არის თუ არა ყველა ადამიანში იგივე ცოდვები – მრუშობა, მამათმავლობა, რაც სხვა პიროვნებებში არ მოსწონთ და როგორ უნდა დავინახოთ საკუთარ თავში სიბნელე #15
ქრისტიანებს დღეს განსაკუთრებულად რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება: უამრავი განსაცელი და დაბრკოლებაა ირგვლივ, რომელიც რწმენაზე ცუდად მოქმედებს, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ქრისტიანი, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– მაცხოვარი ჩვენს ეკლესიას ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში აფრთხილებს: „წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ, მე ვძლიე წუთისოფელს“. ეს არის ყველაზე ნათელი განმარტება მაცხოვრის მხრიდან, თუ რა გველოდება ჩვენ; რომ არ ვართ უპატრონოები, ჩვენ გვყავს ქრისტე, მაცხოვარი, მესია, რომელმაც გაგვაფრთხილა: წუთისოფელში გექნებათ ჭირი, არ იქნებით გალაღებულები, ბედნიერები, მაგრამ ნუ გეშინიათ. მე ვიქნები თქვენთან, რადგან მე ვძლიე წუთისოფელს. ჩვენი საუბარი ეხება მართლმადიდებელ ქრისტიანებს და არა მათ, ვინც დიდი ხანია‚ ეკლესიაში არ დადის: ნელ-თბილი, გულგრილია და ხან აქეთ არის, ხან – იქით. მათთვისაც ნაკლებად მნიშვნელოვანია ეკლესიური ცხოვრება. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, უნდა ვილოცოთ, ვთხოვოთ უფალს, გაგვინათოს გონება‚ თუ როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს. დარწმუნებულობა საკუთარ თავში – ეს არის ხიბლის ნიშანი, როდესაც ადამიანს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ, რასაც გააკეთებს ხვალ, ზეგ ყველაფერი კარგად იქნება. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც თავმდაბალი, მლოცველია, ვისაც გარკვეული სულიერება გააჩნია, ევედრება ღმერთს‚ შეეწიოს ჩვენს ქვეყანას. ქანაანელი დედაკაცი საკუთარ თავს, შვილს, ძაღლს ადარებს. დღეს რომელი ადამიანი იტყვის: მე ვარ ძაღლის დარი და შენ დამეხმარე‚ ღმერთოო. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ბოროტებას, მის იდეოლოგიას, რადგან ბოროტება იქნება მანამდე, სანამ არ მოვა განკაცებული ღმერთი მეორედ, არ შებოჭავს მას მარადიულად და არ ჩააგდებს ტარტაროზში. თუ გვინდა, რომ დავამარცხოთ ბოროტება, ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, თავად უნდა ვიყოთ უკეთესი – თავმდაბალი, მლოცველი. უნდა ვაღიაროთ საკუთარი ცოდვები და დამერწმუნეთ‚ შედარებით უკეთესები ვიქნებით, ვიდრე დღეს ვართ.
– როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა სულიერ ცხოვრებას, განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი დაბრკოლებაა, თუნდაც სასულიერო პირების მხრიდან?
– ვინც ეკლესიაში დადის, ხშირად ამბობს: „ვიყავი წირვაზე, მადლი მივიღე, რა კარგი ქადაგება იყო, კარგი სიტუაცია, ჩემი სულიერი და-ძმა ვნახე“... როდესაც ამბობ, რომ სულიერი მადლი მიიღე, ჯერ უნდა იცოდე‚ რა არის მადლი. თუ იცი და ისე მიიღე, მაშ, რატომ ხარ დაბრმავებული და ვერაფერს ხედავ?! მადლი – ეს არის ღვთის უქმნელი ენერგია. თუ გვინდა, რომ აგვეხილოს თვალი, მადლი უნდა მივიღოთ ლოცვით, მარხვით, აღსარებითა და ზიარებით. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: ღვთაებრივი, უხილავი ძალა ქმნილებათა ნახვით შეიცნობა. ჩვენ ღმერთი არ გვინახავს, მაგრამ‚ როცა მზის ამოსვლას ვხედავთ, სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ, ერთმანეთი გვიყვარს, ეს ნიშნავს, რომ ღვთაებრივ სამყაროს ვხედავთ. თუ შენ ხედავ ღვთაებრივ სამყაროს, მეორე‚ რაც უნდა დაინახო, ეს შენი შინაგანი მდგომარეობაა, უნდა მიხვდე, რომ შენ ამ ღვთაებრივი სამყაროს ერთ-ერთი ნაწილი ხარ. ამიტომ‚ ყველამ საკუთარ თავში უნდა დაინახოს ცოდვილი, რადგან, ჩვენშიცაა ის ცოდვები, რაც სხვაში არ მოგვწონს, იგივე მრუშობა, მამათმავლობა... ყველა ცოდვა შეიძლება, იყოს ნებისმიერ ადამიანში. ასე რომ‚ სხვების განკითხვას, ჯობია‚ საკუთარი თავი, საკუთარი შინაგანი მდგომარეობა დავინახოთ; სხვების სულში ხელების ფათურს კი – საკუთარ სულში ვაფათუროთ და აუცილებლად დავინახავთ სიბნელეს. როცა მოძღვარი ქადაგებს, მას უნდა‚ ბევრი ადამიანი ამოიყვანოს ამ წუმპედან, მაგრამ, ამის გამო, ბევრიც გვაგინებს. მღვდელი სიმართლეს ამბობს, რაც ბევრს არ მოსწონს და ამიტომაც განიკითხავენ მას. უნდა დავინახოთ – ეს არის ჩვენ გარშემო არსებული გარემო. უნდა გაწუხებდეს შენ გარშემო მყოფი ადამიანების სატკივარი.
– დღეს ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენი ქვეყანა განსაცდელების წინაშე დგას. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ადამიანი?
– წმიდა მამები გვეუბნებიან: გაფრთხილდით, რადგან ბოროტი გესხმით თავს. ნუ შეგეშინდებათ, რადგან ბოროტებაა მთავარი, რომელიც ადამიანების დახმარებით მოქმედებს, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ჰაერში გამეფებულ არაწმიდა სულთან. მეორე‚ რაც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, ეს არის: აღიარე, რომ ეს განსაცდელი შენი ცოდვების გამო გეწვია. ანუ, ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე შენი ცოდვების გამო მივიდა. ყველაფერი ჩვენი ცოდვებიდან, არასწორი არჩევნიდან, იდეოლოგიიდან მომდინარეობს. ერთეული ადამიანები ვაქციეთ ღმერთად. მაგრამ, ამ დროს ქრისტიანი შიშმა არ უნდა მოიცვას. არაფრის არ უნდა შეეშინდეს. როცა ღმერთი შენთანაა, რას გიზამს კაცი? რაც მთავარია, შიშის გამო არაფერი არ უნდა გააკეთოთ – ვაიმე, ამას თუ არ გავაკეთებ, მაშინ ასე და ისე იქნებაო. ადამიანს უნდა ჰქონდეს მხოლოდ შიში ღვთისა და ეშმაკი გაიქცევა თქვენგან. დასაბამი სიბრძნისა – შიში უფლისა არს! იმის კი არ უნდა გეშინოდეს, რა მოხდება ხვალ ან ზეგ, არამედ, იმის – ღმერთმა არ მიგატოვოს, ან შენ არ მიატოვო ის. იმედი არ გადაიწუროთ, არ დაკარგოთ, არ თქვათ: „ვაიმე, რა გვეშველება, ვაიმე, რა იქნება, ხვალ რა დღეში ვიქნებით!..“ არასდროს თქვათ, ეს მე არ მეხება, მე რა უნდა გავაკეთოო. არ უნდა დაიწყოთ წუხილი, წუწუნი, რასაც ბევრი აკეთებს განსაცდელის ჟამს. იმედს კარგავს და არის დაჩიავებულ მდგომარეობაში: „დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ, მაინც არაფერი მშველის. იქნებ, იქ მოვიდე და იქ მაინც მეშველოს“. წუწუნი და წუხილი არ უხდება ქრისტიანს. როდესაც შენ გაქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, გყავს მაცხოვარი, ხარ ეკლესიის წევრი, რატომ წუწუნებ? ესე იგი‚ ღმერთი ბოროტია, ღმერთმა ჩაგაყენა ამ მდგომარეობაში? არა, ეს არის შენი ცოდვებიდან გამომდინარე. ამიტომ, თუ რამე წუხილი და წუწუნია შენში, საკუთარ თავს დააბრალე და დამშვიდდები. ახლად მოქცეული ხარ, ბევრი რამ უნდა ისწავლო, ვერ იქნები სხვების მასწავლებელი. ადამიანი მოვა ეკლესიაში და, როგორც კი გავა ორი თვე, ის მაშინვე იწყებს ქადაგებას. თქვენი თავმდაბლობით უნდა აჩვენოთ, რა იცით მათზე მეტი. გულით და სულით გაიზიარეთ სხვისი ჭირი. ვინც უკვე დაგვასწრო მწუხარება და სიხარული, მათთან თავმდაბლობით მიდითო – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი ქრისტიანი და თავად მოძღვარიც, დღეს მძიმე მდგომარეობაშია. მრევლი დაბეჩავებულია – რასაც მოძღვარი იტყვის, იმას აკეთებენ. შეიძლება, მოძღვარზე კარგი განათლება ჰქონდეს მრევლს, კარგი აზრი თქვას. ამიტომ, ხანდახან მღვდელმაც უნდა მოუსმინოს მას, რადგან ხშირად, სულიწმიდაც საუბრობს მრევლისა და ადამიანებისგან. ერთმანეთის აზრები უნდა გავიზიაროთ და გადავამოწმოთ საეკლესიო სწავლებით, სწორია თუ არა ჩვენი აზრი და გრძნობა. ხშირად ვიცით თქმა: შემეშალა, „ჩავიჭერი”. ადამიანს ყველაზე ხშირად ორი რამ ეშლება ღმერთთან და მოყვასთან. როცა გეშლება ღმერთთან, ავტომატურად გეშლება მოყვასთანაც. თუ ღმერთს წინ არ დავაყენებთ, თუ არ ვიქნებით თავმდაბალი, პირადი მაგალითით ოჯახში არ შევიტანთ ქრისტიანობას; თუ მოყვასი არ გვეყვარება და სიყვარულში არ ვიქნებით, ვერც ბედნიერებას მივაღწევთ.