რატომ იყო ჭაბუკა ამირანაშვილის პირველი ქორწინება ტრაგიკული და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს ავსტრალიის აბორიგენებში #14
მუსიკოსმა, საქსოფონისტმა ჭაბუკა ამირანაშვილმა მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ, ჯვარი ცოტა ხნის წინ დაიწერა. მას სამი შვილი და შვილიშვილები ჰყავს. მისი პირველი მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა, რომლისგანაც გოგონა დარჩა. განვლილ ტრაგიკულ ისტორიაზე, მოგზაურობის ამბებსა და მისი ცხოვრების სიყვარულზე ბატონი ჭაბუკა გულახდილად გვესაუბრა:
ჭაბუკა ამირანაშვილი: პირველი მეუღლე, სამწუხაროდ, ჩემი გოგონას მშობიარობას გადაჰყვა. შოკი კიდევ ის სიტყვა არ არის. ეს იყო საშინელებათა სიზმარი. არავის ვუსურვებ, ეს გამოსცადოს. რაც მინდოდა, მქონოდა და დავკარგე, ეს ყველაფერი მუსიკაში გადამქონდა. არაფერი მახსოვს. მახსოვს მარტო ის, რომ ქუჩაში ვიდექით და ტრანსპორტს ვაჩერებდით, ხალხს ვთხოვდით სისხლის ჩაბარებას. იმ პერიოდში ტელევიზიაში ვმუშაობდი და ტელევიზიის ხელმძღვანელობას ვთხოვე, გამოეცხადებინა, რომ მშობიარე ქალს სასწრაფოდ ესაჭიროება ამა და ამ ჯგუფის სისხლი. იმდენი ხალხი მოვიდა, ვერ აგიწერთ. მერე ექიმმა დამიბარა და მითხრა: გაჩერდით, არ ვიცით, ამდენი სისხლი სად წავიღოთო. ამის შემდეგ მოვაწერე ხელი კონტრაქტებს, დავკარი ფეხი და სამუშაოდ წავედი აზიის ქვეყნებში. წლების განმავლობაში მქონდა ხელი მოწერილი კონტრაქტზე თურქეთში, მაროკოში. ეს მომწონდა და ამისთვის ვიბრძოდი მთელი ცხოვრება.
– თქვენი უცხოეთში ყოფნის პერიოდში შვილს ვინ ზრდიდა?
– დეა, რომელიც ახლა გათხოვილია და შვილები ჰყავს, დედაჩემმა გაზარდა. მე მის გაზრდაში მონაწილეობას ვერ ვიღებდი იმ მხრივ, რომ ვერ ვუკეთებდი იმას, რაც ქალის საქმე იყო. ღმერთმა ნუ შეატოვოს კაცს შვილი ხელში, თორემ გაუკეთებს კი არა... მოვიქცევი ისე, როგორც დედა, ერთი, ძუძუს ვერ ვაწოვებ. ჩემი მოვალეობა იყო, რომ დედაჩემს არაფერი მოჰკლებოდა, რომ დეაკო გაზრდილიყო და მე მაქსიმალურად ვცდილობდი, იმ არეულ-დარეულ საქართველოში ყველა პირობა შემექმნა მათთვის. რა დამავიწყებს, ბავშვის საჭმელ „სიმილაკს“, რომელიც ძალიან ძვირი იყო და ერთ ქალბატონს ჩამოჰქონდა მუხიანის ბაზრობაზე. რამდენჯერ, ფული რომ არ მქონია, ის ქალბატონი 5-6 ქილას ისე მატანდა და მერე, აუცილებლად მიმქონდა ფული. სხვათა შორის, მერე მუხიანის ბაზარი დაარბიეს, ავტომატებით შევარდნენ და ის ქალბატონი აღარ დადიოდა იქ. თურმე შეშინებული იყო, მე კი 6 ქილის ვალი მქონდა. ვეძებე, ვეძებე და გლდანში მიმასწავლეს მისი საცხოვრებელი. მივუტანე ის თანხა. თვეობით მივდიოდი კონტრაქტით. ვმუშაობდი და რომ ჩამოვიდოდი, ბავშვი სულ სხვადასხვანაირი მხვდებოდა. არც კი იცოდა მამა რა იყო. ერთხელ, ცხრა თვით ვიყავი წასული და რომ ჩამოვედი, ბავშვი არც მომეკარა. ძვირი დამიჯდა მაშინ მისი ჩემკენ გადმობირება – კანფეტებით, შოკოლადებით.
– როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?
– შედარებით ისეთი პერიოდი რომ დადგა და ხშირად ჩამოვდიოდი თბილისში, ცხრა წლის შემდეგ, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც დღეს ჩემი მეუღლეა. ნათია სტივენ სიგალის ფანი იყო. მე მაშინ გამხდარი ვიყავი, თმა მქონდა შეკრული და რაღაცით მიმამსგავსა. მერე აქტიურად სცადა ჩემი გაცნობა და მისმა მეგობრებმა გააკეთეს ისე, რომ ერთმანეთი გავიცანით. ტელევიზიაში ერთად ვმუშაობდით და დაახლოებით, ხუთი წელიწადი ერთად ვიყავით. მე მივდიოდი, მოვდიოდი, ბრაზდებოდა ხოლმე. ჩვენ უკვე ისე ვიყავით, ამას სიყვარული აღარ ერქვა, შეყვარებულობის პერიოდსაც ვერ დავარქმევდი. ეს იყო ის ეტაპი, სერიოზული ნაბიჯის გადადგმის წინაშე რომ დგახარ. სხვანაირად ვუყურებდი ამ ნაბიჯს, რადგან მე მყავდა მეუღლე, რომელიც უკვე გარდაცვლილია; ბავშვი, რომელსაც დედაჩემი ზრდიდა. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებდი ცოლის მოყვანას პირველი მეუღლის შემდეგ, მაგრამ კარგად მოვიქეცი, საჭირო იყო. ჯერ ერთი, მეც მინდოდა ბიჭი მყოლოდა. მიმაჩნია, რომ კაცს, რომელიც პატივს სცემს თავის ჯიშს, ჯილაგს, ერთი ბიჭი მაინც უნდა ჰყავდეს, რომ მერე იმან გააგრძელოს. დაქორწინება მოულოდნელი იყო ჩემთვისაც და ნათიასთვისაც. უშუქობის პერიოდში, ჩვენს მეჯვარესთან, საშკა ღამბაშიძესთან ვიყავით სახლში. დავლიეთ და ჩვენი საერთო მეგობარი ატყდა: რას უყურებთ, რას დადიხართ ამდენ ხანსო და მეც ვუთხარი ნათიას: სახლში არ წახვიდე, ჩემთან წამოდი-მეთქი. ჩემი ოჯახისთვის მოულოდნელი იყო, თან რემონტი გვქონდა სახლში. ვერ ვიტყვი, რომ დედაჩემს გაუხარდა. მამაჩემს უფრო არ გაუკვირდა, იცოდა ჩემი ხასიათი. დედას კი ვერ წარმოედგინა, თუ არ დავჯდებოდი და არ ვეტყოდი, ცოლი მომყავს-მეთქი. ჩემი შვილი პატარა იყო, დაახლოებით მეორე კლასში და ვერც მიხვდა, რა ხდებოდა. იმისთვის უკეთესი იყო, რაც ბევრი ვიქნეობდით სახლში. ასე მოვიყვანე ცოლად და ვართ ერთად გუგულებივით. ჯერ გოგო შეგვეძინა – თამუნა, შემდეგ ბიჭი - ლუკა.
– რა არის მთავარი იმისთვის, რომ ადამიანებმა მყარი ოჯახი და სიყვარული შეინარჩუნონ?
– ჯერ ერთად უნდა იყვნენ დიდ ხანს, მერე ერთმანეთს ხელი მოჰკიდონ და ამის შემდეგ დაიწერონ ჯვარი. ახლა ახალგაზრდები არ ფიქრობენ, რომ დაქორწინდებიან და შვილები ეყოლებათ, როგორ უნდა მიხედონ, არჩინონ. ასე არ არის – ჰოპ და დღეს მოგიყვან ცოლად, გვექნება კარგი სექსი. მერე გვეყოლება შვილი, მაგრამ არ მაქვს ბავშვის მოვლისა და რჩენის თავი და ან შენ გაგაგდებ სახლიდან ან მე გავიქცევი. თუ მატერიალური მხარე მოგვარებული არ გაქვს, ოჯახი აუცილებლად დაგენგრევა. უფრო ბუნებრივ სექსუალურ მოთხოვნილებებს ვაბრალებ ნაჩქარევად ოჯახის შექმნას, რაც მერე ინგრევა. გენდერული თანასწორობა უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, შემოხვიდე სახლში, კაცი იქნება თუ ქალი და პისტოლეტი გაისროლო – აბა, მე მოვედი!
– ჯვარი ახლახან დაიწერეთ. აქამდე რატომ იკავებდით თავს?
– მე და ჩემი მეუღლე რაღაც წლები ერთად ვიყავით. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, რომ უნდა გქონდეს სექსი. მე ახლა დავიწერე ჯვარი, მაშინაც შემეძლო ჯვრის დაწერა, მაგრამ თავიდანვე ვუთხარი ნათიას: ჯვარს მე ჯერჯერობით ვერ დავიწერ. ვნახოთ, რა იქნება, როგორ იქნება. ხვალ, ზეგ, რომ მოგინდეს ცალკე ცხოვრება, რა ვიცი, ჯვრის აყრა რთული მომენტია-მეთქი. ახლა უცებ იღებენ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ გაუბრალოვდა ყველაფერი და ფასს კარგავს. ჯვარი უნდა დაგვეწერა, მაგრამ ვერ მოვაბით თავი რაღაც მიზეზების გამო – ხან აქ არ ვიყავი, ხან ვითომ არ გვინდოდა ვიწრო წრეში გაგვეკეთებინა და უფრო მნიშვნელოვნად აგვეღნიშნა, რადგან ქორწილი ჩვენ არ გვქონია. მერე ჩემმა მეგობრებმა გვიბიძგეს პანჩურ-პანჩურით. ისე შემიქმნეს საქმე, რომ გადამაწყვეტინეს და ჯვარი ვაკის სამებაში დავიწერეთ. მამაო ჩემი ბავშვობის მეგობარია და მას ვთხოვეთ. მოკლედ, ჩვენი მეჯვარეების დამსახურებაა. ადრე თუ გვიან მაინც უნდა გაგვეკეთებინა, უბრალოდ, რაღაც მომენტში დაგვიჭირეს და ვეღარ დავუძვერით.
– ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, საინტერესო თავგადასავლებიც გექნებათ...
– მოსაყოლი იმდენი მაქვს, რომ დავბერდები, მემუარები უნდა დავწერო. ერთხელ, ავსტრალიაში წამიყვანეს, აბორიგენებში. იმ ადგილას ტყე იყო, სადაც ხეებს ჭიანჭველები და მღრღნელები შიგნიდან ჭამენ. მერე ამ ხეებს ჭრიან და აკეთებენ ჩასაბერ ინსტრუმენტებს. ამის სანახავად ვიყავი. ნიავი უბერავდა და დახვრეტილი ხეები ისეთ ხმებს გამოსცემდნენ, ცოტა შიშმაც შემიპყრო. რომ გამოვდიოდით დავინახეთ, რაღაც მცენარეები, რომელიც ისხამს დედალ და მამალ ნაყოფს და ჰგავს კაკალს. ჩამოყრილი იყო და ვიკითხე, იჭმევა-მეთქი. კი, ჩაისა და თაფლის ნაზავის გემო აქვსო. ავიღე და პირში რომ ჩავიდე, გიდი გაგიჟდა, გადმოაგდე ჩქარაო. მაგრამ, უკვე გადაყლაპული მქონდა, გემრიელი იყო. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წამში კლავს, ოღონდ თუ დედალს შეჭამ. მე შემიჭამია მამალი, როგორც კარალიოკს აქვს ბოლოში ზოლები, ასეთი აქვს მამალს და ამით არჩევენ.
– ალბათ, ყველა ქვეყანაში თაყვანისმცემელი გოგონები გეყოლებოდათ...
– კი, უამრავი, მაგრამ ახლა მოგიყვებით ერთი ჩემი „გრეხობის“ ამბავს. კომუნისტების დროს, კომკავშირის ცენტრალურმა კომიტეტმა გააკეთა მშვიდობის კრუიზი სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მონაწილეობდა თამარ გვერდწითელი, რამდენიმე ვარსკვლავთან ერთად. თამრიკომ მთხოვა, წამოდიო. საქსოფონზე უნდა დამეკრა და მეც წავედი. ლარისა დოლინა, პრესნიაკოვი და სხვა რუსი მომღერლები იყვნენ. როცა ჩვენ დავდიოდით მივლინებებში, ყოველთვის მოგვყვებოდა ვიღაც პირი – „კაგებეს“ აგენტი. იქ იყო ერთი გერმანელი ულამაზესი გოგო, რომელმაც რუსული იცოდა. ძალიან მომეწონა, „ვჩალიჩობ“ რომ ხელში ჩავიგდო. მეორე დღეს სასადილოში ვსხედვართ მე, თამრიკო, თამრიკოს გვერდით ზის ის „კაგებეშნიკი”. თამრიკომ ქართულად მითხრა: მერე ჩემთან ნომერში ავიდეთ, წავირეპეტიციოთ, დავილაპარაკოთო და მეც ქართულად ვუპასუხე – პაემანი მაქვს და ერთი საათი ვერ მოვალ-მეთქი. ამ „კაგებეშნიკმა” მითხრა რუსულად: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო. რომ დამარტყა თავში, გადავირიე. როგორია, ვიღაც რომ გიკრძალავს. ტიპი ისეთი მომზადებული იყო, ქართულიც კი იცოდა. რა ქალი, რის ქალი, ჩვენ ხომ ყველაფერს გვიშლიდნენ – სად იყო სექსი საბჭოთა კავშირში?! დახურული იყო ეს საკითხი.