რატომ შეიერთა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „სამხრეთ ოსური“ ჯარი და სჭირდება თუ არა ახლო აღმოსავლეთში პოზიციის გასაძლიერებლად საქართველოს დამატებითი ტერიტორიის ოკუპაცია #15
იმის პარალელურად, რომ გუდაუთაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (C 300) შეიტანა, რფ-ის თავდაცვის სამინისტრომ „იუჟნაია ოსეტიას“ შეიარაღებულ ძალებად წოდებულებიც დაიქვემდებარა (სამიოდ წლის წინათ კი აფხაზეთთან გააფორმა ეგრეთ წოდებული სამხედრო ხელშეკრულება). იმას გარდა, რომ აფხაზეთში უკვე ჩატარდა „საპარლამენტო არჩევნები“ და „ნაპრეზიდენტალი“ ალექსანდრე ანქვაბი აწ უკვე დეპუტატად მოევლინა მშობლიურ სეპარატისტულ აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონში – „საპრეზიდენტოს“ ელიან 9 აპრილს (ამასთან, რეფერენდუმსაც მართავენ „იუჟნაია ოსეტიისთვის“ „იუჟნაია ალანიას“ დარქმევის მოთხოვნით). ფაქტია, რომ ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი კონფიგურაციას ცვლის გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად. როგორ აისახება ეს ტაქტიკური სვლები საქართველოს უსაფრთხოებაზე, – ამ თემას ექსპერტთან კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
– რეალურად არაფერს ცვლის, რუსეთმა რომ ოსური „შეიარაღებული ძალები“ დაიქვემდებარა, მაგრამ ტაქტიკური დანიშნულება აშკარად აქვს. ახლო აღმოსავლეთისკენ იმყარებს პოზიციებს თუ სრულიად კავკასიაში ცდილობს, დამკვიდრდეს?
– ეს არის გეოპოლიტიკური ვითარების შედეგი. გეოპოლიტიკური ვითარებაა, რომ ახლო აღმოსავლეთის პრობლემა არსებობს და იქ შექმნილი ვითარება კავკასიაზეც ვრცელდება; გეოპოლიტიკური ვითარებაა, რომ, მიუხედავად თითქოს თანამშრომლობისა, რუსეთი თურქეთს არ ენდობა, გარდა იმისა, რომ თურქეთი მაინც „ნატოს“ წევრია და რუსეთი „ნატოს“ არ ენდობა; ამასთან, რუსეთი ცდილობს, მზად იყოს „ნატოს“ სავარაუდო გააქტიურებისთვის სამხრეთ კავკასიაში.
– შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების პროგრამას გულისხმობთ?
– ამასაც: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოთში შესაძლოა, განთავსდეს „ნატოს“ საზღვაო ძალების სეგმენტი და პირადად მე, ამას დავუკავშირე ბათუმის მოვლენებიც. ამასთან, რუსეთს უნდა, რომ ახლოს იყოს იმ ენერგეტიკულ დერეფნებთან, რომლებიც აზიიდან კვებავს ევროპას. საბოლოოდ, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც გულისხმობს მსხვილი მოთამაშეების ჭიდილს. ამის შედეგიცაა ის, რაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება იმას, შეიყვანენ თუ არა სამხრეთ ოსურ ჯარს რუსეთის თავდაცვის უწყებაში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რუსულ ჯარში, რომელიც დგას ცხინვალში, „პრაპორშიკების“ უმეტესობა ოსია, ნაწილი – ჩრდილოელი ოსი, ნაწილი – ადგილობრივი. ახლა აშკარად გააერთიანეს, რითაც რუსეთმა თავისი ძალის დემონსტრირება მოახდინა. რუსეთი ჯერჯერობით არ აპირებს ტერიტორიის მიერთებას, თუმცა, თუ დასჭირდა, ამასაც გააკეთებს. იტოვებს ამ თემას ვაჭრობისთვის.
– ნიადაგს მოამზადებს და კრიტიკულ მომენტში უბრალოდ გააფორმებს მიერთებით. თუმცა, ჩვენთვის სულერთია თიბილოვი, ბიბილოვი…
– სულერთია, უბრალოდ, თიბილოვი მაინც ძველი ყაიდის ჩინოვნიკია, მიუხედავად ანტიქართული განცხადებებისა. 1996 თუ 1997 წელს ცხინვალის რეგიონიდან ჩამოსული იყო დელეგაცია პარლამენტში. ამ დელეგაციაში იყვნენ ეგრეთ წოდებული „კა გე ბეს“ უფროსი ალბოროვი და თიბილოვი, მისი მოადგილე.
– თიბილოვი უშიშროების კადრია?
– ყოფილი საბჭოთა „კა გე ბეს“ კადრი. კაბინეტი შეეშალათ და მახსოვს, ალბოროვმა იკითხა, სად არის ჩვენი მინისტრიო. ალბოროვი არ იყო წარმოშობით ცხინვალელი, ახალციხელი გახლდათ და ქართულად კარგად ლაპარაკობდა. გაკვირვებულმა შევხედე, ვერ მივხვდი, ვის გულისხმობდა, ავთო იოსელიანს ვეძებთო. თიბილოვიც გვერდით ედგა. შემდეგ ალბოროვი ააფეთქეს, თუ გახსოვთ და მისი მკვლელი მამა-შვილი ახლახან დააპატიმრეს ყაბარდო-ბალყარეთში. აი, ასეთი დამოკიდებულება იყო მაშინ, რადგან ერთ დროს თიბილოვიც და ანქვაბიც ქართველ ძალოვნებს ექვემდებარებოდნენ. ორივე საბჭოთა საქართველოს „კა გე ბეში“ მუშაობდა. ბიბილოვი შედარებით ახალგაზრდაა და უფრო აქტიურობდა ორი ოსეთის გაერთიანების საკითხში. ახლანდელი რეფერენდუმი თიბილოვმა იმიტომ გამოაცხადა, რომ ბიბილოვისთვის წაერთმია ინიციატივა. ბიბილოვი ზაფხულში აპირებდა ორი ოსეთის გაერთიანების მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებას. თიბილოვმა არ ჩაატარებინა, იმიტომ რომ, მოსკოვიდან დაავალეს. მოსკოვს არ აძლევდა ხელს მაშინ ეს აურზაური. ბიბილოვს არ ჩაატარებინა, სამაგიეროდ, დაჰპირდა ხალხს, რომ თვითონ ჩაატარებდა და ეს სახელწოდების შესაცვლელი რეფერენდუმი ტარდება სწორედ 9 აპრილს.
– 9 აპრილს შეგნებულად დაამთხვიეს?
– ობიექტურადაც უწევდა ვადით, მაგრამ დამთხვევის ელემენტიც არის. შიდა დაპირისპირების შედეგიცაა და, ეტყობა, მოსკოვთანაცაა შეთანხმებული. თუმცა ამან ჩრდილო კავკასიაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რაც ჯერ არ ჩამცხრალა, განსაკუთრებით ყარაჩაელებში, ბალყარელებსა და ინგუშებში. მათ ყოველთვის განსაკუთრებული რეაქცია აქვთ ოსების ნებისმიერ ინიციატივაზე.
– მათ რა იმით, რას დაირქმევენ ეს ჩვენი სეპარატისტები: ალანიას თუ სამარსიანოს?
– ყარაჩაელები და ბალყარელები მიიჩნევენ, რომ ისინი არიან ალანების შთამომავლები და ამიტომ ძალიან მწვავედ განიცდიან ამას. ყარაჩაელ ხალხთა კონგრესმა უკვე გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილი. რუსი ისტორიკოსების დასკვნით, ალანების ელემენტები არის როგორც ყარაჩაელთა და ბალყარელების ეთნიკურ ჯგუფში, ისე ოსურში. თუმცა არ ცნობენ იმ ფაქტს, რომ ცალსახად რომელიმე ეთნოსი იყოს ალანების შთამომავალი.
– მე მაინც მგონია, რომ რუსეთი ამ აქტივობებით ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებში, თავისი გავლენის სფეროს პერიმეტრს ნიშნავს, თავისი რაკეტების რადიუსით. შესაბამისად, ამ ეტაპზე აქვს მნიშვნელობა მისთვის, რომ ტერიტორიულად უფრო ღრმად შემოვიდეს საქართველოს სიღრმეში? რეალურად ხომ მაინც აკონტროლებს პერიმეტრს იმ ბაზებიდან, რომლებიც აქვს აფხაზეთსა და ცხინვალში?
– იმ ბაზებიდან, რაც ცხინვალსა და აფხაზეთში აქვს, საქართველოს ტერიტორიას კი არ აკონტროლებს, არამედ თურქეთსა და ირანის დიდ ნაწილს. რაც შეეხება შავი ზღვის აკვატორიას – მას თითქმის მთლიანად. ყოველ შემთხვევაში, მისი სარაკეტო დანადგარები და საავიაციო შენაერთები, რომლებიც აფხაზეთში ჰყავს, რუმინეთამდე და ბულგარეთამდე აღწევს. რაც შეეხება ტერიტორიების დაკავებას, აფხაზეთის მხრიდან ეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ, იქ ბუნებრივი საზღვარი არსებობს ენგურის სახით, ნაბაკევის დაკავებასაც კი არ ცდილობენ, რომელიც ენგურს იქითაა, მაგრამ ზუგდიდის რაიონია. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიას: აქ საინტერესო ისაა, რომ მათ აქვთ სხვადასხვა ტიპის რუკები, 1921 წლიდან მოყოლებული 1934 წლის ჩათვლით და ამ რუკებით მანიპულირებენ, მაგრამ მხოლოდ მანიპულაციაში არ არის საქმე. დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ ისინი ცდილობენ, სტრატეგიული ადგილები დაიკავონ. სხვათა შორის, ახალგორის დაკავების მიზეზიც ეგ იყო. ახალგორიდან კონტროლდება ტრანსკავკასიური მაგისტრალი. ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ერთი მონაკვეთი კი საერთოდაც მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის. მოკლედ, არ ვვარაუდობ, რომ ამ ეტაპზე აპირებენ „საზღვრის“ გადმოწევას ტრანსკავკასიურ მაგისტრალამდე. თუმცა, თუკი საჩხერის რაიონთან განსაზღვრულია „საზღვარი“, რთული ვითარებაა საქართველოს სამხედრო გზის პარალელურად. იმიტომ რომ, სხვადასხვა რუკაზე საზღვარი სხვადასხვანაირადაა დატანილი. ზოგიერთ რუკაზე გადის მთის ქედზე, ზოგან გადმოდის ქვემოთ, მაგალითად, სოფელ მლეთასთან. წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს მლეთასთან რომ დადგნენ რუსი მესაზღვრეები. ეს საქართველოს სავაჭრო კომუნიკაციებისთვის იქნება სტაგნაცია.
– და ამ დროს გარკვეული პოლიტიკური ძალა ქმნის უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომ საქართველომ გაატარა რუსეთის სამხედრო ტვირთი, თუმცა ტვირთი იყო არასამხედრო. თითქოს ბრძოლით რომ შემოვიდეს რუსეთი, აღშფოთებულები წინა ხაზზე აპირებენ გაჭრას რუსებთან საომრად?
– მაღიზიანებს ხოლმე სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდი ნაწილის არაინფორმირებულობა, აზრზე რომ არ არიან და მსჯელობენ. განსაკუთრებულად არ უმართლებია თავი ხელისუფლებას, იმიტომ რომ, ვერ იტყვის, როგორ უნდა იყოს დაცული თრუსოს ხეობა. ამ დროს კი ხეობა დაცულია. არადა თრუსოს ხეობა იყო ერთ-ერთი მგრძნობიარე თემა, იმიტომ რომ, თრუსოს ხეობის დაკავების გეგმა ორჯერ ჩაუშალეს მოწინააღმდეგეს. ისინი აპირებდნენ თრუსოს ხეობის დაბრუნებას იმ ოსური მოსახლეობის დაბრუნებით, რომლებიც იქ ადრე ცხოვრობდნენ. დღეს ეს უკვე გამორიცხულია, მაგრამ 5-6 წლის წინათ აქტუალური იყო. სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნა ვლადიკავკაზში ორგანიზაცია „დარიალი“, რომლის ამოცანაც იყო თრუსოს ხეობის დაკავება ჯერ მშვიდობიანი გზით და მერე უკვე ჯარის მიხმარებით.
– რას უკავშირდება ანქვაბის გამოჩენა ავანსცენაზე: ასეთი დემოკრატიული არჩევნები ტარდება აფხაზეთში?
– ვიდრე ანქვაბის გამოჩენაზე ვისაუბრებთ, მინდა, ერთ საინტერესო ნიუანსს მიაქციოს ყურადღება მკითხველმა. აქვე კი იმას ვიტყვი, რომ ცხინვალში, რუსეთის ჯარში სულ 200-კაციანი შენაერთი გაერთიანდა. აფხაზეთშიც მოხდა რაღაც ფორმით სამხედრო ძალების შეერთება, თუმცა მხოლოდ საომარ ვითარებაში დაექვემდებარებიან ერთიან რუსულ სამხედრო ხელმძღვანელობას. მეორე მხრივ, ბევრი აფხაზი ახალგაზრდა ისედაც მიდის რუსეთის ჯარში, განსაკუთრებით, სასაზღვროში. რადგან იქ კარგი ხელფასებია. დიდი აჟიოტაჟი ატყდა ქართულ პრესაში იმის გამო, რომ აფხაზური შინაგან საქმეთა სამინისტრო გადადიოდა რუსეთის კონტროლქვეშ. მაგრამ იმ დოკუმენტისთვის დღემდე არ მოუწერია ხელი ხაჯიმბას. საერთოდ, ხაჯიმბამ ვერცერთი დანაპირები ვერ შეასრულა, რაც დაჰპირდა როგორც მოსკოვს, ისე აფხაზებს, იმას გარდა, რომ ქართველებს პასპორტები წაართვა, ამიტომაც აქვს მოსკოვს მისადმი ორმაგი დამოკიდებულება და ის მოხდა აფხაზეთში, რაც მოხდა: როდესაც პარლამენტში ნახევარი ხაჯიმბას მხარდამჭერი გავიდა, მაგრამ იქ კიდევ არის ორი ჯგუფი ტაბაღუასა და ანქვაბის, რომლებიც სისხლს გაუშრობენ აფხაზეთის ხელისუფლებას. იმ ნახევრიდან კი რამდენი იქნება ხაჯიმბას ბოლომდე ერთგული, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ანქვაბი ისეთი პიროვნებაა, შეუძლია, ორი კაცით გააკეთოს საქმე და აუცილებლად მიიბამს პარლამენტს. შეიძლება, სპიკერის თანამდებობა ვერ მიიღოს, მაგრამ სიტუაციას სათავისოდ დაალაგებს.
– რას ნიშნავს „სათავისოდ დაალაგებს“?
– ის იქნება პარლამენტის მთავარი ვარსკვლავი.
– ვისი ვარსკვლავი იქნება?
– ამას დრო გამოაჩენს. მოსკოვმა ვერაფრით მოახერხა თავის დროზე, რომ ანქვაბი თავისი ვარსკვლავი გაეხადა, ანქვაბი პოზიციონირებს, როგორც ნაციონალისტი. მაგრამ, როგორც უშიშროების ძალიან გამოცდილი თანამშრომელი, თუმცა საბჭოთა საქართველოს შსს-ში მსახურობდა. ცდილობს, გუგულივით ყველა ბუდეში ჩადოს თავისი კვერცხი. მოსკოვში, ასეა თუ ისე, ურთიერთობა მოაწესრიგა, აფხაზეთში – მით უმეტეს და სხვაგანაც თუ მოინდომებს, იქაც გააკეთებს.