაბირინიოსი იესო ქრისტეს აღდგომას შეესწრო თავის ჩინოვნიკებთან ერთად. მათ ცხადად დაინახეს ქვის ჩამოვარდნა, რომელიც ფარავდა სამარეს. დაინახეს არაჩვეულებრივი სინათლის მბრწყინავი ფიგურა, რომელიც მაღლდებოდა იმ ადგილზე. ლაბირინიოსი, თავის თანამგზავრებთან და დარაჯებთან ერთად, გაექანა ამის შესახებ ხელისუფლებისთვის შესატყობინებლად.
ბერძენი ჰერმიდეოსი, რომელსაც იუდეის მმართველის ბიოგრაფის ოფიციალური თანამდებობა ეკავა, წერდა ასევე, პილატეს ბიოგრაფიასაც. მისი ცნობები განსაკუთრებულად საყურადღებოა ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ის შეიცავს უაღრესად საყურადღებო და საიმედო ცნობებს პალესტინისა და რომის შესახებ, რაც საფუძვლად დაედო იუდეის ისტორიას და მეორე, ჰერმიდეოსი მკვეთრად გამოირჩევა თავისი გადმოცემის მანერითა და ფოტოაპარატის სიზუსტით ასახავს ყველაფერს.
ჰერმიდეოსის მონათხრობი კიდევ იმით არის ძვირფასი, რომ ისიც იმყოფებოდა მაცხოვრის აღდგომისას საფლავის სიახლოვეს, მიაცილებდა რა პილატეს ერთ-ერთ თანაშემწეს. ამასთან, ჰერმიდეოსი დასაწყისში ქრისტეს წინააღმდეგ იყო განწყობილი და, როგორც თავად ამბობდა, ცდილობდა, დაერწმუნებინა პილატეს ცოლი, ხელი არ შეეშალა ქმრისთვის ქრისტესთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში. ჯვარცმამდე ის ქრისტეს მატყუარად მიიჩნევდა, ამიტომ თავისი ინიციატივით გაემართა შაბათ ღამეს სამარისკენ, რათა დარწმუნებულიყო, რომ იესო ქრისტე არ აღდგებოდა – მისი სხეული სამუდამოდ დარჩებოდა მიწაში, მაგრამ სულ სხვაგვარად წარიმართა ყოველივე.
„მივუახლოვდი სამარეს და ვიმყოფებოდი რა მისგან ას ორმოცდაათ ნაბიჯზე, – წერს ჰერმიდეოსი, – სისხამი განთიადის მკრთალ შუქზე ჩვენ დავინახეთ სამარესთან მყოფი დაცვა: ორი ადამიანი იჯდა, დანარჩენები მიწაზე იწვნენ. იყო საოცარი სიჩუმე. ჩვენ მივდიოდით ძალზე ნელა და გადაგვასწრო დაცვამ, რომელიც მიდიოდა სამარისკენ მათ შესაცვლელად, ვინც იქ საღამოს შემდეგ იმყოფებოდნენ. შემდეგ უეცრად ძლიერ განათდა. ჩვენ ვერ შევძელით გაგება, თუ საიდან იყო ეს სიწითლე, მაგრამ მალე დავინახეთ, რომ ის მოდიოდა ზემოდან – მბრწყინავი ღრუბლიდან, მბრწყინვალე შუქით შემოსილი. შემდეგ გაისმა გრუხუნი, მაგრამ არა ზეცაში, არამედ მიწაზე. ამ ხმაზე დარაჯები ფეხზე წამოიჭრნენ და შემდეგ დაეცნენ. ამ დროს საფლავისკენ მიმავალ ბილიკზე, ჩვენგან მარჯვნივ, მოდიოდა ქალი. მან უეცრად დაიყვირა: „განიხვნა! განიხვნა!“ და ამ დროს ჩვენ დავინახეთ, რომ მართლაც უდიდესი ქვა, რომელიც ხერგავდა გამოქვაბულის შესასვლელს, როგორღაც თავისით აიწია და გახსნა სამარეში შესასვლელი. ჩვენ ძალიან შევშინდით. მცირეოდენი დროის შემდეგ სინათლე საფლავზე გაქრა და ჩვეულებრივმა სიჩუმემ დაისადგურა. როდესაც საფლავს მივუახლოვდით, ცხადი გახდა, რომ იქ აღარ იყო დამარხული ადამიანის სხეული.
ჰერმიდეოსის მონათხრობი კიდევ ერთი მხრივაც არის საინტერესო. ის წერს, რომ ქრისტეს ჯვარცმამდე რამდენიმე ხნით ადრე, იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა – ერთ მხარეს კეისრის (ტიბერიუსის) დიდი გამოსახულებით, ხოლო მეორე მხარეს პილატეს პატარა გამოსახულებით. იესო ქრისტეს გასამართლების დღეს, როდესაც პილატეს მეუღლე ცდილობდა, დაერწმუნებინა ქმარი, არ გამოეტანა ქრისტესთვის სასიკვდილო განაჩენი (იმიტომ, რომ ის მთელი ღამე იტანჯებოდა ძილში მის გამო), ქალმა იკითხა: „რითი გამოისყიდი დანაშაულს, თუ შენ მიერ სიკვდილმისჯილი მართლა ღვთის ძეა და არა დამნაშავე?“ პილატემ უპასუხა: „თუ იგი მართლაც ღვთის ძეა, აღდგება და მაშინ, პირველი, რასაც გავაკეთებ, იქნება ის, რომ ავკრძალავ ჩემი გამოსახულების აღბეჭდვას მონეტაზე, სანამ მე ცოცხალი ვარ“.
მონეტაზე გამოსახვა რომში უდიდეს პატივად მიიჩნეოდა. პილატემ თავისი პირობა შეასრულა და მართლაც აკრძალა თავისი გამოსახულების აღბეჭდვა მონეტაზე. ჰერმიდეოსის ეს ცნობა დასტურდება რომის ნუმიზმატიკიდანაც.
სირიელი ეიშუ, განთქმული თავისი სამედიცინო ხელოვნებით, პილატეს პირადი მკურნალი გახლდათ. სახელოვან მკურნალს პილატემ დაავალა, ღამე გაეთია ქრისტეს საფლავთან – შაბათ საღამოდან კვირა დილამდე, თავის განუყრელ ხუთ თანაშემწესთან ერთად. ის, ასევე, მაცხოვრის დაკრძალვის მოწმეც გახლდათ. შაბათს მან ორჯერ მოიხილა საფლავი, ხოლო საღამოს კი, კვლავ საფლავზე დაბრუნდა ღამის გასათევად. მან იცოდა წინასწარმეტყველება ქრისტეს აღდგომის შესახებ, ამიტომ ღამით ისინი მორიგეობით ფზიხლობდნენ.
„ჩვენ, ყველანი – მკურნალები, დარაჯები, – წერს ეიშუ, – ვიყავით ჯანმრთელად, ფხიზლად, თავს ვგრძნობდით ჩვეულებრივად კარგად. არ გვქონდა არავითარი წინათგრძნობა. ვერც კი წარმოგვედგინა, რომ შეიძლებოდა, გარდაცვლილი გაცოცხლებულიყო. მაგრამ, ის ჭეშმარიტად აღდგა! ყველაფერი ეს საკუთარი თვალით ვიხილეთ“.
შემდგომ ამისა აღწერილია, თუ რა იხილა ეიშუმ.
ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი მცოდნე, აკადემიკოსი ბუზესკული (1858-1931) ამბობდა: „იესო ქრისტეს აღდგომა დადასტურებულია ეჭვმიუტანელი არქეოლოგიური და ისტორიული მონაპოვრებით და ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ივანე მრისხანისა და პეტრე დიდის ისტორიული არსებობა... იესო ქრისტეს აღდგომის უარყოფა ნიშნავს პილატეს, იულიუს კეისრის, ნერონის, ავგუსტუსის, ეფრაინეს, მარკუს ავრელიუსისა და მსოფლიო ისტორიაში ცნობილი მრავალი სხვა პიროვნების არსებობის უარყოფას“.
ეპიფანე აფრიკელი, ევსევი ეგვიპტელი, სარდიონ პანიდორელი, იპოლიტე მაკედონელი, ამონ ალექსანდრიელი, საბელინ ბერძენი, ისააკ იერუსალიმელი, კონსტანტინე ტირელი და მრავალი სხვა ავტორი ადასტურებს მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას.
ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა იმდროინდელ ებრაელ ავტორთა გადმოცემები. მათი უმრავლესობა, ჩვეულებისამებრ, საერთოდ დუმს აღდგომის ფაქტთან დაკავშირებით. იმ დროს ებრაელ მწერალთა შორის, რომლებიც პირდაპირ მოგვითხრობენ აღდგომის შესახებ, შეიძლება, ჩამოვთვალოთ ურის გალილეველი, ჰანონ მესოპოტამელი, შერბრუმი მამა, ფერნან სარეპტელი, მანანია ექიმი, ნავიენ ანტიოქელი და მაფერკანტო. განსაკუთრებით საყურადღებოა მაფერკანტოს ცნობები. ის იყო სინედრიონის ერთ-ერთი წევრი, მნე. სწორედ მისი ხელიდან მიიღო იუდა ისკარიოტელმა ქრისტეს გაცემისთვის ოცდაათი ვერცხლი. მაგრამ, როდესაც მაცხოვრის აღდგომის შემდეგ, იუდეველთა შორის განგაში ატყდა, მაფერკანტო პირველი იყო სინედრიონის წევრთაგან, რომელიც მაცხოვრის საფლავის გამოსაძიებლად მივიდა. ის დარწმუნდა, რომ აღდგომა მართლაც მოხდა. ის მივიდა იქ ოდნავ ადრე, დარაჯებისთვის ფულის გადასახდელად და დაინახა, რომ საფლავი საიმედოდ იყო დაცული. გადაუხადა ფული დარაჯებს და უკან გამობრუნდა, მაგრამ ოდნავ რომ მოშორდა საფლავს, გაისმა ქუხილი, რომლის შემდეგაც სამარის უზარმაზარი ქვა უხილავი ძალის მეშვეობით გადავარდა. უკან მობრუნებულმა მაფერკანტომ შორიდანვე შეამჩნია, თუ როგორ ნელ-ნელა გაქრა სამარის თავზე დავანებული სინათლე. ყოველივე ეს მაფერკანტოს აღწერილი აქვს თავის თხზულებაში „პალესტინის მმართველთა შესახებ“, რომელიც მიეკუთვნება პალესტინის ისტორიისთვის განსაკუთრებით სანდო და საიმედო წყაროთა რიცხვს.
„საპატრიარქოს უწყებანის“ (აკადემიკოს ივანე ბელეცკის) მიხედვით