რატომ გადააბარეს ქართველმა მამაკაცებმა თავიანთი ფუნქციები ქალებს და რატომ სჭირდება ქართველ კაცს მამაკაცად ჩამოყალიბებისთვის ქალის იძულება #15
ჩემი დაკვირვებით, ქართულ რეალობაში ქალი მამაკაცში მამაკაცური თვისებების გაღვიძების საშუალებაა. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული კულტურის არქეტიპი, ანუ საწყისი ქალურია, ეს თითქოს ბუნებრივი მოვლენაა, რაც აისახა კიდეც ქართველების საკულტო „ვეფხისტყაოსანში“ (როდესაც ნესტანი მტირალ ტარიელს ზედმიწევნით ზუსტად არიგებს, როგორ უნდა აიცილოს თავიდან ნესტანის, ანუ საყვარელი ქალის გათხოვებაც და სამეფოს დაკარგვაც), თამარისთვის მეფის ტიტულის მინიჭებაში და ქეთევან დედოფლის ყველაზე დიდმოწამეობაში (მეჩვიდმეტე საუკუნეში ევროპელი მისიონერების თვალწინ ის ისევე მხეცურად აწამეს, როგორც პირველი საუკუნეების ქრისტიანები). არც ისაა დიდი საიდუმლო, რომ ქართველმა ქალებმა მეოცე საუკუნის მიწურულსაც გამოიჩინეს თავი და ოჯახში ქცევის მამაკაცური ფუნქციაც იტვირთეს. შესაბამისად, იბადება რიტორიკული კითხვა: სწორედ ქართველი ქალების ძალისხმევის შედეგი ხომ არ არის, რომ ქართველმა მამაკაცებმა დაკარგეს თავიანთი ფუნქციები (ზოგად ტენდენციას ვგულისხმობ). ამ კითხვაზე პასუხის მიღებას საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ ხელმძღვანელისგან, ფსიქოლოგ რუსუდან ფხაკაძისგან შევეცდებით.
– როგორია ქალისა და მამაკაცის წვლილი იმ სავალალო ქართულ რეალობაში, როდესაც როლები არათუ აირია, ლამის გაიცვალა?
– რთული თემაა და რთული კუთხე, რაც მთავარია, კატეგორიული – მოვლენის დასანახად. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჯერ ერთი, მამაკაცის ფუნქცია დაცვაა: უნდა დაიცვას სამშობლო, ოჯახი. ამას გარდა, შეასრულოს სხვა როლები, იყოს სიმბოლო ვაჟკაცურობის, მამაკაცურობის. ბევრი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი. მაგრამ შეიქმნა ვითარება, როდესაც მამაკაცი ვერც სამშობლოს იცავს, ვერც საკუთარ ოჯახს ფინანსური თვალსაზრისით, იმიტომ რომ, დღეს ქალები უფრო ადაპტირდნენ და უფრო მოქნილები აღმოჩნდნენ შეცვლილი კონკურენტული სიტუაციის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, რის გამო: ქალებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ თუ უფრო ნაკლები პატივმოყვარეობა. ეს უკვე ფსიქოლოგიური მექანიზმია, რაზეც ხელის ერთი მოსმით ვერ იტყვი, თუ რატომ. ანუ სიტუაციაში, როდესაც გაუჭირდათ მამაკაცებს, გაჩნდა ცარიელი ადგილები და ეს ვაკუუმი შეავსეს ქალებმა.
– მთლად თავიანთი ნებით თუ დაუცველები დარჩნენ და სხვა გზა არ ჰქონდათ?
– არსებობს დაუცველი ქალის სინდრომი და, ზოგადად, ქალი ყოველთვის დაუცველია. მას არ აქვს დაცვის მექანიზმები, მით უმეტეს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან მაქვს ურთიერთობა და ეს ქალები სწორედ რომ დაუცველები არიან. ვერ ახერხებენ თავიანთი თავის დაცვას, პოლიციაც რომ გამოიძახონ, იმასაც კი.
– დაუცველები არიანო, რას ნიშნავს? პოლიციას გამოიძახებ და ის დაგიცავს. ანუ ვერ ახერხებენ, გამოიყენონ ის საშუალებები, რაც არსებობს?
– ვერ ახერხებენ უამრავი ფაქტორის გამო. ჯერ ერთი, როდესაც მუდმივად რაღაც წნეხის ქვეშ იმყოფები, ეს ეხება როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, შენი შინაგანი ბუნება განიცდის ტრანსფორმაციას უარესობისკენ. რაღაცეების აღარ გჯერა, უპირველესად, საკუთარი თავის. თვითშეფასება გიმცირდება, იჯერებ, რომ არაფერი შეგიძლია და არაფრის უნარი არ გაქვს. მით უმეტეს, რომ ჩვენთან სიტუაცია არაჯანსაღ კონკურენტულ წარმატებაზეა ორიენტირებული. გარდა ცოდნისა და უნარისა, სხვა სახის ენერგეტიკაც უნდა გქონდეს.
– ფხას გულისხმობთ?
– ფხა კიდევ კარგი სიტყვაა, მე ვამბობ ცხოველურ ენერგეტიკაზე. ჯუნგლების კანონების მიმართ ყველა მდგრადი ვერ არის., ამდენად, უფრო მეტი დაუცველი ქალიც და მამაკაცი გააჩინა ამ სიტუაციამ. მამაკაცების დაუცველობა უფრო მკაფიოდ გამოიხატა, იმიტომ რომ, მათი როლი მკვეთრად იყო განსაზღვრული. მათ უნდა დაეცვათ სამშობლო, ოჯახიც და ასე შემდეგ, რაც არ მოხდა. ანუ დამარცხებული ერის სინდრომს ვატარებთ. დამარცხებული ერის სინდრომი გერმანიამაც გაიარა, მაგრამ ამის შემდეგ განვითარდნენ. ჩვენ რომ ერთ ადგილას გავიყინეთ და მხოლოდ სხვისი ყურება და პლაგიატობაა ჩვენთვის მთავარი მამოძრავებელი, ესეც დამარცხებულობის შედეგია, როდესაც დაგვიქვეითდა თვითშეფასება ჩვენი თვითმყოფადობის მიმართ. როგორც ძალადობის მსხვერპლებს უქვეითდებათ თვითშეფასება, ასევე, ერსაც დაუქვეითდა თვითშეფასება: ამიტომ ჯერ იყო რუსული, ახლა ინგლისურია…
– ერთ პერიოდში კინაღამ ჩინური დაგვასწავლეს.
– დიახ… მეორე მხრივ, ამ მამაკაცებსაც ხომ ქალები ზრდიან?! აღზრდა ძალიან რთული პროცესია და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას აკეთებს მშობელი, უპირველესად, დედა. იმიტომ რომ, დედის მიმართ სიყვარული თანშობილია, მამის მიმართ სიყვარული კი – შეძენილი. ამდენად, მნიშვნელოვანია, მიჯაჭვულობის როგორ მოდელს უქმნის დედა შვილს: უსაფრთხო მიჯაჭვულობის თუ ბაზისური შფოთვის. ეს ყველაფერი იმდენად რთულია, რომ ზოგჯერ თვითონ მშობელიც ვერ აცნობიერებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მისი დამოკიდებულება შვილის მიმართ, ჩვილობაშიც კი. ბავშვთა ფსიქოლოგიაში გადავედით. აღზრდისადმი ჩვენი დამოკიდებულების მთავარი ნაკლოვანება ის არის, რომ შვილებს მათთვის კი არ ვზრდით, მათი დამოუკიდებელი არსებობისთვის, არამედ ვზრდით ჩვენთვის. მე რომ გაგზარდე, მე მეკუთვნი. ზოგი მშობელი აცნობიერებს ამას, ზოგი ვერ აცნობიერებს.
– ჩვენს რეალობაში მშობლები შვილებს, ძირითადად, საკუთარი არარეალიზებული მიზნების შესრულებას აიძულებენ.
– აი, ამაზე ვამბობ სწორედ. რაც მეტი მშობელი გააცნობიერებს ამას, მით მეტი ჯანსაღი ქალი და მამაკაცი გვეყოლება საზოგადოებაშიც. ყველაზე ძალიან მაწუხებს ეს ძალიან არაჯანსაღი კონკურენტულობა: ყველა მეთოდი რომ გამართლებულია, ოღონდ საკუთარი თვითშეფასება რაღაცით მაინც ავიმაღლოთ. ეს უკვე ნიშნავს, რომ ვერ ვძლევთ დამარცხებულობის სინდრომს, არ ვართ თავისუფლები და კმაყოფილები. თუმცა ამ დროს ქალებს დავუმატეთ მამაკაცების გამამაკაცურობის ფუნქციაც…
– მაგრამ მამაკაცებს აშკარად სჭირდებათ შეჩიჩხინება. თუ დააძალებს ქალი, მამაკაცურ თვისებებს აამუშავებს. ქართულ ზღაპრებშიც ხშირია სიუჟეტი, როდესაც ქალი ასწავლის, როგორ უნდა მოიქცეს და სულ ჭკუას არიგებს.
– იმიტომ რომ, ქალი მაინც კონსტანტობის ნიშანია, მამაკაცი უფრო დინამიკურია. როლები განაწილებული იყო და არც ჩიოდნენ ამის გამო. არავის უფლება არ ითრგუნებოდა ამით, ნებაყოფლობით ინაწილებდნენ როლებს. თუმცა იმავე ისტორიაში იყვნენ მაია წყნეთელი, თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი. ასე რომ, მკაცრი გალაშქრებები არ ყოფილა.
– რომ, მაინცდამაინც, მამაკაცების ექსკლუზივია ქვეყნის დაცვა. ქართველი ქალები ვაჟების აღზრდისას სად უშვებენ მთავარ შეცდომას? შეგიმჩნევიათ, ალბათ, როგორ ევლებიან ხოლმე თავს პატარა ბიჭუნას დედა, დეიდა, ბებია – ხომ არ დაუბერა, მძიმე ხომ არ აწია, ხომ თბილად ახურავს. არ იცის ქართველმა ქალმა, რომ მამაკაცი ვერ გამოდნება ასეთი პატარა ბიჭუნასგან?
– ერთია პირადი, ოჯახური მოდელები და მეორე, როგორი იყო ისტორიული ფონი. პატრიარქატი ჰაერიდან ხომ არ მოსულა?! საქართველო ყოველთვის მტრების გარემოცვაში იყო, ომში კი მამაკაცები მიდიოდნენ და იღუპებოდნენ. ამის გამო მათ მიმართ მეტ ყურადღებას იჩენდნენ. ქალებს აუპატიურებდნენ, რაც, ასევე, არ არის კარგი, მაგრამ მამაკაცები იხოცებოდნენ. ამ ისტორიული გამოცდილებით, მათი სიცოცხლე თავისთავად უფრო მეტი რისკის ქვეშ იყო. ამასთან, მცირერიცხოვანი ერი ვიყავით, მუდმივად ასიმილაციის საფრთხის წინაშე ვიდექით და ამდენად, უფრო მნიშვნელოვანი იყო მამაკაცებზე ზრუნვა, მათი მოვლა. ეს დამოკიდებულება შემოგვრჩა რუდიმენტის სახით. არადა დღეს უკვე ყველას სჭირდება გაფრთხილება, იმიტომ რომ, სხვანაირი ომია. ეკლესიაშიც ჯერ რატომ აზიარებენ მამაკაცებს? სწორედ ისტორიული პირობების გამო: ისინი ომში უნდა წასულიყვნენ. ასეთი რუდიმენტები ყველგანაა შემორჩენილი. სიტუაციამაც ვერ აუღო ალღო და მით უმეტეს, ვერ აუღეს ალღო ცალკეულმა ადამიანებმა, რომლებიც ასეთ მოცემულობაში აღიზარდნენ და ჩაოყალიბდნენ. დღეს აშკარად შეინიშნება კრიტიკული აზროვნების დეფიციტი. ჩვენ პირდაპირ ვყლაპავთ მოცემულობებს. თითქოს ვჩივით, რომ ტელევიზიით სისულელეებს გადმოსცემენ, მაგრამ მაინც ვყლაპავთ ამ ყველაფერს. ამ შინაარსებით ველაპარაკებით ერთმანეთს. არანაირი მსჯელობა, არანაირი აზროვნება. აქა-იქ მეცნიერთა პრეროგატივა გახდა მსჯელობა ამა თუ იმ პრობლემაზე.
– როგორ ხდება, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები აღზრდიან მოძალადე მამაკაცებს?
– ძალადობის მსხვერპლი ქალები, როგორც წესი, მოძალადე თაობას მოგვცემენ. ამიტომ ვებრძვით ოჯახში ძალადობას. როდესაც ქალის მეობა დარღვეულია, მისი თვითშეფასება დაკნინებულია, მახინჯი ფორმა აქვს. თუ მშობელი თავად ვერ წყვეტს დამოუკიდებლობის ამოცანას, ლოზუნგებით არავინ იზრდება. ამიტომაც უნდა ვაღიაროთ ოჯახური ძალადობა სოციალურ მოვლენად.
– როგორც ჩანს, მამაკაცებზეც მოქმედებს ეს ძალადობა.
– აუცილებლად, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იმყოფებიან მამაკაცებიც, უბრალოდ, მითოსური ვაჟკაცობის მოდელიდან გამომდინარე მენტალობა არ აძლევთ საშუალებას, ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ. ბიჭი ხარ და რატომ ტირი, ბიჭი ხარ და ამაზე რატომ ლაპარაკობ. ამ დროს კი აუცილებელია.
– არც მე მიყვარს მტირალა მამაკაცები.
– მტირალა არც მამაკაცი მიყვარს და არც ქალი. ვეთანმხები ლოპე დე ვეგას, ვისაც ცოტა უნახავს, ის ბევრს ტირისო.
– ქართველი ფემინისტები აკრიტიკებენ თეზას, რომ ბიჭი ხარ და არ უნდა იტირო.
– ქართველი ფემინისტები ჯერ იმ დონემდე მივიდნენ, რა დონეზეც იყვნენ, გნებავთ, ლიბერალური, გნებავთ, რადიკალი ფემინისტები, რომლებიც მართლაც იბრძოდნენ ქალთა უფლებებისთვის, საარჩევნო ხმის უფლებისთვის, კანონმდებლობებისთვის. მხოლოდ სხვისი ძაგება და საკუთარი თავის გამოჩენა არ არის ფემინიზმი. ფემინიზმი არის ქალთა საკითხებისთვის ბრძოლა და ქალთა უფლებების მოპოვება. ეს ქართული რაღაც ყველაფერი უცნაურია.
– დიახ, ძალიან აგრესიულები არიან ჩვენებური ფემინისტები.
– აი, ესაა საინტერესო სწორედ, რითაა გამოწვეული ეს აგრესიულობა?! სამშობლოს დაცვაც აგრესიაა. აბა, ნორმალური კაცი ტანკს როგორ შეუვარდება?! იმიტომ აკეთებს ამას, რომ აგრესიულია, მაგრამ გააჩნია აგრესიის საფუძველს, რის გამო ხარ აგრესიული. ერთ შემთხვევაში აგრესია არის პატრიოტიზმი და მეორე შემთხვევაში – დანაშაული. ერთი და იგივე ქცევა, იმისდა მიხედვით, თუ რა მოტივი აქვს, სხვადასხვა ქცევადაა აღიარებული ფსიქოლოგიაში.
– ისევ ქალზე მეტი პასუხისმგებლობა რატომ მოდის?
– ქალის ტიპსაც გააჩნია, ჩემ ირგვლივ უამრავი ქალია, სულ არ აუღიათ პასუხისგმებლობა არაფერზე და მშვენივრად არსებობენ, რაც ისინი მახსოვს. მიკვირს კიდეც, უამრავი ქალი როგორ ახერხებს ასეთ პარაზიტულ ცხოვრებას. არც სწავლობენ, არც მუშაობენ, არც განვითარება უნდათ. ამ დროს ოჯახი ჰყავთ, შესაბამისი გარემოც და მშვენივრად არიან. ოღონდ მხოლოდ ჩვენთან შეიძლება, იცხოვრო ასეთ პირობებში. მაგალითად, გერმანიაში ვერ გაჩერდება ასეთი ადამიანი, გინდა ქალი და გინდა კაცი.
– და ასეთი ქალები სწორედ მამაკაცების ხარჯზეც ცხოვრობენ.
– დიახ, დიახ. მიხვდებოდით, რომ ვერიდები პირდაპირ დიაგნოსტირებას.
– თუ მამაკაცის რომელიმე ფუნქციას აიღებ, იმ ფუნქციას ავტომატურად დაკარგავს მამაკაცი.
– დიახ, რასაკვირველია, დაგითმობს.
– ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ სურათი ოდნავ მაინც არ შეცვლილა უკეთესობისკენ?
– მე ვიტყოდი, რომ ძალადობამ უფრო გლობალური ფორმა მიიღო. იმდენად ბუნებრივი გახდა უკვე, აღარც ვიცით, რომ ეს ძალადობაა. ასეთ დეპრესიულსა და არაოპტიმისტურ შეფასებას ვაძლევ სიტუაციას. ზოგადად, ჩვენთან ქალები ერთმანეთს სოლიდარობას არ უცხადებენ. ვერ ჩამოყალიბდა საქართველოში ქალთა მოძრაობა. თუ ამდენი დაჩაგრული და უბედურია, მაშინ გაერთიანდნენ?! მაგრამ არა, საამისო მცდელობაც კი არ ყოფილა.