ჩამოლაბორატნებული #15
ანუ „მალიარი
ხარ, ბიჭო“?!
თქვა და აასრულა: გასული კვირის დაისზე ჩვენი ნაპრეზიდენტალი (ცხადია, მიხეილ სააკაშვილი) უკრაინული ტელეკომპანია „ზიკის“ ეთერით ტელეწამყვანის ამპლუაში წარდგა ფართო აუდიტორიის წინაშე.
თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინულადაც მიმართა აუდიტორიას: მე ვარ ტელეწამყვანი მიხეილ სააკაშვილიო (პათოსით: „სად წაიყვან სადაურსაო“?!).
თემაც ამპლუის შესაფერისი ჰქონდა: „პოროშენკო და ახმეტოვი უკრაინის წინააღმდეგ!“
თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ უკრაინელი ტელეწამყვანის განცხადებით (მომყავს ციტატა): „ჩემი გადაცემის შედეგად მეათე ადგილზე მყოფი არხი, გუშინ მეორე პოზიციაზე გადავიდა, რამდენიმე მილიონი უკრაინელი, 2 საათის განმავლობაში გვიყურებდა. ჩვენ გავუსწარით პოროშენკოს, პინჩუკის, კოლომოისკის და სხვა ოლიგარქების არხებს და თითქმის დავეწიეთ ახმეტოვის არხს.“
ამიტომაც გახარებულია, რომ გაარღვია პოროშენკოს მიერ ინიცირებული საინფომრაციო ბლოკადა!
მაგრამ, რაკი „ჯერ თავო და თავოო“, არც ის დაუმალავს, რომ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „ეს გადაცემა საშუალებას გვაძლევს, წინა პლანზე გადმოვწიოთ ახალი პოლიტიკოსები და სწორად და ფართოდ გავაშუქოთ ჩემი პირადი პოლიტიკური საქმიანობა.“
ტელეწამყვანს პათოსშივე ეტყობა (ერთმა გადაცემამ არხის რეიტინგი სარეიტინგო ჩამონათვალში მეათედან მეორე ადგილზე აიყვანაო), რომ მალე უკრაინელი მაყურებლები იმაშიც დარწმუნდებიან, რომ რფ-ც დაამარცხეს და დონბასიცა და ლუგანსკიც უნიტარული უკრაინის შემადგენლობაში ერთიანი ძალებით მიიწევენ „ნატოსკენ!“ –