უგრძნია თუ არა ქალის გამო თავი არარაობად გურამ შეროზიას და ვისზე ძალადობაში დაადანაშაულეს ის #14
ცოტა ხნის წინ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაიწყო ახალი გადაცემა „კაცების დრო“. მისი ერთ-ერთი წამყვანი გურამ შეროზიაა, რომელიც არაერთი პოპულარული ბლოგპოსტის ავტორია.
გურამ შეროზია: გადაცემას „კაცების დრო“ იმიტომ დაარქვეს, რომ კაცები არიან წამყვანები. თუმცა, ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ხალხის, უფრო სწორად, ფემინისტების მხრიდან. ისედაც კაცების დროა მთელ საქართველოში და კიდევ ერთი აღარ გვინდა, ქალების დისკრიმიანციააო და ასე შემდეგ... გადაცემა არ შეიცავს ქალების დისკრიმინაციის არცერთ ელემენტს. ყველა დარწმუნდა, რომ „კაცების დრო“ სექსისტური გადაცემა არ არის.
– ისე ფიქრობ, რომ საქართველოში სულ კაცების დროა?
– საქართველოში სულ კაცების დრო არ არის. მე არ ვიცნობ მთელი საქართველოს სტატისტიკას, თუმცა ვიცი, ქალები უფრო მეტად რომ იჩაგრებიან. მაგრამ ის, რომ ეს გადაცემა სექსიზმს გაამყარებდა და ქალების ჩაგვრას შეუწყობდა ხელს, ცალსახად აბსურდულია.
– როგორია შენი დამოკიდებულება გენდერული თანასწორობისადმი?
– მე ვეთანხმები იმას, რომ ორივეს თანაბარი უფლებები გვქონდეს. ვღიზიანდები და ვიცავ ნებისმიერ მოწყვლად ჯგუფს, ვინც უფრო მეტადაა ჩაგვრის ობიექტი. რამდენჯერმე მქონდა პოსტი „ღრუზინკა ქალებზე”, „გოგონების სახეები ფიტნესში“, მაგრამ იგივე მქონდა კაცებზეც. თუმცა, რადგან ქალების თემა უფრო მგრძნობიარეა, უფრო მეტმა გააზიარა. ამიტომ, ხალხს ახსოვს ისე, რომ ძირითადად ქალებზე ვწერ კრიტიკულ პოსტებს. თუ რამეს ვწერ ქალებზე, იქვე ვწერ კაცებზეც, თან უფრო დიდად და ვრცლად.
– როგორები არიან „ღრუზინკა ქალები“?
– მეწერა ქალებზე, რომლებიც თავის პატიოსნებაზე მეტად მეზობლების პატიოსნებას დარაჯობენ. ქალები, რომლებიც პრესტიჟულად მიიჩნევენ, როცა მათი ქმარი იგინება – ნამდვილი მამაკაცის გვერდით გრძნობენ თავს. ერთგვარად გავილაშქრე მოძველებული შეხედულებების წინააღმდეგ. ახლა ცოტა სხვაგვარად ვეკიდები ასეთ რაღაცეებს, რადგან ხალხი ზოგჯერ ვერ იგებს იუმორს. არ მინდა, მოვლენები გავართულო და ვცდილობ, ახლა უფრო დოზირებული და თავშეკავებული ვიყო. რაც შეეხება „გოგონების სახეებს ფიტნესში“, მეწერა რომ ძალიან ბევრი მაკიაჟიანი, ლამის ქუსლიანი, თმადავარცხნილი გოგონა მინახავს ფიტნეს-ცენტრში და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, ვარჯიშის მაგივრად, დაოჯახების ცენტრად გადაიქცა, სადაც დაკუნთული ბიჭები „იშოვებიან“ და პირიქით, ბიჭებიც დადიან პიჯაკებში. კიდევ მქონდა „ძლიერი ამორძლები“, იმხელა სიმძიმეებს დაეტაკებიან ხოლმე, რომ შენ სუსტად და არარაობად გაგრძნობინებენ თავს.
– გიგრძნია ასეთი ქალების დანახვისას არარაობად თავი?
– არა მხოლოდ ქალების, კაცების გამოც. ჩემზე გამხდარი ბიჭი რომ მოდის, ფიზიკურად მასზე ძლიერად რომ გამოვიყურები და უცებ, ის 100-კილოიან სიძმიმეებს წევს, მე კი ამ დროს 30-კილოგრამიანით ვვარჯიშობ. თუმცა, არარაობად არც მაგაზე და ზოგადად, არაფერის გამო არ ვგრძნობ თავს.
– შენი პოსტებით ქალები და კაცები ხომ არ დაგიპირისპირებია ერთმანეთისთვის?
– ერთხელ მეწერა კაცების დისკრიმინაციაზე: მხოლოდ კაცები მივდივართ ჯარში და ვკვდებით; 5 წლით გვიან გავდივართ პენსიაზე; ქართულ რეალობაში კაცები უფრო მეტად ვიხდით ფულს, როცა ვინმეს სადმე ვპატიჟობთ; თუ სადმე სიმძიმეა სათრევი, კაცი ათრევს. ანუ, აღვნიშნე ის, რომ კაცების შემთხვევაშიც არსებობს მინუსები და არც ჩვენ ვართ იდეალურ გარემოში. ამის გამო ჩავიქოლე. რაც შეეხება ქალების თემას, ის, რომ ქალებს სახლის საქმეების კეთება უწევთ ტრადიციულად – ჩემთვის გამაღიზიანებელია, მათი ვალდებულება არ არის. ემიგრაციაში ძირითადად ქალები რომ მიდიან, ამას ვერ ვხვდები. უფრო მეტად ისეთი კაცების ცოლები, რომლებიც ოჯახში თავს უფროსად მიიჩნევენ. თუ უფროსი ხარ, მაშინ შენ წადი ან ერთად წადით. ქალების დისკრიმინაციად მივიჩნევ სექსუალურ დისკრიმინაციას, როცა კაცების სექსუალური პარტნიორების რიცხვის ზრდა პრესტიჟულია და ქალების პარტნიორების ზრდა ბოზობას ნიშნავს.
– ჯერ არ ხარ დაოჯახებული, მაგრამ როგორ წარმოგიდგენია შენი ოჯახი, რაზე იქნება ის დაფუძნებული?
– დაოჯახებული არ ვარ, მაგრამ მყავს მეგობარი გოგონა, ვისთანაც მომავალში თანაცხოვრებას ვგეგმავ. ჩვენი ურთიერთობა იდილიურია, ფუნქციები ორივეს გვაქვს გადანაწილებული. გახსნილები ვართ ერთმანეთთან და არაფერს ვმალავთ. არ ვეკიდებით ერთმანეთს სისულელეებზე. თავიდან მეგობრები ვიყავით და მერე ამას ფლირტი რომ დაემატა, სიყვარულში გადაიზარდა და კარგი ტანდემი შედგა.
– როგორი ხარ შეყვარებული?
– პასუხისგებლობა მემატება. ადრე თუ შემეძლო, ყველასთან მეფლირტავა, რადგან ზოგადად, მიყვარს ფლირტი, ახლა ვიცი, სხვანაირად მონათლავენ. სიურპრიზები მიყვარს და მეგობრებსაც ვუკეთებ ხოლმე. მის თანამშრომლებს დავუკავშირდი, გავარკვიე, როდის ჰქონდა შვებულება და იტალიის ბილეთები ვიყიდე. ბოლო წუთამდე არ იცოდა, რომ მეც მასთან ერთად მივდიოდი. სხვათა შორის, მივხვდი, რომ სიურპრიზების გაკეთება უფრო მსიამოვნებს, ვიდრე მიღება. თვითონაც დაბადების დღეზე მომიწყო სიურპრიზი. ფოტოგრაფმა დამირეკა, მეგონა, რაღაც გადაღებაზე მივდიოდი და იქ დამხვდა საოცრება. მოკლედ, ერთმანეთს ვანებივრებთ. იმიტომ ვარ ამ ურთიერთობაში კომფორტულად, რომ არაფერს ვუკრძალავ საკუთარ თავს. მე თუ ჩარჩოებში მოვექცევი, ლაგამს ამოვიდებ, აღარ ვიქნები გურამი და ვიქნები ხატიაზე მორგებული სხვა ტიპი. იმიტომ არის ჩვენი ურთიერთობა კარგი, რომ გვიყვარს ერთმანეთი ისეთი, როგორებიც ვართ, არ ვცდილობთ, ერთმანეთის შეცვლას, საკუთარ თავზე მორგებას.
– დაგჭირდა რამის გაკეთება, რომ მისთვის თავი შეგეყვარებინა?
– თავიდან მეგობრები ვიყავით, მერე ერთდროულად შეგვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ არცერთი არ ვაღიარებდით. მანამდე სხვა შეყვარებული მყავდა. ოჯახის ახლობელი იყო ხატია და იცოდა ყველაფერი, რადგან მაშინაც გახსნილი ურთიერთობა გვქონდა. შემდეგ შეყვარებულს დავშორდი, 2 თვის მერე კი ხატიასთან ერთად მომიწია მოგზაურობა. ეს დაბადების დღის სიურპრიზი იყო. კაბადოკიაში გავუშვი და მეც დავხვდი აეროპორტში. კაბადოკიაში მარტოებს რომ მოგვიწია მოგზაურობა, მივხვდით: მთლად მეგობრულად არ ვიყავით ერთმანეთის მიმართ განწყობილი. ნელ-ნელა ვაღიარეთ სიყვარული.
– შენს „ფეისბუქ-გვერდზე“ ეკა ყურშიტაშვილის ინტერვიუ გააზიარე, სადაც ის ყოფილ შეყვარებულზე ამბობდა: მეგრელად რომ იბადები, უკვე გეშლებაო, სტატუსით: „ტვინს მიგასხმევინებ! მეგრელად დაბადება რჩეულთა ხვედრია“...
– ვერ მივხვდი, როგორ წარმოიდგინა ვინმემ, რომ ეკა ძირს მყავს დაგდებული და ქვით ვასხმევინებ ტვინს?! ძალადობაში რომ დამადანაშაულეს, გავგიჟდი და მაშინ მივხვდი, ეს ხალხი არის ზომბი, რომელიც ყველა სიტყვაზე მოგსდევს. მე და ეკა არ ვართ ახლო მეგობრები, თუმცა სლენგი რომ ვიხმარო – „შუტკა გახსნილი გვაქვს“. ტვინი არ მიმისხმევინებია, ტვინი თავის ადგილზე აქვს.
– ნანუკა ჟორჟოლიანიც გააკრიტიკე, წერდი: „ძალიან სამარცხვინო და გამაღიზიანებელია, როცა ხარ ნანუკა ჟორჟოლიანი და: 1. შეურაცხყოფას აყენებ ადამიანს იმისთვის, რომ შენი პოსტი არ მოიწონა და უბრალოდ, ერთი სმაილით დააკომენტარა; 2. აბულინგებ იმის გამო, რომ ფული არ აქვს, სამსახური გთხოვა და ამას შეტენვაში უთვლი (ან ნიშნისმოგებით წამოაძახებ საჯაროდ); 3. „უსქრინავ“ პირად მიმოწერას ამაყად და ზემოდან უყურებ. კი ბატონო, გაქვს ამ ბავშვზე 20-ჯერ მეტი შემოსავალი, ალბათ და რა ამით?...“
– უსამართლობის განცდა გამიჩნდა. როდესაც ადამიანზე გაცილებით წარმატებული ხარ, გაცილებით კარგ ტიპად მიიჩნევ თავს და შენზე გაცილებით ქვემოდ მდგომ ადამიანს ჩაგრავ. იგივეა პირადი მიმოწერის გასაჯაროებით, ნიშნის მოგებით თქმა: „შენ მე სამსახური მთხოვე და მერე ამის წამოძახება. არ მომეწონა – ეს ერთი და მეორე – ნანუკა ჟორჟოლიანს უამრავი „ფოლოვერი“ ჰყავს, უამრავ ადამიანს უყვარს, აკოპირებენ მის საქციელს, უნდათ, ნანუკა გამოვიდნენ, რომ გაიზრდებიან. ამ საზოგადოებისთვის არ უნდა მოხდეს მსგავსი ქმედებების ხელშეწყობა. შეიძლება, ნიკამ ძალიან გააბრაზა, მაგრამ გარედან დანახული ასე ჩანდა და ეს იყო ჩემი მყისიერი რეაქცია. თორემ, მე არ ვფიქრობ, რომ ნანუკა ცუდი ადამიანია, უბრალოდ, ფაქტი დავგმე.
– ნანუკა ან ნიკა ჭავჭავაძე ხომ არ შეგეხმიანენ?
– ნიკა წერდა კომენტარებზე პასუხებს, ნანუკას ჩემთან არაფერი დაუწერია. მის გვერდზე არ მინახავს. ბევრმა დამირეკა მერე: რომ იმსახურებდა ნიკა, ცუდი რაღაცეები აქვს გაკეთებულიო. მაგრამ, ამას არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა. თხოვნის წამოძახება არ მომეწონა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის. ნიკა ანგელოზი იქნებოდა თუ დემონი, ეს სიტუაციას დიდად არ ცვლიდა.